პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
2025-07-31 11:37:00
ირინა მაკარიძე
დასავლელი პარტნიორების შეფასებით, საქართველო ახლა იმყოფება კრიტიკულ გზაგასაყარზე _ ერთი მხრივ, ივანიშვილის მმართველობა ქვეყანას იზოლაციისკენ და რუსულ ჭაობში ჩასახჩობად მიაქანებს, მეორე მხრივ კი პატრიოტული ძალები ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად იბრძვიან.
„ქართული ოცნების“ რეპრესიებისა და „პრევენციული დაკავებების“ (როგორც ამას „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე უწოდებს) შესახებ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მის მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანი ქავთარაძე:
_ ჩვენი ქვეყანა მრავალი ათეული წელი იბრძოდა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის, მაგრამ ახლა მართლაც გარდამტეხ და კულმინაციურ ეტაპზე ვართ. ან ჩვენი ქვეყანა დაიმკვიდრებს დამსახურებულ, ღირსეულ ადგილს სხვა ქვეყნებთან ერთად, ან წავალთ სრული იზოლაციის გზაზე, რისი მცდელობაც აქვს დღევანდელ ე. წ. ხელისუფლებას.
_ მხოლოდ იზოლაცია, თუ დიქტატურის საფრთხეც გვემუქრება?
_ ამ მეორე, ცუდი სცენარის ნაწილია სწორედ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერების დაკავება, თუ სამოქალაქო აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების. არა მხოლოდ დაკავება, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეების მანძილზე ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვართ ტერორის ქვეშ, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. თუკი გავიხსენებთ იმ მუქარებისა და შეურაცხყოფების შემცველ სატელეფონო ზარებს, რომელიც ასეულობით მოქალაქესთან განხორციელდა, შემდეგ იგი გაგრძელდა პროტესტში მონაწილე ადამიანების მიმართ ფიზიკური ძალადობით, რომელიც განვითარდა არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, მასობრივად, არამედ სახლებთან დახვედრებით, დევნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამას დამატებული მედიის შევიწროება, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა. ესეც, რა თქმა უნდა, არის ნაწილი რუსული ტიპის რეჟიმის ქმედების. მსგავსი ფაქტები ხდებოდა რუსეთსა და ბელარუსში. შემდგომში ეს ყველაფერი უკვე გაგრძელდა არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც განაპირობებს მაქსიმალურ წნეხს საზოგადოებრივ ჯგუფებზე, რასაც საბოლოოდ მივყავართ ავტოკრატიამდე და დიქტატურამდე. ახლა მცდელობაა ბოლო აკორდების აღების. მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმედი ჰქონდათ, ამ პროცესს ბევრად უფრო ნაკლები რუსურსის ხარჯვითა და უმტკივნეულოდ გადალახავდნენ. ამისთვის ისინი მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მუშაობდნენ წლების მანძილზე. განსაკუთრებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, მათ ეს წნეხი გაზარდეს. ეს არის რეჟიმისთვის დამახასიათებელი, თუმცა ასე მარტივად და გეგმის მიხედვით არ გამოუვიდათ, რადგან თუნდაც გენეტიკა ძალიან ბევრს განაპირობებს. ექიმი ვარ და ჩემს ჭრილში ვუყურებ ამ საკითხს. მათ ვერ გათვალეს ჩვენი ერის გენეტიკური მეხსიერება, რომელიც ჩვენს დნმ-შია _ მაშინ, როდესაც ჩნდება გარკვეული ფაქტორები, რაც შეიძლება იყოს ტრიგერი, ბიძგის მიმცემი პროცესებისთვის, ჩვენს დნმ-ში ჩადებული კოდი იღვიძებს ჩვენში, როგორც ერში. ჩვენ ახლა ვართ ამ პროცესში, ქართველი ერი იღვიძებს და იწყებს ბრძოლას ამ „დაავადებასთან“, რომელიც მისთვის უკვე ნაცნობია. ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ საზოგადოებისგან იღებენ იმ რეაქციას, რაც მათ ძალიან არ მოსწონთ. დღეს უკვე შიდა და გარე ვითარება განსხვავებულია და ბევრად უფრო მეტი დამხმარე საშუალება და რესურსი აქვს საზოგადოებას ამ „დაავადებასთან“ საბრძოლველად.
_ საზოგადოების ერთ ნაწილში გამოიღვიძა ბრძოლის ჟინმა და ამას ვერაფერს უხერხებს „ქართული ოცნების“ მმართველობა, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებზედაც, პირიქით, დგას რეჟიმი. ისინი ეგუებიან ამ ვითარებას, ადაპტირდებიან და მოსწონთ კიდეც ეს ძალადობა სხვა ადამიანების მიმართ. ეს რა ფენომენია? მათაც დნმ-ს დონეზე ხომ არ აქვთ გამჯდარი ეს შიში, დაბეზღება, პროპაგანდის მიმართ მოწყვლადობა, რაც, შეიძლება ითქვას, რომ წინა საუკუნის ბოლშევიკური რეპრესიების შედეგიცაა?
_ შესაძლოა. ადამიანის ორგანიზმსა და ფიზიონომიაში რაც ხდება, უჯრედის დონეზე იცვლება. თქვენ რაც თქვით, ამ ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ გასულმა საუკუნემ ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენს საზოგადოებას, ვინაიდან გარე ფაქტორების ჩარევა ძალიან დიდი იყო. თუკი ჩვენ საზოგადოებას განვიხილავთ, როგორც ორგანიზმს, მასზე ინტენსიურად მიმდინარეობდა ზეწოლა აბსოლუტურად ყველა ღირებულების ჩასახშობად: პატრიოტიზმის, ინიციატივის, ემპათიის... ადამიანებს ფიზიკურად ანადგურებდნენ, ხვრეტდნენ, ასახლებდნენ, ოჯახებს ხლეჩდნენ. ძალიან დიდი ტრავმა მოგვაყენა ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გასულმა საუკუნემ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ილექება და აისახება შედგომ ტრავმული მეხსიერების სახით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დაღს ასვამს. გარკვეულწილად ისტორია მეორდება ხოლმე. ახლაც იმავეს ცდილობენ, რომ ჩაახშონ ეს სულისკვეთება, რომელიც გადარჩა საზოგადოების ცალკეულ კუნძულებში. როდესაც რაღაც რუტინულად მეორდება, ვხედავთ ძალადობას, ზეწოლას, დისკრიმინაციას, შეზღუდვას, შებოჭვას ადამანის, როგორც ყველაზე მაღალგანვითარებული არსების, საბოლოო ჯამში, ამის შედეგი გარკვეული ქცევის სახით ვლინდება. შესაბამისად, შიშის ფაქტორი მოქმედებს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი გენეტიკა არსად დაკარგულა.
_ ჩვენ ვუყურებთ ორ პარალელურ პროცესს: ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლას და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, თუ როგორ ძლიერდება ის ურთიერთანადგომით. რას იტყვით ამ პროცესის შესახებ?
_ ეს საზოგადოება მართლაც ძალიან გაზრდილი და განვითარებულია წინა წლებთან შედარებით, მათ შორის, პოლიტიკური მოთხოვნების თვალსაზრისითაც. ერმა გამოსცადა თავისუფლების, დამოუკიდებლად განვითარების გემო, სადაც შეუძლია ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუციები, რომლის პირობებშიც ცხოვრება გაცილებით შემსუბუქებულია, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ფასეულია, ადამიანი ტკბება სიცოცხლით, რომელიც არცთუ ხანგრძლივია. გაიხსნა საზღვრები, ნახეს, როგორ ცხოვრობენ დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები, შესაბამისად, სურვილები ბევრად უფრო დახვეწილი, რაფინირებული და მიზანმიმართული გახდა. ამით არის განპირობებული, რომ საზოგადოების წევრები ერთმანეთს ეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში. ეს მიზანი არის საერთო, _ დემოკრატიული და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს პირობებში ცხოვრება. ამ საზოგადოებამ იცის, რომ მშვიდობიანი გზით უნდა მიაღწიოს მას, რადგან ნახა უკვე არაერთი ომი, ასევე სამოქალაქო დაპირისპირება საკუთარ ქვეყანაში, რისი განმეორებაც, რა თქმა უნდა, არ სურს. ამიტომ დგამს მშვიდობიან ნაბიჯებს ცვლილებებისთვის. ამით არის განპირობებული საზოგადოების აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების მატარებელი, სხვადასხვა ფენის, პროფესიული წრეების, ასაკობრივი ჯგუფების ერთიანობა.
_ ის, რომ ჩვენს საზოგადოებას უნდა ევროპული განვითარება, ეს ნიშნავს ევროპული წესებით, ანუ კანონით მართულ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილს. სახელმწიფო უნდა იყოს ის სახლი, რომელიც დაგვიცავს, მაგრამ ვუყურებთ საპირისპიროს, _ როგორ დევნის სახელმწიფო, ჩაგრავს ადამიანებს, ტოვებს ღია ცის ქვეშ, უსამართლოდ იჭერს. ამას ყოველდღე ვხედავთ თუნდაც სასამართლო პროცესებზე, რასაც თქვენ სისტემატურად ესწრებით ხოლმე, რას იტყვით ამის შესახებ?
_ მთავარი მოცემულობა, რომელიც ჩვენ ამ რეჟიმმა მოგვიტანა, საბოლოო ჯამში, არის ის, რომ ადამიანი, როგორც ღირებულება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გააუფასურა. ეს არის მთავარი პოსტულატი, რის გამოც წინააღმდეგობაში მოვიდა იგი საზოგადოებასთან. ამასთან არის დაკავშირებული დღეს რეჟიმის ყველა განშტოება, რომელიც ფუნქციონირებს რეჟიმის შესანარჩუნებლად, ამას ემსახურება სასამართლო სისტემაც. დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანი სასამართლოს არსებობა, სამართლის პოვნა ნებისმიერ სიტუაციაში. თუკი ეს ინსტიტუცია ჩამოშლილია და ემსახურება გარკვეულ ჯგუფს, ე. წ. ხელისუფლებას, რეჟიმს, მოწყობილია მხოლოდ იმისთვის, რომ კომფორტული იყოს გარკვეული ინტერესთა ჯგუფისთვის, ეს უკვე ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, არის მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის მსახურება ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი ინსტიტუციის მხრიდან, რომელსაც ჰქვია სასამართლო სისტემა. რეჟიმმა ადამიანის უფლებების დარღვევის ისეთი კასკადი გვაჩვენა ქუჩაში თუ ქუჩის მიღმა, საბოლოო ჯამში, პროცესი მიიტანა სასამართლო სისტემამდე და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოში სამართალს ვერ იპოვი. სასამართლოში გვხვდებიან კლანის მოსამართლეები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დავალებას ასრულებენ. რეალურად, ყოველი განაჩენი არის წინასწარ განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახა ამ პროცესებზე, სად არის სიმართლე. ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილია დაცვისა თუ ბრალდების მხარის მიერ, ხელის გულზე დევს და ნებისმიერი დილეტანტიც აღმოაჩენს, რომ ეს არის „შეკერილი საქმეები“. გაქვს მოლოდინი, რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლემ უნდა გაამართლოს ბრალდებული, მაგრამ იგი უაპელაციოდ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც სჭირდება რეჟიმს. როდესაც ეს პრობლემა დგება ქვეყნის წინაშე, ამას ხედავს საზოგადოება და უპირისპირდება მას. სწორედ ამის გამო დაიხურა სასამართლო ინსტიტუცია საზოგადოებისთვის. მედიას აღარ აქვს პროცესის ვიდეო და ფოტო გადაღების საშუალება, ადამიანებს არ აქვთ უფლება, პირადი მობილური ტელეფონებით გადაიღონ ის უსამართლობა, რაც ამ კედლებში ხდება. ეს კარგად იცის რეჟიმმა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საკმარისი მასალაა დაგროვებული, რომელიც მათ წინააღმდეგ აუცილებლად მტკიცებულებად იქნება წარმოდგენილი. სასამართლო მასალებს რომ თავი დავანებოთ, მედია მასალა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მედიამ ითამაშა დიდი როლი, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებმა, სადაც უსამართლობას ხედავდნენ, რთავდნენ ტელეფონებს და იღებდნენ. როდესაც გვექნება სამართლიანი საამართლო, გარკვეულ ადამიანებს მოუწევთ პასუხისგება. ალბათ ეს საფრთხე დაინახეს, როდესაც შეუზღუდეს მედიას უფლებები სასამართლოში.
_ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეპრესიები არავის უნდა, მაგრამ მოუწიათ ადამიანების დაკავება პრევენციის მიზნით. რას იტყვით, რატომ გააკეთა ასეთი აღიარება?
_ ძალიან უცნაურია, ეს შეიძლება ეთქვა სხვა პროფესიის ადამიანს. ირაკლი კობახიძემ, რომელიც ძალიან თავმომწონეობს თავისი განათლებით, პროფესიით არის იურისტი, არ ვიცი, რატომ დაისამარა თავი, მათ შორის, პროფესიულადაც, როდესაც უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია, ეს მას პირველად არ გაუკეთებია სინდისის პატიმრების მიმართ. ამ აბსურდულ განცხადებას ვერ დავარქმევ ვერც წამოცდენას, ეს უფრო სიმართლეა, რაც თქვა. არ ვიცი, სასოწარკვეთისგან აღმოხდა თუ გამიზნულად, მაგრამ ფაქტია, მისი პროფესიული რეპუტაცია ცალსახად დააზიანა. სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მმართველისგან ასეთი განცხადება არასერიოზულია. სხვა ამბავია, ჩვენ ვაღიარებთ თუ არა მის ლეგიტიმაციას. ცხადია, ჩვენ მას არ ვაღიარებთ პრემიერ-მინისტრად, ის არის წარმომადგენელი რეჟიმის, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს.
_ ეს ხომ არ შეიძლება აიხსნას იმ დაუსჯელობის განცდით, რომელიც ჯერჯერობით აქვთ? სრულიად აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ, მაგალითად, როდესაც განაცხადეს პოლიტიკოსების შესახებ: „თუ არ აღიარებენ პარლამენტს, წავლენ ციხეში“, ესეც ხომ ფაქტობრივი აღიარება არის იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები პოლიტპატიმრები არიან?
_ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და რეჟიმსაც აუცილებლად ექნება დასასრული. ამ დასასრულის ხელშემწყობი აუცილებლად გახდება როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე თანმიმდევრულია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კოალიცია და მასში შემავალი პარტიები და ლიდერები. ამან განაპირობა რეჟიმის რყევა. ეს იყო ჩვენი უარი მანდატებზე, უარი დაფინანსებაზე, მათი არაღიარების პოლიტიკის წარმოება და დელეგიტიმაცია, საბოლოო ჯამში. მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ძალიან მარტივად ჩაფარცხავდნენ ამ გაყალბებას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ და, შესაბამისად, გადავიდნენ უფრო კარდინალური ზომების მიღებაზე. უკვე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ ამ პროცესში, რასაც ნათლად ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, საიდანაც მათ ასევე არ აქვთ აღიარება. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შესანიშნავად სარგებლობენ დასავლური სიკეთეებით, რაც სურთ საკუთარი თავისთვის, ოჯახის წევრებისთვის, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხო ქვეყანაში შვილების ცხოვრება. ამ ყველაფრის დაკარგვის, რა თქმა უნდა, ეშინიათ. ეს განაპირობებს კიდეც უკვე, საბოლოო ჯამში, შიდა რყევასა და მათ არაადეკვატურ მოქმედებებს. ყველაფერი მათი ჩამოშლით დასრულდება. მათ გუნდშიც არ აქვთ სტაბილური ვითარება. სისტემის გავლენიანი წევრები გარკვეულწილად ძალადობის მსხვერპლები არიან, როგორც ფსიქოლიგიურად, ასევე ფიზიკურად. ისინი სტაბილურად აღარ არიან. ვერ შეძლებენ ამ ერის ასე მარტივად რკინის ფარდის მიღმა დატოვება. ამ ერმა უკვე დიდი მსხვერპლი გაიღო, მათ შორის, ადამიანური, რომ გვქონოდა დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა.
_ ფიქრობთ, რომ ეს რყევები დასავლური სანქციების შედეგებია? მათ მოუწიათ გარკვეული თანამდებობის პირების ჯერ დააჯილდოება და შემდეგ სახლში გაშვება, საუბრობენ იმაზეც, რომ ივანიშვილი მათ ფულს სთხოვს, ესეც სანქციების შედეგია? ე. ი. მუშაობს სანქციები?
_ დიახ, იმ თანმიმდევრულობას, რომელზედაც ვსაუბრობდი, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თანმიმდევრულობას, არაღიარების პოლიტიკას და დელეგიტიმაციას. თუ ისინი არ იქნებიან ლეგიტიმურები, ყველა იმ სიკეთეს, რომელსაც ისინი იღებდნენ დასავლეთიდან, რა თქმა უნდა, ვეღარ მიიღებენ და უკვე ვერც იღებენ. სანქციები კიდევ უფრო დამძიმდება და გამძაფრდება რეჟიმის წარმომადგენლებისთვის. ეს ცვლილებები, გადაადგილებები, რაც ძალიან კომპლექსურია, ეს არცთუ მცირე დაპირისპირებები, რა თქმა უნდა განპირობებულია როგორც შიდა, ასე გარე დელეგიტიმაციის პროცესით. ამის პარალელურად, საზოგადოების დატოვება დასავლური სიკეთეების გარეშე ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ ბუმერანგივით. თუ ვიზალიბერალიზაცია მართლაც შეჩერდა, ეს საზოგადოების ყველა წევრზე, მათ შორის, მათ მომხრეებზეც აისახება. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის „ქართული ოცნებისთვის“, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ცდილობს, რუსეთთან პირისპირ დატოვოს ქვეყანა. ეს ჩვენ განვითარებას არ გვიქადის, რადგან რუსეთი ასოცირდება მხოლოდ ომთან, არეულობასთან, ქაოსთან.
_ თქვენ უარს ამბობთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. თქვენი არგუმენტები ცნობილია და ამას აღარ გკითხავთ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან... თუ რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა, როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება?
_ რაც უფრო სწრაფად კონსოლიდირდება საზოგადოება, მით უფრო არ გაიწელება პროცესები. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდება, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გაფრთხილება გვაქვს და სწრაფად უნდა გავერთიანდეთ.