QronikaPlus
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

2025-09-19 07:47:59

ელისო კილაძე

 

2025 წლის 15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „კანონიერ ქურდ“ მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს, რომელიც მეგობრის პანაშვიდზე იყო მისული.

 

თბილისში მისი ჩამოსვლის შესახებ, საქმის მასალების მიხედვით, სამი პირი იყო წინასწარ ინფორმირებული: მისი ბიძაშვილი მიხეილ ბერძენიშვილი, პირადი მცველი გია ჩადუნელი და მისი მეგობარი კახა ძანძავა, ეს უკანასკნელი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის მომენტში მის გვერდით იყო, პირადი მცველი კი მანქანაში ელოდებოდა.

მკვლელობის მოტივად იმთავითვე პირადი შურისძიება დასახელდა. გამოკითხული პირები, პირდაპირ და ირიბად, ალაპარაკდნენ „ძედ ჰასანის“ მკვლელობაზე, რომელიც ამ დრომდე გაუხსნელია, მაგრამ ამ საქმეში ეჭვმიტანილად ძმები ჯანგველაძეები სახელდებიან.

გელა უძილაური, რომელსაც ბრალად ედება ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის დატოვება ვერ მოახერხა ან არც უცდია. უძილაური ყოფილი სპეცრაზმელია, ის გიორგი ჯოხაძის დაცვაში მსახურობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში წავიდა საბრძოლველად, მათი გზები გაიყო. უძილაური ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ამბობს მკვლელობის დეტალებზე. სამაგიეროდ, გამოძიებას მზა სცენარი შესთავაზა ანონიმურმა გვერდმა „ჯონათან ჯონმა“, რომელმაც თანმიმდევრობით აღწერა შეკვეთილი მკვლელობის ვერსია და პერსონებიც დაასახელა: ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე.

ანონიმური გვერდის ვერსიას ჯერ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე იმეორებდა, შემდეგ გამოძიება არგებდა მოწმეთა ჩვენებებს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „ჯონათან ჯონი“, რეალურად, „ალტ-ინფოს“ ლიდერი კოკა მორგოშიაა, რომელმაც შექმნილი რეალობით კარგად ისარგებლა და მერაბ ჯანგველაძეს მზა ვერსია მიაწოდა მისი ძმის მკვლელობის შესაძლო დამკვეთებზე. კოკა მორგოშია ლევან ჯანგველაძესაც იცნობდა და იყო დრო, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვაშიც ტრიალებდა. სწორედ ამ პერიოდში მას გაუბაზრდა, რომ ფარცხალაძის სახელით სოლიდური რაოდენობის თანხა მოტეხა, რაც ფარცხალაძემ მას გაუგო და „რაზბორკაზეც“ დაიბარა. მორგოშიამ მისი „კრისობა“ ვერ ახსნა და კარგა გვარიანად იცემა. იმდენად მძიმედ იყო, რომ კვირაზე მეტი ფეხზე ვერ დგებოდა. ამ ინციდენტის მერე მორგოშიამ გავლენები დაკარგა და ერთხანს იმდენად შეშინებული იყო, რომ ქვეყნიდანაც წავიდა, ფარცხალაძის გავლენების შესუსტების შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და ფარცხალაძის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვა დაიწყო. მანვე პოლიტიკურ სიტუაციაში ხელახლა შესვლა გადაწყვიტა და თბილისის მერის არჩევნების ლეგიტიმაციის გამო კონსერვატიული მოძრაობიდან მერობის კანდიდატიც დაასახელა, ზურა მახარაძეს არც საარჩევნო კამპანია აქვს და არც ხმების იმედი, სამაგიეროდ, კონკურენტუნარიანი არჩევნების ილუზიად ნამდვილად გამოდგება.

მოწმეთა პირველი ჩვენებები მშრალი და მოზომილია. მიხეილ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ჯანგველაძეს აეროპორტში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დახვდა, გაცივდა და სამტრედიაში იმყოფებოდა. როცა მას ჭავჭავაძის გამზირზე ჯანგველაძის მკვლელობის ამბავი აცნობეს და პირადი მცველი მოიკითხა, უთხრეს, რომ გიორგი ჩადუნელი დაჭრილია, რომ ის დაცვის ობიექტს მანქანასთან ელოდებოდა, სამაგიეროდ, ბიძაშვილმა უფრო მეტი გაიხსენა მას შემდეგ, რაც გამოძიებას „ჯონათან ჯონის“ სცენარის მიხედვით, საქმეში ფარცხალაძისა და ძმები მიქაძეების შემოყვანა დასჭირდა, ბერძენიშვილს გაახსენდა, რომ უცნობი პირები, რომელთა ვინაობა არ ახსოვს, ჯანგველაძეს აფრთხილებდნენ, შეეწყვიტა ურთიერთობა დავით მიქაძესთან, რომ ერთხელ ფარცხალაძე და ჯანგველაძე ფინანსურ პოლიციაშიც ჰყავდა მიყვანილი რაღაც სიგარეტების თემის დასალაგებლად და ლევანი უკმაყოფილო დარჩა, რადგან ფარცხალაძე მას არ დაეხმარაო. ბერძენიშვილის ჩვენების შემდეგ გამოკითხული არ არის ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი რამიშვილი, არ არის ამოღებული კამერები და არც ტელეფონის ამონაწერები არაა გაშიფრული. მეტიც: სცენარის ავტორმა, რომელიც ბერძენიშვილის ჩვენებას ჯონათან მორგოშიას სცენარს არგებს, არ იცის, რომ თემები ფინანსურ პოლიციაში არ ლაგდება, ვის რა ბიზნესის კონტროლი უნდა ერგოს. ეს სხვაგან წყდება და ფინანსურს მზა სქემა გადაეცემა შესასრულებლად. ოთარ ფარცხალაძე კი იმ დროისთვის ისეთი გავლენიანი პერსონაა, ნებისმიერ თანამდებობის პირს მის ოფისში იბარებს და სამსახურებში არ აკითხავს. რაც შეეხება სიგარეტების თემის დალაგებას, სიგარეტის კონტრაბანდას კარგა ხანია, საქართველოში გივი ჯალაბაძე „კრიშავს“, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილთან ერთად. და ეს ფაქტი ბერძენიშვილმა არა, მაგრამ ფარცხალაძემ და ჯანგველაძემ ნამდვილად კარგად იციან.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ცალკე კომიკური პერსონაჟია სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზე გაფორმებული იყო მკვლელობის იარაღი. დაკავების მომენტიდან წივწივაძე აცხადებდა, რომ მას იარაღი საკუთარი სახლიდან მოპარეს. ამის შესახებ პოლიციაშიც განაცხადა, იგივე გაიმეორა სასამართლოშიც იმ დრომდე, სანამ მორგოშიას სცენარის მიხედვით, ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორებად ძმები მიქაძეების შემოყვანა არ გახდა საჭირო.

აგვისტოს ბოლოს ჯანოს გაახსენდა, რომ კიევში მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებდა, საქართველოში დაბრუნებულმა შეიძინა დამატებით იარაღი GLOK-19 X, ამის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად და შვიდი იარაღი დატოვა სეიფში, რომელიც ჩააბარა მისახედად მის მეგობარ მამუკა ჟიჟილაშვილს. საფრანგეთიდან დაბრუნებულმა კარანტინი გაიარა და სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ იარაღი დაკარგული იყო. დაურეკა მამუკა ჟიჟილაშვილს და პასუხი მოსთხოვა, სად წავიდა მისი იარაღი? საბოლოოდ, ჟიჟილაშვილმა მას დაუდასტურა, რომ იარაღი „იმასთან“ არისო. როცა ჯანო ჩაეკითხა, მან უთხრა, რომ ძმებ მიქაძეებთანო. შემდეგ ჯანომ გადაწყვიტა, გადაემოწმებინა მამუკა ჟიჟილაშვილი, მასთან ერთად წავიდა უნივერსიტეტის ქუჩაზე, ე. წ. საშხაპეზე, სადაც იმყოფებოდა დავით მიქაძე, რომელსაც ჰკითხა მისი იარაღის შესახებ. მიქაძემ ირონიული ღიმილით უპასუხა, რომ იარაღი იყო მასთან. ირონიული ღიმილი მიიჩნია, რომ ემსახურებოდა მისი და მამუკა ჟ.-ს კონფლიქტის განეიტრალებას. ამის შემდეგ სანდრო წივწივაძემ პოლიციას მიმართა, რომ იარაღი დაკარგა. პირველ ჩვენებაში მიუთითა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და ამ დრომდე ის დასრულებული არ არის. ამ ჩვენების შემდეგ სანდრო წივწივაძის საქმე ცალკე გამოყვეს და, სავარაუდოდ, მას ეს ღვაწლი დაუფასდება, _ საპროცესო გარიგებას გაუფორმებენ.

მაგრამ კოკა მორგოშიას სცენარის უზრუნველსაყოფად ძმები მიქაძეებისა და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ მხოლოდ სანდრო წივწივაძის ჩვენება საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ სცენარში წივწივაძის ბიცოლა, თეა მაჭავარიანი შემოიყვანეს.

ჩემი და თეა მაჭავარიანის ნაცნობობა ცალკე ერთი დიდი ისტორიაა და როდესმე დეტალურად დავწერ, როგორ მთავაზობდა შუამავლობას ხან ოთარ ფარცხალაძესთან, ხან გრიგოლ ლილუაშვილთან და ხანაც _ უჩა მამაცაშვილთან. მაგრამ ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ მასთან კომუნიკაცია მომიხდა ჩემი სტატუსის გამო, რომელიც 2025 წლის 25 მაისს დავწერე. იმ დროისთვის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანდრო წივწივაძე კიევში, გიორგი ჯოხაძის სახლში სცემეს და მას რამდენიმე გაფორმებული იარაღი წაართვეს. სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დამირეკა თეა მაჭავარიანმა პრეტენზიით, რომ სანდრო წივწივაძემ იარაღი დაკარგა, რემონტის დროს ხელოსნებმა თუ მუშებმა მოპარეს და ჯოხაძის მიერ მისთვის იარაღის წართმევა სრული სიცრუეაო. სამაგიეროდ, ამ ზარიდან სამი თვის შემდეგ, 2025 წლის 28 აგვისტოს,  ბიცოლა თეას გაახსენდა, რომ წივწივაძის იარაღის თაობაზე ფლობდა გარკვეული სახის ინფორმაციას და სურვილი გაუჩნდა, ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის მიეწოდებინა.

 

რას წერს თავის ჩვენებაში თეა მაჭავარიანი?

 

„როცა მე დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ჩემთან ერთად ცხოვრობდა ჩემი მეუღლის დისშვილი სანდრო წივწივაძე. მოგახსენებთ, რომ 2018-2019 წლებში სანდრო წივწივაძემ შეიძინა სხვადასხვა დასახელების იარაღი, რომელსაც იგი ინახავდა ქ. თბილისში, დოლიძის ქუჩა 25-ში, ბინა 112-ში მდებარე სათავსში განთავსებულ სამ ცალ სეიფში. ჩემთვის ცნობილია, რომ 2018-2019 წლებში სანდრო წივწივაძე ზემოაღნიშნულ მისამართზე განთავსებულ სეიფებში ინახავდა შვიდ ცალ იარაღს. სანამ დაიწყებოდა სარემონტო სამუშაოები, მე გადავედი სხვა მისამართზე, სანდრო წივწივაძის ოჯახი გადავიდა ფანასკერტელის ქუჩაზე. 2020 წელს გაზაფხულზე სანდრო წივწივაძე ჩამოვიდა საფრანგეთიდან და აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო მისი კუთვნილი სამი ცალი სეიფი, რომელშიც მოთავსებული იყო შვიდი ცალი იარაღი. სანდრო წივწივაძემ თავისი იარაღის დაკარგვის თაობაზე განაცხადა პოლიციის განყოფილებაში. ვიცოდი, სანდრო წივწივაძეს ეჭვი ჰქონდა, რომ მისი იარაღი წაიღო მამუკა ჟიჟილაშვილმა, რადგან დოლიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში როდესაც მიმდინარეობდა რემონტი, სწორედ მამუკა ჟიჟილაშვილი აქცევდა ყურადღებას. ამის შემდეგ მე შევხვდი დოლიძის ქუჩაზე მამუკა ჟიჟილაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ სანდრო წივწივაძის იარაღი წაიღო თვითონ და იყო დავით მიქაძესთან. 2020 წლის ზაფხულში ვაპირებდი ბათუმში საბაჟო ტერმინალის აშენებას და აღნიშნულ საკითხზე კოლმეურნეობის მოედანზე „პირიმზეში“ მივედი ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ოფისში, სადაც დამხვდა ადგილზე ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად იმყოფებოდა დავით მიქაძე. მივედი ოთარ ფარცხალაძესთან. მას ავუხსენი, რომ ბათუმში ვაპირებდი საბაჟო ტერმინალის აშენებას. აღნიშნული საუბრის დროს დავით მიქაძემ მითხრა, რომ ხელს არ შეგიშლით მშენებლობის პროცესშიო. ამის შემდეგ მე დავით მიქაძეს ვუთხარი, რომ ვიყავი სანდრო წივწივაძის ბიცოლა და ვკითხე, თუ სად იმყოფებოდა სანდრო წივწივაძის დაკარგული იარაღი? ასევე დავით მიქაძეს ვუთხარი, რომ აღნიშნული ინფორმაცია მომაწოდა მამუკა ჟიჟილაშვილმა. საუბრის დროს დავით მიქაძემ ხელის ჟესტიკულაციით მანიშნა და მითხრა, რომ არ მენერვიულა მაგ თემაზე, რადგან იარაღი ჩვენთან არისო და საუბარი ჩემთან აღარ გაუგრძელებია. ამის შემდეგ დავით მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე წამოდგნენ, ჩამომართვეს ხელი და დავემშვიდობეთ ერთმანეთს“.

 

თეა მაჭავარიანის ჩვენება რომ სრული სისულელეა, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს „პირიმზეში“ ოფისი არასოდეს ჰქონია, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესოა, სრულიად უცნობი ადამიანი როგორ გაატარა დაცვამ მასთან? სატელეფონო ზარზე ვერ მოიტყუებოდა, რადგან მობილური ოპერატორის ამონაწერი ინახავს ზარების ისტორიას, ამიტომ შეხვედრის ორგანიზება ფრიად ორიგინალურად გადაწყვიტეს, _ მაჭავარიანმა ფარცხალაძის დაცვას უთხრა, რომ ის იურა ვაზაგაშვილის ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტიური წევრი იყო და 2013 წლიდან ფოსტის საკითხებზე ხშირად გამოდიოდა ეთერებში. დაცვასაც გული აუჩუყდა და მაჭავარიანი ფარცხალაძესთან გაატარა. ამას თან დაემთხვა ისიც, რომ დავით მიქაძეც იქ იყო და „გულახდილი“ საუბრებიც შედგა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კოკა მორგოშიას სცენარის განხორციელებაში აქტიურად ეხმარება გიორგი კაჭკაჭიშვილის მამა მერაბ კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ძალიან უნდა მერაბ ჯანგველაძის გარემოცვაში მოხვედრა. თავდაპირველად, ის ცდილობდა იარაღის ვერსია მის შვილს გაეჟღერებინა, მაგრამ უბანში წინააღმდეგობა შეხვდა გარდაცვლილი მამუკა ჟიჟილაშვილის ხსენებისას, ამიტომ სცენარის ეს ნაწილი შესასრულებლად სანდრო წივწივაძეს ერგო. მაგრამ წლების განმავლობაში მას და მის ოჯახს იარაღის საკითხზე იმდენი ჩვენება აქვს მიცემული, იმდენჯერ ამტკიცებდნენ, რომ იარაღი სახლის რემონტისა და სხვა მისამართზე გადასვლის დროს დაიკარგა, ბოლო ჩვენების გაზიარება ყველაზე არაობიექტურ სასამართლოსაც უნდა გაუჭირდეს.

ფაქტია, ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულიად განსხვავებულ ეტაპზე გადადის და წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება.

 

გაზიარება