QronikaPlus
ბაკურ კვაშილავა: „ქართული ოცნების“ მშვიდობა მონობად გადაიქცა“

ბაკურ კვაშილავა: „ქართული ოცნების“ მშვიდობა მონობად გადაიქცა“

2025-07-16 10:33:29

თამუნა მჭედლიშვილი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა, ოპოზიციური პარტიების ექვსი ლიდერის დაპატიმრება, დიდი საკადრო ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“ და  სისხლიანი გარჩევები, 520 დღეზე მეტი უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე და საქართველო-აშშ-ის გართულებული ურთიერთობები.

„ქრონიკა+“-თან საუბრობს პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაკურ კვაშილავა:

_ სისხლიანი გარჩევები, დიდი საკადრო ცვლილებები, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება _ ბატონო ბაკურ, როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ კრიზისშია თუ კოლაფსის პირისპირ?

_ ფაქტი ის არის, რომ რაც ხდება, ეს არ შეიძლება იყოს გეგმის ნაწილი. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იმ შიდა კრიზისით, რომელიც მოიტანა პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოში და იმ უპრეცედენტო წინააღმდეგობამ, რაც გასწია ოპოზიციამ, მთელმა სამოქალქო საზოგადოებამ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. ასეთი უპრეცედენტო პროტესტი არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებლობის მოპოვების გზიდან, საკმაოდ დიდი დროის მანძილზე. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ შემოაკლდა რესურსი, დაიწყო განტევების ვაცის ძებნა საკუთარ რიგებში, რამაც, საბოლოო ჯამში, მოგვცა მოვლენების განვითარება, რომელსაც თვალს ვადევნებთ.

_ რით ახსნით „ოცნებაში“ განხორციელებულ დიდ საკადრო ცვლილებებს? 

_ მგონი, როდესაც ფულზე არის საუბარი და როდესაც ვვარაუდობთ კორუფციაზე, ყოველთვის იგულისხმება შავი ფული, რომლის აღრიცხვა არ ხდება. და რომელიც ხმარდება ან კერძო ინტერესებს, ან იმ პოლიტიკურ მანქანას, პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას აძლევს ამ ჯგუფს, დარჩეს ხელისუფლებაში არალეგალური გზით. ამ ორი რაღაცის კომბინაციასთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, ფული, რომელიც პირდაპირ კერძო ინტერესს ხმარდება და, მეორე მხრივ, ხმარდება პოლიტიკურ მანქანას, რომელიც შეიძლება იყოს „ქართული ოცნება“: მისი აქტივისტები, დეპუტატები, საკრებულოში ძირითად თანამდებობებზე მყოფი ხალხი... დიდი ხანია ასებობს ასეთი მოსაზება, რომ ეს ადამიანმები ღებულობდნენ ექსტრაშემოსვალს, რომელიც ხელფასთან არ არის დაკავშირებული. სწორედ ამის შემცირება მოხდა ბოლო პროტესტების შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ შემცირდა ზოგადად საქართველოში ბიზნესაქტივობაც, ფულის ბრუნვაც. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს სტატისტიკის დეპარტამენტი, ეს ზრდა არ არის გამოწვეული შიდა ბიზნესის გაძლიერებით, ეს არის შემოდინებებით გამოწვეული და ეს შემოდინებები, დიდი ალბათობით, შეიძლება იყოს გამოწვეული ეპატრირებული (უკან დაბრუნებული) ფულით, რომელიც ოფშორებში გაიტანეს მთავრობის წევრებმა.

_ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და რომ უნდა გაუქმდეს რუსული კანონი...

_ არ ვიცი, ამას „ქართული ოცნება“ შეასრულებს თუ შემდეგი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, მაგრამ ის, რომ ჩვენ ეს კანონები არ გვექნება, ამაში ეჭვი მეპარება

_ პარტია „თავისუფლების მოედანი“ აქტიური ბოიკოტის რეჟიმშია. სისტემატურად აწყობთ საპროტესტო აქციებს უზენაეს სასამართლოსთან. პარალელურად უკვე 520 დღეზე მეტია, გრძელდება აქტივისტების უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე. რა შედეგი მოაქვს ბრძოლის ასეთ ფორმას?

_ აქ მთავარია გაჯერება საზოგადოებრივი აზრის იმით, რომ „ქართული ოცნება“ არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლების სათავეში. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს გადაწყვეტილებას _ არ მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტურმა უმავლესობამ გაიზიარა, ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობის გაგრძელება იმ ფორმით, როგორიც არის, ყველაზე სწრაფი გზაა ამ რეჟიმის დასასრულებლად, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უწოდებს საკუთარ თავს.

რაც შეეხება ჩვენს აქციებს სასამართლოსთან, ეს არის საშუალება, როდესაც პატიმრების ოჯახის წევრები მოდიან და ამბობენ თავიანთ სათქმელს. ვინც ლაივში უსმენს მათ ან ვინც იქ ესწრება ხოლმე, მაგალითად, პოლიციის კორდონს აჩვენებს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ციხეში სხედან, არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არ წარმოადგენენ არც რადიკალებს და არც ექსტრემისტებს. ეს ის ხალხია, რომელიც სწორედ იმ პოლიციელის უფლებას იცავს, რომელიც თავისი უფროსის წინაშე კი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, არამედ ქვეყნის წინაშე, პირველ რიგში. სამწუხაროდ, ეს შეგრძნება დაიკარგა ჩვენს ძალოვან სტრუქტურებში... იწყებოდა და ჩანასახში იყო ერთგულება სამშობლოს მიმართ და არა შენი უშუალო უფროსის მიმართ, ეს იკრებდა ძალას და ,,ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში მთლიანად იშლება ეს ყველაფერი და გადადის მონურ ერთგულებასა და მორჩილებაში. ან ბანდის წევრებს რომ აქვთ ერთმანეთისადმი ერთგულება, აი, ასეთ რამეში. ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს იმაზე, თუ საიდან მოდის ცრუმოწმეობა _ ეს არ არის მაინცდამაინც დაშინების შედეგი, ეს არის კონფორმიზმი, რომ მეგობარს როდესაც უჭირს, ცრუ ჩვენება უნდა მისცე, ეს არის მეგობრობა და ძმაკაცობა და ამის გამო შეიძლება გააუბედურო სხვა ადამიანი _ აი, ამის ახსნას ვცდილობთ მოსახლეობისთვის, მათ შორის, იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც „აფასებს“ მშვიდობას, რომელიც „მოუტანა“ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს. მეორე მხრივ, ეს მშვიდობა მონობად რომ გადაიქცა _ და რატომ მოხდა ეს? აი, ამის გამოსწორება არის ჩვენი მიზანი.

_ სინდისის პატიმრები და მათი მშობლები ახსენეთ. 60-ზე მეტი ასეთი პატიმარი ჰყავს დღეს საქართველოს. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ მიიღო არადემოკრატიული გადაწყვეტილება და სასამართლო სხდომები დახურა მედიისთვის.

_ ეს კიდევ ერთი ისეთი ნაბიჯია, რომელზედაც „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ უკანასკნელმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუ არ ვცდები, 2007-დან 2009 წლამდე, „ქართული ოცნება“ კი საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ დაირღვა დემოკრატიის პრინციპები. მოგვიანებით, „ნაცმოძრაობამ“ გააუქმა ეს კანონი, სწორადაც მოიქცა და ახლა იწყებს აბსოლუტურად იგივეს „ქართული ოცნება“, უბრუნდება იმას, ანუ იმ პირობების დარღვევას, რის გამოც ავირჩიეთ 2012 წელს „ქართული ოცნება“. სამწუხარო ფაქტია, რაც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ნამდვილად არ გამორჩენია უკვე რეჟიმის შიგნით, ხოლო იმ 25 პროცენტში, რომელიც ნამდვილად უჭერს მხარს, უკვე იგრძნობა მნიშვნელოვანი რყევა, რადგან ის ძირითადი რამ, რის გამოც მათ „ქართული ოცნება“ მოსწონდათ, ინგრევა მათ თვალწინ.

_ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების გართულებული ურთიერთობები და დანიგანის განცხადებები ირაკლი კობახიძის წერილის შესახებ, თქვენი შეფასება?

_ ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკაშიც რაღაც უჩვეულო ფორმის უხეში გამჭვირვალობის ფაზაში გადავდივართ _ გავიხსენოთ იგივე ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. ეს სწორედ ამის გაგრძელებაა. აი, იმ დისკუსიების, რომელიც კარს მიღმა ხდებოდა, სააშკარაოზე გამოტანა! სააშკარაოზე გამოტანა ძირითადად ორივე მხარის მონაწილეობით ხდება ხოლმე _ ხან ერთი მხარე იტყვის, _ ეს მივწერე, გააჟღერებს ისეთ ინფორმაციას, რაც არ ხდებოდა! მეორე იძულებული ხდება, რომ უპასუხოს, _ კი, ეს მომწერა, მაგრამ იქ სხვა რამეც ეწერა. აი, ამასთან გვაქვს საქმე დანიგანის განცხადებაშიც და,  სამწუხაროდ, ამ პოლიტიკაში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ უხეშ და მახინჯ ფორმებს, რომლებსაც იყენებენ ხოლმე ის პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც საკუთარი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ინტერესები.

_ რამდენიმე დღის წინ პარტია „ძლიერი საქართველო _ ლელოს“ სამი წარმომადგენელი ერთდროულად აიყვანეს ნარკოშემოწმების მიზნით. რას ემსახურებოდა „ოცნების“ ეს „ოპერაცია“, დაშინებას? 

_ რადგან „ლელოზე“ ვსაუბრობთ, ეს ქმედებები პოლიტიკური ხასიათის უფრო არის, მაგარამ ასეთ რამეს ძალიან უარყოფითად აღიქვამს მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელიც, თავის დროზე, დადებითად შეხვდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, რომლის მთავარი ინიციატორიც „ქართული ოცნება“ იყო. არ დაგვაგვიწყდეს ასევე 2018 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შემოტანილი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა მარიხუანის მოხმარებისა და წარმოების სრულ ლეგალიზაციას! ამ ინიციატივას მხარს უჭერდა მათი, ასე ვთქვათ, „დიფ სთეიტის“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. უბრალოდ, ეკლესიის წინააღმდეგობით ეს კანონპროექტი ჩავარდა. ამიტომ ეს პოლიტიკაც „ქართული ოცნების“ ძირითადი ამომრჩევლისთვის არის უკიდურესად დიდი პრობლემების შემცველი. ეს მათში ქმნის განწყობას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ უღალატა. ამიტომ, ერთი მხრივ, ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციაზე ზეწოლას ისახავს მიზნად, მაგრამ ეს არის ორლესული მახვილი ამავდროულად, რომელიც მათ ძირითად ამომრჩეველს ურტყამს _ მათში ზრდის ეჭვს _ ღირს თუ არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მომავალში?

_ თქვენ თქვით, რომ „ოცნება დებატებში არ უჯდება არავის“, რატომ?

_ „ოცნება“ დებატებში არ ჯდება არავისთან იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი. რეალურად, „ოცნების“ არგუმენტაცია არის სუსტი, მათ აქვთ მხოლოდ ცარიელი ლოზუნგები, რაც ძალიან უხეშად იყო აწყობილი ადამიანის პირველყოფილ ინსტინქტებზე. ამიტომ ნებისმიერი დებატი, რომელიც შეეხება საქმეს, კორუფციას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, აპრიორი წაგებულია. ამიტომაც მათ აირჩიეს ეს გზა, დებატებს თავი რომ აარიდონ. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ინტელექტუალური რესურსი მცირდებოდა და მას ტოვებდნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ არა მარტო კომპეტენციით, ასევე სინდისით, მორალით, საკუთარი პრინციპებითა და თანმიმდევრულობით საკუთარ შეხედულებებში.

_ ჩატარდება თუ არა 2025 წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მიგაჩნიათ თუ არა მასში მონაწილეობის მიღება მართებულად? ნიშნავს თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციას?

_ სწორად რომ მიმაჩნდეს ეს გადაწყვეტილება, მაშინ ამის განცხადება გაკეთდებოდა და შესაძლოა, „თავისუფლების მოედანიც“ ყოფილიყო იმ ორგანიზაციების რიცხვში, რომელიც მიიღებდა ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ბუნებრივია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორად არ მიგვაჩნია. რაც შეეხება იმას, რომ ეს არჩევნები მოიტანს თუ არა „ოცნების“ ლეგიტიმაციას, მიმაჩნია, რომ ამის ნულოვანი შანსი არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც ნათლად ჩანს, რომ შედეგები რომლებიც დადგება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან არ შეიძლება გამოხატავდეს ქართველი ხალხის ნებას. ის ფაქტი, რომ ფორმალურად ჩატარდება თუ არა ეს არჩევნები, არ მგონია, ამ საკითხზე გავლენის მომხდენი იყოს. ეს არჩევნები, ყოველთვის არალეგიტიმური იქნება იმ პირობებში, როგორიც დღეს გვაქვს.

 

გაზიარება