არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორი“ თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად, სამხედროებისა თუ სამოქალაქო პირების უსამართლოდ განთავისუფლებაზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, აცხადებს, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და პირდაპირი დანაშაული თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის მხრიდან, რომლებიც ვალდებულები არიან, ამის შესახებ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინონ.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ბესო შენგელია:
_ ყურადღება მინდა გავამახვილო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე, ამას უკვე პრობლემები აღარ ჰქვია, ეს არის საშინელება, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება! ეს არის თავდაცვისუნარიანობის დაკნინება და თავიანთი თანამშრომლების პირდაპირ შეურაცხყოფა, 1000-ზე მეტი ადამიანია სახლში გაშვებული და საახალწლოდ უმუშევრად დარჩენილი. ჯერ კიდევ წინა წელს, ზუსტად ამ დროს, როცა ვსაუბრობდი იმაზე, რომ საინჟინრო ბრიგადიდან ხალხს ათავისუფლებდნენ, მაშინდელი მინისტრი თინა ხიდაშელი უარყოფდა და ამბობდა, რომ ასე არ იყო. აქციებიც გავმართეთ საინჟინრო ბრიგადიდან, პირველ ეტაპზე, 150 კაცი გაუშვეს და მერე 700 ადამიანამდე მიაყოლეს, 2016 წელს ასე შეხვდა თავდაცვის სამინისტრო. ახლა ამ სამინისტროს მონახაზში აქვს, რომ 3000 ადამიანი გაუშვას სახლში და უმუშევარი დატოვოს, თან ეს ისეთი მიდგომებით ხდება, რომ დამამცირებელია თანამშრომლებისთვის და მერე საშინელ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას იმ დროს, როცა ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია. როცა ჩვენს თავდაცვისუნარიანობას უნდა ვაძლიერებდეთ და ვამტკიცებდეთ, საერთოდ, ბრიგადებს ვაუქმებთ და გამოცდილ ხალხს სახლში ვუშვებთ. თითოეული ის ინფორმაცია იმ ხალხისგან არის მიღებული, რომელიც კარგად მიცნობს და იცის, რომ სიმართლეს ვიტყვი. მთავარი სამწუხარო დეტალი აქ ის არის, რომ მათ ამაზე საუბარი არ შეუძლიათ, _ სპეციალურ ჟურნალს აწარმოებენ, სადაც ხელს აწერინებენ, რომ ეს ინფორმაცია არ გავა. მე წერილს ვამზადებ და ამ დღეებში სახალხო დამცველს მივმართავ, რომ აღნიშნული ფაქტებით დაინტერესდეს.
_ ეს ჟურნალები ახლა შემოიღეს?
_ ასეთი სახის ჟურნალი, ზოგადად, იყო, სადაც ხელს აწერდნენ, რომ საიდუმლო ინფორმაცია არ უნდა გავიდეს, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საიდუმლო ინფორმაცია და ამან ისეთი საერთო სახე მიიღო, რომ ადამიანის შეურაცხყოფაზე მეტს არაფერს აკეთებს. ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როდესაც ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა, _ თუ წინა წელს 650 მილიონ ლარს შეადგენდა, ახალი ბიუჯეტის პროექტით 748 მილიონი ლარია. დოლართან მიმართებით თანხა კურსის გამო გაცილებით ნაკლები გამოდის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ლარებში გაზრდილია.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ეს ადამიანები სამსახურიდან შეურაცხმყოფელი ფორმებით დაითხოვეს. რას გულისხმობთ?
_ სახმელეთო ჯარებს დაქვემდებარებულ საინჟინრო ბრიგადაში ყოველ დილით ეწყობიან თანამშრომლები და 200 ადამიანზე მეტს, პირდაპირ ამ მოწყობაზე, დილით სამსახური დაატოვებინეს. აქ მეთაურია ვინმე გოჩა შავგულიძე, ძირითადად, გაათავისუფლეს სამოქალაქო პირები, _ მცოდნე კადრი, ვინც სამოქალაქო შტატზე აიყვანეს, წინაზე რომ ათავისუფლებდნენ და მერე არასამთავრობოებმა ბევრი ვიყვირეთ და კიდევ დატოვეს სამოქალაქო შტატზე. თვითონ ეს ადამიანები საუბრობდნენ, რომ ვისაც პატრონი და ნათესავი ჰყავდა თავდაცვის სამინისტროში, მხოლოდ ისინი დატოვეს, დანარჩენი გამოგვიშვესო. როგორც აღვნიშნე, ყოველ დილით მოწყობა ტარდება, სათითაოდ ამოიკითხეს გვარები, ცალკე დააყენეს დამამცირებლად და თანამშრომელი ქალები ამბობდნენ, კაცებს ფერი არ ედოთ, პირდაპირ ისე გამოყვეს კეთროვნებივითო. საინჟინრო ბრიგადის ორი ბატალიონი დაშალეს, 200 ადამიანზე მეტი გაათავისუფლეს და მარტო ამ ორი ბატალიონის დაშლის შედეგად გაუშვეს ეს ხალხი. კონკრეტული ფაქტებიც გვაქვს: ლილოს ტერიტორიაზე საინჟინრო მხარდამჭერი ბატალიონი იყო, სადაც 350 ადამიანი მუშაობდა, ეს ბატალიონი სამი ასეულისგან შედგებოდა და პლუს ბატალიონის მმართველობა. დაშალეს, სამხედრო უზრუნველყოფის თანამშრომლები მთლიანად გაათავისუფლეს და ასევე ბრიგადის შტაბიდან სამოქალაქო პირები გაუშვეს. რაც მთავარია, საინჟინრო მხარდაჭერის ბატალიონი სრულიად გაუქმებულია. ასევე გვაქვს კონკრეტული მისამართი, ეს არის ჭირნახულის ქუჩა #11, ლილოს მიმდებარე ტერიტორია, რომ პირდაპირ მოწყობაზე ამოიკითხეს 85 ადამიანის გვარი, გაუშვეს და უთხრეს, _ თქვენ დატოვეთ ტერიტორია, გეკრძალებათ აქ ყოფნა იმიტომ, რომ აქ არ მუშაობთო. შიდა საქმეებზე ინფორმაცია რომ არ გავიდეს, როგორც უვე გითხარით, ხელს აწერინებენ ჟურნალში, რომ ინფორმაციას გარეთ არ გაიტანენ, შესაბამისად, ამ ადამიანებს შემდეგ ხმის ამოღების ეშინიათ. უფრო სავალალო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე და აქ არის მთავარი შიშები, რომ მიზანმიმართულად ეუბნებიან სამხედრო მოსამსახურეებს, აიღეთ კომპენსაცია და წადით სახლშიო, რაც ძალიან ჰგავს რუსულ თამაშს. ლეიტენანტს ეუბნებიან, რომ აიღე 5000 ლარი, კაპიტანს ეუბნებიან _ 10 000 ლარი, მაიორს _ 12 000 ლარი, ვიცე-პოლკოვნიკს _ 15 000 ლარი და პოლკოვნიკს ეუბნებიან, აიღე 20 000 ლარი და წადით თანამდებობებიდან, თუ ამას არ გააკეთებთ და არ წახვალთ, ფიზიოებს ვერ ჩააბარებთ, ისე გაგყრითო. მკითხველისთვის ადვილი მისახვედრი რომ იყოს, ფიზიო _ ეს არის სხვადასხვა სახის სპეციალური სამხედრო ნორმატივი, რომელიც ჯარში ბარდება. თუ ამ კომპენსაციას არ აიღებთ და სახლში არ წახვალთ, ამ ნორმატივებშიც ჩაგჭრით და კომპენსაციის გარეშეც დარჩებითო. ასევე დაწიეს წოდებრივი შტატები, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროში დამტკიცებული შტატები მოვიდა, სადაც წოდებებს ყინავენ. მაგალითად, ვიცე-პოლკოვნიკის თანამდებობა აღარ არის ბატალიონში და მხოლოდ მაიორია, ერთი წოდებით ქვევით ამტკიცებენ. განთავისუფლებული ხალხი ასევე საუბრობს, რომ პირველ იანვრამდე უნდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, რომელსაც ე. წ. რეორგანიზაცია დაარქვეს, მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე იმხელა მასშტაბები მიიღო, რომ სრული რეორგანიზაცია პირველ ივნისამდე გადაწიეს. საინჟინრო ბრიგადის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ ბრიგადიდან 500 ადამიანი გაათავისუფლეს.
_ ვადის გადაწევა ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტის განთავისუფლებაა მოსალოდნელი?
_ რა თქმა უნდა. კონკრეტული მაგალითია ასევე, რომ მცხეთაში პირველი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეული იდგა, გაანახევრეს ეს ასეული და ვინც დატოვეს, მეოთხე ბრიგადას შეუერთეს. საერთოდ, სამხედრო და სამოქალაქო პირები საუბრობენ, რომ მონახაზში არის სამსახურიდან 3000-ზე მეტი ადამიანის გაშვება. ასევე, ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ მიმდინარეობს ბრიგადების შეკვეცა, ანუ პირველ და მეხუთე ბრიგადას აერთიანებენ და ნაწილს, საერთოდ, სახლში უშვებენ. ასევე ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, ჩვენს ახლობელს შეემთხვა: კრწანისში, ფონიჭალის ტერიტორიაზე სატანკო ბაზაა, რომელიც საერთოდ დახურეს, თანამშრომლები სახლში გაუშვეს და უმუშევრები დატოვეს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა მასშტაბებს იღებს, ამაზე მინისტრმა იზორიამ და გენშტაბის ახალმა უფროსმა ჩაჩიბაიამ განმარტება უნდა გააკეთონ საზოგადოების წინაშე. ეს არის, ჩემი აზრით, პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა ქართულ ჯართან იმიტომ, რომ ვიცით, რაოდენ სავალალოა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა და მით უმეტეს, როცა საახალწლოდ ასე ვულოცავთ ადამიანებს და ვუშვებთ სახლში. ამ ადამიანებს თავდაცვის სამინისტრომ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა, ეს ფაქტი ცალკე აღნიშვნის ღირსია; მეორე ფაქტია ის, რომ ამ ადამიანებს უშვებენ დამამცირებელ გარემოებაში სხვების თანდასწრებით და პირდაპირ ეუბნებიან იმათ, ვინც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, რომ ახლავე უნდა დატოვოთ ტერიტორიაო; მესამე: მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაკნინებისკენ. როცა ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, როცა ქართველებმა ვიცით, რა რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, ისიც ვიცით, რა ხდებოდა 2008 წელს, როცა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს ჩვენმა სამხედროებმა და, ფაქტობრივად, არ მისცეს რუსებს და მათ ელიტარულ ბატალიონებს იმის საშულება, რომ მთლიანად საქართველო დაეპყროთ, ამის შემდეგ ამ ბიჭებს, აი, ასე ექცევიან. ასევე მნიშვნელოვანია და მინდა ყველამ კარგად იცოდეს, როცა განთავისუფლებები წინა წელს მოხდა, ვსაუბრობდი, რომ საინჟინრო ბატალიონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული ქვედანაყოფი საქართველოს ჯარისთვის და რატომ: ერთ მთავარ ასპექტზე გავამახვილებ კიდევ ყურადღებას, ეს არის უდიდესი ფინანსური შეღავათი ასევე ქართული ჯარისთვის. მაგალითისთვის, თუ ვაშენებთ ერთ კორპუსს, ეს ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, ამას აშენებენ ერთი წლის ხელფასით. მაგალითად, მუშის ხელფასს იღებს 700 ლარს, რომელიც 4-სართულიან კორპუსში აკეთებს თაბაშირ-მუყაოს ჭერს, ჩვენ თუ ამაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და შემოვიყვანთ კომპანიას, ისინი ამას გააკეთებენ კვადრატულობის მიხედვით და 700 ლარის გადახდა კი არ მოგვიწევს ერთი მუშისთვის, საჭირო იქნება 3000-4000 ლარის გადახდა, ეს ერთი; მეორე და უმნიშვნელოვანესი _ ის კომპანია ვის შემოიყვანს, ესეც უმთავრესია, იმიტომ, რომ აქ უკვე სახელმწიფო საიდუმლოებაზე მიდის საუბარი, ეს ადამიანები მუშაობენ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე, საიდუმლო ბაზებზე და წვდომა აქვთ აბსოლუტურად ყველა ობიექტზე, რომელიც არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია. საინჟინრო ბრიგადა როგორც აშენებდა საცხოვრებელ კორპუსს, ასევე თხრიდა სანგრებს და ეს არის ბრიგადა, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმ ქვეყნისთვის, რომლის 20%-ზე მეტი დღეს ოკუპირებულია და რას უშვრებიან ამ ხალხს, რომელიც ქმნის და იცავს სახელმწიფო საიდუმლოების მნიშვნელობის ობიექტებს, დღეს კი ვეუბნებით, რომ კარგად იყავით და წადით სახლში. თავდაცვის მინისტრისგან და გენშტაბის ხელმძღვანელისგან ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საიდუმლო ობიექტების დაცვის თვალსაზრისით ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, პირდაპირი დანაშაული!
,,ქრონიკა+“ კომენტარისთვის თავდაცვის სამინისტროს პიარს უკავშირდებოდა, მაგრამ ტელეფონს არავინ უპასუხა.
თამარ ბატიაშვილი