ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
2025-10-15 11:02:12
თამუნა მჭედლიშვილი
აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები, რაც შეიძლებოდა საფუძველი გამხდარიყო 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეების დასაკავებლად? როდემდე გააგრძელებს „ქართული ოცნება“ დაკავებების სერიებს და ჰქონდა თუ არა რეალური შანსი ოპოზიციას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოეგლიჯა „ოცნებისთვის“ თბილისი? როგორ შეაფასა და აღიარა თუ არა ევროკავშირმა 2025 წელს ჩატარებული არჩევნები?
4 ოქტომბრის სამართლებრივი შეფასებისა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრა იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი:
_ ნიკა, საინტერესოა თქვენი სამართლებრივი შეფასება 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ. დაკავებულია აქციის 45 მონაწილე: პოლიტიკოსები, ცნობილი ადამიანები, ასევე გოგონები და ქალები, აკადემიკოსი, პედიატრი გოგი ჩახუნაშვილი... რისი მიღწევა სურს „ქართულ ოცნებას“?
_ ამ ყველაფრის ახსნას დავიწყებ იმ სამართლებრივი ნორმებით, რომლებითაც პროკურატურას აქვს გამოძიება დაწყებული და რომლითაც, პრინციპში, უკვე 45 ადამიანია დაკავებული. პრინციპში, ეს მუხლები გულისხმობს მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისკენ, გადატრიალებისკენ, ანუ ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლისკენ. ასევე უკანონო ფორმირების შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას, ორგანიზებულად მონაწილეობას და ასევე ნივთის დაზიანების ნორმებითაც არის ეს გამოძიება დაწყებული.
აქ ისეთ ნორმებზე აპელირებს პროკურატურა და ისეთი მუხლებით არის გამოძიება დაწყებული, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, ძალადობრივ მოწოდებას ხელისუფლების შეცვლისკენ და, მეორე _ ეს ძალადობა უნდა იყოს ორგანიზებული. ამ შემთხვევაში ორგანიზატორად ხუთი ადამიანია დასახელებული. ანუ ეს ადამიანები აორგანიზებდნენ ამ ძალადობას _ პროკურატურის ვერსია ასეთია, მაგრამ დეტალებს რომ ჩავყვეთ...
_ მტკიცებულებები? აქვს პროკურატურას საკმარისი სამხილი დაკავებულების მიმართ?
_ ამ ეტაპისთვის არსებული მტკიცებულებები, რომლებზედაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და რაზედაც პროკურატურა მიუთითებს, არის ის საჯარო განცხადებები, რომლებიც იყო გაკეთებული მათ შორის 4 ოქტომბრის საღამოს და მანამდეც საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, სადაც ძალადობრივად ხელისუფლების ცვლილებისკენ მოწოდებები არ იყო. ერთი არის, რომ მოწოდება უნდა იყოს ძალადობრივი და საქვეყნოდ გაკეთებული და რომ მოწოდება უნდა იყოს აშკარად ძალადობრივი ცვლილებისკენ ან დამხობისკენ. პრინციპში, ორივე ძალადობის ელემენტს შეიცავს. ანუ ძალადობრივი მოწოდება უნდა იყოს აუცილებლად სახეზე და მეორე: არის ისეთი მუხლებიც ამ გამოძიების ფარგლებში, რომლებიც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ანუ წინასწარორგანიზებული ჯგუფი უნდა იყოს შეთანხმებული იმაზე, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო გადატრიალება ძალადობით. ცალკე აღებული საჯარო განცხადებები ძალადობის ორგანიზების შემადგენლობას ვერანაირად ვერ მოგვცემს. ერთია, რომ რასაც პროკურატურა მიუთითებს, იქ ძალადობრივი მოწოდებები არ არის, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ძალადობის ორგანიზებას საერთოდ სხვა სახისა და ხარისხის მტკიცებულებები სჭირდება! რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალადობის ორგანიზების შემადგენლობას ვერ მოგვცემს.
_ რატომ?
_ 317-ე მუხლის მიზნებისთვის ეს უნდა იყოს ძალადობრივი მოწოდება, მაგრამ ორგანიზების ნაწილში, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებისა და უკანონო ფორმირების შექმნის ნაწილში, ეს უნდა იყოს წინასწარ განზრახული ქმედება, რომელიც წინასწარ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, რომ ამ ფორმირების მიზანი შესაბამისი ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო. ამიტომ უნდა არსებობდეს სხვა სახის მტკიცებულებები, გარდა ამ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისა. შიდა მუშაობის პროცესში, როგორც პროკურატურა ამბობს, უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს იმას, რომ მანამდე იგეგმებოდა ეს ძალადობრივი ქმედებები და კონკრეტულად ამ გეგმის ნაწილი იყო ის, რომ ძალადობით განხორციელებულიყო გარკვეული ქმედებები. შეიძლება არსებობდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მაგალითად შეესწრნენ პროცესს, თუ როგორ იგეგმებოდა ეს ძალადობის ფაქტები. შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული სხვადასხვა ოპერატიული ღონისძიების მოქმედების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, იგივე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები.
_ ფარული ჩანაწერი ხომ გამოაქვეყნა „ოცნებამ“ _ ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის „საუბარი“, რაც მალევე გაირკვა, რომ „ფეიკი“ იყო.
_ თუ გამოძიებას მეტი არაფერი აქვს გარდა ფეიკჩანაწერისა, რა თქმა უნდა, ეს უკვე ორგანიზებას (ყველა შემთხვევაში შემომეორგანიზა-შემოურგანიზდა) ვერ ამტკიცებს. ასეთი რამ არ არსებობს. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, განზრახული ქმედება- ქმედებათა ერთობლიობა. შესაბამისად, მას ორგანიზებული სტრუქტურაც უნდა ჰქონდეს _ როლები და ფუნქციები უნდა იყოს გადანაწილებული. ეს არ არის 5 წუთის ან ერთი დღის სამუშაო პროცესი. ეს უნდა იყოს რაღაცა პერიოდით ადრე დაწყებული პროცესი. თუ პროკურატურა ამბობს, რომ ეს გადატრიალება იგეგმებოდა დიდი ხნით ადრე, მაშინ მხოლოდ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები საკმარისი არ არის არცერთ შემთხვევაში. აქ უფრო მეტად აუცილებელია მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რეალურად რას აპირებდნენ ისინი. საზოგადოებას ამის შესახებ აქვს კითხვები.
_ ერთობ უცნაური განცხადება გააკეთა კობახიძემ, როდესაც „აღიარა“, რომ მათ იცოდნენ და ჰქონდათ ინფორმაცია ამ დაგეგმილი ძალადობრივი დამხობის შესახებ. რატომ არ აღკვეთეს და რატომ აცალეს?
_ მომზადების ეტაპზე აქ ისეთ დანაშაულებზეა საუბარი, რომ თუ ასეთი დანაშაული მზადდება და ეს იციან სახელმწიფო სტრუქტურებმა, ეს უნდა აღკვეთონ. ეს არის მათი ვალდებულება. თუ არ აღკვეთენ და მეტიც, თუ მათ გარკვეულწილად პროვოცირებაც კი მოახდინეს იმისა, რომ დანაშაული ჩადენილიყო, ეს უკვე სამართლებრივად ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურებმა დანაშაულის პროვოცირება კი არ უნდა მოახდინონ, არამედ თუ მათ რაიმე ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, რომ ასეთი დანაშაული მზადდება, სამზადისშივე უნდა აღიკვეთონ და მომზადების ეტაპებზე! ასეთი დანაშაულები უკვე არის დასჯადი. „ქართულ ოცნებას“, ფაქტია, უნდოდა დადგმულიყო რაღაცა სანახაობა, რომლიდანაც შემდეგ რევოლუციურ სცენარს შეკერავდა. ამისთვის გამოიყენეს მათ ის ფეიკჩანაწერი, რომელმაც ვერ იმუშავა საზოგადოებაზე.
_ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დამალული იარაღის შესახებ?
_ კი, პროკურატურამ გაავრცელა ჩანაწერი ამოთხრილი თუ დამარხული იარაღის შესახებ. იცით, პირდაპირი კავშირი, რასაც პროკურატურა და „ქართული ოცნება“ საუბრობს და ზოგადად, ცალკე აღებული ეს საუბრები, არაფრისმომცემია, თუ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება და კონკრეტული კავშირი, რომ ეს დამარხული იარაღი უნდა ყოფილიყო გამოყენებული ძალადობრივი მიზნებისთვის და ვიღაცას ეს გეგმა-მიზანი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს კავშირში უნდა იყოს ამ დაკავებულ ხუთ ადამიანთან. ვიღაცამ თავისი ინიციატივით მოინდომა, რომ იარაღი გამოეყენებინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს რომ ძალადობრივი ქმედება ორგანიზდებოდა და პაატა ბურჭულაძე ან მურთაზ ზოდელავა ან რომელიმე ადამიანი დამნაშავეა. კავშირი ამ ორგანიზებულ ჯგუფთან, თუ ასეთი რამ იგეგმებოდა, იარაღის გამოყენებას ვგულისხმობ, უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი. „ქართული ოცნება“ საუბრობს იმაზე და ისეთ რაღაცებს აღწერს, რომ, ერთი შეხედვით, დანაშაულია, მაგრამ დანაშაულს სჭირდება დამტკიცება. მტკიცებულების გარეშე ცარიელი სიტყვები კი უბრალოდ არაფერს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებითდა არა მათი ცალკე აღებული სიტყვებით. სამართლებრივად ეს სიტყვები საკმარისი არანაირად არ არის, რადგან მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს ამ დანაშაულებათა დაგეგმვის, ორგანიზების, როლების გადანაწილების, მათ შორის იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზე და გეგმის დაწყობის... მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მიჩნდება კითხვა: _ თუ ეს იარაღი იყო დამარხული, შიშველი ხელით რის ასაღებად და დასამხობად მირბოდა ეს ხალხი რუსთაველზე? და თუ შემდეგ უნდა ყოფილიყო ეს იარაღი გამოყენებული, მაშინ რისთვის უნდა გამოეყენებინათ?
_ შესაძლებელია, ბრალის კვალიფიცირება შეცვალონ?
_ პროცესი მიმდინარეობს დაკავებული 45 ადამიანის მიმართ ერთიანი გამოძიების ფარგლებში. მათთან მიმართებით ბრალის კვალიფიცირება ბოლოს როგორ მოხდება, ამას მომავალში მივადევნებთ თვალს. ერთია, ორგანიზატორებს უნდა დაუმტკიცონ, რომ ორგანიზებას ახდენდნენ; მეორეა, ცალკეული პირების ქმედებების შეფასება. მაგ., შესაძლებელია მოწოდება იყო სავსებით მშვიდობიანი და კანონის ჩარჩოებს არ გასცდენია, მაგრამ ცალკეულმა პირებმა თვითინიციატივით ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს ან ცალკეული დანაშაულებები ჩაიდინეს, _ ეს ამ კონკრეტული პირების გადაცდომებად უნდა შეფასდეს. მაგ., მე მოვუწოდე ხალხს აქციის ჩატარებისკენ პარლამენტთან, ერთ-ერთმა მინაწილემ ძალდობრივი ქმედება ჩაიდინა, _ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მე მოვუწოდე ამ ადამიანს ძალდობის ჩადენა? მე თუ დამიმტკიცებენ, რომ ამ ადამიანს მოვუწოდე, დავავალე, მივუთითე, რომ ძალადობა გაეკეთებინა, მაშინ ეს იქნება დანაშაული, მაგარამ, ამ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ მხოლოდ საუბრობს და მტკიცებულებით ვერ ამყარებს თავის მონაყოლს. ამიტომ ამ დაკავებული ადამიანების მიმართებითაც უნდა არსებობდეს მტკიცებულებები, რომ საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებულები იყვნენ და ამიტომ განახორციელეს კონკრეტული ძალადობრივი ქმედებები.
_ ადამიანები დაკავებულები არიან პრეზიდენტის სასახლის ჯებირის მონგრევისთვის.
_ დიახ, ნაწილი ადამიანებისა იმიტომ არის დაკავებული, რომ ჯებირი მოანგრიეს. თუ ცალკე აღებული ჯებირის მონგრევა არ არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ეს შეიძლება იყოს ნივთის დაზიანება და აბსოლუტურად სხვა დანაშაულია. მაგრამ თუ ვსაუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულზე, აქაც მტკიცებულება უნდა არსებობდეს: ადამიან „იქსს“ ჰქონდა როლი და ფუნქცია, რომ მოენგრია ჯებირი, მეორეს უნდა შეეტია პოლიციელისთვის, მესამეს უნდა განეიარაღებინა და ა. შ. თუ არადა, მაშინ ეს ორგანიზებული ჯგუფი კი არა, სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველია. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ნივთის დაზიანება და არა როგორც სახელმწიფო გადატრიალება. „ქართული ოცნება“ ამას კრავს ერთიან ორგანიზებულ დანაშაულად, რომელთა დაკავშირებითაც მტკიცებულებები არ არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ნამდვილად იყო პოლიციელზე თავდასხმა ან ნივთის დაზიანება, მაგარამ ეს არ შეიძლება ერთიან, ორგანიზებულ დანაშაულად ჩაითვალოს.
_ პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესვლასთან დაკავშირებით განხორციელებულ დაკავებებს როგორ შეაფასებთ?
_ აღებული შეჭრა სახელმწიფო დაწესებულებაში, ძალადობის გარეშე _ ვერ მოგვცემს იმ დანაშაულების ნიშნებს, რომელზედაც „ქართული ოცნება“ საუბრობს. თუ არ არის მტკიცებულება, რომ ამ შესვლას შემდეგ სხვა ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ ამ შესვლას უნდა მოჰყოლოდა გარკვეული ნაბიჯები, გამოდოს და გაასაჯაროოს მაშინ პროკურატურამ. თუ არ აქვთ ასეთი მტკიცებულებები, მაშინ სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი და არა დანაშაული.
_ როდემდე აპირებს „ოცნება“ რეპრესიების სერიების გაგრძელებას? ბიძინა ივანიშვილი აგროვებს მძევლებს, რომ საჭირო მომენტში კარგად ივაჭროს?
__ კარგი კითხვაა! დავიწყოთ იმით, რომ კობახიძეს წამოსცდა თუ სპეციალურად თქვა, ეგ მეორე საკითხია, ფაქტია რომ თქვა ნულოვანი თანაგრძნობის შესახებ, რაც, ალბათ, სხვა დარგის სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ _ ეს განცხადება რას ნიშნავს საერთოდ და რამდენად ადამიანური განცხადებაა? ჩემი აზრით, ამ განცხადებას არაფერი საერთო აქვს ადამიანურობასთან, ჰუმანიზმთან და არც ქრისტიანობასთან აქვს შემხებლობა საერთოდ. ივანიშვილი კი ღიად ცდილობს, მაქსიმალურად დააშინოს ადამიანები.
ნახეთ, მათ ჰქონდათ ფიზიკური ტერორის ფაზა ნოემბერ-დეკემბერში, გადავიდნენ ფინანსურ ტერორზე ჯარიმების სახით და დაჭერების ფაზაც იყო. ფინანსურად, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ეს ტერორის ფაზები ჩვენ გამოვიარეთ უკვე, საზოგადოებამ გამოიარა, რამაც, გარკვეულწილად, იმუშავა და საზოგადოების ნაწილი შეშინდა ამის გამო, რაც ბუნებრივიც იყო. მაგრამ ამ პროცესების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ვნახეთ, რომ ქართული საზოგადოება, ასობით ათასი ადამიანი, ისევ დგას ქუჩაში! ისევ ამბობს იმას, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ფსონი ჰქონდა დადებული, რომ 4 ოქტომბრის ამბები მომხდარიყო ისე, როგორც მოხდა. და ამით გაეშავებინა, დისკრედიტაცია მოეხდინა პროტესტის, შემდგომ კი ფრუსტრაცია გამოეწვია. ნაწილობრივ ამან იმუშავა, მაგრამ არა ბოლომდე! ბოლომდე ვერ იმუშავა. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხშივე დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ხდება ძალისმიერი მეთოდებით გადატრიალება, 5 და 6-ში შეკრებების გაგრძელება რომ აღარ მოჰყოლოდა ამ ფაქტს, მაქსიმალურად საზოგადოების დაშინებაზე გადავიდნენ, რათა ხალხი გარეთ აღარ გამოსულიყო. ამ დროს, ეს ბოლო დღეებია, რუსთაველის გამზირი ისე იკეტება, რომ პოლიცია იქ ადგილზე არც არის, რაც მათი ვალდებულებების დარღვევაა _ ვინც ასეთ მითითებებს გასცემს, იმ ადამიანების მიმართ, აუცილებლად უნდა დაისვას საკითხი მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და არა პოლიტიკური. „ქართული ოცნება“ ცდილობს, მაქსიმალურად დააშინოს ადამიანები, რომლებიც პროტესტის ავანგარდში არიან განსაკუთრებით და ეს ყოველდღიურ რჟიმში დაჭერების ახალ-ახალი ტალღები სწორედ ამას ემსახურება. ნახეთ, რა ხდება: რეალურად, რუსთაველის გამზირი არის ადგილი, რომლის გამოც ივანიშვილის რეჟიმს აღიარება, ფაქტობრივად, ვერ ეღირსა და არც უწერია, სანამ ეს პროტესტი გრძელდება. მაგრამ მეორე მომენტი არის ის, რომ ამ პირობებში ივანიშვილის რეჟიმს ძალიან კარგად გამოსდის ის, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს და ბზარი გააჩინოს საზოგადოებაში (არჩევნების მაგალითზე ეს კარგად დავინახეთ: ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, _ შენ რატომ არ მიიღე არჩევნებში მონაწილეობა), ამ შუღლის ჩამოგდება მან შეძლო გარკვეულწილად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსთაველის გამზირი რჩება იმ ადგილად, სადაც განსხვავებული აზრების, პოზიციების, დამოკიდებულებების მქონე ადამიანები ახერხებენ ერთად დგომას. ანუ ეს არის საკრალური ადგილი, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ფენა ახერხებს გაერთიანებას.
„ქართული ოცნების“ მთელი მთავარი თამაში არის დაყავი და იბატონეში, დაპირისპირებასა და იბატონეში. ნებისმიერი მათი განცხადება არის საზოგადოების დაპირისპირებისკენ მიმართული. ეს ხალხი ცდილობს მაქსიმალურად დაგვაპირისპიროს ერთმანეთთან, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი ვეღარ შევძლოთ და ვერ მოვახერხოთ ერთად საქმის კეთება! მაგრამ რუსთაველის გამზირზე საერთოდ საპირისპირო ხდება, ჩვენ თუ ვნახავთ, იქ რა ადამიანები დგანან. ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. ყველაზე მეტად ეს არ აწყობს და არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილსაც.
_ რა უნდა ივანიშვილს?
_ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მაქსიმალურად დააშინოს ეს ადამიანები და პროტესტი შეწყდეს, თუ მას ეს გამოუვა სხვადასხვა ფორმებით, მაგ., არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა, დამოუკიდებელ მედიებს სპობს, პარტიების აკრძალვებისკენ მიდის. რათა პროტესტი გააჩუმოს, ანუ ნებისმიერი ფორმით განსხვავებული აზრის მოკვლისკენ დგამს ეს ადამიანი ნაბიჯებს. თუ მან ეს შეძლო, ასეთ შეთხვევაში უბრალოდ სავაჭროდაც აღარაფერი დასჭირდება. ის გაიფორმებს, რაც მას უნდა. ანუ გაიფორმა ბელარუსი, როგორც ამას ვამბობთ ხოლმე. ხოლო თუ ეს ვერ გამოუვიდა და გრძელვადიან პერსპექტივაში გაიწელა ყველაფერი და მას გარანტიების მისაღებად ვაჭრობა დასჭირდება, ივანიშვილი ამას აუცილებლად გამოიყენებს, მინიმუმ, საბოლოო ჯამში, საკუთარი ტყავის, ქონების გადასარჩენად. ამიტომ აქ გამიჭირდება ერთმნიშვნელოვნად საუბარი იმაზე, რომ რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ამ ეტაპისთვის ამდენი ტყვე? მაგრამ ვფიქრობ, რომ აქვს მას გეგმა „ა“, რომელიც გულისხმობს, რომ ყველაფერი უნდა დაიქვემდებაროს, დაიმორჩილოს და საზოგადოება გააჩუმოს, რაც სწრაფად ვერ მოხდება. რაც უფრო ხისტი მეთოდებით იმოქმედებს, ამაზე საზოგადოების უფრო მეტ აღშფოთებას გამოიწვევს. ის ცდილობს ნელ-ნელა მოხრჩობას და მოგუდვას საზოგადოების კრიტიკული ნაწილის. თუ ეს გამოუვა მეთოდური მუშაობით, მაშინ გაუვა და იქნება მყარ პოზიციაზე, თუ დიდხანს გაუგრძელდა და ვერ შეძლო მოკლევადიან პერსპექტივაში, მაშინ ამ ტყვეებს გამოიყენებს სავაჭროდ, და არა მარტო ამ ტყვეებს. ის გამოიყენებს არასამთავრობოების ნაწილს და მედიების ნაწილს საკუთარი თავის გადასარჩენად. მას აქვს გეგმა „ბ“-ც, როგორც მინიმუმ. დანარჩენ გეგმებზე გამიჭირდება საუბარი.
_ რას გვეტყვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ გაკეთებულ საერთაშორისო შეფასებებზე? იმუშავა ბოიკოტმა? რატომ ვერ გამოგლიჯეს თბილისი არჩევნებში მონაწილე ოპოპარტიებმა „ოცნებას“?
_ საბოლოოდ, ვერცერთმა რომ ვერ იმუშავა, ამიტომაც წავიდა ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა. ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და როგორ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, ერთმანეთზე დავიწყეტ გადაბრალება, _ არა შენი ბრალია, არა შენიო. ყველაზე მეტად ეს ივანიშვილს აწყობს. საბოლოოდ, ერთმანეთზე დარტყმით ვერაფერ შედეგს ვერ მივიღებთ.
რაც შეეხება საერთაშორისო აღიარებებსა და შეფასებებს, პრინციპში, ერთადერთი რაც ჩვენ მოვისმინეთ, იყო ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადება, სადაც არაღიარებაზეც კი არ საუბრობდნენ ამ პროცესების. იმდენად უსამართლო პროცესი იყო, უსამართლო პირობებში წარმართული და იმდენად ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების, რომ აღიარება-არაღიარებაზეც არავინ ლაპარაკობს. ამ არჩევნებს შევხვდით ეთი ნახევარი დაჭერილი ოპოზიციით და მეორე ნახევარი დაშინებული ოპოზიციით. ამ არჩევნებს დამკვირვებელი არ ჰყოლია _ არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ ბრალი, ერთსაც და მეორესაც შეეზღუდა და არ მიეცა დაკვირვების შესაძლებლობა, შესაბამისად, ამ არჩევნებს შევხვდით იმ პირობებში, როცა ეუთო/ოდირს წინა არჩევნები ძალიან ცუდად ჰქონდა შეფასებული, უპრეცედენტოდ მკაცრად შფასებული, ფაქტობრივად, ახალი არჩევნების ჩანიშვნისკენ მოგვიწოდეს... და ამ პირობებში კი არა, უარესში შევხვდით, რადგნ ხვრელი, რითაც უნდა აღმოგვეჩინა, კარუსელი ტრიალდებოდა თუ არა, ამ ხვერელის აღმოსაფხვრელად მიიღეს რეგულაცია, რომლითაც კარუსელსაც ვეღარ აღმოაჩენ. ანუ დაკვირვებასაც კი დაუკარგეს აზრი. ამიტომ ბევრად გაუარესებულ მდგომარეობაში შევხვდით ამ არჩევნებს სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში, შესაბამისად, ამ არჩევნების ამღიარებელი გაჭირდება, ვინმე რომ მოიძებნოს.
_ ბელარუსმა ხომ აღიარა...
_ ბელარუსი აღიარებს, რუსეთსაც ძალიან მოეწონა ჩვენი არჩევნები და „შედეგები“ და იმ ადამიანებსაც, რომლებიც რუსეთში იწონებენ არჩევნებს. აქამდე ცენტრალური ხელისუფლება თუ გვყავდა არაღიარებული, ახლა ამას დაემატება ადგილობრივი ხელისუფლებაც _ ეს მეტ კრიზისს შექმნის ქვეყანაში.
რაც შეეხება არჩევნებში შესვლა-არშესვლის საკითხს, ჩემი პოზიცია იყო შესვლა ერთიანი გეგმით მთელი ოპოზიციის, დიდი ქალაქების გამოგლეჯის ალბათობას თითქმის არ ვუშვებდი, რადგან წინასწარ განჭვრეტადი და ცხადი იყო იმ პროფესიონალებისთვის, რომლებსაც არჩევნებზე მრავალი წელი გვიმუშავია. თუ ამომრჩეველს ეუბნები, რომ გამოვგლეჯ „ქართულ ოცნებას“ დიდ ქალაქებს, აქ უკვე არ ხარ გულწრფელი. ან ერთიანად უნდა შესულიყავი, ან არ უნდა შესულიყავი საერთოდ.
ჩვენ დღესაც სალაპარაკო გვაქვს _ როგორ მოვიქცეთ ამ ბრძოლაში? როგორ გავაგრძელოთ ჩვენი არსებობა? საერთო გამოსავლის ნახვას არ ვცდილობთ და ერთმანეთში ვიწყებთ ჩხუბს, სამწუხაროდ. შედეგად, არათუ საერთო მიზანთან ვერ მივალთ, ჩვენს მოკავშირეებსაც დავკარგავთ. მომავალში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელ-გასაკეთებელი.