QronikaPlus
გიგა ლემონჯავა - ივანიშვილს ძალიან აწუხებს ლეგიტიმაციის საკითხი

გიგა ლემონჯავა - ივანიშვილს ძალიან აწუხებს ლეგიტიმაციის საკითხი

2025-12-26 10:31:11

თამუნა მჭედლიშვილი

 

2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და, შესაბამისად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა... მაგრამ მოვლენები ელვისებურად შეიცვალა და 2024 წელს „ოცნების“ მთავრობამ მოლაპარაკებები ევროკავშირთან შეაჩერა.

 

2025 წელი თითქმის მიიწურა. როგორია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მოცემულობა და რა მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდება 2026 წელს? რა შეიცვალა ერთი წლის მანძილზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში? როგორ აფასებენ ევროკავშირში საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლას? ვალდებულია თუ არა „ქართული ოცნება“, გამოიძიოს დანაშაულებები, რომლებიც ჩადენილია ქართველი ხალხის წინააღმდეგ? სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, 150-მდე პოლიტპატიმარისა და 390-დღიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე, ექნება თუ არა საქართველოს ახლო მომავალში „მეგობარი აქტი“ და შეუჩერებს თუ არა ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას საქართველოს?

 

მიმართვა, რომელიც მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის:

„რასაც საქართველოში ვხედავთ, კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა, თავისი სახელი უნდა დავარქვათ ამას. რა ხდება რეჟიმში, როდესაც ვკარგავთ დემოკრატიულ ძალებს და ძალაუფლებაში პრორუსული ძალები მოდის? რა ხდება, როდესაც ჟურნალისტებს აპატიმრებენ. მზიას (ამაღლობელი) ოჯახსა და მეგობრებს ვესაუბრე და ერთი რამ არის უფრო ცხადი, ვიდრე ოდესმე _ ისინი არასდროს დანებდებიან. ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოდის და ყვირის, მათ ვერ გააჩუმებ. ჩვენ აქ უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ, როგორც არაფერი, მაგრამ ეს ხალხი იმ რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ ნებდებიან. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკავშირს, პასუხისმგებლობა გვაქვს იგივე სიმამაცე გამოვიჩინოთ ამ მამაცი ხალხის მიმართ და ნამდვილად წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ხალხის რეპრესირებას ახდენს. აქ ვდგავარ, რათა ქართველ ხალხს ვუთხრა: თქვენთან ვართ მანამ, სანამ ევროკავშირის ნაწილი არ იქნებით“, _ ლენა შილინგი.

 

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა:

 

_ ბატონო გიგა, როგორ შეაფასებთ საქართველო-ევროკავშირის ბოლო ერთწლიან ურთიერთობას და საინტერესოა,  როგორია საერთაშორისო შეფასებები საქართველოში მიმდინარე დრამატული პროცესების მიმართ?

_ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლეთშიც, შეერთებულ შტატებშიც, ბრიტანეთშიც და ევროკავშირშიც ჩამოყალიბდა ძალიან მკაფიო პოლიტიკა. რაც მნიშვნელოვანია, ეს არ არის ერთეული გადაწყვეტილებები, სტრატეგიული ხედვა, რაც დასავლეთს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე უფრო მკაფიოდ არის ფორმულირებული კაია კალასის უკანასკნელ განცხადებაში იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ უჭერს საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას“. რაც არის სტრატეგიული ხაზი აშშ-ში,  ბრიტანეთსა და ევროკავშირშიც. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან ამ სტრატეგიული ხედვისა და, ზოგადად, პოლიტიკის შემუშავებას საქართველოსთან მიმართებით დიდი დრო დასჭირდა. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკის შემუშავებაში გარკვეულ როლს თამაშობს თავად „ქართული ოცნებაც“, რადგან მუდმივად აუარესებს დემოკრატიის თვალსაზრისით ვითარებას ქვეყანაში. იღებს ე. წ. კანონებს, რომლებიც უპრეცედენტოა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, კიდევ ბევრი სხვა ქვეყნისთვის ჩვენს რეგიონში, რაც ემსახურება გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას და რაც მთავარია, „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, რომელიც უკვე დადასტურებულად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, აწამებს სისტემურად საკუთარ მოქალაქეებს და შემდეგ არ იძიებს ამ წამების ფაქტებს! ეს პოლიტიკური შეფასება აღარ არის, ეს არის ძალიან მკაფიო,  იურიდიული ფაქტი, სტარსბურგის სასამართლოს უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით.

ამას დაემატა უკვე ბოლო პერიოდში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო ბოროტება ჩვენი რეგიონისთვის. ეს შეიძლება მომხდარიყო ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ არასოდეს არ მომხდარა მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ დასავლეთის პოზიციაც ივანიშვილთან და მის რეჟიმთან დაკავშირებით არის შესაბამისი.

ქიმიური იარაღის სკანდალის შემდეგ ივანიშვილი არათუ იმას შეძლებს, რომ გადატვირთოს ურთიერთობები საკუთარი პირობებით, რადგან ივანიშვილის სტრატეგია ეს არის, რომ დასავლეთთან დალაგდეს _ ოღონდ საკუთარი პირობებით. არათუ ამისი შანსი აღარ არსებობს, არამედ მის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები აუცილებლად გამკაცრდება და აუცილებლად იქნება საერთაშორისო მაღალპროფესიული, მიუკერძოებული გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალეული პირები ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე!

_ თავიდან „ოცნება“ იქადნებოდა, რომ პასუხს აგებინებდნენ BBჩ-ის. რატომ გააჩერეს ეს პროცესი?! რატომ აღარ უჩივიან, რათა სასამართლომ დაადგინოს სიმართლე? ხომ არ ეშინიათ?

_ გამოძიებას რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ, რომ სუს-ს ათქმევინა ივანიშვილმა, რომ თითქოს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტი გამოიძია ოთხ დღეში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ დედამიწაზე არ არსებობს ყველაზე უფრო ძლიერი საგამოძიებო სისტემაც კი, მაგალითად, ამერიკული ან ბრიტანული, რომელიც ოთხ დღეში გამოიძიებდა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს. ასეთი სიმძლავრის საგამოძიებო სისტემა არ არსებობს  და, მით უმეტეს, ივანიშვილის რეჟიმს, რომელმაც არ გამოიძია არც ერთი დანაშაული, რომელიც, მაგალითად, ნოემბერ-დეკემბრის დღეებში მოხდა.... ეს უბრალოდ პოლიტიკური შეფასება კი არ არის, ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით დადასტურებული ფაქტი, რომ საქართველოში რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ იყენებს სისტემურ წამებას და შემდეგ არ იძიებს ამ წამების ფაქტებს იმიტომ, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა როგორც შინაარსობრივ, ასევე პროცედურულ ნაწილში. რაც ნიშნავს, რომ არსებობს ფაქტი ადამიანური სისტემური წამებისა და ეს ფაქტები არ გამოიძიეს. ეს არის იურიდიული შეფასება უკვე, და არა პოლიტიკური ამ ვითარებისა. ამ ფონზე, არავინ, რა თქმა უნდა, ივანიშვილს არ დაუჯერებს, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება მან ოთხ დღეში გამოიძია.

_ რაც შეეხება BBC-ის ფილმს... „ქართული ოცნება“ ხომ ვალდებულია გამოიძიოს ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია, დოკუმენტირებულია და  დადასტურებულია?..

_ ივანიშვილის რეჟიმმა ვერ შეძლო გზავნილის დალაგება ამ BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ ფილმს... BBC-ის საგამოძიებო ფილმი არ არის უბრალოდ ჟურნალისტური პროდუქტი. ეს არის იურიდიული შინაარსისა და ძალის მქონე გამოძიება, რომელიც მოიცავს მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის, _ მამხილებლების ჩვენებებს, ექსპერტული გამოცდილების მქონე ადამიანების პოზიციებსა და კლინიკური კვლევის შედეგებს... რაც ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტით აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გამოიყენა აკრძალული ქიმიური ნივთიერება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ ფონზე, როდესაც ამ ტიპის ძლიერი მტკიცებულებების ერთობლიობა არსებობს,  ივანიშვილს ვინმემ უნდა დაუჯეროს რომ ოთხ დღეში გამოიძია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება, რასაც არავინ დაიჯერებს.  საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცხადია, რომ არავითარი ნება იმისა, რომ ეს ფაქტები იყოს გამოძიებული, არ არსებობს. ამიტომაც დგას დღის წესრიგში საერთაშორისო გამოძიების საკითხი.

_ მივა პროცესი ჰააგის სასამართლომდე, როგორ ფიქრობთ?

_ ამ ეტაპზე ჩემგან იქნება მანიპულაცია, რომ ვთქვა, საბოლოო ჯამში რა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი იქნება გამოყენებული, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ამუშავებს ათამდე საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმს და უახლოეს პერიოდში მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გამოძიების დაწყების შესაებ ყველა შესაძლო მიმართულებით, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებზე დაფუძნებით და ამის შესახებ საზოგადოებასაც ჩავაყენებთ საქმის კურსში.

_ „ქართული ოცნება“ სხვა მეგობარ ქვეყნებთან აქტიურად ეძებს მოკავშირეებს... აქვს თუ არა შანსი გამოისწოროს საერთაშორისო შეფასების ნიშანი ლობისტების მეშვეობით?.. ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებები მიუთითებს თუ არა იმ ფაქტზე, რომ ისინი ახერხებენ ევროპულ სტრუქტურებში მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლების ზრდას?

_ ივანიშვილს ძალიან აწუხებს ლეგიტიმაციის საკითხი. ბიძინას არ აქვს რესურსი, რომ საბოლოოდ დაამყაროს დიქტატურა ამ ქვეყანაში. ამას სჭირდება როგორც სახალხო, ისე საერთაშორისო ლეგიტიმაცია. სახალხო ლეგიტიმაციის მოპოვების შანსი მას აქვს ნული, რადგან საზოგადოებამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც ივანიშვილმა ძალადობრივი რეჟიმით შეცვალა. ასევე საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და, ზოგადად, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, რის  წინააღმდეგაც მოქმედებს ივანიშვილი, ამიტომ დემოკრატიული სახალხო ლეგიტიმაციის მიღების შანსი მას არ გააჩნია.

_ რას აკეთებს ივანიშვილი? რა თამაშს თამაშობს დასავლეთთან?

_ ის ცდილობს, დასავლეთი შანტაჟის გზით წამოიყვანოს დიალოგზე, დაათმობინოს ქართველი ხალხის პოზიციები დასავლეთს საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ, და რა თქმა უნდა, კრემლის ინტერესების სანაცვლოდაც. ამისთვის ივანიშვილი ხარჯავს დიდ რესურსს, ოღონდ ეს არის შეუძლებელი, შეუსრულებელი ამოცანა... _ დასავლეთში ამ წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მკაფიო ხედვა, პოლიტიკა, სტრატეგია საქართველოსთან მიმართებით და ის გულისხმობს რომ დასავლეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მხარს არ უჭერს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ამიტომ იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, საჭიროა ორი რამ. პირველი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლითაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს და, მეორე: პოლიტიკური ტყვეების უპირობო განთავისუფლება საპყრობილეებიდან. ამ ორი პირობის შესრულების გარეშე იმის შანსი ივანიშვლს, რომ დასავლეთთან დაალაგოს ურთიერთობები, აქვს ნული.

_ რაღაც ივანიშვილის ლეგიტიმაციის თემა უსასრულობაში ხომ არ გადაიზარდა?.. გამოივაჭრებს პოლიტმატიმრებით ივანიშვილი ლეგიტიმაციას? ელენე ხოშტარიას წერილი ხომ ცალსახად ყველა პოლიტიკური პატიმრის პოზიციას გამოხატავს: ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევისა და ბრძოლის დროა! _ როგორი იქნება ეს ბრძოლა?

_ 1. ივანიშვილს უნდა, რომ ტყვეებით ივაჭროს. ეს არ გაუკეთებია 2020 წელს მცირე მასშტაბში, მაგრამ ეს გააკეთა და რამდენიმე დღის წინ იგივე გააკეთა ბელარუსმა დიქტატორმა ლუკაშენკომ, რომელმაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბაბარეკა და კიდევ 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი გამოუშვა ციხიდან იმის სანაცვლოდ, რომ ბელარუსულ კომპანიებს მოეხსნა საერთაშორისო სანქციების ნაწილი. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ელენე ხოშტარიას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში ტყვეებით ვაჭრობა არ იქნება. საქართველოში გვყავს 150-მდე პოლიტიკური ტყვე, ვერცერთი მათგანის გატეხა რეჟიმმა ვერ შეძლო, ვერცერთი ვერ ათანამშრომლა და ვერცერთი გატეხა რეჟიმმა. განაცხადი იმის შესახებ, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება, პირველ რიგში მიემართება ივანიშვილს _ არ გქონდეს არცერთი წუთით იმის იმედი, რომ პოლიტიკური, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების თავისუფლების ხარჯზე ის შეძლებს, რომ საკუთარი თავი გაილეგიტიმუროს, ეს გამორიცხულია! და ელენეს ამ პოსტის შინაარსი სწორედ ამ ამბავს გულისხმობს.

რაც შეეხება იმას, როგორი იქნება ბრძოლა. ივანიშვილის წინააღმდეგ ქართველი ხალხის გამარჯვება ეფუძნება სამ ძირითად სვეტს: ერთი ეს არის საერთო- სახალხო წინააღმდეგობა და პროტესტის გაძლიერება ქუჩაში. პროტესტი უნდა იყოს ძალიან მძლავრი. მეორე: ეს არის საერთაშორისო წნეხის გაზრდა რეჟიმის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციებით, საერთაშორისო გამოძიებით და ა. შ. მესამე: რეჟიმთან ართანამშრომლობა და მისი არაღიარება. აი, ეს არის სამი სტრატეგიული მიმართულება, რომლის წარმატებაზეა დამოკიდებული ჩვენი, ქართველი ხალხის რეჟიმზე გამარჯვება _ პროტესტი, წინააღმდეგობა, საერთაშორისო წნეხი და რეჟიმის არაღიარება! ამ სამ მიმართულებაში ხალხი და პოლიტიკური სპექტრი ჯერჯერობით არის მწყობრი.

მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმის  არაღიარება და მასთან ართანამშრომლობა ბევრ ჩვენგანს უჯდება პირადი თავისუფლების ფასი, მაინც ეს ხაზი ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ზურას პოზიციაც არის ეს და ზოგადად „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიჩნევს, რომ ამ სამი მიმართულებით სვლა მოიტანს შედეგს. ჩვენ არ ვიცით, ეს შედეგი იქნება ხვალ, ზეგ თუ მაზეგ, ზუსტი დროის დათვლა და დაანგარიშება შეუძლებელია, მაგრამ ის, რისი პასუხისმგებლობაც პოლიტიკურ კლასს აქვს, არის შემდეგი, რომ ადამიანებს უთხრას, რა გზით უნდა ვიაროთ გამარჯვებამდე და გამარჯვებამდე გზა ამ სამ მიმართულებაზე გადის.

_ როგორ ფიქრობთ, ვიზალიბერალიზიის საკითხის შეჩერება საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც შეეხებათ თუ იქნება გრძელი სიები და ახალი სანქციები?

_ ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი, მაგრამ... უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხება რამდენიმე ათას ადამიანს. თუ შეეხება მთლიანად ქვეყანას, ამის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული პროცესი, თუმცა ზუსტად ვიცით ის, რომ პასუხისმგებლობის ნაწილში არის ის, რომ რა სცენარიც არ უნდა განვითარდეს, ნებისმიერი პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.   ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია, არის აბსოლუტურად შეუსაბამო უვიზო მიმოსვლის პირობებთან. უვიზო მიმოსვლა არის განსაკუთრებული პრივილეგია ქვეყნებისთვის, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის სტანდარტებთან ქვეყნის თავსებადობას, ყველა ძირითადი მიმართულებით საქართველოს აქვს ისტორიული უკან დახევა. ასე უკან საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპულ გზაზე, როგორც დღეს. ამიტომ ეს არის მხოლოდ ივანიშვილისა და ამ კრიმინალური რეჟიმის ბრალი, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, პირადად ივანიშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი.

_ „მეგობარი აქტი“, _ როგორი იქნება მომავალი 2026 წელი საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგების კუთხით, როგორია თქვენი  პროგნოზი?

_ ვფიქრობ, რომ „მეგობარ აქტს“ აუცილებლად მიიღებენ და ის აუცილებლად გახდება კანონი. როგორც იცით, კონგრესის ქვედა პალატაში ეს აქტი უკვე მიღებულია, ახლა აქტი განიხილება სენატში, ანუ ზედა პალატაში  და ამის შემდეგ პრეზიდენტი აწერს ხელს. დარწმუნებული ვარ, 2026 წლის დასაწყისში შეერთებულ შტატებში „მეგობარ აქტს“ მიიღებენ. „მეგობარი აქტის“ იდეა გულისხმობს ამ საერთაშორისო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებთ, რომ ამერიკა მხარს უჭერს ხალხს და მხარს არ უჭერს ე. წ. ხელისუფლებას. ეს არის „მეგობარი აქტის“ შინაარსი,  რომელიც ასევე მოიცავს საკმაოდ მძიმე სანქციებს, როგორც პირადად ივანიშვილის, ასევე რეჟიმის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგაც.

ჩემი აზრით, ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, რომ 2026 წლის პირველ ტრიმესტრში ეს აქტი, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, იქნება მიღებული. 

_ როგორია თქვენი საახალწლო სურვილები ჩვენი გაზეთის მკითხველებისა და სრულიად საქართველოს მიმართ?

_ „ქრონიკა+“-ის მკითხველსა და, ზოგადად, საქართველოს, ვუსურვებ თავისუფლებას 2026 წელს! განსაკუთრებით თავისუფლებას ვუსურვებ პოლიტიკურ პატიმრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულის გამო სხედან ციხეში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისა და კონსტიტუციის დაცვის გამო სხედან ციხეში. მათ და მათ ოჯახებს ვუსურვებ თავისუფლებას, ზოგადად საქართველოს კი 2026 წელს _ თავისუფლებას!

გაზიარება