ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
2025-07-16 12:31:59
მიხეილ ხაჩიძე
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ომის ვეტერანი და ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე პირველ ივლისს თბილისის ზღვის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მისი ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს მეგობრებმა, თანამებრძოლებმა, ახლობლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებიც პატივს მიაგებდნენ მებრძოლის ხსოვნასა და გმირულ გზას.
დაკრძალვაში მონაწილეობდნენ მისი თანამებრძოლები უკრაინასა და საქართველოში. ბატონი ვანო წლების განმავლობაში ბრძოლის წინა ხაზზე მათი მეგობარი და ამხანაგი იყო. სამხედრო პატივი _ რიგითი სალამი და დროშით გადაფარებული კუბო _ სიმბოლოდ იქცა იმ გზისა, რომელიც ვანომ ღირსეულად და მორჩილად განვლო.
ეს არ იყო მხოლოდ დაკრძალვა _ ეს იყო ეროვნული პატივისცემა ადამიანის მიმართ, რომელმაც ქართველი და უკრაინელი ერებისთვის სიცოცხლე გაიღო.
გარდაცვალება კიევში
უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, უკრაინაში გარდაიცვალა.
თავდაპირველად მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მეგობრებმა და თანამებრძოლებმა გაავრცელეს. ვანო ნადირაძე უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა. ის არ იყო მხოლოდ მებრძოლი _ იყო ერთ-ერთი პირველი და მთავარი ფიგურა, რომელმაც ერთ მუშტად შეკრა ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფი უკრაინის არმიის სტრუქტურაში.
ნადირაძე წლების განმავლობაში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების მორალური და სამხედრო ლიდერი იყო _ ადამიანი, რომელსაც უჯერებდნენ, ენდობოდნენ და რომელიც საკუთარ თავზე იღებდა მძიმე გადაწყვეტილებებს. უკრაინელებისთვის ის იყო ომის ამხანაგი და მეგობარი, ქართველებისთვის კი _ ღირსების, ერთგულებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ნადირაძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. მისი ერთ-ერთი თანამებრძოლის მონაყოლით, ნადირაძემ შეუძლოდ იგრძნო თავი, რის შემდეგაც მეგობრებს სასწრაფოდ მისწერა და დახმარება სთხოვა:
„ვანოსგან ვიყავი სადღაც 19 კილომეტრში, ლოკაცია ჩამიგდო, _ ცუდად ვარ, მიშველეთო. დაუყოვნებლივ დავურეკეთ სასწრაფოს და გავეშურეთ მისკენ. როცა მივედით, ვანო უკვე გარდაცვლილი იყო... სამწუხაროდ“.
ლაშა ძაგანაშვილი იხსენებს, რომ ვანო პროტასივ იარის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა მისწერა მეგობრებს: „ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ“, _ და თან გააზიარა თავისი ადგილმდებარეობის მონაცემები. ბოლო შეტყობინება, რომელიც ვანომ გაგზავნა, იყო მოკლე და გადაუდებელი: „სასწრაფო გამოიძახეთ“.
მეგობრებმა სასწრაფო დახმარება ადგილზე გაუშვეს და თვითონაც გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა ვანოს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გმირი, რომელმაც ომის ორივე ხაზზე იბრძოლა
ვანო ნადირაძე ომის ადამიანური ფასის გრძნობით იბრძოდა _ არა შურისძიებით, არამედ მორალური პასუხისმგებლობით.
ის იყო იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოს დაცვა მხოლოდ შიგნიდან კი არა, გარედანაც, პარტნიორების გვერდით ბრძოლით წარმოიდგინა.
მან არაერთი მძიმე ბრძოლა გამოიარა და იყო მოწმე ბევრი სიკვდილ-სიცოცხლის მომენტისა. ბევრისთვის რჩებოდა არა მხოლოდ მებრძოლად, არამედ სიმბოლოდ სიწყნარის, სიმტკიცისა და თანადგომის.
ვანო ნადირაძე ეკუთვნის იმ იშვიათ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს და უკრაინას საკუთარი პროფესიული უნარებისა და სამხედრო გამოცდილების მეშვეობით და იცავენ თავისუფლებას.
ის იყო სიმბოლო იმ თანამშრომლობისა და მტკიცე მეგობრობისა, რაც დღეს უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს საერთო მტრისა და საერთო ფასეულობების ფონზე.
კოდორი და ის, ვინც გადარჩა
ვანო ნადირაძე ერთ-ერთი იყო იმ ცხრა სამხედრო პირიდან, რომელიც მონაწილეობდა 2007 წლის „კოდორის“ სპეცოპერაციაში და მოგვიანებით საეჭვო გარემოებებში მოუსპეს სიცოცხლე.
2017 წელს მიცემულ ინტერვიუში ვანო ამბობდა:
„მგონი, შემთხვევით გადავრჩი... რადგან იმ წლებში, როცა ჩვენი ბიჭები ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდნენ, საქართველოში არ ვიყავი“.
ის ღიად საუბრობდა იმ დაძაბულ გარემოზე, რაც კოდორის ოპერაციის შემდეგ შეიქმნა და აღნიშნავდა, რომ გარკვეული საეჭვო ქმედებები მის მიმართაც განხორციელდა _ უკვე უკრაინაში ყოფნისას.
„ქრონიკა+“-ის რესპონდენტი
ვანო ნადირაძე „ქრონიკა+“-ის ერთ-ერთი ღირებული და ხშირი რესპონდენტი იყო _ პატიოსანი, უშუალო, მტკიცე და სათქმელზე ორიენტირებული.
მასთან არაერთი ინტერვიუ ჩამიწერია და ყოველი საუბარი ცალკე მეხსიერებად დარჩა, რადგან ვანოს სიტყვებში ყოველთვის იგრძნობოდა სიმართლე არა უბრალოდ სიტყვების გამო, არამედ შინაარსის, გრძნობისა და შინაგანი სიწმინდის გამო.
ის არასდროს წყვეტდა ბრძოლაზე საუბარს. ლაპარაკობდა იმაზე, რის გამოც იბრძოდა _ და ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლა ტანკებთან ან დრონებთან, ეს იყო ბრძოლა ადამიანურობისთვის, ღირსებისა და თავისუფლებისთვის.
საუბრობდა გულწრფელად, პირდაპირ, მტკივნეულადაც, მაგრამ არასდროს აგრესიულად.
თითოეული ფრაზა იყო ნათქვამი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად, რათა დაგვეცვა ღირებულებები და არასდროს დავნებებოდით უსამართლობას.
ვანოს უზომოდ უყვარდა საქართველო. ეს არ იყო სენტიმენტალური პატრიოტიზმი _ ეს იყო ტკივილგამოვლილი, ცხოვრებაგადატანილი, ბრძოლაში გამობრძმედილი სიყვარული.
სიყვარული ისეთი, როგორიც მხოლოდ მებრძოლ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არა მარტო რუკაზე, არამედ ბრძოლის ველზეც იცის.
მან საქართველო სხეულით და გულით ატარა უკრაინაში და სწორედ ამიტომ იქ იყო ის მტკიცე ხიდი, რომელიც დღესაც აკავშირებს ორ ერს: ქართველებსა და უკრაინელებს.
მისი რწმენა საქართველოს უკეთეს მომავალზე იყო ურყევი.
მეუბნებოდა ხოლმე: „საქართველო აუცილებლად აღდგება! ჩვენ აქ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სახელით ვიბრძვით. ომში არა შურისძიებისთვის, არამედ ღირსებისთვის უნდა შევიდეთ. ღირსება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი“.
ის არასდროს კარგავდა იმედს, რომ საქართველო შეძლებდა გამხდარიყო თავისუფალი, ძლიერი, სუვერენული, ბედნიერი სახელმწიფო.
სწორედ იმ საქართველოზე ოცნებობდა, სადაც არა იარაღით, არამედ თავისუფალი სიტყვით იბრძვიან.
ვანო ნადირაძე იყო მებრძოლი, ლიდერი, თანამოსაუბრე, თანამოაზრე _ და ღირსების ადამიანი.
ის იყო რესპონდენტი, რომელიც ჟურნალისტს არა კითხვებით, არამედ პასუხებით ამდიდრებდა.
ვანო ნადირაძის გარდაცვალება არა მხოლოდ დიდი ტკივილია მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და თანამებრძოლებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი დანაკარგია მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი დაკარგა.
დიდება გმირებს!
Героям слава!!!