QronikaPlus
როგორ უნდა შევხვდეთ ცეცხლოვანი ცხენის წელიწადს და რას უნდა ველოდოთ 2026 წელს? - ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

როგორ უნდა შევხვდეთ ცეცხლოვანი ცხენის წელიწადს და რას უნდა ველოდოთ 2026 წელს? - ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

2025-12-26 10:39:20

თამარ სანაძე

 

მომავალი 2026 წელი, აღმოსავლური კალენდრით, ცეცხლოვანი ცხენის წელიწადია (60 წელიწადში ერთხელ) _ პერიოდი, რომელიც დინამიკას, ტრანსფორმაციას, მკვეთრ ცვლილებებსა და სწრაფ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

რას მოუტანს ეს წელი ჩვენს ქვეყანას, მსოფლიოს, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს და როგორ უნდა შვხვდეთ ცეცხლის ცხენის წელს სწორად, რომ 2026 იყოს წარმატებული წელიწადი? _ „ქრონიკა+“-ს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრება:

 

_ ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, დავიწყოთ საკითხით, რომელიც თითქმის ყველას აინტერესებს, რით იქნება გამორჩეული 2026 წელი?

_ 2026 წელი მსუბუქი და მშვიდი არ იქნება, რადგან ეს არის ცეცხლის სტიქიის, იან ენერგიის წელი. იანი არის აქტიური ენერგიის წელიწადი. როდესაც გვაქვს ასეთი ენერგია, იქ მზეც აქტიურია. სწორედ ამიტომ მოდის უზარმაზარი ენერგია. მოდის ველური ცხენი, მუსტანგი.

თუ თქვენ არ იცით ცეცხლოვანი ენერგიების კარგად მართვა, შეიძლება რომელიმე მოსახვევში ჩამოგაგდოთ ცხენმა. საჭიროა სწორი მოქმედება, რადგან მოდის დიდი ენერგია, რომელსაც უნდა ჭკვიანური დახვედრა. ეს ყველაფერი ადამიანმა შეიძლება გადაიყვანოს აგრესიაში, პროვოკაციებში, საქმეთა გარჩევებში და შეიძლება პირიქით, ეს ენერგია ადამიანმა გარდაქმნას აღმშენებლობაში, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში, სიყვარულში. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ ენერგიას.

რაც შეეხება ზოგადად სამყაროს, ომები გაგრძელდება, კონფლიქტები გაგრძელდება, შეიძლება ახალი კერებიც კი წარმოიქმნას, რადგან როდესაც ამგვარი ცეცხლოვანი ენერგიების დრო დგება, სიმშვიდეზე ვერავინ ილაპარაკებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი წელიწადი იქნება. ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ მის ამ უზარმაზარ ენერგიას.

2026 წელს მოაქვს სიახლეები, რომლებიც რეფორმების სახით შეიძლება შემოვიდეს, თან მოულოდნელად. შეიძლება იყოს ძალიან დიდი მოულოდნელობები საინფორმაციო სფეროებში, შეიძლება ზოგი მასმედია დაიხუროს, ზოგი გაიხსნას, ზოგში კი დიდი რეფორმები და ცვლილებები განხორციელდეს მოულოდნელად. ცვლილებები იქნება პოლიტიკის, იდეოლოგიის, სპორტის, საგარეო საქმეთა, ასევე დიპლომატიაში იქნება რადიკალური ცვლილებები, ტურიზმში, პედაგოგიურ სფეროში, რელიგიურ საკითხებში მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, შეიძლება ძველი კადრები საერთოდ წავიდნენ და ახლები მოვიდნენ, რამდენად კარგი იქნება ახალი კადრები, ეს კიდევ ცალკე თემაა. შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ქვეყნების საზღვრები, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ. 2030 წლამდე იქნება სერიოზული ტრანსფორმაციების პერიოდი, რომელიც დაიწყო შარშან.

2030-ში ისეთ რადიკალურ ცვლილებებს მივიღებთ, რომ ამ წელს შეიძლება საერთოდ შეცვლილი მსოფლიო მივიღოთ. ახალი ტექნოლოგიები წამოვა, შეიძლება ახალი ფული შეიქმნას,  ახალი ფინანსური საწყსები და დიდი ძვრები იქნება მათ შორის არა მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ ფინანსურ, ეკონომიკურ სფეროებში, რასაც ახლა ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი. ინფორმაციული ველი იქნება არნახულად დატვირთული. შეიძლება ფეიკების ალბათობა ძალიან მაღალი იყოს, მთავარია ვინ რამდენად შეძლებს მოვლენების სწორად აღქმას,  პროვოკაციებზე არაყოლას და ა. შ. ამიტომ მომავალ 2026 წელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მშვიდს.

ძალიან გართულებული იქნება უცხოეთთან კონტაქტი, ყოველ შემთხევაში, 14 სექტემბრამდე მაინც. ჩვენს ქვეყანას მართებს მაქსიმალური სიფრთხილე ევროპულ ქვეყნებთან 14-15 სექტემბრამდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ გვექნება წარმატებები, მაგრამ მათი მხრიდან კრიტიკული ელემენტები საქართველოს მთავრობის მიმართ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამძაფრდეს.

სამაგიეროდ, ეს წელიწადი ძალიან კარგია საოჯახო ურთიერთობებისთვის, საოჯახო კონტაქტებისთვის, სასიყვარულო-პარტნიორული, შვილებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის. წლის მეორე ნახევარში განვითარდება გასართობი ინდუსტრია, კაზინო, რესტორნები. გასართობი სფეროები წლის მეორე ნახევარში სერიოზულად აყვავდება.

_ ბატონო მიხეილ, მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოდგომის დადგომიდან ელოდება საახალწლო სუფრას. გვაინტერესებს მისი ატრიბუტიკა, ფერები, წესები, სურვილების ჩაფიქრება და ა. შ. როგორ უნდა შევხვდეთ 31 დეკემბერს, რომ წელი იღბლიანი და წარმატებული იყოს?

_ შემოდის ცეცხლის სტიქია, ამიტომ წითელი ფერი დომინირებს. თუმცა აქ სხვა ამბავია, რადგან წითელი ფერი ეს არის დიდი ენერგიის მატარებელი ფერი, რომელიც შეიძლება ადვილად გადავიდეს აგრესიაში მათ შორის, 31-ში. ჩემი რეკომენდაცია ასეთია, რომ წითელი უნდა იყოს პრევალირებადი, როგორც წარმატებისა და მომავალი წლის მასპინძლის ფერი, მაგრამ იგი უნდა განვაზავოთ სხვადასხვა ფერით. რატომ? _ იმიტომ, რომ თუ ბევრი იქნება წითელი, ეს ფერი გარკვეულ ენერგოველს შეიცავს, რამაც შეიძლება აგრესიულობა, ზედმეტი ამბიცია გააძლიეროს და ამ ყველაფერმა ახალი წლის ღამეს კონფლიქტებიც შეიძლბა შექმნას. კი ბატონო, იყოს წითელი ძირითადი ფერი, მაგრამ აუცილებლად შიგადაშიგ შევიტანოთ ლურჯი, ცისფერი, ყვითელი და ოქროსფერი ტონალობა, მწვანე, ვერცხლისფერიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაც შეეხება შავსა და თეთრს, ეს ტონებია და შეგვიძლია სურვილის მიხედვით გამოვიყენოთ.

რაც შეეხება საკვებს: რაც თქვენ გსურთ, ყველაფრის მომზადება შეგიძლიათ. მთავარია, სუფრაზე არ იყოს ცხენის ხორცი და არაყი. ეს ორი რამ არ არის სასურველი. ტკბილეული, კი ბატონო, რაც გსურთ, კარგია იყოს მამაპაპური საკვები, ეგზოტიკური საკვები, ეს ყველაფერი მისაღებია, არანაირი პრობლემა არ აქვს ცხენს. ძალიან კარგი იქნება სანთელთან მუშაობა იმიტომ, რომ მოდის ცეცხლის სტიქია.

ახალი წლის დაწყებამდე აანთეთ სანთელი. თუ ეს იქნება წითელი ფერის, ძალიან კარგი, თუ არადა, იყოს ყვთელი და გადაუხადეთ მადლობა წინა წელიწადს. როდესაც მიულოცავთ ერთმანეთს ახალი წლის დაწყებას, შემდგომ ამ სანთელს ჩაუთქვით ერთი სურვილი. 2026 _ ამ ციფრების ჯამი გვაძლევს 10-ს. რიცხვი 10 არის ერთისა და ნულის  შემადგენელი, საბოლოოდ კი ნული არაფერი არ არის და მთავარი ციფრი არის ერთი. ამიტომ უნდა იყოს ერთი ცალი სანთელი და ჩაუთქვით ის, რაც ძალიან გინდათ, რომ მოხდეს მომავალ წელს თქვენს ცხოვრებაში, ოღონდ სანთელზე ჩაფიქრებული სურვილი არ უნდა იყოს ფინანსებთან დაკავშირებული. ფინანსური რიტუალი ცალკეა.

31 დეკემბერს მაგიდაზე უნდა გვქონდეს ორი ფიგურა. ერთი ცხენის, მეორე კი გველის, გველის წელი გრძელდება 17 თებერვლამდე და ნუ გავაბრაზებთ მას. ორივე ფიგურა გვქონდეს. გველს წინ დაუდეთ მცირე რაოდენობით ყველი, ცხენს _ შაქრის პატარა ნაჭერი. ამით პატივს მივაგებთ მათ. კიდევ ერთი მთავარი ატრიბუტი _ ეს არის ერთლარიანი მონეტა, რომელსაც შეგვიძლია ჩავუთქვათ ერთი ფინანსური სურვილი მომავალი წლისთვის. დილამდე გექნებათ ლარიანი მაგიდაზე, დილით აიღებთ და ჩაიდებთ საფულეში და ეს ლარიანი მთელი წელი უნდა ატაროთ, რათა მან მოიზიდოს ფული.

რაც შეეხება სურვილს, იგი შეგიძლიათ გაუშვათ გონებრივად, ჩაიფიქროთ, ჩაუთქვათ, მაგრამ თუ გიჭირთ სურვილის ასე ჩამოყალიბება, შეგიძლიათ დაწეროთ, რომელსაც დილით აიღებთ და დადებთ იმ ადგილზე, სადაც სხვები ვერ შეამჩნევენ და ვერ წაიკითხავენ. მნიშვნელოვანია, რომ დაწერილ სურვილს წლის განმავლობაში დროდადრო გადახედოთ. ვისაც წელს სურვილი დაწერილი გქონდათ, ახალი წლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე  ძველი სურვილი დაწვით, ახალი სურვილი კი დროდადრო გადაიკითხეთ, რომ მოხდეს ენერგიის აკუმულირება და ეს სურვილი ადვილად ასრულდება. თუ ყველაფერს ვერ შევასრულებთ 31-ში, შეგვიძლია შევასრულოთ 17 თებერვალს, როცა ნამდვილად შემოვა ცეცხლის სტიქიის ცხენის წელი, ჩვენ ახლა ახალი წლის ღამეს ამას წინსწრებით ვაკეთებთ.

კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს ახალი წლის ღამეს, ეს არის ნალი. ნალი ოდითგანვე გამოიყენებოდა, ხალხმა იცოდა, რომ ეს არის საუკეთესო დამცავი ავი თვალისგან, ეს არის გამოჯანმრთელების სიმბოლო, ოჯახური ბარაქისა და სიუხვის სიმბოლო, ოღონდ აქ საჭიროა ყურადღება: მრგვალი ნაწილი, რომელიც აქვს ნალს, თუ ეს ნაწილი იქნება ქვემოთ, მაშინ შემოდის ბარაქა, ფინანსური სიუხვე, თუ მრგვალი ნაწილი იქნება ზედა მხარეს, ეს გვაძლევს შინაგან სტაბილურობას. თუ ორივე გვინდა, მაშინ ორი ნალი უნდა გვქონდეს ერთი ისე დავდოთ ან ჩამოვკიდოთ, რომ ქვემოთ იყოს მრგვალი ნაწილი, მეორე კი ისე, რომ ზედა მხარეს იყოს და ეს ძალიან კარგად იმუშავებს წლის განმავლობაში.

გავიმეორებ: კარგი იქნება, ნალი თუ გვექნება, ის ხელს უწყობს ფინანსების გაზრდას, ავი თვალისგან დაცვას და უზრუნველყოფს ოჯახურ სტაბილურობას.

_ სად შევძლებთ ნალის შეძენას? აქამდე არსად შემხვედრია...

_ ნალი იყიდება ფენშუის მაღაზიებში, ბაზრობებზეც, ხელოვნური ნალიც შეიძება იყიდოთ, არ არის აუცილებელი, იპოდრომზე წახვიდეთ ნალის შესაძენად.

_ ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2026 წელს ყველაზე მეტად?

_ 2026 წელს ჰყავს ორი აშკარა ფავორიტი და მესამე ნახევრად ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი. მომავალი წლის ფავორიტი ნიშნებია ლომი და კირჩხიბი.

კირჩხიბს განსაკუთრებით ეფექტიანი აქვს პირველი ნახევარი, თუმცა წლის მეორე ნახევარსაც არაფერი უშავს, მათ შორის, ფინანსური კუთხით. კირჩხიბს თითქმის ივლისის ბოლომდე აქვს ძალიან კარგი პერიდი, ივლისის ბოლოდან შეიძლება ისეთი შედეგიანი არ იყოს, სამაგიეროდ ფინანსური კუთხით ძალიან ბევრი დივიდენდი მოსდის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კირჩხიბებისთვის.

მეორე ფავორიტი ლომია, რომელსაც წლის პირველ ნახევარში მოუწევს ენაზე კბილის დაჭერა და საიდუმლოებების დაცვა. ლომებისთვის რწმენის ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ტრანსფორმაცია მოხდება ამ კუთხით. სამაგიეროდ, ივლისის  მეორე ნახევრიდან გამარჯვების პლანეტა იუპიტერი გადავა ლომის ზოდიაქოში ერთი წლით და მას უკვე დაეწყება ძალიან სერიოზული ცხოვრებისეული წარმატებები.

მართალია, ამ დონის ფავორიტი არა, მაგრამ 2026-ის წარმატებული ნიშანი ქალწულია, რომელშიც გადადის თეთრი მთვარე, იგი ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. თუკი ვინმეს აქვს ჯამრთელობის პრობლემები, გაცილებით მარტივად მოუგვარდება. აი, ეს სამი ნიშანია მომავალი წლის ფავორიტი.

ერთადერთი, ვისაც განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და სიფრთხილე სჭირდება, ესაა მშვილდოსანი. მშვილდოსნებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ 14 სექტემბრამდე, რადგან შავი მთვარე გადის სწორედ მშვილდოსნის ზოდიაქოს და ამიტომ მოიმატებს იმპულსურობა, ცდუნებება. კონფლიქტების, ჭორების, ინტრიგების ტენდენცია ამ ნიშანს სწორედ ამ პერიოდში აქვს ძალიან მაღალი. 14 სექტემბრის შემდეგ უმჯობესდება სიტუაცია, მაგრამ ამავე დროს შავი მთვარე გადავა თხის რქის ზოდიაქოში და უკვე თხის რქას მართებს მეტი სიფრთხილე და წინდახედულება.

_ დაბოლოს, როგორი იქნება მომავალი წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

_ ვერძი _ ვერძებისთვის წლის პირველი ნახევარი კარგია საოჯახო-სანათესავო ურთიერთობებისთვის, სამუშაოებში წარმატებების ფაქტორი მაღალია. მეორე ნახევარში კი წარმატებები ექნება სასიყვარულო ურთიერთბებში, თავგადასავლებსა და შვილებთან. ვერძები ფრთხილად უნდა იყვნენ უცხოეთთან ურთიერთბების კუთხით.

კურო _ ამ ნიშნისთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგია მრავალფეროვანი კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის. მისაღები და წარმატებული იქნება მოგზაურობები. მეორე ნახევარი საოჯახო ურთიერთობების პერიოდში იქნებიან წარმატებულები. კურო წლის მერე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოს პარტნიორულ კონტაქტებთან და აკონტროლოს ფულის საკითხი პარტნიორების მიმართ.

ტყუპებს ფინანსური კუთხით ძალიან კარგი დრო ექნებათ, შემოსავლების, ინვესტიციების, კაპიტალდაბანდებების ტენდენციები წარმატებული ექნებათ. მეორე ნახევარი კი კარგია ახალი მეგობრების გასაცნობად, მოგზაურობებისთვის, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს სასამართლო პროცესებთან. უმჯობესია, მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოავლინოს პარტნიორებთან, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში.

კირჩხიბზე უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ მთავარი ფავორიტია წლის. გაფრთხილება არის ის, რომ ცოტა მეტი ყურადღება დაუთმოს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ზონას.

ლომზეც ვისაუბრეთ და მეტად წარმატებული და ეფექტიანი აქვს წლის მეორე ნახევარი, მაგრამ ცოტა მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოავლინოს შვილებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში. მთავარი რჩევაა: ნუ იქნებიან ზედმეტად ეგოისტები და ამბიციურები.

ქალწულისთვის ძალიან კარგია პირველი ნახევარი სიახლეების, რეფორმებისა და მეგობრული ურთიერთობებისთვის. მეორე ნახევარი კი შეიცავს დიდ ტრანსფორმაციას მის რწმენაში. ქალწულში გაიზრდება დაინტერესება კოსმიურ და რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ქალწული წლის განმალობაში ყურადღებით უნდა იყოს ნათესავებთან და აჯობებს, მემკვიდრული საკითხები ამ პერიოდში არ გადაწყვიტოს.

სასწორს 2026 წლის პირველი ნახევარი კარგი აქვს კარიერული განვითარებისთვის. მეორე ნახევარი კი იქნება სიახლეების, რეფორმების, ახალი შესაძლებლობებისა და მეგობრული კონტაქტების დრო. გაფრთხილება სასწორების მიმართ არის ის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც მიიღებს, გადაამოწმოს.

მორიელს წლის პირველი ნახევარი კარგი აქვს უცხოეთთან კონტაქტების კუთხით, მეორე ნახევარი კი წარმატებულია პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის, ოღონდ მორიელები ყურადღებით უნდა იყვნენ მთელი წლის განმალობაში ფულის ხარჯვასთან.

მშვილდოსანს ვიცით, რომ ცოტა რთული აქვს 14 სექტემბრამდე პერიოდი. მერე გაცილებით უკეთესი პერიოდი უდგება. თუ კი ვთქვათ უცხოეთთან კონტაქტი 14 სექტემბრამდე არ არის კარგი, მერე კი ბატონო, უკეთესი პერიოდი ეწყება.

თხის რქისთვის წლის პირველი ნახევარი შემოქმედებითი, პარტნიორული თანამშრომლობისთვის კარგია, მეორე ნახევარში ენას კბილი უნდა დააჭიროს. ჭორებისა და ინტრიგების კუთხით უნდა იყოს ყურადღებით.

მერწყული მეტად დალაგდება წლის პირველ ნახევარში, ყველა მიმართულებით დაალაგებს ურთიერთობებს. მეორე ნახევარი კი შემოქმედებითი კუთხით არის ძალიან კარგი. ასევე წლის მეორე ნახევარში მერწყულებისთვის წარმატებული იქნება ქორწინება, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს რეფორმებთან. ასჯერ გაზომოს და ერთხელ გაჭრას. ამ პრინციპით უნდა იმოქმედოს რეფორმების მიმართ.

თევზებისთვის კარგია წლის პირველი ნახევარი სასიყვარულო კონტაქტებისთვის, ოჯახთან, შვილეთან ურთიერთობებისთვის. მეორე ნახევარში მოაწესრიგებს თავის საქმეებს, ურთიერთიერთობებს, მაგრამ წლის მეორე ნახევარში მეტი თავაზიანობა, დიპლომატია და სიმშვიდე მართებს სამსახურში ხელმძღვანელებთან მიმართებით.

გაზიარება