პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
2025-07-31 11:44:35
თამარ სანაძე
24 ივლისს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის გარეუბანში, „აფრიკის“ დასახლებაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობიდან ათობით ოჯახი გამოასახლეს. მთელი დღის განმავლობაში კორპუსთან უმძიმესი ვითარება იყო. ადგილზე პოლიციის გამოჩენას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, პოლიციამ დააკავა 17 ადამიანი, მათ შორის, კორპუსის მცხოვრებლებიც.
თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებაზე და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების შესახებ უსახლკაროთა მიმართ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე:
_ ცოტნე, ვიხილეთ გამოსახლების დიდი სერია, აგრესიული ძალადობრივი ფორმებით. როგორ შეაფასებთ გამოსახლების პროცესს და შემდგომ „ოცნების“ განცხადებებს? რა პრობლემა აჩვენა ამ დღემ?
_ დამოუკიდებლობიდან 34 წელი გავიდა და ჩვენი ქვეყანა ვერ ახერხებს, უზრუნველყოს კეთილდღეობა მოქალაქეებისა, რომლებმაც დაკარგეს სახლები, რომ საკუთარ სამშობლოში, სადაც დაიბადნენ, მშვიდად იცხოვრონ. ამასთანავე, ვერ უზრუნველვყოფთ საკუთრების უფლებას იმ ადგილზე, სადაც უნდა ცხოვრობდეს, ეს არის დაკარგული ტერიტორიები, ამიტომ სხვა ტიპის პასუხისმგებლობები გვიჩნდება მათ მიმართ.
დღემდე ეს ვითარება რომ გვაქვს, გამოსახლების გარეშეც, ეს არის მთავარი და მძიმე პრობლემა. მეორე პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფერს პროპაგანდა შეხვდა მომზადებული და ეს იყო ცალკე ძალიან გამაღიზიანებელი.
ცხადია, იქ არის არგუმენტები, რომ კერძო მესაკუთრეა და მას აქვს უფლებები. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც დაზარალებულის მხრიდან ჩანს, მაგრამ ის, რომ პოლიციელები პროპაგანდისგან იყვნენ დამუშავებულები და საუბრობდნენ იმაზე, თუ ვის რა ქონება და ვის სად რა სახლი აქვს, ცხადია, ამაზე ხელისუფლებამ იმუშავა და ეს არის გამაღიზიანებელი. ისედაც სახლიდან აგდებ და მასთან მიმართებით პროპაგანდის დამუშავება არასწორია.
მესამე საკითხი რაც გამოჩნდა და რაც არანაკლებ გამაღიზიანებელია, არის ავარიულობაზე მითითება. მას შემდეგ, რაც ავარიული შენობა ჩამოინგრა, თითქოს დრო იხელთეს, ბარემ გამოვყაროთ ეს ხალხი, წინაზე რომ არ გამოვუშვით, კერძო საკუთრების უფლება დავიცავით, ამას კიდევ ნგრევა და ხალხის დაღუპვა მოყვა. ხალხი ამაზე გაბრაზდა და ეს ამბავი, გამოსახლება, რაც წინა კვირას მოხდა, თითქოს გამოყენებული უნდა ყოფილიყო მათდა სასიკეთოდ, რომ შენობის ჩამონგრევის შემდეგ ეს ამბავი ნაკლებად თვალსაჩინო ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, კახი კალაძე დგება ყოველთვის თავის მართლების რეჟიმში. არ არის სასიამოვნო ეს ყველაფერი, მეურვეა და უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. როდესაც ბავშვი ქუჩაში რჩება, ემპათია და ემოციაც მნიშვნელვანია და ეს ყველაფერი კი იყო ძალიან გამაღიზიანებელი და არასასიამოვნო.
_ გამოსახლებული ადამიანები დაჯარიმდნენ 2000-2000 ლარით, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ფონს. ძალიან ბევრი შრე დაგვანახა ამ ამბავმა, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხები სისტემურად?
_ პირველ რიგში, ყველა დევნილს იმის ეკვივალენტი ქონება უნდა ჰქონეს მიცემული, რაც დაკარგა! შეუძლია ქვეყანას, რომ შესთავაზოს და უზრუნველყოს ქონებით დევნილები. ასეთ ნაბიჯებს თუ გადადგამს ქვეყანა, ამგვარ ქეისებს უფრო მარტივად მივუდგებით. ახლა არ არის განცდა, რომ ყველა დევნილი დაკმაყოფილებულია და როცა ეს განცდა არ არსებობს, ვიღაცა კი შეიძლება რაღაც ქონებას ფლობდეს და ზედმეტი რაღაცებიც უნდოდეს, ერთი ადამიანიც თუ რჩება უპოვრად, პრობლემა გაცილებით დიდია. უსამართლობის განცდა საერთოდ არ დარჩება, თუ ყველას გვეცოდინება, რომ მშენებლობასთან მიმართებით კოეფიციენტები გაზრდილია და ყველა დევნილს საცხოვრებელი გადაცემული აქვს, რომ მალე და სწრაფად დასრულდეს ეს პრობლემა. შეიძლება ის იყოს გამოსავალი, რომ რაღაცნაირად დერეგულირება ხდებოდეს, მშენებელმა ააშენოს და ამით სახელმწიფო დაეხმაროს დევნილებს. სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ მესახება.
_ გამოსახლებისას დაკავებული აქტივისტებიც დაჯარიმდნენ, ჯერ იყო გამოსახლებული პირები 2-2 ათასით დაჯარიმდნენ, აქტივისტები _ 5 ათასი ლარით. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი ოდენობის ჯარიმების დაკისრება, რაც ჩვენს სოციალურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა?
_ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის აქცია იქნება, აქტივისტები 5 ათასი ლარით ისჯებიან. 5000-ლარიან ჯარიმას ძალიან მარტივად მივეჩვიეთ. ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც ურჩევნია ბევრი კვირა გაატაროს ადმინისტრაციული სასჯელით საპატიმროში, ვიდრე გადაიხადოს ჯარიმა, რადგან ამხელა თანხის გადახდა შეუძლებელია მისთვის. ვერ იხდი, გიყადაღდება ყველაფერი და ამოვარდნილი ხარ ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან. პრევენცია არ არის 5 ათასი ლარის დაკისრება. როდესაც ხარ დაჯარიმებული და ვერ იხდი, ისეთი განცდაა, რომ მაინც დაჯარიმებული ხარ, უფრო მეტი სტიმული გაქვს, რომ აქტივიზმში დარჩე. დასაკარგიც არაფერი გაქვს. სამჯერ და რამდენჯერმე ქუჩის გადაკეტვისთვის ვისაც 30 ათასი აქვს დაგროვებული, ამის შემდეგ შენს ანგარიშზე უარი გაქვს ნათქვამი და ყოველი შემდეგი ჯარიმა უკვე სტატისტიკა ხდება. იმდენი აქვს ხალხს დაგროვილი, რომ მთელი ცხოვრება რომ იმუშაოს, ვერ გადაიხდის. თუ ერთხელ დაგაჯარიმეს მორჩა, განწირული ხარ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება აქტივიზმში დარჩე, შემდეგ მხოლოდ იმის იმედი გრჩება, რომ იქნებ შეიცვალოს ხელისუფლება და თუ ჩამოწერენ ამ ჯარიმებს, თორემ სხვა სტიმული ადამიანს რა გრჩება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ კახი კალაძე ყოველი რთული მომენტების შემდგომ გამოდის და თავს იმართლებს, ნაცვლად იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღოს როგორც ქალაქის მეურვემო. გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტებს, თუ როგორ ესხმის თავს დედაქალაქის მერი ევროკავშირის წარმომადგენლებს. როგორ შეაფასებთ „ოცნების“ ლიდერების პოლიტიკას ევროკავშირის მიმართ?
_ ყველა კარგად ვხედავთ რეალობას, „ქართული ოცნების“ რიტორიკა ევროპასთან მიმართებით ძალიან მკაფიოა. უმწვავეს განცხადებებს აკეთებენ ევროპელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ მისამართით, მაგრამ ამათზე აღარ მოქმედებს არანაირი წერილი, კრიტიკა თუ განცხადება. არ მაქვს იმედი, რომ შეიცვლება რამე. მით უმეტეს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პროპაგანდა ამუშავებულია. უკვე აჩვევენ ხალხს, რომ უვიზო მიმოსვლა რომ დავკარგოთ, ეს პრობლემა აღარ არის. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა წნეხი მოახდენს გავლენას „ქართულ ოცნებაზე“. მათი პოლიტიკა არ არის დამოკიდებული ევროპელი ლიდერების განცხადებებზე. ისინი უკვე გამოვიდნენ ამ თამაშიდან. ეს არის ახალი რეალობა რაშიც ვართ. ამის შემდგომ შენ მას უქმნი ქვეყნის შიგნით წნეხს, რომ წავიდეს დათმობებზე. ფაქტია, ქვეყნის გარედან წნეხით არაფერი იცვლება.
_ ევროკავშირის კრიტიკას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კობახიძემ ცინიკურად უპასუხა ასეთი განცხადებებით: „კაცი კაცია და მორჩა“ „კაცი არ გახდება ქალი“ და ა. შ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგო, რომ ეს არის იაფფასიანი პროპაგანდა, მაგრამ კვლავ ამ მესიჯების გაჟრებით რისი მიღწევა უნდა „ოცნებას? “
_ ჩვენთვის იაფფასიანია, მაგრამ მათი ამომრჩევლისთვის სარწმუნო და დამაჯერებელია, ძალიან კარგად მუშაობენ ისინი მათ ამომრჩეველზე. ევროპული გენდერპოლიტიკა საქართველოში ზოგიერთისთვის მიუღებელია, ამიტომ ძალიან კარგად ამწვავებს ამ ვითარებას „ქართული ოცნება“, შემდგომ კი მშვენივრად მუშაობს ეს პრპაგანდა. სხვა მხრივ ოლიგარქს რომ მივყვეთ, კონსტიტუციაში თავად კობახიძემ ჩაგვიწერა, რომ ვალდებულია საქართველო რომ გახდეს ევროკავშირის წევრიო. რატომ ჩაწერა ეს და რატომ გვავალდებულებდა, რომ იმ ინსტიტუციის წევრი გამხდარიყო ჩვენი ქვეყანა, რომელიც კაცს ქალად გადაქცევას ავალდებულებს?
_ როგორ შეაფასებთ ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებას? ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, ნაწილი კი ემზადება არჩევნებისთვის. რას ნიშნავს ეს პროცესები თქვენთვის, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის?
_ რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ეს პოლიტიკურ კლასს კიდევ უფრო დაამძიმებს. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთმანეთს მოღალატეებს და მოსყიდულებს ეძახის.
ვფიქრობ, ეს არის გადარჩენის არჩევნები. ზოგი აპირებს გადარჩეს ბოიკოტით, ზოგი აპირებს გადარჩეს არჩევნებზე გასვლით. ცვლილების თვალსაზრისით, არც ერთს აქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ მოქალაქეს უთხრას, ჩვენ ბოიკოტში ვართ, მოდი, შენ მშვიდად იყავი. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, საკრებულოს არჩევნები, საერთოდ არანაირი ფაქტორი არ არის ხელისუფლების ცვლილებების მხრივ. საერთოდ არ აინტერესებს „ქართულ ოცნებას“, ვინ გავა და ვინ _ არა. დაიჭირეს ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ბოიკოტში არიან და დაიჭირეს ისინიც, რომლებიც არჩევნებში გადიან. ამიტომ ეს ილუზიაა. ეს არის უბრალოდ თავის გადარჩენის პოლიტიკა. სანამ მეტი ხალხი არ იქნება ჩართული პროცესებში, ამ საქმეს არაფერი ეშველება. მე ვუყურებ მანქანას, რომლის ბენზინის ავზიც არის გახვრეტილი და აპარებს საწვავს. რა გზითაც არ უნდა წავიდეს ეს მანქანა, გაჩერდება შუა გზაში. ოპოზიციის მართულ პროცესს ყოველთვის აკლია ნდობა, ნდობის დეფიციტია და საითაც არ უნდა წავიდეს, ბოლომდე ვერ მიაღწევს.
ახალი არჩევნებიც რომ დანიშნოს „ქართულმა ოცნებამ“, ოპოზიციის ის ნაწილიც გავა, ვინც ბოიკოტშია და მივიღებთ იმაზე უარესს შედეგს, რაც დაფიქსირდა წინა არჩევნებში. ეს იგრძნობა უკვე და ეს მთავარი პრობლემაა ამ კუთხით.
_ ფიქრობთ, რომ ყველა პარტია დათანხმდება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუ „ოცნება“ ჩანიშნავს არჩევნებს?
_ ასე ვფიქრობ. მაშინ რატომ და რისთვის შეინარჩუნეს ნომრები? ეს ამოუხსნელია. იმიტომ შეინარჩუნეს ნომრები, რომ „ქართული ოცნების“ დანიშნულ არჩევნებშიც გავლენ. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოც დაათმობინეს, რევოლუციური პროცესები განვითრდება და ყველაფერი ოპოზიციის ხელში იქნება. თუკი ეგეთი ძლიერი ოპოზიცია იქნება, ნომრის შენარჩუნებაზე ხვეწნაც არავის დასჭირდება, ისედაც შეინარჩუნებენ. მგონია, რომ ნომრის შენარჩუნება იმიტომ მოხდა, რომ ჩაინიშნოს არჩევნები. ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ბოიკოტშია, გავა არჩევნებზე.
_ ვისაუბრეთ ოპოზიციის მდგომარეობაზე, რომ ოპოზიციური სპექტრის იმედი საზოგადოებას ვერანაირად ექნება. როგორ გესახებათ ამ ვითარებიდან გამოსავალი?
_ მეტი გულწრფელობაა საჭირო. მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი და შეხვედრები საკმარისი არ არის. მეტი საუბარია საჭირო საზოგადოებასთან. მხოლოდ ტრაგედიები არ უნდა გვახსენებდეს, რომ აქ პრობლემები არსებობს. ასევე ოპოზიცია „ქართული ოცნების“ პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეს მეტი სიმართლით, მეტი ინტელექტით. ბევრი რამის შეცვლა და გადახალისებაა საჭირო. ჩვენთან ოპოზიცია არ იცვლება, ყოველთვის ყველაფერს ერთსა და იმავეს აკეთებს. იგივეთი წარმოუდგენელია, რაიმე შეიცვალოს. ამ ქვეყნის შემთხვევაში ორად გაყოფილი ოპოზიცია მივიღეთ. ის რვა პარტია, რომელიც აქტიურობს, იქიდან რამდენიმე პარტიის გამოკლებით შეიძლება რაღაც ერთობის მსგავსი ჩამოყალიბდეს, ძალიან ლოგიკური იქნება. მეორე მხრივ, იქნება ისტიტუციური ოპოზიცია, ვინც არჩევნებზე დადის და შეიძლება სხვა ხალხიც გამოჩნდეს, რომელიც რაღაცას შეცვლის. რაღაც სიახლეების გარეშე წარმოუდგენელია ცვლილებები. ამდენხნიანი პროტესტის შემდეგ უცებ გავიღვიძოთ და მოგვარებული იყოს ყველაფერი, ამის არ მჯერა. ამ ყველაფრის შანსი იყო დეკემბერში, იანვარში, მაგრამ არაფერი მოხდა, შანსი ხელიდან გაშვებულია. ახლა მოგვიწევს ახალი რეალობის აღიარება. მაგალითად, იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, უნდა მივხვდეთ ამას და ლეგენდებით აღარ ვილაპარაკოთ.