QronikaPlus
ლევან სანიკიძე -  4 ოქტომბერს ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება ივანიშვილის ხელისუფლების წასვლა

ლევან სანიკიძე - 4 ოქტომბერს ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება ივანიშვილის ხელისუფლების წასვლა

2025-09-19 07:06:42

ირინა მაკარიძე

 

„ქართული ოცნება“ რეპრესიებს აგრძელებს. ოპოზიციონერ ლიდერ ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე, ივანიშვილის ხელისუფლების შიშებსა და 4 ოქტომბრის აქციაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე: 

 

_ ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის თავიდან ბოლომდე განპირობებული ივანიშვილის რეჟიმის უკონტროლო შიშით, ამ კრიმინალური ბანდის შიშით, რომელიც დაკავშირებულია 4 ოქტომბერთან. ეს თარიღი  ივანიშვილისთვის, ისევე როგორც ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუმცა ორივე მხარისთვის სხვადასხვანაირი დატვირთვის მქონეა. ივანიშვილი 4 ოქტომბერს ცდილობს სიტუაციის ნორმალიზაციას. არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციით გეგმავს რეჟიმის ლეგიტიმაციის მიღებას, საერთაშორისო აღიარების მოპოვებას. რაც შეეხება  ქართველ ხალხს, ის განწყობილია, რომ 4-ში ქვეყანა დააბრუნოს კონსტიტუციური განვითარების ჩარჩოში. 4 ოქტომბრის გრანდიოზული აქციის მთავარი ორგანიზატორი არის „რუსთაველის გამზირი“ და პაატა ბურჭულაძე, მაგრამ განსაკუთრებული როლი ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც პესიმისტურად იყო განწყობილი ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტთან დაკავშირებით, შეაცვლევინა შეხედულება, ძალიან დამუხტა და იმედი გაუჩინა მათ. მან „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირების შესახებ უამრავი მნიშვნელოვანი ცნობა გაგვაცნო, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნებისთვის“ ის გახდა ძალიან სერიოზული საფრთხე. მათ დაუყოვლებლივ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და იმ აბსურდული ბრალით, რომელიც გულისხმობს თითქოს ქრთამის დაპირებას, დააპატიმრეს. არადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც წლებია, 13 წელზე მეტია, არის საჯარო პოლიტიკაში, გასცა საჯარო დაპირება, პოლიტიკური დაპირება გდდ-ს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიმართ, რომ თუკი ისინი არ შეასრულებენ უკანონო ბრძანებას, საუბარია უკანონო ბრძანებაზე, რომლის მიზანიც არის ადამიანის უფლებების შელახვა... და ივანიშვილის ხელისუფლება ავტომატურად უკანონო ხელისუფლებაა, მას არ აღიარებს არცერთი წამყვანი დასავლური სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ევროპარლამენტის ბოლო განცხადება ამასთან დაკავშირებით. _ თუ ისინი არ შეასრულებენ ამგვარ უკანონო ბრძანებას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ გადაეცემათ შესაბამისი ჯილდო. აქ ქრთამის მიცემა სად არის?! ან საჯარო პოლიტიკური დაპირება როგორ შეიძლება გახდეს ამ სამარცხვინო ბრალის საფუძველი? თან საუბარია კაცზე, რომელიც საქართველოში არის ყველაზე გამორჩეული ანტიკორუფციული მხილების სპიკერი. ამავე დროს, საუბარია გდდ-ზე, რომლის ხელითაც ლევან ხაბეიშვილი მოკლულია რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული აქციების დროს. იგივე შემიძლია ვთქვა მურთაზ ზოდელავას ბრალთან დაკავშირებითაც, მას გირაო შეუფარდეს, თუმცა მის მიმართ არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეს არის პოლიტიკური შურისძიება ივანიშვილის მხრიდან და აღიარება, რომ მას ძალიან, ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის აქციის.

_ არის მეორე მუხლიც, რომელიც შემდეგ გაჩნდა საქმეში, ეს არის ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ამაზე რას იტყვით? ხაბეიშვილი ამბობდა: „მშვიდობიანი დამხობა!“

_ აქ არის ძალიან  მნიშვნელოვანი საკითხი, პირველ რიგში, თითოეულ განცხადებაში ხაზგასმით ამბობდა, რომ ეს მანიფესტაცია, რომელიც 4 ოქტომბერს იქნება (არ ვიცი, ის ამ დროს სად იქნება, არ მგონია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მისი გარეთ გამოშვება გაბედოს 4 ოქტომბრამდე) ის ამბობდა, რომ ამ აქციაზე მოვიდოდა შვილებთან ერთად. აქცია იქნებოდა და იქნება მშვიდობიანი და ყველაფერი, რაც დემონსტრანტების მხრიდან გაკეთდება, იქნება კანონისა და კონსტიტუციის  ფარგლებში. ქვეყანაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო ბიძინა ივანიშვილმა 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება მიიტაცა. აქედან გამომდინარე, ამის უგულებელყოფა, რომ ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა მშვიდობიანი, კანონიერი, კონსტიტუციური პროტესტის ფორმებზე, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ჩვენი მხრიდან ძალადობა და უკანონობა არ იქნება, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხომ იქნება? ერთადერთი დათქმა, რასაც ის აკეთებდა, იყო ის, რომ თუკი ჩვენ მიმართ იქნება ძალადობა, უკანონობა, ხალხის გატაცება, ცემა, ჩვენ თავს აღარ დავაჩაგვრინებთო. აი, ეს არის. რას უნდა ეცადონ მისთვის ამ გაუგონარი მუხლის მისადაგებას, ეს საკითხიც, მე მგონი, ცხადზე უცხადესია ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის, რომ ხელისუფლებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, მისი მხრიდან ამ ბრალდების წაყენება, უბრალოდ, სამარცხვინოა. 

_ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ამ დაკავებით თან ასეთი არასერიოზული ბრალით,  მართლაც იქნება იმის აღქმა, რომ ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის დაანონსებული აქციის. რისთვის სჭირდებოდათ ეს?

_ ეს არის ცალსახად აღიარება მათი შიშის. პირველი ბრალი, რაც ნაჩქარევად წაუყენეს ლევან ხაბეიშვილს, აჩვენებს იმას, რომ უბრალოდ ეჩქარებოდათ და ერთ დღეში სურდათ მისი დაჭერა და რაც მიუსადაგეს, იყო ეს. მერე დღეს რაღაცა იწვალა  პროკურატურამ და დაუმატეს მეორე მუხლი. ცდილობდნენ პროპაგანდისთვის მისაღები ბრალის წაყენებას, მაგრამ ეს პროპაგანდა აღარ მუშაობს. ეს არის აღიარება, რომ 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია „ქართულ ოცნებას“. ერთი კაცის კი არ ეშინია, არამედ ქართველი ხალხის  მრავალრიცხოვნობის, ასობით და ასეულ ათასობით ქართველის ქუჩაში გამოსვლის ეშინია. 4 ოქტომბერი არის განსაკუთრებით სენსიტიური დღე ბიძინასთვის. ივანიშვილს უნდოდა, რომ ამ დღეს გამარჯვება, სიტუაციის ნორმალიზება, დასავლეთისთვის და ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის ეჩვენებინა, რომ ის აკონტროლებს ვითარებას. 4 ოქტომბერს ის დაინახავს ქართველი ხალხის ძალას და რუსთაველის გამზირზე ასობით ათას ადამიანს, რომელსაც ექნება ერთადერთი მოტივაცია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დრო ამოწურულია, რომ ისინი პირდაპირ უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან, ყოველგვარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გარეშე. ჩვენი მთავარი მოთხოვნა 4 ოქტომბერს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების წასვლა, ყოველგვარი მიკიბმოკიბვისა და ახალ არჩევნებზე საუბრის გარეშე და ამის მათ ძალიან ეშინიათ.

_ პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება ქვეყანაში და ეს კარგს არაფერს მეტყველებს მმართველობაზე, თუმცა ხომ არ არის ეს დაკავებები, როგორც ძალის დემონსტრირება, გათვლილი საკუთარი ამომრჩევლისთვის?

_ ლევან ხაბეიშვილი ძალიან შედეგიანი იყო „ქართული ოცნების“ გუნდის შინგით არსებული კრიზისის მხილების საკითხში: რა დაპირისპირებებია, რა კლანური გარჩევებია, როგორ ებრძვიან ერთმანეთს. ივანიშვილმა კი არა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა იგრძნო ის საფრთხე, რომ 4 ოქტომბრის აქცია მათთვის შეიძლება იყოს გამოუსწორებელი დარტყმის მიმყენებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოტივაცია არის საკუთარი გუნდის ნარჩენების როგორღაც გამხნევება, რომ ის თითქოს აკონტროლებს ვითარებას და თითქოს „ქართული ოცნება“ მყარად დგას. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი დამატებითი მიზანია.

_ ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ინფორმაციას იღებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ხან „გაგდებულებს“ უწოდებდნენ, ხან „სასაცილოებს“. ასეთი შეფასებაც იყო კობახიძისგან, რომ „ერთი სასაცილო კაცი აწვდის ინფორმაციას მეორე სასაცილო კაცს“. ამ დაკავებამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ რეალურია, რასაც ხაბეიშვილი საუბრობდა და ამ დაკავებით კომუნიკაციის ეს ხაზი შეაჩერეს. ამასთან, ხაბეიშვილისა და ზოდელავას პარალელურად „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯუანშერ ბურჭულაძეც დააკავეს. ხომ არ არის ეს გაფრთხილება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიმართაც?

_ ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში არის დაპირისპირება, რასაც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა, ეს დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედი მაღალჩინოსნები დაპირისპირებული არიან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და პარტიის ყოფილ თავმჯდომარესა და ორჯერ ნაპრემიერალ ირაკლი ღარიბაშვილთან. ეს არის ის, რაც დაადასტურა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მათ აქვთ ღია დაპირისპირება. ამავე დროს, ნებისმიერი განცხადების გაჟღერებისას, რომლის მიხედვითაც ისინიც ამბობენ, რომ ეს ყოფილი მაღალჩინოსნები მოტივირებულები არიან, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს, ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდეს, ისინი გრძნობენ პირად საფრთხეს, აქ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე არ არის საუბარი. ისინი ხედავენ, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძე ჩააგდეს ციხეში, ასე შეყრის ივანიშვილი ყველა დანარჩენს გისოსებში, თუკი შეინარჩუნებს ხელისუფლებას.

_ ხაბეიშვილი ამბობდა, რომ ივანიშვილი სათითაოდ გაუსწორდება მათ.

_ რა თქმა უნდა, სათითაოდ დაუვლის მათ, ეს არის გენერალური რეპეტიცია, ჯუნშერ ბურჭულაძის შემდეგ უკვე იქნება ყველა იმ მაღალჩინოსნის, ყოფილი მინისტრისა თუ პრემიერ-მინისტრის დაკავება, რომელიც ივანიშვილს ეურჩება, არ მიაქვს ფული, არ ემორჩილება ირაკლი კობახიძეს და ა. შ. ძალიან ძლიერი შიდა კლანური დაპირისპირებაა, სადაც „ქართული ოცნება“ რამდენიმე  გუნდად არის გადანაწილებული. ამაზეა ზუსტად საუბარი, რომ ეს არის შესაძლებლობა  დემოკრატიული ძალებისთვის, ივანიშვილის ხელისუფლების ტოტალური სისუსტე იყოს სწორად და შესაბამისად გამოყენებული, მათ შორის 4 ოქტომბრის აქციაზე.

_ რას იტყვით გლობალურ კონტექსტში მიმდინარე პროცესებზე და რამდენად უწყობს ხელს ეს ქართველი ხალხის ბრძოლას, რომ ჰქონდეს დემოკრატიული სახელმწიფო?

_ ფაქტია, რომ დასავლეთი და წამყვანი სახელმწიფოები არ აღიარებენ ივანიშვილის დე ფაქტო ხელისუფლებას. ევროპარლამენტის ბოლო განცხადებაში ცხადზე უცხადესად არის აღნიშნული, რომ იქამდე, სანამ ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, იმ დრომდე საქართველოში არსებული ხელისუფლება ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას. ეს არის უდიდესი გარღვევა. ფაქტობრივად, ეს საკითხი დახურულია ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, რომ რამენაირად ამ ე. წ. არჩევნებით სცადოს ლეგიტიმაციის მიღება. დასავლეთი არის ძალიან ყურადღებით, ის უჭერს მხარს ქართველი ხალის მისწრაფებას, რაც არის დასავლური ინიციატივების საქართველოში  განხორციელება და მისი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება. ყველა ხედავს   ქართველი ხალხის ბრძოლას, რომლის განსაკუთრებით საამაყო ეტაპი, ჩემი აზრით, სათავეს აიღებს ოქტომბრის დასაწყისიდან, პირველ რიცხვებში და პიკს მიაღწევს 4 ოქტომბერს. აქაც ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, როგორი იქნება დასავლეთის მხარდაჭერა. რაც უფრო მეტად ვიაქტიურებთ ქართველი ხალხი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ჯგუფები, უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება დასავლეთიდან, ეს ბუნებრივია.

_ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად აინტერესებს დასავლეთის რეაქცია და მისი შეფასებები, ის სწორებას აკეთებს არადემოკრატიულ ქვეყნებსა და ძალებზე, ამის შესახებ რას იტყვით?

_ ვერ ვიტყოდი ასე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ფოკუსირებულია ავტორიტარული სახელმწიფოების მხარდაჭერაზეც, მაგრამ თუნდაც ის, რომ  ცდილობს არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის რამენაირად მიცემას, ჩანს, რომ მათ სჭირდებათ საერთაშორისო ლეგიტიმაცია. იმ ავტოკრატიული სახელმწიფოებისთვისაც „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლება მნიშვნელოვანია მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლეთში რამე ფორმის ფანჯარა ჰქონდეს მას, მაგრამ რადგანაც ივანიშვილის ხელისუფლება ექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, შეუძლებელია რომ ასეთ ხელისუფლებას ჰქონდეს რაიმე  სახის კავშირი დასავლურ ცივილიზაციასთან. ამიტომ მათი მთავარი ამოცანა, პირველ რიგში, არის ურთიერთობის ნორმალიზება ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის შესაძლებლობაც მათ ჰგონიათ, რომ აქვთ 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ე. წ. არჩევნებზე, რაც, ჩემი აზრით, შეუძლებელი იქნება. 

 

გაზიარება