QronikaPlus
პაატა დავითაია - „საქართველოში როცა ყველა კარს ხურავ, მერე ერთბაშად ყველა იღება“

პაატა დავითაია - „საქართველოში როცა ყველა კარს ხურავ, მერე ერთბაშად ყველა იღება“

2025-08-13 08:36:50

შორენა მარსაგიშვილი

 

ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში ფეხს იკიდებს. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ამერიკის ჩართულობით გააფორმეს სამშვიდობო შეთანხმება. მალე ფუნქციონირებას დაიწყებს ზანგეზურის დერეფანი. ერთი შეხედვით, საქართველო, რომელიც ადრე რეგიონში პირველი მედასავლეთე იყო, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

როგორ შეიცვლება სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში? დარჩა თუ არა საქართველო რუსეთს? რა პროცესები დაიწყება ჩვენს ქვეყანაში? რატომ აღარ აქვს ხალხს ოპოზიციის ნდობა და იმედი? - ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია:

 

- ბატონო პაატა, ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება გაფორმდა. სულ მალე ამოქმედდება ზანგეზურის დერეფანი. ჩვენი საქმე როგორ იქნება _ დავრჩით თამაშგარე მდგომარეობაში?

- დღეს საქართველოს ხელისუფლება არის წინააღმდეგობრივ რეჟიმში. ძალიან რბილ სიტყვებს ვხმარობ ხელისუფლების შეფასებისას და ამას მინდა, ხაზი გავუსვა. არ მინდა, ყველაფერი ღიად ვთქვა, რასაც ვფიქრობ.

- რატომ არ გინდათ, რომ ღიად თქვათ?

- იმიტომ, რომ მრცხვენია იმის თქმის, რაც მინდა, რომ ვთქვა.

- რისი გრცხვენიათ?

- იმის, რაც აქ ხდება და რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ. აღარ მინდა, დაპირისპირება ვაჩვენო ასეთ რაღაცებში. ამიტომ ვსაუბრობ რბილად. საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობაშია ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. უპირისპირდება შეერთებულ შტატებს, ევროპას. გამოგონილი ჰყავთ არარსებული მტერი.

- დიპ სტეიტზეა საუბრი თუ გლობალური ომის პარტიაზე?

- დიპ სტეიტზე. ეს დიპ სტეიტი არის გამოგონილი მტერი. გამოგონილი მტერი კარგი რამეა: არ იცი, ეს მტერი ვინაა, არ იცი, სადაა და მას შეიძლება ყველაფერი დააბრალო. და რაც მთავარია, ეს მტერი არცერთ ბრალდებაზე პასუხს არ გაგცემს, რადგან არ არსებობს. ძალიან დაბალი დონის სტრატეგია აირჩია ჩვენმა ხელისუფლებამ. დასავლეთში ბევრთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ამის გამო პირდაპირ დაგვცინიან. ამის გამოსწორება ძალიან რთული იქნება.

ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, თუ როგორი პროცესები მიდის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვგულისხმობ. ეს ქვეყნები ერთმანეთში მრავალი წლის განმავლობაში ომობდნენ. მათ შორის რომ მუდმივი ომი ყოფილიყო, ამაზე რუსეთს დიდი ფსონი ჰქონდა დადებული. ეს ფსონი რუსებისა დაინგრა, ჩამოიშალა. სომხეთი და აზერბაიჯანი მიხვდნენ, რომ რუსული დიპ სტეიტი იყენებდა მათ.

- რუსული დიპ სტეიტი ეს უკვე ახალი რამეა.

- ეს ტერმინი, მგონი, მე ვთქვი პირველმა. არ გამიგონია, რომ ვინმეს ეთქვას რუსული დიპ სტეიტიო. რუსული დიპ სტეიტი სათავისოდ კარგად იყენებდა სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას. საბედნიეროდ, ეს ქვეყნები ყველაფერს მიხვდნენ და ერთმანეთისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგეს. ამას დასავლეთმაც შეუწყო ხელი. ჩვენ ვიხილეთ ისტორიული შეთანხმება, რომელიც 8 აგვისტოს გაფორმდა თეთრ სახლში. გეოპოლიტიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ტრამპმა ნათლად მიუთითა, რომ მას კავკასიაში მშვიდობა სურს. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვივარაუდე, რომ ზანგეზურის დერეფანი ამერიკელების კონტროლქვეშ იქნებოდა. როცა პირველად ვთქვი ამის შესახებ ერთ-ერთ იუთუბარხზე, ირონია გამოიწვია. არავის სჯეროდა. დღეს ეს აღსრულდა. ამ დერეფანს ახლა დაარქმევენ ტრამპის დერეფანს. ესეც გეოპოლიტიკურ სიტუაციას საერთოდ ცვლის.

წინ ძალიან სერიოზული პროცესები გველოდება. „ქართული ოცნების“ ტერმინოლოგიით ვიტყვი, რომ საქართველო გახდება ამერიკული და რუსული დიპ სტეიტების დატაკების სფერო. იმისთვის, რომ ორი რეგიონი აკონტროლოს, ამერიკულ დიპ სტეიტს საქართველო დასჭირდება.

- საქართველო რისთვის სჭირდება?

- უნდა თუ არა ვინმეს, საქართველოა სამხრეთ კავკასიის გასაღები. რუსეთს სჭირდება ის ორი რესპუბლიკა, რადგან ეს გასაღები უჭირავს ხელში. ასე რომ, საქართველოში მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოხდება რუსულ და ამერიკულ ე. წ. დიპ სტეიტებს შორის.

ამერიკულ დიპ სტეიტს სურს, რომ ამერიკული ნავთობი გაიტანოს ევროპაში. 2027 წლამდე სრულად სურს რუსული ნავთობის ჩანაცვლება. ე. ი. საჭიროა დერეფანი და ეს დერეფანი გახლავთ საქართველო. აქედან გამომდინარე, ამას შეეწინააღმდეგება რუსული დიპ სტეიტი და იქნება ძალიან სერიოზული ამბავი.

ამ დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი _ ქართველი ხალხი ევროპისა და დასავლური ღირებულებების მომხრეა. ხელისუფლება ამას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, იკვეთება დასავლეთის, მეზობელი ქვეყნებისა და ქართველი ხალხის ინტერესები. მე პირადად არ ვისურვებდი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მდგომარეობაში ყოფნას.

- რატომ არ ისურვებდით მათ მდგომარეობაში ყოფნას? ფიქრობთ, რომ მათი პოზიციები შეირყევა?

- დიდ გეოპოლიტიკაში პატარა ვაჭრობებს არავის პატიობენ. დღეს „ქართული ოცნება“ ამ პატარ-პატარა ვაჭრობით არის დაკავებული. ამის გამო მათ პასუხს მოსთხოვს როგორც ამერიკული დიპ სტეიტი, ასევე _ რუსული. ასეთ ვირეშმაკობებს, როგორც წესი, არავის პატიობენ.  8 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება ცხადყოფს, რომ ორივე დიპ სტეიტი მოიცლის ჩვენთვის.

- რუსულ დიპ სტეიტს კარგა ხანია, მოცლილი აქვს ჩვენთვის. რამდენი საუკუნეა, ვერ მოვიშორეთ თავიდან.

- ეს ჩვენი ისტორიის ნაწილი გახდა უკვე. წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველოდება, მაგრამ ხიფათიც იქნება. არ არის მარტივი ამბავი, რაც წინ ელოდება საქართველოს. დიდი იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს ეყოფათ გონიერება. მათ უნდა გააანალიზონ თეთრ სახლში გაფორმებული შეთანხმება და ისე იმოქმედონ.

- თქვენ თქვით, რომ წინ სახიფათო პროცესები გველოდება. სახიფათოში რას გულისხმობთ?

- სახიფათოში ვგულისხმობ იმას, რომ ტურბულენტური სიტუაცია იქნება ძალიან დიდი. არ მინდა მკითხველის დაზაფვრა, მაგრამ რეალობა არის ეს. ყველამ იცის, რომ ტურბულენტური სიტუაცია ძალიან სახიფათოა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხიფათი ნებისმიერმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს.

- იგივე ხომ არ მოხდება, რაც 2020 წელს მოხდა, როცა ყარაბაღში ომი დაიწყო.

- არა მგონია, რომ ომი დაიწყოს. ამას არც ამერიკა დაუშვებს და არც ერევანი და ბაქო.

- ომზე არ გეკითხებით. იმ ომში თავიდან „ოცნებამ“ სომხეთის მხარე დაიკავა.

- საქართველოს ღიად არასდროს დაუჭერია მხარი არცერთი მხარისთვის.

- აბა, ის რა იყო, კამპანია რომ დაიწყეს, გარეჯი საქართველოაო?

- ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პიარი.

- ამის გარდა იყო სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციული განცხადებები.

- სალომე ზურაბიშვილის ქცევებზე რა მოგახსენოთ. ის საქართველოს ადანაშაულებდა აგვისტოს ომის დაწყებაში. სამწუხაროდ, ეს არავის ახსოვს, მათ შორის, არც ოპოზიციას.

- როგორ არ ახსოვს, მაგრამ ისე იქცევა, ვითომ არ ახსოვს.

- ეს მათი პრობლემაა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს არასდროს დაუკავებია არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის მხარე. ეს ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო. რასაც სწორად აკეთებენ, ესეც უნდა აღვნიშნოთ.

- ახლა ხომ არ შეიცვლება სიტუაცია და რუსეთის დავალებით რამეს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება?

- ვერავის დავაბრალებ, რომ რუსეთი რამეს დაავალებს და იმას შეასრულებს. მე იმაზე ვილაპარაკებ, რასაც ვხედავ. ხელისუფლების დღევანდელი ქმედებები ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო დასავლეთს შორდება და ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი. რუსეთის დავალებით აკეთებენ ამას თუ საკუთარი ინიციატივით, ვერ გეტყვით. იმიტომ ვერ გეტყვით, რომ არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები. მტკიცებულებების გარეშე ლაპარაკი კი არ მიყვარს.   რეალობა ის არის, რომ საქართველო სცილდება დასავლეთს.

- თავად სომხეთსა და აზერბაიჯანში რა მოხდება?  იოლად დათმობს კრემლი ამ ყველაფერს?

- რა თქმა უნდა, რუსეთი ასე იოლად არაფერს დათმობს.  კრემლი გულხელდაკრეფილი ნამდვილად არ იჯდება. სომხეთში რუსეთის დასაყრდენი ახლა ეკლესიაა, აზერბაიჯანში არანაირი დასაყრდენი არ გააჩნია.

- სომხეთში ეკლესიის გარდა რუსების დასაყრდენი არის გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა.

- კი ბატონო, ვნახოთ, რა იქნება. ამ დერეფნით სომხეთი ძალიან დიდ სიკეთეს მიიღებს. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ფაშინიანის ხელისუფლებას რამე დაემუქროს.

- ფაშინიანი კარგად იყოს და ჩვენ საქართველოს დავუბრუნდეთ. ზანგეზურის დერეფნის ამბავი გააჩერებს ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის საკითხს? ამ თემაში რუსეთის აქტიური მხარდამჭერი იყო სომხეთი. ახლა სომხეთს, მგონი, ეს რკინიგზა აღარ დასჭირდება.

- არ დაკონსერვდება ეს თემა. უფრო პირიქით მგონია, რუსეთი მოითხოვს ამ რკინიგზის ამოქმედებას. ახლა რუსეთს მოუნდება თურქეთზე გასვლა რკინიგზით.

- ჩვენი ხელისუფლება რას იზამს?

- ჩვენი ხელისუფლების ლოგიკის გაგება ძალიან რთულია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

- ვთქვათ და დათანხმდა ხელისუფლება ამას. ხალხს ექნება ამაზე რეაგირება? მგონი, ჩვენი ხალხი არაფერზე აღარ რეაგირებს.

- ძალიან ცდება ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც ჰგონია, რომ ხალხს არაფერზე აღარ ექნება რეაგირება. ეს ასე არ არის. ხალხში ძალიან სერიოზული ნეგატივია დაგროვებული. და ეს ნეგატივი ელოდება აფეთქებას, რაც აუცილებლად მოხდება. და ეს იქნება ძალიან მძიმე ფორმებში ხელისუფლებისთვის. პირდაპირ გეტყვით, რომ არ მინდა, ეს ასეთ ფორმებში მოხდეს. ტურბულენტურობა რომ ვახსენე ზემოთ, ამაში შეიძლება მოვექცეთ ჩვენ. და ეს რუსეთმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ დასკვნები უნდა გააკეთოს.

- და თუ არ გააკეთა, მაშინ რა მოხდება?

- მაშინ რა მოხდება და მოვყვებით ტურბულენტობაში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ჭკვიანები ამ პერიოდში. მხედველობაში მყავს ხალხი და ის პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ოპოზიციაში. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ამბავში ხალხის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე _ პოლიტიკოსების.

- იმედგაცრუებული ხართ ოპოზიციით?

- იმედგაცრუებული არ ვარ. იმედგაცრუება ჰქვია იმას, როდესაც გაქვს იმედი და გაგიცრუვდება. მე ოპოზიციის იმედი არ მაქვს, რომ ის გამიცრუვდეს. მათმა არათანმიმდევრულმა ქმედებებმა მოიტანა ის შედეგი, რომ ხალხი ბევრ რამეზე აღარ რეაგირებს.

- ხელისუფლების მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლის ნიშნებს ხედავთ?

- არა! ერთ მილიმეტრსაც კი არ დათმობენ.

- რისი იმედი აქვთ, ასე რომ იქცევიან? რუსეთის?

- მე აქ არ გავაჟღერებ, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“. არადა, ვიცი, რისი იმედიც აქვთ და ისიც ვიცი, რომ ტყუილად აქვთ ამის იმედი. რაღაცას ვიტყვი, _ რუსეთზე ვამბობ, მაგრამ რუსეთზე არ ვამბობ.

- ეს როგორ გავიგოთ?

- „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ძალებისა და ფულის იმედი აქვს, მაგრამ სულ ტყუილად. მეტს არაფერს ვიტყვი ამ თემაზე.

- ახლა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთზეც ვისაუბროთ. რა ხდება აქ?

- რაც აქ ხდება, ახლა მაგრად ვხალისობ. 7 აგვისტოს ბადრა გუნბამ, ე. წ. პრეზიდენტმა და პუტინის წარმომადგენელმა თუ კურატორმა კირიენკომ გახსნეს შადრევანი, რაზედაც მათ მთელი აფხაზეთი დასცინის. დასაცინიც იყო. თემუდან გამოწერილი შადრევანი გახსნეს. იცით, როგორი? - ბავშვებს რომ უდგამენ აუზში. შლანგით რომ აერთებენ და თავად რომ ასხამს მერე წყალს. აი, ეს გახსნეს. ასეთ მარაზმში ცხოვრობს დღეს აფხაზეთი. ამ შადრევნის გახსნა არის ნათელი სახე რუსულ-აფხაზური პოლიტიკისა. 

- ამ შადრევნის გახსნა სასაცილოა, მაგრამ არა მგონია, მთლად სასაცილო იყოს, სოჭიდან ოკუპირებულ სოხუმში „კომეტამ“ რომ დაიწყო სიარული.

- ეს სასაცილო არაა, მაგრამ არც გასაკვირია. სოხუმში რუსეთიდან ავიარეისები სრულდება უკვე და ეს რა გასაკვირია? მე არ მიკვირს.

- გასაკვირი ისაა, რომ 32 წლის შემდეგ პირველად დაიწყო „კომეტამ“ სიარული. აქამდე რატომ იკავებდნენ თავს?

- აქამდე ეშინოდათ. ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი პარტიზანები მუშაობდნენ კარგად. გემები აკავებდნენ მცურავ საშუალებებს. მოკლედ, გარანტიები არ ჰქონდათ. არც სტაბილურობა იყო და არ რისკავდნენ. ახლა სტაბილურობაა და დაიწყეს.

- თუმცა თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში რამდენჯერ დაბომბეს უკრაინულმა დრონებმა სოჭი და ადლერი, ვერ ვიტყვით, რომ იქ სტაბილურობაა.

- უკრაინელებმა რაც გააკეთეს, ეგ სხვა თემაა. იქ არაა სტაბილურობა, მაგრამ ჩვენსკენ, აფხაზეთში აქვთ სტაბილურობა. ისე, უკრაინულმა დრონებმა სოჭი და ადლერი რომ დაბომბეს, იმ ღამით აფხაზეთში დიდი რაოდენობით ღამის ქოთანი გაიყიდა.

- თქვენ აფხაზეთთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი გაქვთ და იცით იქ მყოფთა განწყობები. ამ დრონების შემოსევის შემდეგ არა მგონია, მშვიდად ეძინოთ.

- არც სძინავთ. ძალიან ნერვიულობენ და მათ ნერვიულობას ნამდვილად აქვს საფუძველი.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინელები ოჩამჩირის პორტს დაბომბავენ, სადაც რუსები შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზას აკეთებენ?

- თავისუფლად შეუძლიათ ამის დაბომბვა. ჯერ ამის გაკეთება ცოტა ადრეა. ეს პორტი ჯერ დატვირთული არ არის. მას ახლა, ძირითადად, ლოჯისტიკისთვის იყენებენ რუსები. როგორც კი ღიად ჩაერთვება ეს პორტი ომში, უკრაინელები დაბომბავენ.

- წულუკიანის კომისიაზეც მინდა, გკითხოთ: ამ კომისიამ დაასრულა მუშაობა და დასკვნას სექტემბერში გაასაჯაროებს. რას ელით?

- მარტივად გიპასუხებთ: კარგს არაფერს ველოდები. რა განცხადებებსაც ვისმენ, ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იქნება. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, იმედს ვიტოვებ, რომ ქართულ მხარეს არ დაადანაშაულებენ ომის დაწყებაში.

- ამის გჯერათ, რომ არ დაადანაშაულებენ?

- ამის დიდი იმედი მაქვს. ჰააგის დასკვნაში წერია, რომ ქართული მხარე ომის დაწყებაში არაფერ შუაში არ არის. იმედი მაქვს, რომ პიარისთვის ამ თემას „ოცნება“ არ გამოიყენებს.

- „ოცნების“ ხელისუფლების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სხვა მოლოდინი უნდა იყოს.

- სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ არ მაქვს კარგი მოლოდინი, მაგრამ მაინც ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

- პარტიების აკრძალვის შესახებ რას ფიქრობთ?

- პარტიების აკრძალვა ოპოზიციას 2024 წელს ვუწინასწარმეტყველე. მაგრამ იყვნენ პარტიები, რომლებიც მაშინ ამბობდნენ, გაერთიანება არ შეიძლება, ეს ივანიშვილის ნარატივია, ჩვენ ცალ-ცალკე უნდა გავიდეთო. ასე ამბობდნენ: ათი დღე დარჩა ივანიშვილის მოსკოვში გაქცევამდე, ცხრა დღე დარჩა... ასე ითვლიდნენ დღეებს. მაშინ ვთქვი, თქვენ ის დღეები დათვალეთ, როგორ აღმოჩნდებით გისოსებს ქვეშ-მეთქი. ჩემი სიტყვები ახდა.

- თქვენი პროგნოზები, ძირითადად, ხდება ხოლმე. რამდენიმე წლით ადრე განაცხადეთ, რომ ანაკლიის პროექტი ჩაიშლებოდა და ესეც ახდა. ახლა რა პროგნოზი გაქვთ, რა მოხდება პოლიტიკაში?

- ხელისუფლება შეეცდება, ძალადობრივად სამართლებრივი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც გამოიწვევს ავტორიტარული რეჟიმისკენ კიდევ უფრო გადახრას და მეტ რეპრესიებს. ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება. საქართველოში ასე ხდება ხოლმე, როცა ყველა კარს ხურავ, მერე ყველა კარი ერთდროულად იღება. ეს ხალხი რაღაც დონემდე ითმენს ყველაფერს და მერე ფეთქდება. ამის წინაპირობებს ვხედავ.

- ეს ლიდერის გარეშე მოხდება?

- ამას პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველა იმოქმედებს თავისი ინტერესით. ჩვენ უნდა ვიყოთ ჭკვიანურად.

გაზიარება