QronikaPlus
მალხაზ ჭკადუა - ონკოპაციენტებს აკავებენ ისე, თითქოს „ალქაიდას“ ტერორისტები იყვნენ

მალხაზ ჭკადუა - ონკოპაციენტებს აკავებენ ისე, თითქოს „ალქაიდას“ ტერორისტები იყვნენ

2025-10-15 10:42:07

გიგა გელხვიიძე

 

8 ოქტომბერს თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი კაცთმოყვარეობით და ამაზე ნებისმიერ ბათუმელს შეუძლია საუბარი ან იმას, ვინც ერთხელ მაინც გადაეკვეთა მას ცხოვრებაში.

  ჭავჭანიძე აფხაზეთიდან დევნილია და აქციაზე ყოველთვის თან ჰქონდა საქართველოს შინდისფერი დროშა, რომელიც მან აფხაზეთიდან წამოიღო. 

 ჭავჭანიძის დაკავებისა და სახელისუფლებო მანქანის რეპრესიების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა პედაგოგსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ მალხაზ ჭკადუას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ თავად გახდა „ქართული ოცნების“ რეპრესიების მსხვერპლი. მას უარის თქმა მოუხდა საყვარელ საქმეზე და განშორება მოუწია თავის მოსწავლეებთან:

 _ ბატონო მალხაზ, სანამ სხვა საკითხებს შევეხებით, უნდა გკითხოთ ზურაბ ჭავჭანიძის დაკავების შესახებ, ადამიანის, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ირაკლი კობახიძეც კი უნდა გვიყვარდეს და ამას არგუმენტირებულად ხსნიდა. რისთვის სჭირდებოდა ამის გაკეთება „ოცნების“ რეჟიმს?

_ ზურას დაკავება არის შედეგი ირაკლი კობახიძის განცხადებებისა, რომ ადამიანები, რომლებიც იდგენენ 4 ოქტომბერს, როგორც ათონელზე, ისე რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე, იქნებიან დაკავებულები და მათ მიმართ გატარდება ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ეფექტიანად იყენებდა სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის კრიტიკას, თავად გახდა ამ პოლიტიკის გამტარებელი, პრაქტიკულად, უფრო მძიმე ფორმებში.

როდესაც სააკაშვილი ამას ამბობდა პრეზიდენტის რანგში პარლამენტის ტრიბუნიდან, გულისხმობდა კრიმინალურ ჯგუფებსა და გვახსოვს, რამდენად წინააღმდეგობრივი გამოხმაურება ჰქონდა მის ამ განცხადებას როგორც უფლებადამცველების მხრიდან, ასევე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან. ახლა კი საზოგადოების ის მნიშვნელოვანი ნაწილი კობახიძის ამ განცხადებაზე დუმს. ადამიანები იმიტომ ვართ ადამიანები და ის გამოგვარჩევს სამყაროში მოსიარულე სხვა ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს თანაგრძნობის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის უნარი. ეს გვხდის ადამიანებს ადამიანებად და საზოგადოებას შემდგარ საზოგადოებად. და ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად, ადამიანების საწინააღმდეგო განცხადებით გამოვიდა და ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში სწორედ ამ არაადამიანური, დეჰუმანიზირებული პოლიტიკის შედგეს, როდესაც ავადმყოფი ადამიანების ოჯახებში ვარდება შეიარაღებული საპოლიციო ძალა, როდესაც აბსოლუტურად უწყინარ ადამიანებს, ექიმებს, ონკოპაციენტებს აკავებენ ისე, თითქოს „ალქაიდას“ ტერორისტები იყვნენ. ძალის ეს უხეში დემონსტრირება „ქართულ ოცნებას“, ირაკლი კობახიძეს სჭირდება იმისთვის, რომ დააშინოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თუნდაც არჩევნებზე არ მისულა, ღიად თუ არა ღიად გამოხატავს უკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ მისამართით, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა არ გაბედონ შეუერთდნენ პროტესტს, არ გაბედონ გამოხატონ უკმაყოფილება და ჰქონდეთ „მე არ მეხება“, _ აი, ეს პოზიცია.

ზურას დაკავება ამ რანგის გადაწყვეტილების შედეგია და დიახ, ადამიანი, რომელმაც ძალიან ღიად, თამამად და ამავდროულად გააზრებული შინაგანი თავისუფლებით თქვა სასამართლო პროცესზე, რომ სრულიად გაოგნებულია მომხდარით და ყოველგვარ ძალადობას გმობდა ყოველთვის, განსასჯელის სკამზე მჯდომიც კი გმობს ძალადობას, რადგანაც ქვეყნის სიყვარულის დესპანად მიაჩნია თავი. ასეთი ადამიანი ახლა არის  გადაყვანილი გლდანის საპყრობილეში, სადაც უნდა გაატაროს აბსურდული ბრალდებით წინასწარი პატიმრობა და თუ გავაგრძელებთ ამ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკას, ჩვენ ვხედავდით ამ პოლიტიკის შედეგსა და გამოძახილს მოსამართლის მხრიდანაც. მას არანაირად არ აინტერესებდა ის, რასაც ისმენდა ადვოკატების მხრიდან, რომლებმაც მაღალპროფესიონალურად დაასაბუთეს, რომ არცერთ დაკავებულს მიმალვაც კი არ შეეძლო და არ ჰქონდა ამის სურვილი, რადგანაც ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, დატოვებდნენ ქვეყანას. ზოგიერთი მათგანი დააკავეს სამი დღის შემდგომ, ზურა დააკავეს ოთხი დღის შემდგომ, ანუ პრაქტიკულად ამ ადამიანებს ჰქონდათ მინიმუმ 72 საათი საიმისოდ, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ და გადამალვაში წასულიყვნენ.

_ ჩვენ წინა დაკავებების დროს, რომლის ფონზეც 60-მდე სინდისის პატიმარი გვყავდა, სანამ 4 ოქტომბრის მოვლენები მოხდებოდა, ვნახეთ სულ სხვა თაობა, ახლა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა ის თაობა, რომელიც გვეგონა, რომ სტერილური იყო ამ პროცესთან მიმართებით. ციხეში არიან ონკოპაციენტები და სხვა მსგავსი პრობლემების მქონე პირები _ რამ გამოიყვანა დღეს ეს ადამიანები გარეთ? რისი თქმა სურდათ მათ ხელისუფლებისთვის? ვინ დააკავა დღეს „ქართულმა ოცნებამ“?

_ რამდენიმეშრიანი მიზეზი შეიძლება იყოს ამ ყველაფრის. პირველი ის, რომ მოქალაქეებს უნდათ უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები და უბრალოდ უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრება. ამიტომაც გამოვიდნენ სახელმწიფოს მხრიდან არასწორი პოლიტიკის გამო, ფაქტობრივად, გაგდებული ადამიანები, რადგანაც საქართველოში არცერთი სახეობის სიმსივნის ბოლომდე მკურნალობა შესაძლებელი არ არის არც საბიუჯეტო ასიგნებებით და არც იმ სერვისით, რაც ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. თქვენს მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ათასობით ქართველი დღემდე სტრასბურგის, ლიონისა და  საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში ელოდებიან საკუთარ რიგს, რომ მიიღონ თავშესაფარი, ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მათ გადაარჩენთ, ამას გეუბნებით მე, ონკოპაციენტის ძმა. სამწუხაროდ, ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოსგან მინიმუმ მხარდაჭერასაც კი ვერ იღებენ, ფაქტობრივად, უწევთ სახლ-კარის გაყიდვა. შეიძლება პატარა უძრავი ქონება ჰქონდეთ გადადებული შავი დღეისთვის, ამ ყველაფრის გაყიდვა უწევთ არა მხოლოდ ონკოპაციენტის ოჯახებს, სანათესავოს უწევს ფაქტობრივად ამის გაყიდვა, უკიდურესი გაჭირვების რეჟიმში ცხოვრება, რომ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს და ამის ფონზე საქართველოს მთავრობა გვესაუბრება რაღაც ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე და იმაზე, რომ თურმე ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვჯობივართ ეკონომიკის მხრივ. ასეთი მსგავსი ნაცრის შეყრა თვალებში ამ ქვეყანაში არ მახსენდება. ეს ადამიანები გამოიყვანა ასევე აბსოლუტურმა სასოწარკვეთამ, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის დაშორებული საკუთარ ამომრჩეველსაც კი, რომელსაც იგივე პრობლემები აწუხებს,  თუმცა შეიძლება არ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. ეს ადამიანები გამოიყვანა ამავდროულად სოლიდარობამ და თანაგრძნობამ სწორედ იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც სხედან ციხეში. წარმოუდგენელია, ადამიანი ცივილიზებულ არსებად მიიჩნევდე თავს და არ გაღელვებდეს, რომ ჩვენი ციხეები არის სავსე 19-20-30 წლის ახალგაზრდებით, ზოგიერთ მათგანს იქ შეუსრულდა 19 და 20 წელი. ანუ ამ ადამიანებისადმი სოლიდარობამ და თანაგრძნობამ გამოიყვანა ეს ხალხი. ზურას რაც შეეხება კონკრეტულად, დღე არ გასულა ამ 317-დღიანი მონაკვეთიდან, რომ ჩვენ არ გვესაუბრა მზია ამაღლობელზე, ანდრო ჭიჭინაძეზე, საბა ჯიქიაზე, ზვიად ცეცხლაძეზე. ზვიად ცეცხლაძის დედას როდესაც ესალმებოდა ზურა ჭავჭანიძე ბათუმის აქციაზე ან თუნდაც ზურა ზვიადაძეს ესალმებოდა, იქ იგრძნობოდა და ჩანდა ზურას ღრმა პატივისცემა მათი ოჯახის მიმართ და თანაგრძნობა იმის გამო, რომ მათი შვილი აბსოლუტურად უკანონოდ ჩასვა საკუთარმა ლექტორმა ციხეში. ასე რომ, ზურას მოტივაცია თბილისის აქციაზე შეერთების იყო ძალიან მაღალი, ძალიან დიდი. ეს ადამიანი სოხუმში არის დაბადებული და გაზრდილი და მისი ცხოვრება ბათუმში იყო იმ ცხოვრებისკენ დაბრუნება, რაც ჰქონდა მას სოხუმში. ამიტომაც დადიოდა ყოველდღიურად ზღვაზე ველოსიპედით, ამიტომაც ესალმებოდა ქალაქელებს იმ უკიდურესად თბილი სალმით, რადგან ზურას ბათუმის ცხოვრება იმ ცხოვრებას ჰგავდა, რაც მას ჰქონდა სოხუმში. მისი ყოველდღიური რუტინა იყო ზღვა, მეგობრები, ადამიანებთან კომუნიკაცია და ჩვენთან მოსვლა აქციაზე დროშებით. სპეციალური სამშენებლო ე. წ. გუბკიდან ჰქონდა გამოჭრილი დასაჯდომები იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც მოდიან ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან, ზოგიერთი მათგანი მეტად არის დაღლილი ვიდრე სხვა, ზოგიერთს ნაკლებად შეუძლია ფეხზე დგომა. ანუ, პრაქტიკულად, მისი ეს 312- დღიანი ღვაწლი, მუშაკობა არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა იზრუნო სხვაზე და გამოხატო თანაგრძნობა ადამიანების მისამართით.

_ აუცილებლად უნდა გკითხოთ რეპრესიებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენც მათ შორის ხართ ამ რეპრესიების მსხვერპლი, ასევე რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ, რომ ექიმი ნათია ხარატი გაათავისუფლეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან მისი განსხვავებული პოლიტიკის გამო, რომელიც მას ჰქონდა ხელისუფლების მისამართით. ე. წ. არჩევნებზე მოპოვებული „გამარჯვების“ შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა, რომ კიდევ გაიზრდება ეს რიცხვი?

_ იმდენად მძიმე ბრალდებებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ ადამიანები, საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულების გამო, ჩემი ამბავი სახსენებელიც კი არ არის ამ ყველაფერში, არც კი ვისურვებდი, რომ ამაზე მელაპარაკა. ერთადერთი მიზანი მქონდა, რომ მემხილებინა „ქართული ოცნების“ მორიგი დეჰუმანიზირებული მიდგომა, ავშვებისა და მოსწავლეებისადმი მათი დამოკიდებულება, როდესაც კრიტიკული აზროვნების საშუალებას ართმევენ. ცხადია, „ოცნება“ გააგრძელებს ამგვარ პოლიტიკას: გუშინ თუ ნათია ხარატი იყო, გუშინ წინ თუ მე ვიყავი შევხედავთ, რომ ადამიანები, რომლებმაც გამოხატეს სოლიდარობა ახლი დაკავებულების მიმართ, მათ შორის, ექიმები, რომლებმაც ღიად გამოხატეს სოლიდარობა, ზოგმა არც ისე ღიად, ირიბად გამოხატა და მიანიშნა ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, ეს ადამიანებიც შეიძლება დაექვემდებარონ გარკვეულ წნეხს, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იყვნენ კომფორტულად სახელმწიფო მუნიციპალურ ორგანიზაციებში და სრულიად არის დაწმენდილი პრაქტიკულად ეს კატეგორია, ასევე კერძო სექტორში. იმდენად ბევრი რამე აქვს კონსოლიდირებული „ოცნებას“, ვგულისხმობ ძალაუფლების მეთოდებს, რომ კერძო სექტორთანაც ძალიან მარტივად მიუწვდება ხელი და ამ ადამიანების წინააღმდეგაც შეიძლება გარკვეული რეპრესიები გამოიყენონ. ეს გაგრძელდება იმიტომ, რომ ასეთია  ძალაუფლების მიტაცების ბუნება. ასეთი არის ანტიდემოკრატია და ანტიჰუმანიზმი, რადგან დღეს პრაქტიკულად როგორც გველაპარაკებიან კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ეს რიტორიკა ძალიან ჰგავს 30-იანი წლების ჰიტლერის რიტორიკას, როდესაც ფაშისტები ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის სათავე ეპოვათ უცხოეთის რომელიღაც ქვეყნის ლოჟებში, გაუგებარ შეხვედრებში, რომლებიც არც ჩატარებულა და არც გამართულა. როდესაც შენ ვერ აგვარებ ამას ხალხთან კომუნიკაციით, როდესაც ვერ აგვარებ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიც არის უმუშევრობა, ემიგრაცია, სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვის ზრდა, ამ დროს, სხვა რა დაგრჩენია, უნდა ილაპარაკო აგენტებზე, ქვეყნის მტრებზე, რომლებსაც თურმე სურთ, საქართველოს იდენტობა წაიშალოს და ქვეყანა გახდეს ამორფული ტერიტორია. სინამდვილეში, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, პირველ რიგში, არის „ქართული ოცნება“ რუსეთის მითითებით და „ლოცვა-კურთხევით“ _ ამ ქვეყნის არსებობის იდეა ეფუძნებოდა რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას, სულ მცირე, ორ-ნახევარი საუკუნე. ჩვენი ყველა ეროვნული გმირი შეეწირა რუსეთთან ბრძოლას ან რუსეთთან წინააღმდეგობას, დაწყებული მარო მაყაშვილიდან, დამთავრებული გიორგი ანწუხელიძით. ამ ქვეყნის სასკოლო სახელმძღვანელოებში ისწავლება ბედი ქართლისა, ისწავლება ყველა ის ნაწარმოები, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, სადაც პრაქტიკულად ასახულია რუსული კოლონიზაციის ის მხარეები, რამაც ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მან დაკარგა სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა. ამ ყველაფრის გადაწერა უნდათ, ამ ყველაფრის წაშლა უნდათ, საქართველოს აღარ უნდა ეთქმოდეს სიტყვა ისე, როგორც ქვეყანას, რომელიც ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს. საუბრობენ რაღაც კონსპირაციული თეორიებით, რომელიც გარჩევადია დაწყებითი კლასის მოსწავლისთვისაც კი. ამიტომ საჭიროა კონსოლიდაცია საზოგადოების, ეროვნული დაუმორჩილებლობა, როდესაც ყოველთვის შევძლებთ და დავაორგანიზებთ საკუთარ თავს, ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე ვიყავით 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი მანიფესტაციით, მსვლელობებით, გამოხატვით, რადგან ის, რაც მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“ 5 ოქტომბერს, რომ პრაქტიკულად რუსთაველის გამზირი და სხვა ადგილები, სადაც გამოიხატებოდა სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, არ გადაკეტილიყო, დაესაჯა ადამიანები, რომლებიც კეტავენ რუსთაველს და გააჩინა სახიფათო სივრცე, როდესაც მოქალაქეები დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, რადგანაც პოლიცია როდესაც არ ჩადგა სხვა მოქალაქეებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის, პრაქტიკულად მისცა საშუალება მძღოლებს. რომ შესულიყვნენ ტერიტორიაზე, რადგანაც მანიშნებელი არაფერი იყო. ხალხს აქაც თვითორგანიზება მოუწია, რომ თავი აერიდებინათ ინციდენტისთვის. ეს არის სწორედ იმ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის შედეგი. მითითება აქვთ ასეთი, რომ არ დადგეს პოლიციელი, მოხდეს ის, რაც მოსახდენია იმიტომ, რომ მათ ასე უნდათ. ადამიანობაზე, მოქალაქეობრივ თანხმობაზე უარის თქმა გამოიხატება ამგვარად: დაე, დახოცონ ერთმანეთი, დაე ერთმანეთს ცხვირ-პირი გაუსისხლიანონ, ჩვენ ამით მოვიგებთ, ჩვენ ამით დისკრედიტაციას გავუკეთებთ რუსთაველის მშვიდობიან პროტესტს. ამაზე მეტი დანაშაული არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ზოგადად კაცობრიობის წინაშე, არ არსებობს: როდესაც ხელისუფლება, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია ყველა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, ქმნის სახიფათო გარემოს სამოქალაქო  დაპირისპირებისთვის, ასეთ პირობებში რანაირად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ოდნავ მაინც არის ჰუმანიზირებული. ეს არის ნეობოლშევიკური ძალა, რომელსაც სურს ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ან ფიზიკურად განადგურება, იმგვარი გადაღლა და გადაწვა, რომ მათ სახლიდან გამოსვლის თავი არ ჰქონდეთ ან დატყვევებას ისევე, როგორც დატყვევებული არის ასობით ადამიანი ამ ქვეყანაში, ან ამ ქვეყნიდან გაქცევს, როგორც ეს ივანიშვილის კარის ფილოსოფოსმა გვითხრა რამდენიმე დღის წინ, _ აღარ არის თქვენი ადგილი და წადით. დაგვრჩეს ეს ქვეყანა ჩვენ, და სრულად არ არის გასაკვირი, რომ „ნეიტრალურმა საქართველომ“, რომელსაც ღიად პრორუსი და შესაბამისად ანტიქართველი ხალხი უდგას სათავეში, შესთავაზა და მოითხოვა რეჟიმისგან, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი 78-ე მუხლთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას აღარ უნდა ევროკავშირის გზით წასვლა. აქამდე დავედით და ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება.

გაზიარება