QronikaPlus
თამი ალიგო თელ-ავივსა და თბილისს შორის

თამი ალიგო თელ-ავივსა და თბილისს შორის

2025-10-31 11:30:11

 

მიხეილ ხაჩიძე

 

ის გამოდიოდა მოდის ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან მაიკლ ლომბარდი, მაიკლ სინკო და ვიქტორია ბექჰემი. ის მონაწილეობდა პარიზის, მილანისა და კანის ფეშენვიკებზე – და ახლა უკვე თბილისშიც.

 

თამი ალიგო _ ისრაელელი ებრაელი მოდელი ქართული ფესვებით მოდის საერთაშორისო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სახედ მიიჩნევა.

წელს, პირველად თავის ისტორიულ სამშობლოში, ის თბილისის მოდის კვირეულზე გამოვიდა – ღონისძიებაზე, რომელიც თინათინ მაღალაშვილმა დააფუძნა. სწორედ აქ იგრძნო, რომ რაღაც უფრო ღრმა კავშირი აქვს ქვეყანასთან, სადაც მისი მშობლები დაიბადნენ.

„მე ისრაელში დავიბადე, მაგრამ ჩემი სული ასევე ქართულია“, – ამბობს თემი ალიგო „ქრონიკა+“-თან. „მე და ჩემი ძმა ისრაელში დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენი მშობლები საქართველოდან არიან, დედიკო – ქუთაისიდან, მამიკო – ფოთიდან. ჩვენ ქართული ტრადიციების მიხედვით, ქართულ ცეკვებსა და სიმღერებზე ვიზრდებოდით. მშობლების სიყვარული სამშობლოს მიმართ ჩვენზეც გადმოვიდა – ძალიან გვიყვარს საქართველო. დედა და მამა სახლში მხოლოდ ქართულად გვესაუბრებოდნენ. სკოლაში, რასაკვირველია, სწავლა ივრითულ და ინგლისურ ენებზე იყო. ივრითი საბავშვო ბაღიდან ვისწავლეთ. მართალია, ქართული კარგად მესმის, მაგრამ წერა-კითხვა, ჯერჯერობით, არ ვიცი და ამას აუცილებლად გამოვასწორებ“.

ბავშვობაში თამი გამოდიოდა თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ ეროვნულ ბალეტში – მასწავლებელთან, რომელიც ერთ დროს „სუხიშვილების“ ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე იყო.

„ისრაელში არსებობს ქართული ნაციონალური ბალეტი თამაზ ციციაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც პატარაობიდანვე დავდიოდი. უზომოდ მომწონდა სცენა, კამერა, გადაღებები. შემდეგ სამოდელო სააგენტოში ამიტომაც შევედი. თამაზ ციციაშვილი სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა. იგი ჩემთვის მეორე მამაა, იმდენად დიდი ამაგი აქვს გაწეული და სიყვარული აქვს ჩემ მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ მის სტუდიაში გავიზარდე. საზღვარგარეთ კონკურსებში რომ გამოვდიოდით, ქართული ანსამბლი ყველგან მოსწონდათ, გიჟდებოდნენ, იმდენად დიდ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ. ყველგან პირველ ადგილზე გავდიოდით, დაუვიწყარ დროს ვატარებდით. ძალიან მეამაყება, რომ ზოგიერთ ქართულ ცეკვაში სცენაზე სოლისტად გამოვდიოდი. სამი წლის წინ ცეკვისთვის თავის დანებება მომიწია, რადგან თითქმის სულ საზღვარგარეთ გვიწევდა ყოფნა და ცეკვის გარდა დრო აღარაფრისთვის მრჩებოდა“, – იხსენებს თამი.

მოდის სამყაროში ალიგოს კარიერა სრულიად შემთხვევით დაიწყო. მილანში ყოფნისას ქუჩაში ფოტოგრაფმა შენიშნა და შესთავაზა ფოტოსესიაში მონაწილეობა.

„ეს იყო ჩემი პირველი გადაღება – სპონტანური, მაგრამ საბედისწერო“, – ამბობს ის ღიმილით. „პროფესიონალურად მოდელობა ხუთი წლის წინ დავიწყე. როცა იტალიაში ვიმყოფებოდით, ქუჩაში გადაღებები მიმდინარეობდა და რომ დამინახეს, მითხრეს, ლამაზი გოგო გვჭირდება, უბრალოდ, აქ დადექიო. ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ იყო და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა. გადაღებაზე მილანის სამოდელო სააგენტოს „ინფინიტოს“ მენეჯერი იმყოფებოდა, მან თავის სააგენტოში მიმიწვია და მითხრა, რომ სამოდელო სფეროში შემეძლო, დიდი წარმატებებისთვის მიმეღწია. დავიწყე ამ სააგენტოსთან თანამშრომლობა და ერთი წლის შემდეგ პარიზის მოდის კვირეულზე ეკა მგალობლიშვილს შევხვდი. ქართული საუბარი რომ მომესმა, მივედი და თავად გავეცანი. იმ დღის მერე ერთად ვართ. დღეს მილანის სააგენტოს პარალელურად, ეკა მგალობლიშვილის სამოდელო სააგენტოსთან ვთანამშრომლობ“.

დღეს თამი ალიგო უკვე აღიარებული სახეა მოდის ინდუსტრიაში. განსაკუთრებით ახლო თანამშრომლობა ჰქონდა ვიქტორია ბექჰემთან პარიზში, რამაც მის კარიერაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური და შთამაგონებელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. ვიქტორიასთან მუშაობა მაღალ სტანდარტებს გაჩვევს – ეს პროფესიული სკოლაა, სადაც დრო არ იკარგება და ყველაფერი სრულყოფილებაზეა ორიენტირებული“.

თუმცა თამის თქმით, ყველაზე ემოციური მაინც საქართველოში დაბრუნება აღმოჩნდა:

„თბილისის მოდის კვირეულმა საოცრად გამაოცა – დონე ძალიან მაღალი იყო, დიზაინერები კი შემოქმედებითები, თამამები და ქალურები იყვნენ. გადავწყვიტე საქართველოში გადმოსვლა და აქ ცხოვრება. უკვე ვგეგმავ, მოდელების სკოლა გავხსნა ეკა მგალობლიშვილთან ერთად“.

პარალელურად, თამი აპირებს მედიცინის სწავლას, რაც მისი ბავშვობის ოცნებაა.

„მაინტერესებს პლასტიკური ქირურგია. მოდელობას არ შევწყვეტ, მაგრამ ეს აღარ იქნება ჩემი მთავარი პროფესია. მინდა, ორივე სფერო ერთმანეთს შევუთავსო“.

 

„მე მრავალფეროვნების ხმა ვარ“

 

თამი ალიგოს იდენტობა იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც მისი კარიერა. ის არის ებრაელი, დაიბადა ისრაელში, მაგრამ ქართული ფესვები მის კულტურულ სამყაროს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

„ჩემი ებრაული იდენტობა მოდის სამყაროში ჩემთვის სინათლის შუქურაა – მრავალფეროვნებისა და ავთენტიკურობის სიმბოლო“, – გვიყვება იგი. „ამაყად ვამბობ, რომ ვარ ებრაელი, ამაყად ვამბობ, რომ ისრაელელი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ქართველიც ვარ. ეს სამი ნაწილი ერთად ქმნის ჩემს ნამდვილობას“.

ისრაელი მისთვის კულტურული მრავალფეროვნების საუკეთესო მაგალითია:

„ჩვენი საზოგადოება მოზაიკაა – ჩვენი სახეები, საჭმელი, მუსიკა, ყველაფერი მიგრაციისა და ერთიანობის ამბავს ჰყვება. და სწორედ ეს გზავნილი მიმაქვს მოდის სამყაროში: მრავალფეროვნება არ არის დაბრკოლება – ის ძალაა“.

თამის თქმით, დისკრიმინაცია არასდროს უგრძნია.

„მოდის სამყარო, ჩემი გამოცდილებით, ღია და ინკლუზიურია. აქ ფასობს ემოცია, ინდივიდუალიზმი და განსხვავებულობა. პოლიტიკურ დაპირისპირებას მოდა არ ეძებს – ის ეძებს შთაგონებასა და სიყვარულს განსხვავებულისადმი“.

ალიგო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენელ დიზაინერებთან.

„ვმუშაობ ქრისტიანებთან, მუსლიმებთან და ებრაელებთან. თავადაც ვარ მუსლიმი დიზაინერის ბრენდ შMG-ის სახე. ჩვენ შორის განსხვავებები მნიშვნელობას კარგავს, რადგან მოდა გვაერთიანებს“.

განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებს ქართველ დიზაინერ ეკა მგალობლიშვილთან, რომელსაც პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდა:

„ეკა დღეს ჩემთვის დედასავითაა. ჩვენი კავშირი ქართული ფესვებიდან დაიწყო, მაგრამ გადაიზარდა მეგობრობაში და პროფესიულ პარტნიორობაში. ეს მაჩვენებს, რომ იდენტობა საზღვარი კი არა, გასაღებია“.

 

თამის ღირებულებები

 

როცა ვეკითხებით, რა აძლევს ძალას ყოველდღიურ ცხოვრებაში, თამი პასუხობს, _ ებრაული ღირებულებები.

„იუდაიზმი ჩემთვის ნიშნავს უნივერსალურ პრინციპებს: სიყვარულს, სიკეთესა და პატივისცემას. ეს სამი რამ ჩემს ყოველდღიურობას ნდობასა და ჰარმონიას ჰმატებს“.

ის შთაგონებას იღებს ისეთი ცნობილი ებრაელი მოდელებისა და დიზაინერებისგან, როგორებიც არიან რალფ ლორენი, დონა კარანი და გალ გადოტი.

„რალფ ლორენი ჩემთვის კლასიკური ელეგანტურობის მაგალითია; დონა კარანი აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვეობას; ხოლო გალ გადოტი მაძლევს ძალას – ის გვიჩვენებს, რომ შეიძლება იყო საერთაშორისო ვარსკვლავი და მაინც შეინარჩუნო შენი ფესვები“.

ტრადიციას თამი დღემდე განსაკუთრებულად უფრთხილდება.

„გავიზარდე ძლიერ ღირებულებებზე – როგორც ებრაულ, ისე ქართულ კულტურაში. დღესასწაულები და რიტუალები ჩემთვის მნიშვნელოვანია: როცა ისრაელში ვარ, ოჯახთან ერთად ვზეიმობ; როცა სხვაგან ვარ – ვანთებ სანთლებს, მივდივარ სინაგოგაში ან ვამზადებ ტრადიციულ კერძებს. ეს მაკავშირებს ჩემს ფესვებთან“.

„მინდა, მსოფლიომ გამიცნოს, როგორც ხმა, რომლის ძალაც ებრაულ-ქართულ-ისრაელურ იდენტობაშია“, – ამბობს თამი.

„მე ვატარებ ისრაელის გახსნილობას, საქართველოს სითბოს და იუდაიზმის უნივერსალურ ღირებულებებს. ავთენტიკურობა და მრავალფეროვნება ჩემთვის მოდის სამყაროს მთავარი სილამაზეა“.

თამი ალიგო დღეს განასახიერებს იმას, რაც თანამედროვე მოდას ყველაზე მეტად სჭირდება _ სინამდვილე, კულტურული ღირებულება და ადამიანურობა ზედაპირულობის ეპოქაში.

მისი გული ორ სამშობლოს ეკუთვნის და, ალბათ, სწორედ ეს ორმაგი სიყვარულია მისი წარმატების საიდუმლო: ელეგანტურობა თელ-ავივიდან, ვნება თბილისიდან.

 

გაზიარება