QronikaPlus
ცოტნე კობერიძე - ტრაგიკული იყო 4 ოქტომბერი

ცოტნე კობერიძე - ტრაგიკული იყო 4 ოქტომბერი

2025-10-15 11:53:51

თამარ სანაძე

 

გლდანის მე-8 პენიტენციარული დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის შემდეგ თანამდებობა დატოვა, 7 ოქტომბერს საღამოს თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე, გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. დააკავეს ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის შემდგომ თანამდებობა დატოვა.

 

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, ბაჩიაშვილის საქმის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, ოთხი ოქტომბრის მერე განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე კობერიძე:

 

_ ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს, დააკავეს ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის შემდგომ თანამდებობა დატოვა, რას გეუბნებათ მთელი ეს სურათი?

_ ერთი სიტყვა, რომლითაც შეიძლება გიორგი ბაჩიაშვილის ირგვლივ არსებული ვითარება შევაფასო, ეს არის დომხალი. ბოლო ხანებში ჩვენ ვხედავთ რეალობას, სადაც სუიციდის მცდელობის, ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით რამდენიმე გამოძიება დაიწო. თორნიკე რიჟვაძის საქმე, ციხის უფროსი დაღუპული ნახეს ახლახან და არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, მსგავსი ტიპის სიტუაცია რომ არ იყოს შექმნილი, სადაც ადამიანს იმაზე ბევრად მეტი შიში აქვს, ვიდრე საკუთარი სიცოცხლის თავისივე ხელით ხელყოფამდე მიგიყვანოს, შეუძლებელია მსგავსი ტიპის თანამდებობაზე მყოფი ადამიანებისთვის მმართველი ძალის გარდა შიშს სხვა რამ იწვევდეს. ისიც ძალიან დიდი საშინელებაა, რომ თავი მოიკლა და თუ კიდევ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, რომ არ იყო ეს თვითმკვლელობის მცდელობა და ვინმეს ხელი ურევია, ეს კიდევ უარესია. საბოლოო ჯამში, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე უნდა ითქვას, რომ მას უბრალოდ არ აპატია ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილებები ფულთან მიმართებით და მზად არის გაუგონრად მოექცეს კაცს, რომელიც მის ხელში ჩამოყალიბდა და მის ხელში გაიზარდა.

_ ყველამ ვიხილეთ, რა მოხდა 4 ოქტომბერს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დღეს განვითარებულ პროცესებს? სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა იგი ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის?

_ ეს ქვეყნისთვის, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის ძალიან ცუდად წარიმართა. ბევრი უკანონო პატიმარი დაგვემატა. კიდევ უფრო მძიმე ისაა, რომ ადამიანები ყოველდღიურად ელოდებიან, იქნებიან თუ არა თვითონ დასაპატიმრებელ ადამიანთა სიაში. კიდევ უფრო ტრაგიკული გახდა სიტუაცია.

4 ოქტომბერს გაძლიერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და კიდევ უფრო დასუსტდა ოპოზიციური სპექტრი. მივიღეთ ის რეალობა, რომ დღეს ვარკვევთ, ჭიშკარი რატომ იყო ასეთი სუსტი და რატომ არ იყო უფრო მყარი? გრიგოლ ლილუაშვილმა ხომ არ გვიღალატა და ასეთი ტიპის აბსურდებს. აბსურდში გადავიდა მთლიანად პოლიტიკა და ეს სივრცე.

ტრაგიკული იყო 4 ოქტომბერი და კიდევ უფრო მძიმეა იმის გააზრება, რაც ახლა ხდება. იმის ნაცვლად, რომ რა შეგვეშალა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე ფიქრი და მსჯელობა იყოს, მიდის ლეგენდების მოგონება და გვიკვირს, რომ ხელისუფლებამ რატომ არ გვაცადა რევოლუცია.

_ არ წყდება მსჯელობა იმ საკითხზე, რომ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს ლილუაშვილმა უღალატა. ის ორმაგი აგენტი იყოო. რას ფიქრობთ ამ ინფორმაციაზე?

_ შეიძლება ეს იყოს სიმართლე ან კავშირი ჰქონდეს სიმართლესთან, მაგრამ კომიკურია, „ლილუაშვილმა გვიღალატა“ ამაზე საუბარი. ჩემი მეგობარი ჩელე ყურუა წერდა სოციალურ ქსელში ამ თემის შესახებ იუმორისტულად: „ძალიან ნაწყენი ვარ იმაზე, რომ ჩემი მეზობლის ცოლმა ქმართან მიღალატაო“. ზუსტად ასეა საქმე, როცა ამბობენ, ლილუაშვილმა გვიღალატაო. გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის კაცი ყოფილაო, რომ გვიკვირს, ძალიან სასაცილოა. როგორ შეიძლება, მსგავს ადამიანს ენდო და დაეყრდნო? რატომ უნდა დაეწყო გრიგოლ ლილუაშვილს საკუთარი თავის წინააღმდეგ რევოლუცია? ზოგადად, ღალატს რაც შეეხება, თუ თანამებრძოლი და მეგობარი იყო ეს მოღალატე, მაშინ უნდა ითქვას, რომ ამიერიდან მისდამი ნდობა აღარ იყოს და ვინმემ რამე საპასუხისმგებლო არ ანდოს. თუკი ეს პირი იყო „ქართული ოცნებიდან“, ლილუაშვილი თუ  მსგავსი ტიპის ადამიანი, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და ენდო ვინმე, მაშინ ის გამოდის იდიოტი. ამიტომ ან უნდა ითქვას, ვინ არის მოღალატე ან ამაზე საუბარი საბოლოოდ უნდა დამთავრდეს.

_ ჩვენ ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციის ირგვლივ განვითარებულ ვითარებაზე, „ოცნების“ პროპაგანდისტული არეალი კიდევ უფრო გაიზარდა. ცოტა ხნის წინ პაპუაშვილმა თქვა, რომ თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგასო. რა მოცემულობამდე შეიძლება მიგვიყვანოს „ოცნების“ ხელისუფლების ამგვარმა ქცევამ?

_ მინდა ვთქვა, რომ ყოველ ახალ წელს თავისუფლებაზე აწერენ მშვიდობით სავსე ქალაქიო და თუ ომი მიდის და ამას თვითონვე ამბობენ, რანაირად გვაქვს მშვიდობით სავსე ქალაქი? ვის ატყუებენ? ამას დამატებული რაც თბილისში ხდება, საერთოდ რა კავშირი აქვს ბრიუსელთან და როგორ უნდა ახერხებდნენ აქტივისტები, რომ ბრიუსელთან ჰქონდეთ კავშირი?

ხელისუფალს ფულს ვუხდით იმაში, რომ საკუთარი კონსტიტუციით დავალებული ეს ფუნქცია თვითონ შეასრულოს და თვითონ ჰქონდეს ბრიუსელთან აქტიური კომუნიკაცია. განცხადება, რომ თბილისიდან სამოქალაქო აქტივისტები არიან ბრიუსელთან კავშირში, მათთან კონტაქტზე და ბრიუსელი დგას აქციების უკან, ეს არის სასაცილო, ძალიან კომიკურია, მაგრამ კი, ნამდვილად, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ასე მუშაობს. ამ მხრივ კი ოთხმა ოქტომბერმა კიდევ უფრო გაუადვილა საქმე.

_ ყოველდღე მძიმე რეალობას ვიღებთ. თქვენ ახსენეთ, რომ ხელისუფლებას 4-მა ოქტომბერმა საქმე კიდევ უფრო გაუადვილაო. როგორ გესახებათ ქვეყნის მომავალი, რა არის ის, რაც ამ რთული ვითარებიდან გვიხსნის?

_ გრძელვადიანად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბევრი კარგი ადამიანი იზრდება, ხარისხიანად მოაზროვნე ახალგაზრდები არსებობენ ამ ქვეყანაში, რაც იმედს მაძლევს. ასეთი ადამიანები შექმნიან უკეთეს პოლიტიკოსს, უკეთეს მომღერალს, უკეთეს ხელოვანს, უკეთეს საზოგადოებას. გრძელვადიან მომავალში ძალიან იმედიანად ვარ. ახლო პერსპექტივაში ნაკლებად მაქვს კარგის იმედი. მინიმუმ დამიანებმა უნდა დაანებონ თავი ფარისევლობას და ტყუილს და შემდეგ შეიძლება რამე გამოვიდეს. სანამ იმ მდგომარეობაში ვართ, როცა ყველა ერთმანეთს ვატყუებთ, გულს ვფხანთ და ვაფერისტობთ, არაფერი გვეშველება.

გაზიარება