QronikaPlus
პაატა დავითაია - ხელისუფლება პირდაპირ იხდის თანხას, რომ ოპოზიცია არ გაერთიანდეს

პაატა დავითაია - ხელისუფლება პირდაპირ იხდის თანხას, რომ ოპოზიცია არ გაერთიანდეს

2025-12-26 10:58:19

შორენა მარსაგიშვილი

 

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში სერიოზული პანიკაა. მოსკოვის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზებს უკრაინის ომში გაიწვევენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სრული უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, ძალიან ბევრ აფხაზს მოუწევს გახდეს საზარბაზნე ხორცი.

 

შეძლებენ თუ არა გაწვევასთან რამენაირად დაპირისპირებას აფხაზები? ელით თუ არა იგივე ბედი იმ ქართველებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ? რა ელოდება საქართველოს ახლო მომავალში და რატომ დაიღალა დასავლეთი საქართველოთი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია:

 

_ ბატონო პაატა, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, დაექვემდებარებიან მობილიზაციას და გაიწვევენ ომში. ასე გაუჭირდა რუსეთს, რომ აფხაზებიც კი მიჰყავთ ომში?

_ ჩემთვის ეს მოულოდნელი ამბავი არ ყოფილა. რუსეთმა გამოსცა ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, დაექვემდებარებიან მობილიზაციას. ის ვალდებულება, რაც აქვთ რუსეთის მოქალაქეებს, გავრცელდება აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებზე. აფხაზებს დამოუკიდებლები რომ ჰგონიათ თავი, ასე არ არის.

_ აფხაზები ამ ამბავს როგორ შეხვდნენ?

_ როგორ შეხვდებოდნენ? _ ატეხეს ერთი ამბავი! ამბობენ, ჩვენ მობილიზებაში ვერ წავალთო.

_ რატომ ვერ წავალთო?

_ იმიტომ ვერ წავალთო, რომ საქართველოს ჯარისგან ველოდებით თავდასხმის საფრთხესო. ამბობენ, რაკი ასეთი საფრთხე არის, ჩვენ ადგილზე უნდა ვიყოთ მობილიზებულიო. ასეთ აბსურდებში არიან დღეს აფხაზები.

_ დააჯერებენ რუსებს, რომ აფხაზებს ქართველებისგან ემუქრებათ საფრთხე და ამიტომ უნდა დატოვონ ისინი?

_ რა თქმა უნდა, არ სჯერათ და როცა მობილიზაცია გამოცხადდება, აფხაზებსაც წაიყვანენ. არანაირი მიზეზის მოგონება და მოშველიება არ უშველით მაგ საცოდავებს.

_ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის რამდენი პროცენტია დღეისთვის რუსეთის მოქალაქე?

_ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ასივე პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. რუსებმა გამოსცეს ნორმატიული აქტი და ის არ შეიცვლება. აფხაზებს ხომ უნდოდათ რუსეთის მოქალაქეობა, ჰოდა, მოუწევთ მობილიზაციაში წასვლაც.

_ აფხაზები უკრაინის ომში 2014 წლიდან არიან წასულები და თავი დიდად არ გამოუჩენიათ.

_ ესენი იყვნენ მოხალისეები. მობილიზაცია მაგათზე არ გავრცელებულა აქამდე, რუსეთი დღემდე თავს იკავებდა.

_ რატომ იკავებდა თავს?

_ ვითომ აფხაზეთი „სხვა სახელმწიფო“ იყო. ახლა უკვე ნორმატიული აქტი მიიღეს მაგ მიმართულებით და აფხაზებს მოუწევთ ომში წასვლა.

_ ამას რამეს დაუპირისპირებენ აფხაზები?

_ რა უნდა დაუპირისპირონ? თავად აიღეს რუსეთის მოქალაქეობა და უნდა შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს აკისრიათ. ახლა კი გაჰყვირიან, რომ ქართული ჯარისგან ველოდებით საფრთხესო, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსებმა ძალიან კარგად იციან, რისიც ეშინიათ აფხაზებს. ასე რომ, მოუწევთ აფხაზებს მობილიზაციაში ყოფნა. ძალიან მალე რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას და მობილიზაციას დაექვემდებარებიან საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები.

_ რამდენად მალე იქნება ეს ამბავი?

_ ძალიან მალე იქნება. 

_ და ამას როგორ შეხვდება ის ქართველობა, რომელიც უკრაინის ომში რუსეთს უჭერს მხარს?

_ აქამდე რუსეთის არაფერი გაუპროტესტებიათ და ამ გადაწყვეტილებასაც ალბათ სიხარულით დაეთანხმებიან. ბევრ ქართველს აქვს რუსეთის მოქალაქეობა მიღებული და არა მგონია, ისინი კარგ დღეში აღმოჩნდნენ.

_ ახლა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბროთ. პირველ რიგში, აზერბაიჯანთან დაწყებულ პრობლემებს მინდა შევეხოთ. უკვე ღიად ჩანს, რომ თბილისი რაღაცებში უშლის ხელს ბაქოს.

_ ეს მოსალოდნელიც იყო. ხელს უშლიან იმიტომ, რომ აზერბაიჯანი რუსეთისგან სრულად დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. ამიტომაც დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი რაღაცები. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ამის გაკეთება თავად გადაწყვიტეს თუ ვიღაცამ სთხოვა, ასე მოიქეცითო.

_ ეს ვიღაცა რუსეთია?

_ რა თქმა უნდა. არაა გამორიცხული, თბილისსა და მოსკოვს შორის რაღაც კულუარული საუბარი ყოფილიყო და იქ მიეღოთ მითითება. არადა, აზერბაიჯანი ის მეზობელია, რომელიც საქართველოს ყველა გაჭირვების დროს გვერდით ედგა: გვაწვდიდნენ დენს, გაზს, ხშირად ეს უფასოდ გაუკეთებიათ. ნავთობსადენი ისე გაატარეს, რომ საქართველოსაც ესარგებლა ამით და ტარფიც ისეთი დააწესეს, ჩვენ რომ გვაწყობდა. აზერბაიჯანი ერთადერთი მეზობელია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში გვერდით დაგვიდგა.

_ რას გულისხმობთ?

_ ყველანაირად გვერდით გვედგა იმ მძიმე დღეებში. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა დახმარება გაგვიწიეს მაშინ აზერბაიჯანელებმა ქართველებს. ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და ყველაფერს ხმამაღლა ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ.

_ უკრაინაც ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც აფხაზეთის ომში გვერდით გვედგა და მათაც რას ვუკეთებთ?

_ ასეა. ჩვენ ყველა გადავიმტერეთ. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. გადავიმტერეთ ევროპა-ამერიკა. სამეზობლოშიც გვეძაბება სიტუაცია. გვრჩება ირანი, აშხაბადი, უნგრეთი, სერბეთი, სადაც რუსეთის ანკლავია, იმათთან ვართ მხოლოდ კარგად.

_ აზერბაიჯანთან დაპირისპირებას რამე პრობლემები არ მოჰყვება? ჩვენ გვაქვს რეგიონი, სადაც ათეულობით ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. გამორიცხავთ, რომ იქ რამე კონფლიქტი მოხდეს?

_ არანაირი გამწვავება არ იქნება, ეს გამორიცხულია! რაღაც პატარა ყოფითმა პრობლემებმა შესაძლოა იჩინოს თავი, მაგრამ შეტაკებებსა და მსგავსს საშინელებებს გამოვრიცხავ. აზერბაიჯანი ამაზე არ წავა.

_ აშხაბადი ახსენეთ და აშხაბადში „ქართული ოცნების“ პრემიერის ვიზიტზე რას ფიქრობთ?

_ რა უნდა ვიფიქრო? ვიხილეთ კადრები, საიდანაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე ცდილობდა პუტინთან შეხვედრას, მაგრამ ის არ შეხვდა.

_ რატომ არ შეხვდა? იმაზე მეტი რა უნდა გაუკეთოს „ოცნებამ“ რუსეთს, რასაც ახლანდელი ხელისუფლება უკეთებს?

_ ეს ასეა, მაგრამ არ არის კობახიძე იმ დონის, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი შეხვდეს. არ არის მისი რანგი. აქედან ძალიანაც უნდოდათ შეხვედრა, სხვა შემთხვევაში რა აზრი ჰქონდა ჩასვლას აშხაბადში?

_ ბოლო დროს რუსებმა აფხაზებისა და ოსების პირით არაერთხელ მოგვთხოვეს სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. გაფორმდება ასეთი შეთანხმება?

_ წლებია, რაც ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება და არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ასეთი შეთანხმება გაფორმდეს. განცხადებებით კი უარს ამბობენ, მაგრამ ქმედებები სხვა რამეზე მიანიშნებს. „ქართული ოცნების“ ქმედებებზე რაღაც ლოგიკური პროგნოზის გაკეთება ძალიან მიჭირს. მაგათ ქმედებაში არანაირი ლოგიკა არ არსებობს.

_ მაშინ იმაზე ვისაუბროთ, 2025 წელი როგორი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით?

_ ეს წელი იყო ძალიან მძიმე, შეგვიძლია მას დაპირისპირების წელიც ვუწოდოთ. „ქართულმა ონებამ“ ორ ნაწილად დაყო საზოგადოება, რომლის შუაშიც უფსკრულია. ეს უფსკრული სულ უფრო იზრდება, რაც ძალიან სახიფათოა. უხეში შედარებაა, მაგრამ დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ზვიადი რომ დაამხეს. აქ ჯერ არ არის სროლა.

_ და იმედია, არც იქნება.

_ ღმერთმა ქნას, ეს აღარასდროს მოხდეს. ეს სროლაც იმიტომ არ არის, რომ ჩვენ გავიარეთ სამოქალაქო ომი და რაღაც ზღვრებს ვიცავთ. სამოქალაქო ომი მაშინ რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ახლა დაწყებულიყო. აი, ასეთი სიტუაციაა. „ქართული ოცნება“ თავის ბაბლში ცალკე ცხოვრობს, ოპოზიცია _ ცალკე. მათ შორის უფსკრული იზრდება და ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის კატასტროფა. ეს დაპირისპირება იწვევს იმას, რომ ქვეყნის სვლა შეფერხებულია. 2025 წელი გახლავთ ქართული სახელმწიფოს ზრდის შეფერხების წელი. ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება და _ ოპოზიციასაც. მთავარი დამნაშავე „ქართული ოცნებაა“, რომელიც დღეს არის ხელისუფლება და მხოლოდ მას შეუძლია ამ სიტუაციის განმუხტვა.

_ თქვენ თქვით, დაპირისპირება რომ არის, ამაში ოპოზიციაც დამნაშავეაო და მათი ბრალი რა არის?

_ ოპოზიცია ხშირად არალოგიკურად მოქმედებს. გახსოვთ, ინტერვიუში რომ გითხარით, პარლამენტში შევლენ-მეთქი, ნაძლევსაც კი ჩამოვდიოდი. აგერ ადგნენ და შევიდნენ. არადა, ამბობდნენ, ბოიკოტიო. ზოგი რას აკეთებს, ზოგი _ რას. ათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია დღეს ოპოზიციაში. ყველას პრემიერობა უნდა, ყველას მერაბ კოსტავობა უნდა. რა ვიცი, აბა! ასე არ კეთდება პოლიტიკა.

_ ქუჩამ პოლიტიკოსები რომ გაყარა, ამას როგორ აფასებთ?

_ პირდაპირ გეტყვით, რომ ამას არაადეკვატურობად ვაფასებ. ასე როგორ შეიძლება?! _ ხან უნდათ პოლიტიკოსები, ხან არ უნდათ. ყველას, რატომღაც, უნდა, რომ თავად იყოს ლიდერი. არცერთი არაა მერაბ კოსტავა მანდ, რომ მის დაძახილზე შეიკრიბოს ყველა. მერაბ კოსტავობაზე კი ბევრს აქვს პრეტენზია. ასეთ მარაზმში ვართ და მგონია, კიდევ კარგა ხანს ვიქნებით ასე. არანაირი კოორდინაცია არ არის. ვიღაც გამოვა მერე ტელევიზიით და იტყვის, ჩემს თუთიყუშს ბუმბული დაუცვივდაო და ეს ხდება ხელისუფლების მთავარი მესიჯბოქსი ოპოზიციის წინააღმდეგ, _ აი, ესაა ოპოზიციაო. ასეთ დონეზეა დღეს ქართული პოლიტიკა და ამიტომ იგებს ხელისუფლება.

_ გამოსავალი?

_ გაერთიანება, _ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს. ილუზიების გარეშე მინდა გითხრათ, რომ გაერთიანების მიმართულებით არაფერი ხდება. ერთი სანტიმეტრითაც კი არ წაწეულა ეს თემა წინ. ამ ხალხს არ უნდა ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა. ასე გაერთიანება არ გამოვა.

_ ამ ნაბიჯს რატომ ვერ დგამენ? გაერთიანება არ სურთ, თუ ამბიციებს ვერ თმობენ?

_ გაერთიანება რომ ვერ შედგა, ამას მხოლოდ ერთ რომელიმე ფაქტორს ვერ დავაბრალებთ. არის მომენტი, როდესაც ხელისუფლება პირდაპირ იხდის თანხას, რომ ოპოზიცია არ გაერთიანდეს.

_ ვის უხდის ოპოზიციაში?

_ ამ ამბების მოწმე არ ვარ, მაგრამ კულუარულად დეტალებში ვიცი, რა და როგორ ხდება.

_ ამ კულუარულ დეტალებს არ გვეტყვით?

_ მოწმე არ ვარ, ვიცი მხოლოდ კულუარულად. რომ დავასახელო, უნდა დავამტკიცო. დამტკიცებით ვერ დავამტკიცებ, რადგან იქ არ ვყოფილვარ. აქედან გამომდინარე, დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ხელისუფლება იხდის, რათა ოპოზიცია არ გაერთიანდეს. ერთ მინიშნებას მოგცემთ: ვინც ყველაზე მეტს ყვირის გაერთიანებაზე ეთერებში და ქმედებებით საპირისპიროს აკეთებს, აი, ეგ კაცია ის.

_ ეგეთები ბევრნი არიან.

_ ეს გაირკვევა. მე ვერ დავამტკიცებ და ამიტომ არ ვასახელებ. თქვენ თავად დათვალეთ, რამდენი ასეთი პოლიტიკოსი გვყავს. ახლა გავაგრძელებ იმ მომენტების ჩამოთვლას, რატომ ვერ ერთიანდებიან: არიან პერსონები, რომლებსაც უნდათ, რომ ყველაფერი მათ ექვემდებარებოდეს, ყველაფერს ისინი აკონტროლებდნენ. ისინი თავს მოიაზრებენ პრემიერებად და ყოვლისმცოდნეებად. უნდათ, რომ ყველამ მათ დაკრულზე იცეკვოს. აი, ასეთი ამბებია. ასევე არის პარტიული ბუღალტერიაც. ეს იწვევს იმას, რომ ყველაფერი სასაცილო ხდება. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის და ყველაფერს აკეთებს. რაც მთავარია, ყველაფერი გაუდის.

_ ჯერჯერობით ყველაფერი გაუდის, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა, რომელიც შეიძლება შემოუტრიალდეს.

_ ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, მაგრამ მას აღარ აინტერესებს, დაუშვებს თუ არა შეცდომებს. ის ანგარიშს არავის აღარ აბარებს, მათ შორის, არც დასავლეთს. „ქართული ოცნება“ არავის ინტერესებს აღარ ითვალისწინებს _ აკეთებს იმას, რაც უნდა.

_ და როდემდე გააკეთებს იმას რაც უნდა?

_ კიდევ დიდხანს იქნება ასე. როცა ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია და საზოგადოებაა, რატომ არ უნდა გაუვიდეს „ქართულ ოცნებას“? გასდით და აკეთებენ. კიდევ ბევრს გააკეთებენ.

_ გინდათ თქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერაფერი შეაკავებს, მათ შორის, ვერც დასავლური სანქციები?

_ ყველაფერი არის საზოგადოებაზე დამოკიდებული და ის რაც ხდება, საზოგადოების პრობლემაა. დასავლეთმა რა უნდა გააკეთოს? ჯარები უნდა შემოიყვანოს? სანქციები დააწესა და მეტი რა გააკეთოს? დასავლეთი მართლა ყველაფერს აკეთებს და თან ხედავს, რომ ამ ფონზე იმის უნარი არ გამოიჩნეს ოპოზიციაში, რომ ყველა ერთად დამდგარიყო. ვერ გააკეთეს ასეთი ფორმულა: ყველა მინუს „ქართული ოცნება“. ერთ მაგიდასათანაც ვერ სხდებიან და დასავლეთიდან რა უნდა მიიღონ? მე მაქვს დასავლეთთან კონტაქტი და კარგად ვიცი მათი განწყობები.

_ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია?

_ უცნაური სიტუაციაა: უკრაინის ომით დაიღალა დასავლეთი და რა გასაკვირია, საქართველოთი დაღლილიყო?

_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, არ აქვს საქართველოს კარგი პერსპექტივა.

_ რეალობა ასეთია. ახლა ახალი შოუები იქნება: ნელ-ნელა გამოვლენ ციხიდან პოლიტიკოსები, რომლებსაც ან ისევ უკან შეაბრუნებენ, ან ქვეყნდან გააძევებენ. მერე მოყვება ამას ერთი ამბები. პოლიტიკოსები ერთმანეთს დაუწყებენ გინებას და ვიქნებით ასე. პოლიტიკურ შოუში გადავარდება საზოგადოება. გამოჩნდებიან ახალი ფეისბუქლომები, რომლებიც ყველაფერზე კომენტარებს გააკეთებენ. ამით მაგრად გაერთობა „ქართული ოცნება“.

_ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მისი მოთმინების ფიალა ძალიან დიდია, მაგრამ ოდესღაც ხომ შეიძლება, მისი მოთმინების ფიალაც აივსოს?

_ ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა აივსება და აფეთქდება საარჩევნო უბანთან, მაგრამ თუ ოპოზიციამ ამის ორგანიზება არ გააკეთა, არც საარჩევნო უბანთან აფეთქდება არაფერი.

_ არჩევნებამდე რაღაცამ რომ გამოიყვანოს გარეთ, ეს არ მოხდება?

_ მაგის არ მჯერა. ჯარიმებმა და დაპატიმრებებმა კარგად იმუშავა. კანონების გამკაცრებამ იქონია ხალხზე გავლენა. არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ უთქმელობაც არ გამოვა: არ შეიძლება ენერგიის უაზროდ ხარჯვა. პროტესტი უნდა იყოს ორგანიზებული, კოორდინებული და ის საარჩევნო უბანთან უნდა აფეთქდეს.

_ თქვენი აზრით, უწყვეტი პროტესტი ენერგიის უაზროდ ხარჯვაა?

_ უწყვეტი პროტესტი ძალიან კარგია, მაგრამ შედეგი რა არის? ესაა აქ მთავარი. ზოგს ეს უნდა, ზოგს _ ის... გლობალურად ეს კარგია, მაგრამ შედეგი არ მოაქვს პრაქტიკაში.

_ ზემოთ ვისაუბრეთ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და რამდენად დიდია იმის შანსი რომ რუსეთის გუბერნიის მაგვარი გავხდეთ?

_ გვაქვს დიდი შანსი, რომ გავხდეთ ბელარუსი. ფაქტობრივად, ვართ უკვე ბელარუსი.  პოლიტიკურად კი ვართ ბელარუსი, მაგრამ ეკონომიკურად _ არა. იქ ეკონომიკა ნორმალურად არის, რაღაცნაირად გვჯობია კიდევაც.

_ მოკლედ რომ შევაფასოთ, 2025 წელი ცუდი იყო, მაგრამ წინ უფრო ცუდი გველოდება?

_ ბევრად უარესი გველის. საზოგადოებამ ტყუილში არ უნდა იცხოვროს, ამიტომ მას უნდა ვუთხრათ სიმართლე. სიმართლე კი ისაა, რომ გველოდება უარესი!

გაზიარება