ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
2025-10-15 11:36:03
მიხეილ ხაჩიძე
რუსეთის ომი უკრაინაში ვითარდება მასობრივი ადამიანური დანაკარგით, მაგრამ კრემლი იძულებულია, ალტერნატიული რესურსები იპოვოს. ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მობილიზაციის შეზღუდვის გამო რუსეთი მიმართავს უცხოელ მებრძოლებს ღარიბი ქვეყნებიდან, მათ შორის ერაყიდან, იემენიდან, ალჟირიდან, იორდანიიდან, ინდოეთიდან და კუბიდან.
ლოს ანჯელეს თიმეს-ის ინფორმაციით, რიგი ქვეყნების მამაკაცები აიყვანეს რუსულ მხარეს საბრძოლო მოქმედებებისთვის ყალბი პერსპექტივებით: მაღალი ხელფასი, უფასო ჯანდაცვა, რუსეთის მოქალაქეობა. რეკრუტერები მუშაობენ ტელეგრამის არხებით, სადაც ათეულ ათასობით გამომწერი ჰყავთ და ხალხს ტვინს ურეცხავენ ფუჭი დაპირებებით.
ბაღდადში ტაქსის მძღოლმა ან სანას ქუჩის ვაჭარმა მსგავსი დაპირებები შეიძლება ცხოვრების შანსად აღიქვას. სინამდვილეში, ისინი კარგი ცხოვრების ნაცვლად უკრაინის ფრონტზე აღმოჩნდებიან, სადაც სიკვდილი მეფობს.
გლობალური ფენომენი
არაბების გარდა სხვა რეგიონებიც აღმოჩნდნენ რუსული რეკრუტირების სამიზნედ. ინდოეთიდან NDთV იუწყებოდა, რომ 2025 წლის დასაწყისში მინიმუმ 126 ინდოელი მებრძოლი წავიდა რუსეთის მხარეს საბრძოლველად, მათ შორის 12 ფრონტზე მოკლეს. გადარჩენილებმა BBჩ-ს უთხრეს, რომ სამხედრო მომზადება არ ჰქონდათ, არც სამხედრო აღჭურვილობა და სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები.
კუბის შემთხვევა კიდევ უფრო მასშტაბურია: უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, დაახლოებით 20.000 კუბელი მებრძოლი მსახურობს რუსეთის სარდლობის ქვეშ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კუბელი დაქირავებულები მალე შეიძლება გახდნენ ომში ყველაზე მრავალრიცხოვანი უცხოური კონტინგენტი.
• 2023-2025 წლებში უკრაინაში რუსული კონტრაქტორების რაოდენობა უცხოელებით, დაახლოებით, 75.000-100.000-მდე მერყეობს;
• კუბელი მებრძოლები, დაახლოებით, 20%-ს შეადგენენ ამ ჯგუფში;
• ინდოელი, ერაყელი, იემენელი და სხვა საექსპორტო ქვეყნების წარმომადგენლები თითქმის 10-15%-ს შეადგენენ.
ეს ციფრები აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო კამპანია დიდწილად დამოკიდებულია უცხოელ მებრძოლებზე, რომლებიც არ არიან პროფესიონალი ჯარისკაცები.
სტრატეგიული შედეგები
რუსეთის მიდგომა ცხადყოფს დაგეგმილ პოლიტიკას: ეკონომიკური სირთულეებისა და უმუშევრობის გამოყენებით, კრემლი სხვების სიცოცხლეს საკუთარ აგრესიულ ომში იყენებს.
ამავე დროს, ეს სტრატეგია აჩვენებს, რომ კრემლს არ სურს შიდა მობილიზაციის გაფართოება; უნდა, რომ შიდა წინააღმდეგობები შეამციროს, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მძიმე ეთიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გამოწვევები უჩნდება.
რუსეთის მიმართ უცხოელი დაქირავებულების იმედი აჩვენებს როგორც სამხედრო კამპანიის ძალას, ისე გლობალური სიღარიბით მანიპულაციას. ერაყიდან კუბამდე ეკონომიკური დაუცველობა იქცევა იარაღად მოსკოვისთვის, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის საგანგებო გამოსაკვლევი ეთიკური და ჰუმანიტარული პრობლემა ხდება.
უკრაინის მეომრების ხედვა
დემნა ჩიტიშვილი, ქართული ლეგიონის მებრძოლი უკრაინაში, თვალს ადევნებს იმ საფრთხეებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისა და „ხორცის რესურსების“ გამოყენებით იქმნება. როგორც ის „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რუსეთის მხარეს მებრძოლ უცხოელებში, რომლებიც უკრაინის ფრონტზე არიან, ბევრია ჩრდილოეთ კორეელი და აფრიკელი მებრძოლი – იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც რუსული პოლიტიკის მხარდამჭერები არიან.
„ესენი არიან პროპაგანდის მსხვერპლი ხალხი, რომლებიც შეიტყუეს ხორცსაკეპ მანქანაში. პროფესიონალი სამხედრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას სიმართლის წინააღმდეგ, რადგან ყველამ იცის, რომ ფულადი გასამრჯელო ვერ დაამარცხებს ამ ძალას“, – განმარტავს ჩიტიშვილი.
მისივე თქმით, უცხოელი მებრძოლების მოტივაცია ძირითადად მატერიალურია – ისინი მოხიბლულები არიან ფულით და პროპაგანდით, არა იდეოლოგიით ან ჰუმანური მიზნებით. „ძალიან მცირე, თუ არა ნულოვანი მორალური მოტივაცია აქვთ – ისინი უბრალოდ ინსტრუმენტული რესურსია ომში“, – აღნიშნავს ჩიტიშვილი.
ფრონტზე, თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, უცხოელ მებრძოლებს დიდი ხარჯი აქვთ: თითო დაქირავებულზე შეიძლება 5-7 დრონი დაიხარჯოს, რაც აჩვენებს, რომ ისინი რეალურად ვერ ქმნიან ეფექტიან სამხედრო ძალას.
ჩიტიშვილის შეფასებით, რუსული პროპაგანდა იყენებს სიღარიბეს და მატერიალურ წყურვილს, რათა ხალხი აიძულოს ბრძოლაში ჩასაბმელად: „მხოლოდ სიღარიბეს იყენებენ პროპაგანდასთან სინქრონში, ხალხს აჯერებენ, რომ ომით გამდიდრდებიან“. თუმცა თანამედროვე კომუნიკაციებისა და სოციალური ქსელების პირობებში მანიპულაცია აღარ არის ისეთი მარტივი. საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია ამ პროცესების ანალიზი, დროული და სანდო ინფორმაცია მიაწოდოს სამიზნე ქვეყნებს და მის მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანი იქნება პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად:
„ქრონიკა+“-ს ესაურება დემნა ჩიტიშვილი:
_ დემნა, ხომ არ გქონია შეხება პირადად ან ინფორმაცია არაბი მებრძოლების შესახებ ფრონტზე ან ზოგადად უცხოელი დაქირავებულების, რომლებსაც პუტინი უკრაინელების წინააღმდეგ იყენებს?
_ დიახ, რა თქმა უნდა, დრონით მუშაობისას გვქონდა შემთხვევა, დავაფიქსირეთ რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი და ფერადკანიანები, ვიცით, რომ ერთეული წარმომადგენლები არიან რუსული პოლიტიკის მხარდამჭერი ქვეყნებიდან.
_ ზოგადად, როგორ აღწერთ ამ დაქირავებულების საბრძოლო მზადყოფნასა და გამოცდილებას?
_ ესენი არიან პროპაგანდის მსხვერპლი ხალხი, რომელიც შეიტყუეს ხორცსაკეპ მანქანაში. პროფესიონალი სამხედრო არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, იომოს სიმართლის წინააღმდეგ, რადგან ყველამ იცის, ვერანაირი ფულადი გასამრჯელო ვერ დაამარცხებს ამ ძალას.
_ რა სიტუაციას იყენებენ რუსული რეკრუტერები უცხოელების დასახვედრად? ძირითადად ღარიბ ქვეყნებზე მუშაობენ და ფულით იზიდავენ ცრუ დაპირებებით, როგორც ცნობილია.
_ ზემოთ უკვე ვახსენე, პროპაგანდით და მატერიალური კუთხით იზიდავენ, არც ერთი რაიმე იდეოლოგიით ან ჰუმანური მისიით იქ არ იბრძვის... ისინი ჩვეულებრივი საზარბაზნე ხორცი არიან...
_ რა წვლილი შეაქვთ უცხოელებს ფრონტის ხაზზე და რამდენად ეფექტიანია რუსეთის მხარეს მათი ბრძოლა?
_ უბრალოდ თითო დაქირავებულზე 5-7-ით მეტი დრონი დაიხარჯება, ეს აღარ არის ომამდელი უკრაინა.
_ რა გავლენა აქვს უცხოელების მონაწილეობას ფრონტის მორალურ ატმოსფეროსა და ადამიანის უსაფრთხოებაზე?
_ მორალურ ატმოსფეროს რაც შეეხება, მხოლოდ სასაცილოა, რადგან იგებ, მსოლიოში რამდენი ადამიანი არსებობს, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს.
_ როგორ შეაფასებდით კრემლის სტრატეგიას სიღარიბის იარაღად გამოყენების შესახებ?
_ ზუსტად სიღარიბეს იყენებს პროპაგასდასთან სინქრონში, ხალხს აჯერებს, რომ ომით გამდიდრებიან.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად გაგრძელდება ეს ტენდენცია – უცხოელების გაგზავნა უკრაინაში?
_ თანამედროვე მსოფლიო ბევრად განვითარებულია: სოციალური ქსელები, კომუნიკაციები და უკვე ასე ადვილად აღარ არის მოწყვლადი.
_ საერთაშორისო თანამეგობრობამ რა უნდა გააკეთოს ამის აღსაკვეთად?
_ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია ანალიზი გააკეთოს, დასკვნები გამოიტანოს და იმუშაოს ამის წინააღმდეგ, მიაწოდოს სამიზნე ქვეყნებსა და მის მოსახლეობას დროული და სწორი ინფორმაცია.
ვითარება უკრაინის ფრონტზე: დაძაბულობა აღმოსავლეთ და სამხრეთ ხაზებზე
2025 წლის 13 ოქტომბრისთვის უკრაინის ფრონტზე ვითარება კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში, სადაც რუსული ძალები ახორციელებენ ინტენსიურ შეტევებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად ეწინააღმდეგებიან მტრის წინსვლას, თუმცა სიტუაცია რთული რჩება.
დონეცკის რეგიონი
დონეცკის ოლქში, განსაკუთრებით პოკროვსკისა და კურახოვოს რაიონებში, რუსი ოკუპანტები ცდილობენ უკრაინის თავდაცვის მესამე ხაზის დაძლევას. ექსპერტების შეფასებით, რუსეთმა შეტევის კულმინაციას მიაღწია. უკრაინელი მეომრები გმირულად იბრძვიან და იცავენ სამშობლოს მტრებისგან.
ხარკოვის რეგიონი
ხარკოვის გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში რუსული ძალების დაბომბვა გაძლიერდა. ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მტერი, ძირითადად, თავდაცვაზეა ორიენტირებული, ხოლო უკრაინის ჯარები მტკიცედ იცავენ პოზიციებს.
სამხედრო დანაკარგები
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგები შემდეგნაირად გამოიყურება:
• ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 117 360 ადამიანი;
• ტანკი – 11 238 ერთეული;
• ჯავშანტექნიკა – 23 319 ერთეული;
• საარტილერიო სისტემა – 33 493 ერთეული;
• MLღშ – 1 516 ერთეული;
• საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 224 ერთეული;
• თვითმფრინავი – 427 ერთეული;
• ვერტმფრენი – 346 ერთეული;
• უპილოტო საფრენი აპარატი – 67 564 ერთეული;
• ფრთოსანი რაკეტა – 3 841 ერთეული;
• გემი/ნავი – 28 ერთეული;
• წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული;
• მანქანები და საწვავის ავზები – 63 575 ერთეული;
• სპეციალური ტექნიკა – 3 973 ერთეული.
ამ მონაცემებში შედიან როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები.
საერთაშორისო რეაქცია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულების ყველა შესაძლებლობა 2025 წელს არსებობს, თუმცა ამისთვის აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება და უსაფრთხოების გარანტიები. მისი თქმით, უკრაინა არ უნდა დარჩეს მარტო და საჭიროა დასავლეთის მხარდაჭერა.
ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნებში იზრდება შეშფოთება რუსეთის შესაძლო თავდასხმების შესახებ. ნატოს განცხადებით, რუსეთი ალიანსის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და რეალური ომისთვის ემზადება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად და გმირულად ეწინააღმდეგებიან მტრის შეტევებს, ფრონტის ხაზზე არსებული დაძაბულობა და რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმები მიუთითებს, რომ ომი კვლავ გრძელდება და მისი დასრულება ჯერ ბუნდოვანია.