ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
2025-10-15 12:48:03
შორენა მარსაგიშვილი
რატომ ვერ იმუშავებს რეპრესიები საქართველოში? რატომ არის საჭირო ოპოზიციის გაფილტვრა? ვინ მართავს ქვეყანაში პროცესებს და ვინ ეხმარება ივანიშვილს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გუგავა:
_ ბატონო გიორგი, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაამწვავა რეპრესიები. ახალგაზრდებთან ერთად უკვე 70 წელს გადაცილებული ადამიანები დააკავეს. რა გზას დაადგა ხელისუფლება?
_ მე ვიტყოდი, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სისიტემა თავის ჯალათურ სახეს აჩვენებს საზოგადოებას. ეს არის დიქტატურის კონსოლიდაცია, როდესაც ხელისუფლება არად დაგიდევს არც სამართალს, არც მორალს და შიშველი ძალის დემონსტრირებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მეეჭვება, რომ მათ ეს შეძლონ.
_ რატომ გეეჭვებათ?
_ იმიტომ, რომ საზოგადოების მხრიდან წარმოუდგენელი წინააღმდეგობაა.
_ ამ წარმოუდგენელი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლება ძალაუფლებას, ჯერჯერობით, ინაჩუნებს _ სრული დიქტატურის დამყარებისგან განსხვავებით.
_ დიქტატურაც დამყარებულია. დიქტატურაა, როდესაც მიტაცებულია აბსოლუტური ხელისუფლება. კლასიკური დიქტატურა საქართველოში ჯერ მართლაც არ არის და შევეცდები ავხსნა, რა ხდება ჩვენს შემთხვევაში: კლასიკური დიქტატურები განპირობებული იყო გარკვეული იდეებით. ეს იდეები შეიძლებოდა ყოფილიყო უტოპიური ან ანტიჰუმანური, მაგრამ მაინც ერთიანდებოდნენ იდეის ირგვლივ. ასეთი იყო ფაშისტური დიქტატურა და ასეთი იყო ბოლშევიკური დიქტატურაც. აქედან გამომდინარე, ფაშისტებიც და ბოლშევიკებიც მოქმედებდნენ თავიანთი იდეის განსახორციელებლად. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც დაფუძნებულია და უკვე დიქტატურაში გადავიდა, მას იდეა არ გააჩნია, მას აქვს მხოლოდ მოტივაცია. და ეს ერთადერთი მოტივაცია არის ფული, ქონების მოხვეჭა და ამ ინტერესიდან გამომდინარე ეს რეჟიმი ყიდის ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. არად დაგიდევენ ადამიანების ინტერესებსა და უფლებებს. თავისი ქონების შესანარჩუნებლად ივანიშვილის რეჟიმი მზადაა, წავიდეს ყველანაირ ბოროტმოქმედებაზე. ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ მათი მოქმედების ფორმულა არის კრიმინალური კარტელი. „ქართული ოცნება“ სინამდვილეში არის კარტელი, კრიმინალური ბანდა, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფო. საქართველოს სუვერენიტეტი გადასცა ოკუპანტ სახელმწიფოს. გაითვალისწინეთ, რომ ისინი არა მხოლოდ რუსების დირექტივებით მოქმედებენ, არამედ დარწმუნებული ვარ, ოპერატიულ მართვაში რუსული სპეცსამსახურები არიან ჩართულები და თან ძალიან აქტიურად. რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ აქ ყველაფერს, მათ შორის, იმ ავანტიურას, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება ახორციელებს.
აქედან გამომდინარე, ყველა მათი ქმედება განპირობებულია ამ მოტივებით. კრიმინალი ქმნის სინდიკატს. პრაქტიკულად, მათ ჩვენ დაგვინგრიეს სახელმწიფო, ჩამოშალეს ყველა ინსტიტუტი. პოლიციას, სასამართლოსა და პროკურატურას, სხვა ინსტიტუციებსაც ეს სინდიკატი მართავს. ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ამის შენარჩუნება ადვილი არ არის. ბოლომდე რომ ვერ დაამყარეს დიქტატურა, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელიც იბრძვის და არ ეგუება არც ოკუპაციას და არც დიქტატურას. ამის გამოვლინება იყო 4 ოქტომბერი.
_ თუმცა ბევრი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი იყო ოპოზიციის დიდი შეცდომა და რომ ის ხელისუფლების ანკესზე წამოეგო.
_ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. და არც იმაზე ვაპირებ საუბარს, ვის რა შეეშალა, თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა. ამაზე მერე და სხვა დროს ისაუბრებენ სხვები. მე ვფიქრობ, ოთხმა ოქტომბერმა ყველას აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება დიქტატურას. იმ დღეს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ხალხმა და ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ეს იყო სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება. იმ ფარსს, რომელიც ხელისუფლებამ გაითამაშა, არჩვენებთან საერთო არაფერი ჰქონდა. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. მისთვის ზურგის შექცევით ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის არ ეგუება ქვეყანაში რუსულ ოკუპაციას და უცხო ქვეყნის დანიშნული ხელისუფლების დირექტივებს. ეს იყო მთავარი ამ დღეს, როგორც თავისი მასშტაბებიდან, ასევე ფორმებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხს, რომელზედაც ახლა ამდენს სინანულით ლაპარაკობენ, ამას ვიშვიში და გოდება არ სჭირდება. არც მორალური კვარცხლბეკიდან უნდა დაიწყონ ვიღაცებმა ჭკუის სწავლება. ეს იყო სერიოზული გაკვეთილი, საიდანაც ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
_ ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, რომ დიქტატურები იდეის გარშემო ერთიანდებოდნენო. და აქაც არის ერთი იდეა. ამ იდეას ახლა ასე ჰქვია _ დასავლეთი გვრყვნის და საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. ამ ლოზუნგებმა თუ იდეამ ჯერჯერობით გაჭრა.
_ არაფერიც არ გაუჭრია ამ ლოზუნგებს და ეს რომ ასეა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენა ოთხ ოქტომბერს ხალხის მოზღვავებამ. ქუჩაში ათიათასობით ადამიანი არ გამოვიდოდა, ამ ლოზუნგებს რომ ემუშავა. საქართველოში ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის. ხალხი ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნების“ ლოზუნგები არის ფარსი და სიყალბე. ამ ტყუილებსა და რუსულ პროპაგანდას არავინ ჭამს. და ხალხი ამას რომ არ ჭამს და არც მომავალში შეჭამს, ამიტომ არის ივანიშვილის ხელისუფლება ასეთ მასშტაბურ რეპრესიებზე გადასული. გადარეულები არიან, თავისუფლებისთვის ბრძოლის ჩახშობა რომ ვერ შეძლეს. ამით გაშმაგებულებს პროპაგანდისტული კანალიზაცია და სიბინძურე იმისთვის სჭირდებათ, რომ თავი გაიმართლონ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც კიდევ შემორჩათ მხარდამჭერების სახით. მათ უმტკიცებენ, რომ თითქოს რაღაც ძალებს ებრძვიან.
_ ადრე ეს „რაღაც ძალა“ გლობალური ომის პარტია იყო, ახლა დიფ სტეიტია.
_ დაუღალავად ებრძვიან დიფ სტეიტს და გათხოვებისგან იცავენ ქართველ კაცებს. სასაცილო და სამარცხვინოა ეს ფარსი. ეს ყველაფერი არის რუსული ჰიბრიდული ომის ფორმატი. აბა, გადავხედოთ, რა ხდება ან რუსეთში ან ბელარუსში _ იგივე პროცესები და პროპაგანდა დაიწყო საქართველოშიც. ყველაფერი კალკით არის გადმოღებული. ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსული და ბელარუსული რეჟიმი დანერგონ საქართველოში. რუსული ხერხებით უნდათ ძალაუფლების შენარჩუნებაც, მაგრამ სულ სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებენ ამას.
_ თავიდან რუსეთშიც აპროტესტებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ პუტინის რეჟიმმა თავისი გაიტანა და დიქტატურა დაამყარა. იქ ხალხი დაშინებულია. საქართველოში არ დაშინდება ხალხი? ეს დაჭერები, რაც ბოლო დროსაა, არ შეაშინებს საზოგადოებას?
_ რამდენიც არ უნდა დაიჭირონ, ხალხი არ დაშინდება. ამ რუსებმა კიდევ არ იციან ქართველი კაცის ბუნება და სულისკვეთება. ისინი ვერც კი აცნობიერებენ, თუ რამდენად ძვირფასია ქართველისთვის სამშობლო, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ქართველები საუკუნეების განმავლობაში ღვრიდნენ სისხლს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა თავისუდფალი ყოფილიყო და ამას ჩვენი ხალხი ასე მარტივად არ შეელევა. ჩვენს ძარღვებში თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის სისხლი დღესაც ჩუხჩუხებს.
_ ყველას ძარღვებში არ ჩუხჩუხებს ასეთი სისხლი და ეს ძალიან აშკარაა.
_ ასეთები ყველა ეპოქაში იყვნენ, მაგრამ უმეტესობას თავისუფლების წყურვილი კალვდა და კლავს. ეს წყურვილი ახლაც ჩვენთანაა და თავისუფლებას ვერავინ დაგვათმობინებს. და არც გვაქვს ამის უფლება. ეს ქვეყანა ჩვენმა წინაპრებმა თავისი სისხლით დაიცვეს და ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ და დავიცვათ. სამასზე მეტი დღეა, საქართველოში საშინელი რეპრესიები და ძალადობაა. უამრავი ადამიანი დაიჭირეს, უფრო ბევრი დალეწეს და დაასახიჩრეს, მაგრამ პროტესტი ვერ ჩაკლეს. ხელისუფლების ვერანაირი ძალადობა ვერ იღებს შედეგგს.
_ ჯერ მართლა არ გამოუღია ამას შედეგი, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე?
_ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო თავისუფლებას არ დაიბრუნებს. ეს ძალადობა და რეპრესიები, საბოლოოდ, „ქართული ოცნებისთვის“ იქნება განაჩენი. სამარცხვინო ფაქტი იყო, აკადემიკოს გოგი ჩახუნაშვილს 200 პოლიციელი რომ მიუვარდა სახლში. 71 წლის კაცის დაჭერას ამდენი კაცი რად უნდა? რომელი ტერორისტი ეს ადამიანი იყო? ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გააკეთეს, რადგან ეგონათ, ვიღაცას დააშინებდნენ. ამან პირუკუ შედეგი გამოიღო _ ქართველი კაცის დაშინება შეუძლებელია. იმდენად მაღალი ღირებულებები დგას აქეთა მხარეს, რომ მას ვერაფრით დათრგუნავენ. ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით და ვერანაირი ძალადობა ვერ შეგვაშინებს. ეს ძალადობა თავად ივანიშვილს მიუბრუნდება უკან.
რეპრესიებს მომავალშიც გააგრძლებენ, მაგრამ რას მიიღებენ ამით? ციხეებს გადაავსებენ. მაგრამ ციხის კარი როგორც დაიხურება, ისევე გაიღება. რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანთა და რეპრესიების მსხვერპლთა სახელები ისტორიაში შევა. მათით იამაყებს შთამომავლობა. ადამიანები მხოლოდ იმ მოცემულ დროში არ ვცხოვრობთ, რაც ფიზიოლოგიურად არსებობისთვის გვერგო. ადამიანები ცოცხლობენ სიკვდილის შემდეგაც. ამას აქვს მნიშვნელობა და ეს გასააზრებელია. „ოცნებას“ მხოლოდ ფული აინტერესებს და ვერაფრით გაძღა. მათთვის სხვა არაფერია _ არც სამშობლო და არც თავისუფლება. ხალხი ამისთვის თავს წირავს და ეს თავგანწირვა შედეგს გამოიღბს. ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ხვალ თავს ვერ გამოყოფს გარეთ. მათი შერცხვება შთამომავლობასაც.
_ ოთხ ოქტომბერსა და არჩევნების ბოიკოტს დავუბრუნდეთ. ამ არჩევნებში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის გახარიასა და ხაზარაძის პარტიებმა. მათ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ და რას იტყვით მათ განცხადებებზე, ოპოზიციას ძალადობაში რომ ადანაშაულებენ?
_ ჩვენი პარტია ამათ სულ აკრიტიკებდა და არასდროს ჩაგვითვლია ისინი ოპოზიციად. ისინი ყოველთვის „ქართული ოცნების“ ნაწილი იყვნენ და ეს არაერთხელ დაამტკიცეს. ამაში თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი, ახლა დარწმუნდებოდა, რომ ისინი „ოცნებიდან“ არსად წასულან. მათ მონაწილეობა მიიღეს რუსულ ოპერაციაში, სახელად თვითმმართველობის არჩევები. მათი დავალება იყო, რომ ამ ე. წ. არჩევნებისთვის ლეგიტიმაცია მიენიჭებინათ. ეს მცდელობა ხელისუფლებისთვისაც და მათთვისაც კრახით დასრულდა. ხალხმა მათ უარი უთხრა.
რადგან ამ არჩევნებში ოპოზიცია არ მონაწილეობდა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც თავად სურდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველაფერი მაინც კრახით დასრულდა. გამოქვეყნებული შედეგებიდანაც კი ნათლად გამოჩნდა, რომ მათ განიცადეს კრახი. ხალხი, ფაქტობრივად, არ მისულა არჩევნებზე. ამ ვითომ ოპოზიციამ, რომელიც თბილისის გამოგლეჯით იმუქრებოდა, საერთოდ სასაცილო შედეგი აჩვენა. ჯერ ხომ თავი მოიჭრეს ამ არჩევნებში მონაწილეობით და სამარცხვინოები გახდნენ და ახლა კიდევ პროტესტის გაშავება დაიწყეს. იმდენად უტიფრები არიან, რომ ხალხს ლანძღავენ.
_ ხალხს ჯერ არ ლანძღავენ.
_ ხალხის ლანძღვაა, აბა, რა არის, როცა ამ პროტესტსა და დიდ ყრილობას აშავებენ. ორგანიზატორებზე საერთოდ საშინელებას ამბობენ. წინააღმდეგობის ფრონტის გაშავებით ისინი ეხმარებიან ხელისუფლებას რეპრესიების განხორციელებაში. გახარიასა და ხაზარაძის პარტიები „ოცნებას“ რეპრესიების განხორციელებაში უწყობენ ხელს!
_ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების ერთ-ერთი განმხორციელებელი რამდენიმე წლის წინ გიორგი გახარია იყო, რომელმაც „გავრილოვის ღამეს“ ბავშვებს თვალები დასთხარა.
_ გახარიასგან, წესით, სხვა რა უნდა მოგვესმინა? ათასი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას „გავრილოვის ღამე“ და იქ ხალხის დასახიჩრება დღემდე არ მოუნანიებია და ამაყად ამბობს, რომ მან გასცა იმ ღამეს სროლის ბრძანება.
_ არ მოუნანიებია, თუმცა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად შერაცხა ერის დიდმა ნაწილმა.
_ ხალხს ის ოპოზიციად არ შეურაცხავს, ოპოზიციად ის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა გამოაცხადა. მეტიც: „გავრილოვის ღამის“ შემოქმედი პროევროპულ ოპოზიციად გამოაცხადეს. აღარაფერს ვამბობ ხაზარაძეზე. მაგასაც ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. ყველას გაგახსენებთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. წესით, ხალხს უნდა ახსოვდეს, როგორი უსტარი გამოაცხო ხელისუფლების მხარდასაჭერად.
_ ეს, მგონი, არც არავის დავიწყებია, მაგრამ გახსენება არ მოისურვეს.
_ გახსენება რომ არ გვინდა რაღაცების, ამიტომაც ვართ ამ დღეში. როგორ შეიძლება, ხაზარაძის პარტია იყოს ოპოზიციურ ველზე, რომელმაც საყოველთაო ბოიკოტს უღალატა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტს. რამდენიმე თვე არავინ შედიოდა პარლამენტში. ბარიერგადალახულმა ყველა პარტიამ საჯაროდ დადო პირობა, რომ არ შევიდოდა პარლამენტში. ხაზარაძემ კი რა ქნა? _ შარლ მიშელის შეთანხმმებას მოაწერა ხელი და პარლამენტში შევიდა.
_ მაშინ პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია შევიდა, ლეიბორისტების გარდა.
_ შევიდნენ და დააქციეს ქვეყანა. მაშინ ოპოზიციას რამდენიმე კვირა კიდევ რომ გაეძლო და პარლამენტში არ შევარდნილიყო, დღეს ბუნდღაც კი არ იქნებოდა ივანიშვილის რეჟიმისა. ხაზარაძეზე როცა ვსაუბრობთ, მის მიერ მართული ტელევიზიაც უნდა ვახსენო, რომლის წყალობითაც მან გაათეთრა ეს ღალატი და ჩადგა ოლიგარქის სამსახურში. და დღესაც კი, როცა ხელისუფლებამ საბოლოოდ გააფარჩაკა, მაინც ხელისუფლების სამსახურში არიან. თავიანთი განცხადებებით აშავებენ ქართველი ხალხის პროტესტს და ხელს უწყობენ რეპრესიებს. ვინ მისცა მაგათ იმის უფლება, რომ ქართველი ხალხის პროტესტზე რამე ილაპარაკონ? შეგნებულად ამბობენ, რომ 4 ოქტომბერი იყო გადატრიალება. და თუ ეს გადატრიალება იყო, მაშინ ხელისუფლება სწორად იქცევა, რომ აკავებს მის მონაწილეებს. ეს არავითარი გადატრიალება არ ყოფილა. ივანიშვილის ხელისუფლებასთან ერთად ჩაირეცხება მისი რეპრესიების „გამპრავებელი“ ე. წ. ოპოზიცია.
ეს ყველაფერი გაივლის. საქართველოს გახდება ნამდვილი დამოუკიდებელი ქვეყანა და შემდეგ ყველა საკადრისს პასუხს მიიღებს. პირველ რიგში, ეს ხელისუფლება და შემდეგ ის ოპოზიციად წოდებული პარტიები, რომლებიც ამ ხელისუფლების სამსახურში იყვნენ და ქართველი ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტს აშავებდნენ. ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი ქვეყნის ღალატისთვის. არაფერზე არ უნდა დავხუჭოთ თვალი. პასუხი უნდა მოვკითხოთ გახარიებსაც, ხაზარაძეებსაც, გირჩებსაც, მირჩებსაც და გათახსირებულებსაც, რომლებიც ფარულად თუ ღიად ჩადგნენ ხელისუფლების სამსახურში. ისინი ხელს უწყობენ „ოცნებას“ ავი ზრახვების განხორციელებაში. ეს ავი ზრახვები კი ადამიანების ბედს ცვლის.
_ გახარია და მისნაირი პოლიტიკოსები ოპოზიციურ ველზე რომ შემოვიდნენ, საზოგადოება და მედიაც ხომ დამნაშავეა? ეს ხომ მათ შეუწყვეს ხელი ამათ ოპოზიციონერებად გამოცხადებას? ხალხს რომ არ მიეღო გახარია და ხაზარაძე ოპოზიციად, ხომ ვერ ისაუბრებდნენ ახლა ხალხის სახელით?
_ რა თქმა უნდა ხალხიც დამნაშავეა და მედიაც. ასევე ოპოზიციაც, რომელმაც მიიღო ესენი ოპოზიციად. გახარია, რომელმაც „გავრილოვის ღამე“ მოაწყო და ამაზე ბოდიშიც არ მოუხდია, ლამის დასავლური ოპოზიციის ფლაგმანად გამოაცხადეს. ხომ გახსოვთ ხელოვნური პოსტულატები, ოთხი ოპოზიციური პარტია. გვეუბნებოდნენ, ესენი შეცვლიან ხელისულებასო. ამ ოთხიდან ორი ხელისუფლებასთან გარიგებული გახარია და ხაზარაძის პარტიები იყვნენ. გარიგება რომ იყო მათ შორის, ეს თვითმმართველობის არჩევნებმაც დაადასტურა, რომელიც სინამდვილეში რუსული სპეცოოპერაცია იყო საქართველოს წინააღმდეგ.
მგონი, საქართველოში აღარავის აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ. ფინანსდებოდნენ ხელისუფლების მიერ და ამ ფულით აფინანსებდნენ თავიანთ პროპაგანდისტულ საშუალებებს. ბანკირი გილაურებისგან ფინანსდებოდნენ პირდაპირ. სიამოვნებით შევიდოდნენ პარლამენტშიც, მაგრამ არ მისცეს ამის ნება.
_ ვინ არ მისცა ამის ნება?
_ ქართველმა ხალხმა. ისეთი პროტესტი იყო ქვეყანაში, რომ ვეღარ გაბედეს პარლამენტში შესვლა, თორემ სიამოვნებთ შევარდებოდნენ. მათ რაც ჩაიდინეს, ეს არ ყოფილა შეცდომა. შეცდომა ყველას მოგვდის. რაც მათ გააკეთეს, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მათ პასუხი უნდა აგონ და აგებენ კიდევაც. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ასე რომ გაგვეკეთებინა, გახარია და ხაზარაძე როგორც ოპოზიციური ძალა, ისე ვერ ილაპარაკებდა. გახარიას პარტია ახლა პარლამენტში შესასვლელად ემზადება. აქამდეც თავპირისმტვრევით შევარდებოდნენ, იქ ხალხის რომ არ ეშინოდეთ.
_ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება ისწავლის ნამდვილი და ე. წ. ოპოზიციის გარჩევას ერთმანეთისგან? დღეს უკვე ბევრი აღიარებს, რომ ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციაა შესაცვლელი?
_ ამ ამბავში მთავრი აქტორი არის ქართველი ხალხი. ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. მგონია, რომ საზოგადოებამ საბოლოოდ დაინახა ყველას ნამდვილი სახე. ის პროცესი, რაც ახლა მიდის, ერთი მხრვ, არის ძალიან კარგი. როგორც სახარებაში წერია, მართალნი დადგებიან მარჯვნივ, ხოლო ცოდვილნი _ მარცხნივ. ყველაფერი გაშიფრა პროცესმა. ყველამ იცის, თუ ვინ იდგა ქართველი ხალხის გვერდით და ვინ აქცია ზურგი მას. ბრძოლაში კიდევ ბევრ რამეს ვისწავლით. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, სხვანაირად არ შეიძლება.
ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, თუ ვინ იყვნენ ესენი. ვამბობდით კიდევაც ამის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დაგვიჯერეს. ახლა ამ ვითომ ოპოზიციამ უკვე თავისი ხელით ჩამოიხსნა ნიღაბი და ხალხს აწი არჩევანის გაკეთება და დასკვნების გამოტანა აღარ გაუჭირდება.
ამათი ღალატის პარალელურად ჩვენზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას: ჩვენ ქართველი ხალხისთვის არასდროს გვიღალატია. 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ჩვენ გარდა ყველა პარტია შევიდა. ამის გამო ლეიბორისტული პარტია დასანქცირდა. მაგრამ ამან არაფერი შეცვალა _ ჩვენ გავაგრძელეთ ბრძოლა და ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსთაველზე.
რუსთაველზე ვდგავართ იმიტომ, რომ იქ თავისუფლებისთვის იბრძვიან. ამ ბრძოლაში უამრავი ადამიანია ჩართული. იქ მდგომებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ახლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი წყდება. გაჩერებისა და ხელების ჩამოშვების უფლება არ გვაქვს. ასევე აღარ გვაქვს იმის უფლება, რომ არჩევანის გაკეთების დროს შეცდომები დავუშვათ. ეს შეცდომები რომ არ დაგვეშვა, დღეს ვითომ ოპოზიციური პარტიები არც იარსებებდნენ და მთ უმეტეს ვერ გაბედავდნენ ამ ბრძოლის შეურაცხყოფას და ვერც ხელისუფლება გაათეთრებდა თავის რეპრესიებს მათი განცხადებებით.