ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
2025-08-13 07:52:10
ირაკლი კაკაბაძე
დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ რატომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში: რამ მიიყვანა საქართველო რუსული კოლონიალიზმის ზღვართან დამოუკიდებლობის აღგენიდან 34 წლის შემდეგ? ვფიქრობ, რომ ამისთვის პირუთვნელი ისტორიული ანალიზის გაკეთებაა საჭირო: იმის, თუ რა მოხდა 1991 წლიდან დღემდე. მხოლოდ ასეთი ანალიზი მოგვცემს აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას.
„ქოცებისა“ და „ნაცების“ შეპირისპირება აქ არაფრის მომტანია, რადგან მათი სისტემური მშობელი ერთია: ეს არის ედუარდ შევარდნაძის ნახევრად კრიმინალური და ნახევრად პოსტკომუნისტური ნომენკლატურული რეჟიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე უკანონო და არალეგიტიმური იყო ჩანასახშივე და რომელმაც დაამკვიდრა დაუსჯელობის სინდრომი მის მემკვიდრე „ხელისუფლებებში“.
მოეხსენებათ, რომ ყველაზე დემოკრატიული და ნამდვილად ლეგიტიმური არჩევნები საქართველოში გაიმართა 1990 წლის ოქტომბერში და 1991 წლის მარტსა თუ მაისში. ეს იყო ქართველი ხალხის _ მისი შემადგენელი ყველა ეთინკური ერთეულის _ ნების გამოხატვის ყველაზე უფრო მართალი ასახვა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მაშინაც არ იშურებდა ძალებს ამ არჩევნებში ხელის შესაშლელად და ზოგადად დემოკრატიის უკან დასაწევად, ქართველმა ხალხმა ნამდვილად დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. თუმცა ამ არჩევანს კრემლმა მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლე თუ აცალა _ 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების მოწყობაში უამრავი ქართველი კოლაბორაციონისტის ხელი ერია: მათ შორის იყენენ პარტიული ნომენკლატურის წევრები ნუგზარ ფოფხაძის მეთაურობით, უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის წარმომადგენლები) მთელი ლეგიონი, პრივილეგირებული „წითელი ინტელიგენციის“ ორდენოსანი წარმომადგენლები და უბრალოდ დროებით შეცდომაში შეყვანილი ადამიანები. კრემლმა და მისმა მთავარმა წარმომადგენელმა მოსკოვში, ედუარდ შევარდნაძემ, ყველაფერი გააკეთეს 1991 წელს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განეწყოთ. გაიშალა დიდი დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც ზვიადსა და ქართველებს, ზოგადად, „ფაშისტობას“ აბრალებდა
- ამერიკიდან დაწყებული და საქართველოს ყველა პატარა კუთხე-კუნჭულით დამთავრებული ეს გააფთრებული კრემლის პროპაგანდა ცდილობდა, ყველა დაერწმუნებინა, რომ საქართველოს ყველაზე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი „დიქტატორია“ და ბოლშევიკური დიქტატურის თითქმის ყველა პირმშო და „აპარატჩიკი“ _ დემოკრატი. მიუხედავად ამხელა მცდელობისა, ამ პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ მოახერხა მთლიანად საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტის დარწმუნება ამაში. მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი მაინც გამსახურდიას უჭერდა მხარს.
რა იყო ამის მიზეზი პოლიტიკური მეცნიერების ანალიზის კუთხით?
1. პირველი მიზეზი იყო ის, რომ ხალხს ნამდვილად უნდოდა თავისუფლება და საკუთარი მარადიული ღირებულებებისაკენ დაბრუნება ცრუ ბოლშევიკური ნარატივისგან, რომლისთვისაც არც ღმერთი არსებობდა და არც _ იდეალიზმი. ხალხს ყელში ჰქონდა ამოსული მარქსის „დიალექტიკური მატერიალიზმი“ და ბოლშევიკური ტოტალიტარიზმი და მან მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიაში დაინახა საკუთარი თავისუფლების შანსი, რომელსაც ძალიან რთულ პირობებშიც კი მისცა ხმა;
2. ზვიად გამსახურდია ნამდვილი დემოკრატი იყო „წითელი (ლიბერალური) ინტელიგენციისაგან“ განსხვავებით. მისთვის რიგითი ადამიანი ყოველთვის თანასწორი იყო და ის არ ითხოვდა „პრივილეგირებული კასტების“ ბატონობას. ის ეყრდნობოდა ნამდვილ ხალხს ანუ დემოსს. ეს მთლიანად აუტანელი აღმოჩნდა პრივილეგირებული კლასებისათვის _ და ამის აღიარება დღეს თვით მარქსისტებსაც უჭირთ, რადგან ისინიც პრივილეგირებული კლასი იყო საბჭოთა კავშირში, რაც არ უნდა უარყონ ეს მათ. აბა, ნუგზარ ფოფხაძე და მისთანები რომელი „პროლეტარები“ არიან _ ეს გაქსუებული „ბოლშევიკ-მენეჯერთა კლასი“ ბევრად უფრო ახლოს იყო თავისი არსით კაპიტალისტ-ოლიგარქებთან, ვიდრე _ პერიკლეს დემოკრატებთან. სწორედ ამიტომ „ნამდვილ ხალხს“ არასდროს ჰყვარებია „ბოლშევიკური პარტოკრატია“ 1970-იან და 1980-იან წლებში, როდესაც ამ კლასში მთლიანად და უსაზღვროდ ყვაოდა კორუფცია;
3. საზოგადოებრივი ელიტის დიდი ნაწილი თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან _ იქნებოდა ეს პატარა მასშტაბის ვაჭარი თუ დიდი მასშტაბის მეცნიერმუშაკი. ზვიად გამსახურდია მათ ამხელდა და ხალხი ყოველთვის აფასებს სიმართლეს. საბჭოთა კავშირში ძალიან რთული იყო საზღვარგარეთ წასვლა (ყოველ შემთხვევაში, 1985 წელს დაწყებულ „პერესტროიკამდე“), თუკი შენ არანაირი შეხება არ გქონდა „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან“. ანუ „ინტელიგენციისა“ და, ამავე დროს, „მოწინავე მშრომელების“ ბევრი წარმომადგენელი საბჭოთა უშიშროების აგენტი ხდებოდა. მინიმუმ, მათ გარკვეულ „თანამშრომლობის ნომერს“ ანიჭებდნენ _ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფორმალობა იყო, მაგრამ ხშირად ეს იყო „გზა კარგი ცხოვრებისაკენ“ და ამ გზას საბჭოთა (და პოსტსაბჭოთა) ელიტის წარმომადგენლები მშვენივრად იყენებდნენ. ყოფილ გენერალურ პროკურორ ბატონ ვახტანგ გვარამიას მოგონებები ამის შესახებ მეტად ნიშანდობლივია, რადგან ის ცხადყოფს, რომ ეს სია დიდი იყო.
4. ზვიად გამსახურდიამ დაწერა (წარმოთქვა) საქართველოს მეორე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-მსოფლმხედველობრივი დოკუმენტი: „საქართველოს სულიერი მისსია“, სადაც ზუსტად იყო განსაზღვრული ამ ქვეყნის დანიშნულება 21-ე საუკუნის მსოფლიოში. მას მერე უკვე 35 წელი გავიდა და ჩვენ ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს გზა თავისუფლებისა და ნამდვილი მშვიდობისაკენ _ იბერიულ-მინოსური გზა _ არის ერთადერთი გზა მთელ მსოფლიოში პოზიტიური მშვიდობის დასამყარებლად (აქ მშვიდობის მეცნიერების მამის, იოჰან გალტუნგის ფრაზას ვეყრდნობი). ეს გენიალური პოლიტიკური მანიფესტი, რომელიც აგრეთვე გენიალური მეცნიერების ნაშრომებს ეყრდნობოდა, მას აგრეთვე არ აპატია ნომენკლატურულმა ელიტამ, რომელიც ძალმომრეობითა და კორუფციით ცხოვრობდა. „საქართველოს სულიერი მისსია“ კი ყველაზე ძლიერი გზაა კორუფციისა და ძალადობის დასამარცხებლად. ზვიადი არასდროს გამხდარა მოძალადე და ეს უდავოდ იყო მისი უდიდესი ღირსება. პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ეს მისმა ბევრმა მოწინააღმდეგემ და მტერმაც კი აღიარა.
1992 წლიდან იწყება საქართველოში არალეგიტიმური ხელისუფლებების ბატონობა. რა თქმა უნდა, კრემლის პირველი და მთავარი წარმომადგენელი საქართველოში იყო ამხანაგი და შემდეგ უკვე ბატონი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც საბჭოთა მცოცავი „სოციალ-ოლიგარქიის“ პირველი და ყველაზე მოქნილი წარმომადგენელი იყო. შევარდნაძემ „ცბიერი ოდისევსის“ მაკიაველისტური პოლიტიკით მოახერხა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (ანუ მისი 90 პროცენტი) მთლიანად მარგინალიზებული გახადა და ელიტურ 10 პროცენტს კი „დროებითი ზავი“ შეაკვრევინა, სადაც ფორმულით „ყველას მინუს მრგვალი მაგიდა“ დაამყარა „ფსევდომრავალპარტიული რეჟიმი“, რომელიც სინამდვილეში ტერორისტული იყო, მაგრამ დასავლეთისა და რუსეთის თვალში (ეს დრო დაემთხვა გასული საუკუნის 90-იანი წლების „დროებით დათბობას“ რუსეთსა და დასავლეთს შორის) კი „აღმოსავლეთ ევროპული დემოკრატიის მამად“ გამოცხადდა. მაშინდელი პოლიტიკის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ ჯეიმს ბეიკერ მესამე, ჰელმუტ კოლი, ფრანსუა მიტერანი, ბილ კლინტონი, ჯონ მაკკეინი, ჯო ბაიდენი და სხვები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ მამათიდან ამოშუქებული „რეალპოლიტიკის ვარსკვლავის“ საქებრად და სადიდებლად. მე იმ წლებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვმუშაობდი და ჩემმა ერთ-ერთმა უფროსმა კოლეგამ, რომელიც საკმაოდ მაღალი დიპლომატიური რანგით მუშაობდა, 1993 წელს მითხრა, რომ „დღეს მთელი თქვენი ქვეყანა, საქართველო _ ეს არის ერთი ადამიანი _ ედუარდ შევარდნაძე“. ეს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას ცნო დამოუკიდებლად. შევარდნაძემ ჯერ კრიმინალური ელემენტების დახმარებით მოაწყო ტერორის კამპანია (და ამაზე, რატომღაც, დღეს აღარ ლაპარაკობენ ჩვენი „ექსპერტები“), 1995 წლიდან კი შექმნა ლიბერალურ-ნომენკლატურული „მოქალაქეთა კავშირი“, სადაც ნუგზარ ფოფხაძისმაგვარი დეზინფორმაციის ოსტატები თანაარსებობდნენ მიხეილ სააკაშვილისმაგვარ „პოლიტიკურ ცხოველებთან“. მან აგრეთვე გაიმწესა ასეთივე ნომენკლატურული „ოპოზიცია“ ასლან აბაშიძის სახით.
უნდა ითქვას, რომ ჩვენი უბედურებების მთავარი მიზეზი არის 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს პირველი (და, ჯერჯერობით, ერთადერთი) ლეგიტიმური პრეზიდენტის ძალადობრივი დამხობა და ამ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ფსევდოპოლტიკური რეჟიმების ჩასახვა. შევარდნაძის მიერ ინსპირირებული ტერორი თავის წიგნში ძალიან კარგად აღწერა „მხედრიონის“ დამფუძნებელმა ჯაბა იოსელიანმა, რომელსაც რთულია უწოდო „ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრე“. თუმცა ამ ტერორისა და თვით ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღემდე ემალება ქართულ საზოგადოებას და რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოძიება რამდენჯერმე დაიწყეს ზვიად გამსახურდიას ახლობლებმა თუ პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა, არც მშობელ პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ წევრებმა მისცეს მისი დამთავრების საშუალება და არც „მოქკავშირის“ ლეგიტიმურმა შვილებმა: „ნაცმოძრაობამ“ და არც „ქართულმა ოცნებამ“. რატომ? ეს ორი პოლიტიკური ძალა თავისივე დანიშნული ოპოზიციებით მაინც იმ ტერორისტული ორგანიზაციის ნაწილია, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ ჩაუყარა საფუძველი 1992 წლიდან და რომელიც პირდაპირ კრემლის სხვადასხვა განყოფილების დაქვემდებარებაშია.
ამ ანალიზისას ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობებით „შევარდნაძის შვილებს“ შორის დღეს გამოირჩევა ძირითადად სამი კლანი: ეს არის ბიძინა ივანიშვილის „ოცნების კლანი“, რომელიც ევტუშენკოვის მფარველობის ქვეშაა; თემურ ალასანიას „ნაცმოძრაობის კლანი“, რომელიც უშუალოდ პატრუშევის დაქვემდებარების ქვეშაა და ნუგზარ ფოფხაძის კლანი, რომელიც დუგინის მარიონეტია. ეს ძალები არ გახლავთ ერთგვაროვანი _ კრემლშიაც არის მსოფლმხედველობრივი სხვაობები იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებისას. თუ ევტუშენკოვის ხაზი გადის უფრო ფინანსურ მაქინაციებსა და კორუფციაზე (თუმცა ბოლო ხანებში ეს საკმაოდ უმოწყალო ტერორმაც შეავსო), პატრუშევის ხაზი პირდაპირ სამხედრო კონფლიქტის შექმნასა და ოკუპაციაზე გადის. რაც შეეხება დუგინს, ეს ე. წ. იდეოლოგიური ხაზია, რომელიც ერთმანეთს უთავსებს ტროცკისტული „წითელი ტერორისა“ და „ფსევდომართლმადიდებლური აზრების იმპერიის“ ელემენტებს.
რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ თუ ნუგზარ ფოფხაძის მედიაიმპერიის ყველა წევრი არ არის რუსეთის შეგნებული აგენტი. ზოგიერთი მათგანი სიტყვითაც და საქმითაც გამოსულა რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამიტომაც არ არის მართებული, მათ ყველა წევრს _ მით უმეტეს, ახალგაზრდებს _ მივაწეროთ „რუსეთის აგენტობა“. კრემლს კარგად აქვს დაზეთილი „გავლენის სფეროების“ პოლიტიკა საზოგადოებრივი აზრის შექმნისას და ის „შერჩევითი ცენზურის“ პრინციპით მოქმედებს. დღეს ჩვენთან საზოგადოებრივ დისკურსში კრემლის მიერ ძირითადად არჩეულია ის „მოლაპარაკე თავები“, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ კრემლის საქმეს აკეთებენ. როგორც 1990-იან წლებში კრემლმა მის მოწინააღმდეგე ბევრ პარტიას საკუთარი საქმე გააკეთებინა და ბოლოს ედუარდ შევარდნაძის „პოსტნომენკლატურული რეჟიმის“ ინტერესებში ჩააყენა, იგივე შეიძლება ითქვას ბევრ პოლიტაქტივისტზე დღესაც. მაგალითად, ის პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც ანტიკრემლურ მოძრაობას, ნებსით თუ უნებლიეთ, დისკრედიტაციას უკეთებენ, მოსკოვის ძალიან ღირებული მოკავშირეები არიან. უნდა გავიხსენოთ გია ჭანტურიას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და მისი მოღვაწეობა 1990-იან წლებში. უნდა ითქვას, რომ თვით გია ჭანტურია, მისი მეუღლისგან და პარტიის ზოგიერთი სხვა წევრისგან განსხვავებით, არ უნდა ყოფილიყო კრემლის პირდაპირი აგენტი. უბრალოდ, მის პარტიაში შეგზავნილმა პირებმა, რომელთაც სათავეში ედგა პოდრაბინეკის „ექსპრეს ქრონიკის“ კორესპონდენტი თბილისში ირინე სარიშვილი (მას ეს სახელი სრულიად სამართლიანად შეუსწორა დიდმა ქართველმა მწერალმა, გურამ პეტრიაშვილმა), კარგად მოახერხეს, რომ ედპ და მისი მოკავშირე პარტიები აქციეს მოსკოვის მთავარ მოკავშირეებად ზვიად გამსახურდიასთან და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან ბრძოლაში 1991-93 წლებში. თავიდან „ანტირუსული“ და „პროდასავლური“ ლოზუნგებით სააშკარაოზე გამოსული პარტია 1992 წელს რუსული კოლაბორაციონისტული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. თვით ირინე სარიშვილმა კი ზვიად გამსახურდიას მოკვლა შევარდნაძის მთავრობის ერთ-ერთ საჯარო სხდომაზეც მოითხოვა სიძულვილით სავსე პუბლიკის წინაშე. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ეს ფაქტი აღსრულდა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოხდა. დღესაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობას „ქოცნებისა“ და „ნაცნების“ ხელისუფლებები არ იძიებენ და ისევ აყალბებენ, ისევე როგორც ზურაბ ჟვანიას მკვლელობას. ეს „შევარდნაძის მემკვიდრეების“ შეგნებული პოლიტიკაა და მათ ამ საკითხში „კოჰაბიტაცია“ დღემდე აქვთ.
აუცილებელია, რომ დაიწყოს ჩვენი უახლესი ისტორიის გადახედვა და ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას. ამის გარეშე ჩვენ შორს ვერ წავალთ. და რაც შეეხება პოლიტიკას _ არ არის საჭირო ახალგაზრდების დევნა _ მათ უნდა მოვუმზადოთ ნიადაგი ახალი აზროვნებისთვის და ახალი პოლიტიკური დისკურსის შესაქმნელად, რომელიც „საქართველოს სულიერ მისსიას“ რეალობად აქცევს. ხოლო „მოქალაქეთა კავშირთან“ ასოცირებულ ყველა ფუნქციონერსა და მედიაპროპაგანდისტს უნდა აეკრძალოს ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა. ეს იქნება ლუსტრაციის საუკეთესო მაგალითი. ყველაფერი ხომ გამჭვირვალეა და მაგიდაზე დევს. არ არის საჭირო „აგენტების“ დევნა _ ჯერ კრემლის გენერლები მართავენ საქართველოში პოლიტიკურ ელიტას მთლიანად _ ჯერ მათი ლუსტრაციით დავიწყოთ და მერე ახალგაზრდებთან ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი თავისუფალი მომავალი.