QronikaPlus
მედეა ვასაძე - ივანიშვილი ვერასდროს იქნება მშვიდობის გარანტი

მედეა ვასაძე - ივანიშვილი ვერასდროს იქნება მშვიდობის გარანტი

2025-10-15 10:49:03

შორენა მარსაგიშვილი

 

რატომ ვერ იტანს ივანიშვილის ხელისუფლება ქალებს? როგორ უყურებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას საზოგადოება? რატომ არ იქნება უკან დახევა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება აჭარის უმაღლესი საბჭოს ორგზის მოწვევის ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე:

 

_ ქალბატონო მედეა, თქვენ მრავალი წელია, ოპოზიციაში ხართ და თითქმის ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ მოგიწიათ აქციებზე დგომა. რეპრესიებიც ბევრი გინახავთ და თუ გაგონდებათ, რომ რომელიმე ხელისუფლებას ამდენი ქალი დაეჭირა, რამდენიც ბოლო ერთი წლის მანძილზე დააკავა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ? რატომ არის ქალების მიმართ ასეთი აგრესია?

_ ამ პროტესტში, რაც ახლა ქვეყანაშია, ქალების როლი და მათი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას „ქართული ოცნებაც“ კარგად ხედავს. მე „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი ვიყავი და სხვებთან ერთად მეც მიმიძღვის წვლილი ამ ძალის ხელისუფლების მოყვანაში. თავიდან ამ მოძრაობაში ძალიან აქტიურები იყვნენ ქალები. ისინი მოძრაობის 60%-ს შეადგენდნენ. მაშინ ქალები კარგები იყვნენ, როგორც ჩანს. ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან პირადად მქონია საუბარი. ჩვენ იმ დროს ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და  პრივატული საუბრებც გვქონია. იმ პერიოდში ივანიშვილს ქალების აქტიურობა მოსწონდა. ახლა კი ძალიან აღიზიანებს, უკიდურესად გაღიზიანებულია ქალების აქტიურობით და განსაკუთრებით ნათლად ჩანს ეს სინდისის პატიმრების დედებთან მიმართებით.  ამ ქალებმა რკინის ქალამნები ჩაიცვეს, რკინის ჯოხი აიღეს საყრდენად და ერთი დღეც კი არ აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ დაისვენონ და აქციაზე არ გამოვიდნენ. თუმცა როცა შვილი ოთხ კედელში გყავს გამომწყვდეული, თან უკანონოდ, იქ დედის დასვენებაზე საუბრი უადგილოა. ამ დედების აქტიურობაც კი აღიზიანებს ივანიშვილს და ცდილობს, ასეთი აგრესიით უპასუხოს ქალების პროტესტს. ძალიან ცუდია ასეთი აგრესია ქალების მიმართ.

_ პატარა გოგოების ციხეში გაშვებას რა ახსნას მოუძებნით. 19-20 წლის გოგოებს ასე მარტივად როგორ უშვებენ ციხეში?

_ არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მართლა არ ვიცი! ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება აგონიაშია და შესაძლოა, ამის ბრალია. აგონიაში მყოფი სხვა ხელისუფლებებიც მინახავს საქართველოში, მაგრამ იმათ ისეთი რამე არ გაუკეთებიათ, რასაც ესენი აკეთებენ. ამდენი სისულელე არავის ჩაუდენია, ქალებს ასე არავინ მოჰქცევია.

_ მათ შორის, მგონი, არც ასლან აბაშიძე, თუ ვცდები?

_ არა, არა. ასლან აბაშიძეს ქალების მიმართ პატივისცემა ჰქონდა და ეს ბევრჯერ გამოუვლენია. ამის შესახებ ფაქტებით შემიძლია ვილაპარაკო. ის კაცი იყო, ღირსება ჰქონდა და ქალების მიმართ ყოველთვის პატისვიცემას იჩენდა. ახლა ქალებს საშინლად უსწორდებიან და ციხეში უშვებენ: ჟურნალისტ მზია ამაღლობელით დაწყებული, მასწავლებელ ნინო დათაშვილით დამთავრებული. პირადად მეც ბეწვზე ვარ გადარჩენილი დაკავებას.

_ თქვენ რატომ უნდა დაეკავებინეთ?

_ 4 ოქტომბერს აქციაზე ვიყავი თბილისში. ორბელიანის მოედნის სიახლოვეს მოგვიწია დგომა. მთელ ჩემს ოჯახთან ერთად ვიდექი იქ და ცოტა იქით რომ ვმდგარიყავით, ალბათ, ჩვენც დაგვიჭერდნენ. მთლად გადარჩენილი არ მგონია თავი. ხანდახან კარზე რომ აკაკუნებენ, რაღაც უცნაური გრძნობა მიჩნდება, რა ვიცი, ვინ მომადგება. ჩვეულებრივი 1937 წელია. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი ტიპის ადამიანების დაშინება არის ძალიან ძნელი, თუ არა შეუძლებელი. ჩვენ 35 წელია, ამ გზას ვადგავართ და ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ საბოლოო შედეგამდე ვერ გავედით. ვერ გავიყვანეთ საქართველო სამშვიდობოზე, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და შედეგიც იქნება.

როგორც უკვე გითხარით, მე „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი ვიყავი. 2012 წლის არჩევნების მერე აჭარის რეგიონში უზარმაზარი გავლენები გვქონდა. თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ერთ წელზე მეტი ხანი ვეღარ დავრჩი. არადა, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და უამრავი პრივილეგია მქონდა.  ჩემი მოკრძალებული გამოცდილებით გავთვალე, რომ ის, რაც დღეს ხდება გარდაუვალი იქნებოდა. ამას ჯერ კიდევ 2013 წელს ვხედავდი.  სულ ვიხსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრების რაოდენობას უთვლიდნენ.

_ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასაც ბევრი პატიმარი ჰყავდა.

_ კი ბატონო, ჰყავდა. და ბევრი პატიმარი რომ იყო, ამით წინა ხელისუფლების სისასტიკეს უსვამდნენ ხაზს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ დაუჭერია. ივანიშვილი საერთოდ რას აკეთებს, არ ვიცი.

_ ზემოთ ხელისუფლების აგონია ახსენეთ. ამაზე ბევრი საუბრობს და 4 ოქტომბრის წინაც ბევრჯერ გავიგონეთ სიტყვა აგონია. თუმცა ხელისუფლებები აგონიის მერე მთავრდებიან და ამათი აგონია დიდხანს გრძელდება. ეს აგონია მოჩვენებითი ხომ არ არის?

_ აგონია მთლად შეიძლება არ არის, რა მდგომარეობაშიც დღეს ხელისუფლებაა, მაგრამ არც მთლად კარგად არ აქვთ საქმე. ძალოვნებზე დგანან. სული კბილით უჭირავთ. ძირითადად მაინც აგონიაში არიან. სხვანაირ ახსნას ვერ ვუძებნი მათ ქმედებებს. ბაჩო ახალაიას მიმართ არანაირი სიმპათია არ მაქვს. ბევრ ცუდ და მძიმე რაღაცებს მახსენებს მისი გვარი. ამ ადამიანმა 9 წელი მოიხადა. იჯდა სამარტოო საკანში. მას ახლა მხარდაჭერას ვუცხადებ. ის, რაც ახლა მის თავს ხდება, არის ცუდი სპექტაკლი. სამარცხვინო ფაქტია საერთოდ ახალაიასა და ბურჭულაძის ვითომ საუბრის გამოქვეყნება. კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოა. არადა, რაც ხდება, სულაც არ არის სასაცილო.

_ ამ საქმეზე ბაჩო ახალაიას მეუღლეც დაიბარეს დაკითხვაზე.

_ ანის ამით ვერ შეაშინებენ. ანი თავად იურისტია და კვალიფიციურ პასუხს გასცემს ამათ. ვნახოთ, რა იქნება. მე მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამას მშვიდობის სახელით ამართლებენ. იმას, რაც დღეს საქართველოშია, მშვიდობა არ ჰქვია. როგორ შეიძლება, ექიმს რამდენიმე ასეული კაცით დაესხა თავს და ასე დააკავო?! ადამიანი 70 წელს არის გადაცილებული და მას ასეთი ფორმით აკავებ?

_ წინა ხელისუფლებები, ქალების არ იყოს, ასაკოვანი ხალხის დაკავებასაც ერიდებოდნენ. ამათ ეს ბარიერიც გადალახეს.

_ პაატა ბურჭულაძეც 71 წლისაა და მისი დაკავებისაც არ შერცხვათ. 4 ოქტომბერს ქუჩაში ყველა თაობის ადამიანი იყო გამოსული. იმიტომ გამოვიდა ეს ხალხი გარეთ, რომ საქართველოს სჭირდებოდა ასე. საქართველოს ბედი ახლა ისევ რუსთაველის გამზირზე წყდება. მე იმ ადამიანებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რომლებიც იქ არ დგანან, მაგრამ მიკვირს, როგორ რჩებიან სახლში. იმ ადამიანებთან კი, რომლებიც ამ ყველა საშინელებას მშვიდობით ამართლებენ, ვიქნები უკომპრომისო და შეუწყნარებელი. ეს არ არის მშვიდობა! მშვიდობის გარანტი ვერასდროს იქნება ივანიშვილი. ის ხასიათით არის უკიდურესად დესტრუქციული ადამიანი.

_ თავად 4 ოქტომბერზე რას იტყვით? ახლა ბევრი მას შეცდომას უწოდებს; ზოგიერთი ამბობს, რომ ყველაფერი ღალატის ბრალია. თქვენი აზრით, რა მოხდა ან რატომ განვითარდა მოვლენები ასე? ან თავად დაანონსებული თარიღი რამდენად გამართლებული იყო?

_ იმ დღეს რუსთაველზე გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი და ამას მხოლოდ მივესალმები. თუმცა, რატომღაც, მგონია, რომ რაღაც ნაწილმა არ შეასრულა თავისი პირობა. პირობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ, ადამიანებმა თქვეს, მოვალთო და არ მოვიდნენ. თავიდან დაგეგმილი იყო 4 სცენა ქალაქის ცენტრში. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრის მოლოდინი იყო. რუსთაველზე ვიყავით ბევრნი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება თავისით გაქცეულიყო. ჩვენ არავითარ ძალადობას არ ვგეგმავდით. ჩვენ ვვარაუდობდით, იმდენი ხალხი მოვიდოდა, რომ ხელისუფლება თავად წავიდოდა.

_ ეს არ მოხდა. სამაგიეროდ, დაიწყო დაკავებები, ათეულობით ადამიანი დააკავეს. ეს დაკავებები ხომ არ ჩაკლავს არსებულ პროტესტს?

_ ამ ადამიანების შეშინება ადვილი არ არის. დაკავებები და დარბევები აქამდეც ყოფილა. გასული წლის დეკემბრის დასაწყისში საშინელი სურათები ვნახეთ და ამის მერე მიდის უწყვეტი პროტესტი. ამ ხალხის დაშინება ადვილი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ადამიანებმა იციან, რომ მათ ბრძოლაზე დამოკიდებულია სამშობლოს ხვალინდელი დღე. ამ ადამიანებს ივანიშვილის რეპრესიები კი არა, არაფერი შეაშინებს. 

დღეს ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია გამოწყვდეული. თითქოს არაფერი კარგი არ ხდება და კარგა ხანს არც მოხდება. მაგრამ არა მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. რაღაც ახალი აუცილებლად დაიბადება. ამაში ეჭვი არ მეპარება და ეს ძალიან მალე მოხდება.

_ რაღაც ახლის დაბადებაში რას გულისხმობთ?

_ ზუსტად რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ახალი რომ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. შესაძლოა, ეს იყოს ახალი ლიდერი, შესაძლოა, ეს იყოს ახალი ძალა. იმ პროტესტს, რაც დღეს საქართველოშია, ვერაფერი გააჩერებს. ქუჩაში გამოსულ უკმაყოფილებას სახლში ვერავინ შეაბრუნებს და რაკი პროტესტია, ლიდერიც გაჩნდება. ეს პროტესტი აუცილებლად განვითარდება, გაიზრდება და შედეგზეც გავალთ. საქართველო გადასარჩენია და ჩვენ მას აუცილებლად გადავარჩენთ.

_ ხელისუფლების გარდა ამ პროტესტის გაშავებას ცდილობს ოპოზიციის ნაწილი. მართალია, დღეს გახარიასა და ხაზარაძეს ოპოზიციად ბევრი აღარ მიიჩნევს, მაგრამ მათ მაინც უკავიათ ეს ნიშა. მათ ქმედებებზე რას ფიქრობთ და გამოიღებს თუ არა შედეგს ეს მცდელობები?

_ ამ პროტესტის გაშავება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, აქამდეც გააშავებდნენ. რაც დღეს საზოგადოებაში ხდება, ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ოპოზიცია ვერ გაერთიანდა. სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ვერ თქვა პირად ამბიციებზე უარი და შეთანხმება ვერ მოახერხა. არ მომწონს, რაც ახლა ხდება, მაგრამ ამასაც გადავლახავთ. რაღაც ახალი, როგორც უკვე გთხარით, აუცილებლად დაიბადება. მე ამის იმედი მაქვს. დღეს ცოტა გაურკვევლობაშია ხალხი. მეც კი გაურკვევლობაში ვარ, არადა, ამდენი ხანია, პოლიტიკაში ვტრიალებ. ახლა არჩევნები რომ ჩაინიშნოს უცბად, არ ვიცი, რომელ პარტიას უნდა მივცე ხმა. ასეა ბევრი, ამიტომ რაღაცა უნდა გახდეს ნათელი. სასურველი იქნება, თუ ოპოზიცია საერთო ენას გამონახავს და გაერთიანდება.

_ რა აზრი აქვს ოპოზიციის გაერთიანებას? ვთქვათ და გაერთიანებულიყვნენ და მერე ხაზარაძე და გახარია ასე მოქცეულიყო, როგორც ახლა იქცევა, უფრო ცუდი არ იქნებოდა?

_ ასეთი ერთობა არც შედგებოდა. ახლა ისინიც დარწმუნდნენ, რომ „ოცნების“ ხელში არჩევნები არაფერს ცვლის ქვეყანაში. შესაძლოა, მათი ხედვა და რიტორიკაც შეიცვალოს. ჯერ ერთი, რა არჩევნები ეს იყო? _ არჩევნებზე ქვეყნის ერთი მესამედი მივიდა მხოლოდ... და იმათაც კოორდინატორები დაახვედრეს უბნებთან. როგორ მინდა, ისეთი ქვეყანა გვქონდეს, რომ ადამიანები თავისუფლად აკეთებდნენ არჩევანს. ამიტომ მინდა ევროპა, რომ იქ ხალხი თავად აკეთებს საკუთარ არჩევანს. მას არავინ მიუთითებს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, სადაც არჩევნებს ნამდვილად ექნება აზრი და ხელისუფლების შესაცვლელად ქუჩაში გამოსვლა აღარ დაგვჭირდება. ყველაფერი საარჩევნო უბნებზე გადაწყდება.

_ ევროპას, შესაძლოა, დავემშვიდობოთ და სავარაუდოდ მალე ვიზალიბერალიზაციაც გაუქმდება.

_ ეს იქნება კატასტროფა. იმედია, რომ საქმე აქამდე არ მივა. ეს საქართველოსთვის ძალიან მძიმე შედეგს მოიტანს.

_ ხელისუფლება ისეთ პროპაგანდას ეწევა, თითქოს არაფერში გვჭირდება უვიზო მიმოსვლა. თქვენ ძალიან კარგად იცნობთ აჭარის რეგიონის მოსახლეობის განწყობას და საინტერესოა, რას ფიქრობს ის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე?

_ ძალიან მტკივნეულად განიცდის ხალხი ამას. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მოხდება, თუ უვიზო მიმოსვლა გაუქმდება. აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ამ პერსპექტივას ხალხი ძალიან მძიმედ უყურებს. ამის წარმოდგენაც კი არ უნდათ. ყველა აცნობიერებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის. და ამას რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ეს ჩემი ოჯახის მაგალითზე უნდა მოგიყვეთ:

მე მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, ის ამ დროისთვის იმყოფება საფრანგეთში. სხვათა შორის, ქართველმა ემიგრანტებმა შეუქმნეს ყველანაირი პიტრობა იმისთვის, რომ ჩემი შვილი იქ ჩასულიყო და რაღაც მკურნალობის კურსი გაევლო. ის იქ რეაბილიტაციას გადის. ახლა გვთავაზობენ, რომ ქეთის გაუკეთდება ყველაფერი, რაც შეიძლება ამ ტიპის ადამიანებს გაუკეთდეს. საუბარია მაღალი ხარისხის სარეაბილატაციო მკურნალობაზე. მოგვცეს საცხოვრებელი ბინა, ავტომანქანა საჭიროების შემთხევაში; აძლევენ საარსებო საშუალებას, დაახლოებით 1300 ევროს თვეში. ვინც ჩემი შვილის, ჩემი ქეთის გარშემოა შემოკრებლი, ამ პრობლემით არის იქ ჩასული. ამ ადამიანების შვილებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.

წარმოგიდგენიათ, ეს რამდენს ნიშნავს ჩვენთვის? ჩვენი შვილების მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის კურსს ატარებს უცხო ქვეყანა. იქით უზრუნველყოფს საცხოვრებლითაც და საარსებო საშუალებათაც კი. უამრავი ადამიანი ჩადის იქ ამისთვის. ასეთი სარეაბილიტაციო კურსები ჩემს ქვეყანაშიც რომ იყოს მოხარული ვიქნებოდი, მაგრამ აქ ეს არ არის და ჩემი ქეთი იძულებულია, იქ წავიდეს. ამბობს ხოლმე, _ იცი, როგორ მიჭირს, როცა იქიდან საქართველოში ვბრუნდებიო. აქ ძალიან ჭირს მათი ყოფა. იქ სხვა გარემოა. ძალიან ბევრი ადამიანი დადის ევროპაში სამკურნალოდ. როგორც კი სჭირდებათ, მაშინვე მიფრინავენ უვიზოდ და უცბად წარმოიდგინეთ, რომ გაუქმდება ეს უვიზო მიმოსვლა და თვეები მოუწევთ ვიზის რიგში დგომა. ზოგჯერ დღეებია გადამწყვეტი და საათები. ძალიან მძიმე დღეში ჩაგვაგდებს ყველას უვიზო რეჟიმის გაუქმება.

უფიქრია ხელისუფლებას ამაზე? უფიქრია ხელისუფლებას იმაზე, თუ რამდენ ადამიანს ჩააგდებს მძიმე დღეში? ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება! ადამიანების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა არ უნდა შეეწიროს რამდენიმე ადმიანის ამბიციებს. არ დაუშვებს ამას ქართველი ხალხი და „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უნდა იფიქროს.

_ „ქართული ოცნება“ ასეთ პროპაგანდას ეწევა, რომ თუ საქართველოს სჭირდება, მაშინ უვიზო მიმოსვლას უნდა შეველიოთ.

_ და რისთვის სჭირდება ეს საქართველოს? რაში უშლის ხელს საქართველოს უვიზო მიმოსვლა? ამას ჩვენი საზოგადოება არ აჰყვება. ეს პროპაგანდა შედეგს არ გამოიღებს.

_ საბოლოო შედეგს, ალბათ, არ გამოიღებს, მაგრამ საზოგადოებაში ზოგიერთი ამბობს, რომ არაფერში სჭირდება ევროპა.

_ ესენი ხელისუფლების პროპაგანდის გარეშეც ასე ფიქრობდნენ. არიან ადამიანები, რომლებსაც საზღვარგარეთთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ და აქედან არსად წასულან. მათთვის, ალბათ, სულერთია, იქნება თუ არა უვიზო მიმოსვლა. რაც აქვთ იმით კმაყოფილდებიან ეს ადამიანები, მაგრამ ხალხს სხვა პერსპექტივა სჭირდება. ჩვენ გვინდა ევროპა და საქართველოს ადგილი ევროპაშია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაინც გავხდებით ევროპის ნაწილი, რაღაც სირთულეების გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ გადავლახავთ.

_ სავიზო რეჟიმის შესახებ რას ფიქრობთ, გაუქმდება უვიზო მიმოსვლა?

_ არ მინდა, რომ ეს მოხდეს, ამის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. მჯერა, რომ ევროპა ქართველ ხალხს არ დააზიანებს. სანქციები დაუწესდება კონკრეტულ პირებს და ხალხი თავისუფლად ივლის ისევ ევროპაში. ვისაც არ უნდა წასვლა, ნუ წავა, მაგრამ სხვებს დაანებონ თავი. ევროპა დღეს ძალიან სჭირდება საქართველოს. ევროპა ჩვენი სახლია და იქ უნდა დავბრუნდეთ. რაც შეეხება დასანქცირებულებს, ისინი ყველაფერს იმსახურებენ: უვიზოს გაუქმებასაც და კიდევ ბევრი სანქციის დაწესებას.

ძალიან ხშირად მომისმენია ხელისუფლების წევრებისა და მხარდამჭერებისგან, რომ ევროკავშირს მშვიდობა სჯობსო. თურმე ის, რაც საქართველოში ახლა ხდება, მშვიდობა ყოფილა. მშვიდობა რომ გვინდა, იმიტომ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი. ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლების გარანტი არის ევროკავშირის ქოლგა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რამდენ ადამიანს მიეცემა იქ მკურნალობისა და სწავლის შესაძლებლობა. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის ნაწილი და სწორედ ამიტომ დგას უამრავი ხალხი რუსთაველზე. ბრძოლა გაგრძელდება სასურველი შედეგის მიღწევამდე.

_ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მალე ეს პროტესტი დასრულდება.

_ ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ ეს პროტესტი თებერვალში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ აგერ ოქტომბერია უკვე და გრძელდება. თავისუფლებისთვის ბრძოლას ვერ შეაჩერებენ. ამ ხალხს არ ეშინია და არც მომავალში შეეშინდება.

_ არც რეპრესიები შეაშინებს? ყოველდღე რამდენიმე ადამიანს აკავებენ.

_ აქამდეც აკავებდნენ. რეპრესიებს შედეგი არ მოაქვს. სასწორზე ქვეყნის მომავალი დგას. მეც ვაგრძელებ ბრძოლას და მჯერა, რომ მიზანს მივაღწევ. 35 წელია, ვიბრძვი და აქამდე არ შემშინებია, არც ახლა მეშინია! ყველა ასეა.

_ იმედიანად ხართ განწყობილი მომავლის მიმართ?

_ რა თქმა უნდა! იმედი რომ არ მქონდეს, ხელს ჩავიქნევდი. ასაკში ვარ და წესით, აღარ უნდა ვიდგე ქუჩაში, მაგრამ არ შემიძლია, გვერდიდან ვუყურო მოვლენებს. ისე კი ვიტყვი, რომ ძალიან დავიღალე ამ ბრძოლით, მაგრამ ვერ გავჩერდები. ვამბობ ხოლმე, რომ ახალგაზრდობა არ შემარგეს და სიბერე გამიმწარეს. მართლა დავიღალე, მაგრამ არაფრით ვამბობ უარს იმაზე, რაც ჩემი გასაკეთებელია. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა გააკეთოს რაღაც, რომ საქართველო ნამდვილად თავისუფალი იყოს. ამ ბრძოლაში ჩემი ოჯახიც ჩემ გვერდით დგას და ეს ძალიან მიხარია. 

მიხარია ისიც, რომ ამდენი ახალგაზრდა იბრძვის ქვეყნის მომავლისთვის. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანას სამშვიდობოს არ გავიყვანთ. საქართველო აუცილებლად გახდება ნამდვილად დამოუკიდებელი ქვეყანა. კი დავიღალე ცოტა, მაგრამ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ეს ქვეყანა უკეთესს მომავალს იმსახურებს. ეს ბრძოლა ამაოდ არ ჩაივლის. „ქართული ოცნება“ აშკარად აგონიაში და დასრულდება, როგორც სხვა ხელისუფლებები დასრულდნენ. ქვეყანაში ახალი პროცესი დაიწყება. ამის მჯერა და დარწმუნებული ვარ.

გაზიარება