პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025
2025-09-19 07:42:33
გიგა გელხვიიძე
სასამართლო დარბაზებში მსხდომ ათეულობით ახალგაზრდას „სინდისის პატიმრის“ სტატუსი დაუმკვიდრდა _ ბრალდებები, რომლებსაც მტკიცებულება არ ამყარებს, თუმცა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება. ასეთია თორნიკე გოშაძის შემთხვევაც. მისი დედა, მარიზ კობახიძე, ხელისუფლების ქმედებებს მხოლოდ სამართლებრივად კი არა, ადამიანურადაც უსამართლოდ მიიჩნევს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მარიზ კობახიძე:
_ ქალბატონო მარიზ, ვხედავთ ახალ დაკავებებს, წინ არის 4 ოქტომბრის აქცია და სხვა დაანონსებული აქციები, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიდევ ახალი სინდისის ან პოლიტპატიმრები შეგვემატება. როგორ აფასებთ ამ პროცესს თქვენ, როგორც სინდისის ერთ-ერთი პატიმრის დედა?
_ „ოცნებას“ მოყვანილი ჰყავს არა სამართალდამცველები, არამედ კრიმინალები, რომლებსაც დავალებული აქვთ, რომ იჩხუბონ. 8 სექტემბერს ხომ ვნახეთ, რომ თავში მოხვდათ ბოთლები, თუნუქის ქილები სამართალდამცველებსაც კი და დავინახეთ, რომ ხელითაც კი შეეხნენ მათ. ესენი ახლა არიან ძალიან შეშინებულები. სახეები ვნახოთ, რომ გამოდიან ეკრანზე, ირაკლი კობახიძეს შიშისგან ჰაერში აქვს თმები წასული. რისთვისაც ჩემი შვილია დაკავებული და სხვა ყველა პატიმარი, ვერ დაუდეს მტკიცებულება, რომ დამნაშავეები არიან. რაც შეეხება „ოცნების“ „ტიტუშკებს“, ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მაგალითად მუხიანელია, ლევან ზარდიაშვილი, ყველა ცნობს მას. ვინ არის დაჭერილი? არავინ დაუჭერიათ და რეალურად იმაზე უარესი ჩაიდინეს. კადრებში ჩანს, რომ მართლა პოლიციელებს დაარტყეს და ვიღაც წიხლქვეშ ჰყავდათ გაგდებული. კარგი, იქ ნიღბები ეკეთათ და არ ჩანდნენ, ვინ იყვნენ, მაგრამ ახლა ხომ ვხედავთ? ვინ არის დაჭერილი? გამოვიდა მინისტრი და რომ არავინ ხელი არ დაადო, გათავისუფლებულები არიანო (აქ მხედველობაში ჰყავს ზაზა მამალაძე, რომელიც დააკავეს, თუმცა ის მალევე გამოუშვეს, _ რედ.).
_ დღესდღეობით სამი სინდისის პატიმარი არის განთავისუფლებული, რომლებსაც ვერ დაუმტკიცეს ბრალი. თუმცა ასევე ვერ დაუმტკიცდა ბრალი ვერც თქვენს შვილს და ვერც სხვა, რომელიმე სინდისის პატიმარს, რომლებსაც მიესაჯათ პატიმრობა. რისი თქმა სურდა ხელისუფლებას ამ ქმედებით, როდესაც გამოუშვეს თედო აბრამოვი, გიორგი ახობაძე და ნიკა კაცია?
_ ვფიქრობ, რომ უკვე ისე ვართ ჩახედული ყველანაირად საქმეში, ლამის იურისტი გავხდე. თუ მიუსჯიდნენ ნიკას, გიორგის და თედოს მათ ვეღარ შეეხებოდათ ვერაფერი, ან უნდა მიეცათ 20 წელი სიტყვაზე. ნარკომანიაზე (მოხმარება) არავის ეხება არაფერი თურმე, ასე გავიგე მერე და ჩვენებს კიდევ გადაუკვალიფიცირეს, მაგრამ იგივე მუხლი დატოვეს. ადვოკატების თქმით, თუ გადაკვალიფიცირება შეიძლება, აღარ უნდა დარჩეს მუხლი. რას დაწერენ განჩინებაში, ვნახოთ, როდესაც საჩივარს შეიტანს თითოეული ადვოკატი. გახსოვთ თქვეს, რომ არ დაუმტკიცდათ დანაშაული და გავათავისუფლეთო, თუმცა ამათ თითქოსდა დაუმტკიცდათ. რა დაუმტკიცდა ზვიად ცეცხლაძეს, ორგანიზატორობა? სად დაუმტკიცდა ეს საერთოდ? კარგი, ჰო, თორნიკე იხრება და რაღაცას იღებს და ისვრის, ეს მოქმედებაში ჩაითვალა, მაგრამ...
_ თუმცა ვერავინ დაადასტურა, ვინც მოწმედ ჰყავდათ მიყვანილი, რომ მათ უშუალოდ თორნიკეს ნასროლი რაიმე საგანი მოხვდათ.
_ რა თქმა უნდა, ვერ დაადასტურეს და თან გამოიკვეთა, რომ მონტაჟი იყო ეს კადრები. იხრება და იღებს რაღაცას და ის რაღაც იქნებ მათგან გამოსროლილი ცრემლსადენი გაზის ტყვია იყო, რომელიც ამ წუთშიაც სახლში მაქვს და არ წაიღეს, როდესაც იყვნენ მოსულები, რომ ეს მათი ნივთი იყო. იმავე ტიპის ნარკოლოგიური ხასიათის დანაშაულზე მიუსაჯეს ანტონ ჩეჩინს, _ ლანგრით მიართვეს პუტინს და მიუსაჯეს ასევე ანასტასიას და არტემ გრიბულს, მასთანაც ხომ იმავე მუხლი იყო, მაგრამ მაინც მიუსაჯეს. როგორც თორნიკესთვის ვიბრძოლებ, ისევე ვიბრძოლებ თითოეული იმ რუსისთვის, რადგანაც ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ, საქართველოსთვის იბრძვიან და ამიტომ ისინიც განთავისუფლდებიან მალე, როდესაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაუყვება რუსეთის გზას, ეს გარდაუვალია.
_ გვესმის კრიტიკა სხვადასხვა აქციების მისამართით, ეს ხდება ძირითადად პოლიტიკურ ძალებს შორის. როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, რამდენად არის მნიშვნელოვანი ყველას ჩართულობა ამ პროცესში, კიდევ უფრო დიდი მუხტის აწევა ყოველდღიურ აქციებზე. რამდენად სწორი განცხადებაა დღეის გადმოსახედიდან „მე არ წავალ იმის აქციაზე“, „მე არ დავდგები მათ გვერდით“, აზიანებს თუ არა ეს პროცესებს?
_ დღეს ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ჩერგოლეიშვილი რომ ჩერგოლეიშვილია, რომელიც ერთხელ არ მოსულა დედებთან და არ უკითხავს, რას შვრებითო და არ უთქვამს გგულშემატკივრობთი, იმის მხარეზედაც კი მივალ, რადგანაც ახლა მთავარია, ბიძინას ებრძოლოს. ყველა ასე ვართ ახლა, მაგრამ მაინც მიდის კრიტიკა. გუშინ ვუსმენდი „ლელოს“ წარმომადგენელს, მგონი სამუშია იყო, რომ მე ვიბრძოლებ არჩევნების დღესაც, მაგრამ საღამოს შევუერთდები აუცილებლად აქციასო. ისინიც ამას ამბობენ და რასაც კარგს იტყვიან, ეს ჩვენთვისაც საუკეთესოა. ძალიან გაბრაზებულები ვართ და მე სულაც არ მივდივარ არჩევნებზე და ეს პირველი შემთხვევა იქნება, რომ არჩევნებზე არ წავალ, თუმცა მაინც მიხარია და მოხარული ვარ, რომ მოვიდნენ და ჩვენთან ერთად დადგნენ. 4-ში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი.
_ აუცილებლად უნდა შევეხოთ არჩევნების თემას. თავდაპირველად იყო ნათქვამი, რომ არჩევნებში არავინ შედიოდა, რადგანაც ეს იქნებოდა ღალატი საერთო პროტესტის. ასვე საუბარი იყო იმაზე, რომ ეს იქნებოდა ცალკე აღებული ღალატი სინდისის პატიმრების მიმართ. ამის ფონზე ვნახეთ, რომ „ლელოც“ და გახარიას გუნდიც, უკვე კოალიციური სახით, შევიდნენ არჩევნებში. რამდენად დააზიანა ამან პროცესები?
_ ძალიან საწყენია, რადგან როდესაც შევხვდით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, მათ გვითხრეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას, გადავხედავთ მოვლენებსო. ისიც თქვეს მაშინ, რომ თუ ნიკა გვარამია და ნიკა მელია დაიჭირეს, იგივე მუხლი არის ჩვენიცო. გადაწეული იყო მათი თარიღი, რადგანაც გადაიხადეს ის ჯარიმა, როგორც გიორგი ვაშაძემ, თუმცა დაკავების მოლოდინი ჰქონდათ. ასეც მოხდა, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ყველა დანარჩენი იმავე მუხლით დაკავებული დატოვეს და რატომ გამოუშვეს ბადრი და მამუკა? კი ბატონო, მივესალმები, თავისუფლება ყველასთვის საჭიროა, მაგრამ მათ, ეტყობა, ჩემი შვილისგან განსხვავებით და სხვა პატარა ბიჭებისგან განსხვავებით შეწყალება სთხოვეს იმ ვითომ პრეზიდენტს, ვისაც არ აღიარებდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის აღიარეს უკვე პრეზიდენტად. კი ამბობენ, რომ ჩვენ შეწყალება არ გვითხოვიაო, მაგრამ მაშინ არ გამოსულიყვნენ იქიდან. ბავშვებმა სასამართლო პროცესზე ყველამ ერთად თქვეს პატარებმა, რომ არავითარი შეწყალება არ იქნება. იმ წუთშიაც რომ შეწყალება მიეცათ, ისინი იქიდან არ გამოვიდოდნენ. ვიცი თორნიკეს ნათქვამი, რომ დედა, მე შეწყალებით იქიდან არ გამოვალ, რადგანაც ყაველაშვილს არ ვცნობ პრეზიდენტადო. ისინი კი გამოვიდნენ. ამიტომ ამ ორმა „ბუმბერაზმა“ ადამიანმა დაუჩოქა ოროსან ყაველაშვილს. ამდენი ხანია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მართავენ თავიანთ საქმეს წარმატებით და ოროსან რვა კლასის განათლების მქონე ყაველაშვილს დაუჩოქეს.
_ რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თორნიკესა და სხვა სინდისის პატიმრების თაობას წარმოადგენენ, იმ ბიჭების თაობას, რომლებიც სინდისის პატიმრებად აქცია ივანიშვილის ხელისუფლებამ? ასევე რას ეტყვით მათ, ვინც ამართლებს მათ პატიმრობას და დგას რეჟიმის მხარეს?
_ ჩემ გარშემო ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც არიან „ოცნების“ მომხრე და ისინი არიან წამალზე გადასულები. ჩემს დასახლებაში არცერთი ელექტრომრიცხველის ყუთი აღარ არის დაკეტილი, რადგან თურმე იქ მოდის ვიღაც, ინახავს წამალს, მერე მოდის ვიღაცა და იღებს. ადრე მიწაში მარხავდნენ და ამას თითქმის ყოველდღე ვხედავდი. ზუსტად ეს ბიჭები არიან თორნიკეს ტოლები და ცოტა დიდები თორნიკეზე, ჩემ გარშემო ყველა ასეთ დღეშია. ეს ახალგაზრდები ივანიშვილის რეჟიმმა გადააქცია ნარკომანებად. თვითონ ყიდის ამ წამალს ივანიშვილი, აბა, რა ბიზნესი აქვს მას? ერთი რამ ვიცი, რომ მაგას აქვს ნარკობიზნესი, ალბათ, ქუთაისში პოლიციელებიც კი დაიჭირეს, რომლებიც ყიდდნენ ამ ნარკოტიკს. ამიტომ ეს ახალგაზრდები, აი, ის ბიჭიც, თავიდან რომ ჩვენს აქციებზე იდგა და ახლა გამოსულა იქ და გაიძახის, რომ დაგასრულებთო, მაგან ვინ უნდა დაასრულოს?! დედა ჰყავს, მამა ჰყავს, დედმამიშვილი ჰყავს თუ ვინ? ასეთი ხალხი ჰყავს ბიძინას დღეს გვერდით. ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა თურმე შემოგზავნილი ჩვენი შვილების აქციაზე და ახლა ვხედავთ, რომ იქ არიან. 8 სექტემბერს ხომ მოხდა ის, რაც ვიხილეთ (კახა კალაძის ცენტრალურ საარჩევნო შტაბთან მშვიდობიან მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ოცნების“ „ტიტუშკები“), პოლიცია იდგა და არავინ ახლოს არ მოდიოდა. პოლიციელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვართ უიარაღო აქტივისტები. ვინმეს არაფერი არ აქვს წაღებული იქ სასროლი იარაღი ან გაყინული წყალი. წყლის ბოთლი ახლაც კი მიდევს ჩანთაში, რადგანაც ვსვამ ამ წყალს. მათ, სავარაუდოდ, მაცივრები დადგეს შტაბში სპეციალურად, გაყინეს ბოთლები ღამე და მეორე დღეს დაგვიშინეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიციელებიც კი ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ უიარაღო და იმათ მოერიდნენ. მგონია, მოგვერიდებიან ალბათ პოლიციელები, ხოლო „ოცნება“ სპეციალურად გაწვრთნის ვიღაცებს, რომ შემდეგ ჩვენ დაგვარბიონ აქციაზე.
_ ლევან ხაბეიშვილის დაკავების ფაქტზე მინდა, რომ გკითხოთ: ერთი თვეც აღარ დარჩა 4 ოქტომბრის აქციამდე და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი მთავარი ფიგურა, რომელმაც შეძლო და ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები გააერთიანა, ამ დროს კი მას აკავებენ. რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი? (ინტერვიუ ჩაწერილია 13 სექტემბერს მანამდე, სანამ ლევან ხაბეიშვილს პატიმრობას მიუსჯიდნენ. დღის ბოლოს ხაბეიშვილი მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობაში დატოვა).
_ ხაბეიშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა და მოასწრო. ის თავადვე ამბობდა, რომ მეც შეიძლება დამიჭირონო, თუმცა მას უკან უამრავი ადამიანი უდგას. ხაბეიშვილმა გასაკეთებელი გააკეთა, ახლა ისინი ვეღარაფერს შეცვლიან. უფრო გაგვაბრაზეს „ხაბეს“ დაკავებით. მაგრამ ვისაც არ იცნობენ და როგორც „ხაბე“ ამბობს, უამრავი ადამიანი არის ჩვენ გვერდით ისეთები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, ამიტომაც არიან პანიკაში და დარბიან, ვინ დაიჭირონ აღარ იციან, არ იციან რა ქნან. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან ვერ იგებენ. ამიტომ 4 ოქტომბერი ჩვეულებრივ შედგება. პაატა ბურჭულაძეც ამბობს, რომ შეიძლება ისიც დააკავონ და არ არის გამორიცხული თინა ბოკუჩავას ან სოფო ჯაფარიძის დაკავებაც, მაგრამ ამით ხალხს უფრო გააბრაზებენ. ხედავენ, რომ ლიდერი არ გვყავს აქციაზე და მაინც იმართება ეს აქციები. ამიტომ ის 4 ოქტომბერი აუცილებლად შედგება. მე დავდივარ ქუჩაში და ასეთი ჯერ კიდევ არ მინახავს, ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენ 4-ში იქ მოვდივართ. ვინც ახლა არ დადის ისინი გეგმავენ, რომ აქციაზე მოვიდნენ. პანიკაში არის „ქართული ოცნება“.
_ რეგიონებში დადიხართ აქტიურად და იცით, როგორია რეგიონის მოსახლეობის განწყობა. რა აკლიათ მათ ინფორმაციული კუთხით? ვიცით, რომ რეგიონი ძირითადად უყურებს პროპაგანდისტულ არხებს და შესაბამისად იკვებება იმ ტენდენციური ინფორმაციებით, რომლებსაც მათ აწვდიან ეკრანებიდან. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?
_ ჩვენ რომ დავდივართ, ხანდახან ჰგონიათ, რომ ეს გაზეთები არის რაღაც პოლიტიკური და თან ვეუბნებით, რომ ეს გაზეთები არ არის პოლიტიკური და არის ჩვენი შვილების წერილები. მგონია, რომ რაიონებში არის ძალიან კარგი სიტუაცია, სადაც არ ვყოფილვარ: ეს არის საჩხერე და ჭიათურა და საჩხერელი უამრავი ადამიანი მხვდება აქციაზე, მეუბნება, _ არ გეგონოს, რომ ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ბიძინასი. ჭიათურაში როდესაც ვიყავი ჩასული, მოშიმშილეებთან მივედი, ახალგაზრდა ბიჭებთან, დამენანა კიდევაც, რომ მაღაროში არ უნდა მუშაობდეს ისეთი ახალგაზრდა ბიჭი. ვესაუბრე, ტელეფონიც დავუტოვე და ვუთხარი, რომ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მთავრობის ბრალი არ არის თქვენი ეს მდგომარეობა და არის კომპანიის დირექტორის, ძალიან ცდებით-მეთქი. კომპანიის დირექტორი არ არის მამაჩემი, მისი დირექტორი არის ბიძინა ივანიშვილის კაცი, ვიღაც რუსი-მეთქი. ამიტომ უნდა შემოგვიერთდეთ, 4-ში აუცილებლად უნდა იყოთ, როგორც მოახერხებთ, რუსთაველზე-მეთქი. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ლიდერები, მაგრამ რაიონები ამბობენ, მოვდივართო. იმის იმედი მაქვს, რომ ესენი გადართულები იქნებიან საარჩევნო უბნებზე და ხალხი იქნებ ჩამოვიდეს რაიონებიდანაც.
_ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ ცხრა თვის მანძილზე? როგორი იყო ის თორნიკეს დაკავებამდე და როგორია ახლა, მისი დაკავების შემდეგ?
_ როცა ვიფიქრე, რომ აი, ახლა ცოტა ფეხზე დავდგები-მეთქი, მაშინ გარდამეცვალა მეუღლე. ძალიან ვიყავით დასტრესილები _ მართლა ოჯახის ბურჯი რომ გამოგეცლება და აღარ იცი, როგორ გააგრძელო ცხოვრება. როგორღაც მაინც გავაგრძელეთ, მას შემდეგ, რაც სამივე დედა-შვილი დავსხედით და მივხვდით, რომ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება მამის გარეშე. აი, ზუსტად მაშინ ისევ შემექმნა ეს პრობლემა და დაიჭირეს თორნიკე. მაგრამ განსხვავებით ვიღაცა დედისგან, რომელსაც ჰყავს ყაჩაღი, რეციდივისტი და ნარკომანი შვილი, მე ამაყი ვარ ჩემი შვილით. ძნელია, როცა ვიღვიძებ, ცრემლებით მევსება თვალები, რადგან თორნიკე არ არის სახლში. განა, მე ახლა, ამ წუთში, იმაზე ვფიქრობ, რომ თორნიკე გამოვიდეს ციხიდან დღეს ან ხვალ? _ არა! მე დღეს ყველაზე მეტად მაწუხებს ჩემი ქვეყანა, ის აუცილებლად უნდა გავათავისუფლოთ ბიძინა ივანიშვილისგან და მათი დამქაშებისგან და თორნიკეც მეყოლება სახლში და ყველა პატიმარი აუცილებლად იქნება სახლში, განურჩევლად სახელისა და გვარისა. ვიღაც ამბობს, თორნიკე გოშაძე პოლიტპატიმარიაო. თორნიკე გოშაძეს არ ვთვლი პოლიტპატიმრად, რადგან თორნიკე პოლიტიკური პროცესების დროს დაიჭირეს, მაგრამ ის არ არის პოლიტიკოსი და არც ერთი სხვა. ამიტომ ჯერ იქნება განთავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი და დანარჩენები გამოჰყვებიან მას უკან ყველა, აბსოლუტურად ყველა. ის არის ჯერ პოლიტპატიმარი და მერე არიან დანარჩენები. ჯერ განთავისუფლდება ის და ზუსტად ამის ეშინიათ დღეს. ვიღაც მეუბნებოდა, წავიდეთ „ვივამედთან“ ის მაინც დავიხსნათო, მერე ნახოს ბიძინა ივანიშვილმა, რომელ თვითმფრინავს ჩამოეკიდება.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
ფოტო: მარიამ ნიკურაძე