პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
2025-12-26 11:07:02
გიგა გელხვიიძე
2025 წლის საქართველო ისტორიაში შევა, როგორც გადამწყვეტი პოლიტიკური რეპრესიებისა და მათ საპირწონედ შობილი, გაუტეხელი სამოქალაქო წინააღმდეგობის წელი. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე დაწყებული პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მრავალთვიან დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა, ციხის კედლებმა ათობით ახალგაზრდა „სინდისის პატიმარი“ შთანთქა. 2025 წლის სასამართლო პროცესები კი იქცა არა სამართლის აღსრულების, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორების აშკარა ილუსტრაციად, სადაც ბრალდებულთა სკამზე „მომღიმარი ბიჭები“ — სტუდენტები და აქტივისტები ისხდნენ.
დღეს, როდესაც ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ქუჩიდან საპატიმროების კედლებში გადავიდა, ამ ბრძოლის წინა ხაზზე სულ სხვა გმირები გამოჩნდნენ — დედები, რომელთა ხმაც სასამართლო დარბაზების სიცივესა და პოლიციის კორდონებს არღვევს. მათთვის 2025 წელი არ იზომება კალენდრით, ის იზომება პაემნებს შორის გატარებული უძილო ღამეებითა და დარიგებით იმ გაზეთებისა, რომლებსაც შვილების თავისუფლების მოთხოვნით ქუჩა-ქუჩა დაატარებენ.
ამ სტატიაში ორი ასეთი ქალის თვალით დანახულ 2025 წლის რეალობას გადაგიშლით:
მარიზი კობახიძე _ თორნიკე გოშაძის დედა, რომელიც საკუთარი შვილის პატიმრობის პირველივე დღიდან იქცა წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე მედეგ ფიგურად. მან საკუთარი ტკივილი ბრძოლის იარაღად აქცია და დღეს სხვებსაც აძლევს ძალას, არ დანებდნენ.
ნანი წულაია _ გიორგი მინდაძის დედა, რომლის სიმშვიდე და ამავდროულად ურყევი პოზიცია 2025 წლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ბიუროკრატიული ბარიერების მიუხედავად, ის მედგრად დგას ქუჩაში და გვახსენებს, რომ „სინდისის პატიმრობა“ მხოლოდ ინდივიდუალური სასჯელი არ არის _ ეს მთელი საზოგადოების ღირსების ტესტია.
მათი ისტორიები არ არის მხოლოდ პატიმრობის ქრონიკა, ეს არის 2025 წლის საქართველოს ანატომია, სადაც სამართალს დედების ცრემლი და შვილების გაუტეხელი ნება წერს.
ნანი წულაია:
_ ქალბატონო ნანი, პირველი ემოცია ერთი წლის შემდეგ: როდესაც იხსენებთ იმ დღეს, როცა ეს ბრძოლა დაიწყო და ადარებთ დღევანდელ მოცემულობას, რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ცვლილება _ როგორც დედისთვის და როგორც მოქალაქისთვის?
_ ერთი წელი რომ გახდა ზუსტად პირველ დეკემბერს, როცა აქციაზე ვიყავი, მოვდიოდი და ვფიქრობდი, რომ უფრო რაღაცით გადავიტანდი იმ პირველ დეკემბერს, მაგრამ ახლაც ცრემლი მაწვება. ძალიან მძიმე დღე იყო, რაღაცნაირად ვერ ჩავჯექი ვერანაირ კალაპოტში, ვერც რუსთაველმა მიშველა, ვერც აქციამ, ვერც დაღამებამ, დედისთვის სულისა და გულის წვა იყო.
_ ერთი წელი გადის, რაც ბრძოლაში ხართ. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ძლიერდებით დედები და ერთგვარ ოჯახად ჩამოყალიბდით, სადაც გაერთიანებულია ტკივილი, პროტესტი და ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. რა გზა განვლეთ პირადად თქვენ ამ ერთი წლის გადმოსახედიდან და რაზე გადის ეს ბრძოლის გზა?
_ ერთი წლის თავზე, ერთი წლის განმავლობაში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბიჭებმა ის შემართება შექმნეს, რომ მშობლები ერთიანად შეგვკრეს, ყველაფერი ისე გააკეთა ამ რეჟიმმა. ერთადერთი, რაც სწორი ნაბიჯი გამოვლინდა, ეს იყო მშობლების ერთიანობა, ერთ მუშტად შეკვრა, ერთი აზრი გვაძლიერებს ყველას, ერთს სტკივა, ყველას სტკივა, ერთს უხარია, ყველას უხარია. შემიძლია თამამად ვთქვა და ვინც მე მიცნობს, ყველა გრძნობს, რომ ეს დედები, დები, ძმები, მათაც ვერ გამოვტოვებ, ასევე მამები, აი, ერთი სული მაქვს, როდის რომელს შევხვდები, ჩავეხუტები. მათში ვპოულობ იმ გულის ტკივილის ნაწილს და ვივსები მათი ჩახუტებით. რამდენიმე დღის წინ გიოსთან ციხეზე მივედი, შესაგზავნი შევუგზავნე, შემდეგ მარინა კაცია იყო ცუდად და გავიარე, ის ვინახულე, მერე რუსთაველზე მივედი, აქტივისტ ნიკოლოზ ტყემალაძის დაბადების დღე იყო და იქ წავედი, _ ტორტს მივუტან და გიოსავით ჩავეხუტები-მეთქი. აი, ასე ვკლავ ყოველ დღეს. ეს ყოველდღიური ცხოვრება ამ შემართებით უფრო მაძლიერებს და გეტყვით ხმამაღლა, რომ მგონია, ვეღარაფერი ვეღარ წამაქცევს. დამავიწყდა სტენტი, გულის ტკივილები, კი არ დავდივარ, მივრბივარ რუსთაველზე.
_ ყველაზე რთული პერიოდი ამ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც განსაკუთრბულად დაგჭირდათ ერთმანეთის გვერდით დგომა მშობლებს? არ ვგულისხმობ დაკავების დღეს.
_ ამ ბრძოლის დროს 4 ოქტომბერი იყო ყველაზე მძიმე დღე ჩვენთვის: დედები შემართებით ვიყავით, შვიდი საათიდან ვემზადებოდით, ჩამოსულ ხალხს ვუმასპინძლდებოდით, რაღაც შვება გვინდოდა გვეგრძნო ამაში. ბოლოს ისე აირია ყველაფერი... არ ვიცი, ღალატი იყო, რა მოხდა, არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემი გადმოსახედიდან სწორედ ის დღე იყო ყველაზე მწარე. ყველა ერთმანეთს ვეძებდით, ყველა კარგად რომ იყო, მაგაში ვპოულობდით შვებას.
_ თუ წარმოგედგინათ ამ ერთი წლის წინათ, რომ ასე დიდხანს გაიწელებოდა ეს ბრძოლა? სად პოულობთ მოთმინების რესურსს?
_ მოთმინებისა და შემართების ძალს მაძლევს ის, რომ ეს ერთ დღეს რომ არ დამთავრდებოდა ვიცოდი, არც ერთ თვეში რომ არ დასრულდებოდა, ესეც ვიცოდი და არც ერთ წელიწადში, რადგან ჩემსავით ყველას არ სტკივა. სანამ ყველა ქართველს არ ეტკინება და ყველას კარზე არ მიაკაკუნებს ეს მთავრობა და სული არ გაუმწარდებათ, მანამდე არ გამოვა ყველა გარეთ. ხომ არის ძველების ნათქვამი: „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“, აი, ეგ მდგომარეობა არის დღეს, მაგრამ მე მაინც ვძლიერდები, ვიცი, რომ ბოლო კეთილია და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ.
_ როგორია გიორგის განწყობა ამ ბრძოლის პერიოდში?
_ გიორგის განწყობა არის საოცარი, გიორგი მინდაძემ მომცა ის ძალა, რომ ყოველდღიურად მეტი გავაკეთო, მეტი შევძლო. გიორგის რომ დაურეკავს ხოლმე, როდესაც მშობლებთან ერთად ვართ, იტყვიან დედები, რომ ყველასთვის სტიმული მიუცია, აბა, თქვენ იცით, ესეც გაივლის, მეორე ფრონტიდან გირეკავთ, გაძლიერდით! თქვენი გაძლიერება, ჩვენ აქ გვამაგრებს, ჩვენი სიძლიერე თქვენ გაგაძლიერებთ და აი, ამით ვარ ბედნიერი და ამით ვარ დღეს.
_ სოლიდარობის ნაწილზე მინდა გკითხოთ: რას გრძნობთ საზოგადოების მხრიდან? რამდენად მეტია ან ნაკლები სოლიდარობა და პირიქით?
_ ადამიანებისგან სოლიდარობასაც ვგრძნობ და თანადგომასაც. უცხო ხალხი ისე დამეხმარა გიორგის პროცესზე, ყველა გვერდით მედგა, ჩემი დაბადების დღე საერთოდ სულ სხვანაირ ატმოსფეროში გადამიხადა ხალხმა და ეს ყველაფერი შექმნა უცხო ხალხმა, რომლებიც არაფერი არ ვართ ერთმანეთისთვის, მაგრამ სულით ერთიანობაში ვართ და ერთ გულში ვეტევით.
მარიზი კობახიძე:
_ ქალბატონო მარიზი, როდესაც იხსენებთ იმ დღეს, როცა ეს ბრძოლა დაიწყო და ადარებთ დღევანდელ მოცემულობას, რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ცვლილება _ როგორც დედისთვის და როგორც მოქალაქისთვის?
_ მაშინდელთან შედარებით დიდი განსხვავებაა, რადგან ძალიან დასტრესილი ვიყავი და განერვიულებული, ხან ღამეები არ მეძინა, თუ ჩამეძინებოდა და გამეღვიძებოდა, ეს იყო კოშმარი, რომ გავიხედავდი და თორნიკეს საწოლი იყო ცარიელი და არ იწვა. მახსენდებოდა, რის გამო იყო დაჭერილი და იმყოფებოდა სადღაც პატარა გამოკეტილ სივრცეში. ტრანსპორტში არ ჯდებოდა და ფეხით დადიოდა სამსახურში, თუ ძალიან შორს არ მუშაობდა. ეს ძალიან რთული იყო და არ მეტყობოდა. ყველა მეძახდა, ძლიერი დედა, ძლიერი დედა, მაგალითი ხარ სხვა დედებისთვისო, მაგრამ შინაგანად ვიყავი ძალიან განერვიულებული და ახლა რომ ვუყურებ მაშინდელ ფოტოებს, როცა აქციებზე დავიწყე სიარული, ახლა ვხვდები, რომ მაშინ ძალიან დავბერდი, ალბათ, სიმწრით, მაგრამ მერე ერთმანეთი გავიცანით ყველამ და ამაში ვგულისხმობ არა მხოლოდ მშობლებს, აქ გთვლით თქვენ, ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ყველა კარგ ადამიანს და მე ყველაზე დიდ ძალას ეს ადამიანები მაძლევენ. ჩემთან ერთად ვინც იბრძვის მით უფრო და კი იცით, რომ გვეუბნებიან, რომ შენი შვილი მალე გამოვა და ამ მალეს ძახილში გავიდა ერთი წელი. დღეს უფრო მეტად ძლიერი ვარ, ბრძოლა მეტად ვისწავლე, გამოვიბრძმედე ამ ბრძოლაში, ერთმანეთისგან ხალხისგან ვიღაცებისგან ვისწავლე. ძალიან ბევრ კითხვას ვსვამ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ამ საქმეში კომპეტენტურები არიან, მაგალითად პოლიტიკოსები, იურისტები და ამიტომ უფრო ძლიერი გავხდი, რა თქმა უნდა. ისე ძალიან არ განვიცდი თორნიკეს ციხეში ყოფნას იმიტომ, რომ იქაც ვიგებთ მერე, რომ ვიღაცა ბადრაგი არის ნორმალური; ან ვისთან ერთადაც არის კამერაში ისინი ხომ არიან და არიან ჩვენი ბიჭები; იქ ადვოკატი გვეხმარება, თუ რაიმე ვერ გავარკვიეთ, ადვოკატი შედის. სასამართლოები მიდიოდა, ამით რაღაც ძალა გვეძლეოდა და დიდი სხვაობა არის. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი შევცვალეთ, მიმაჩნია, რომ რეჟიმი დავამარცხეთ, სამარცხვინო რაღაცებს აკეთებენ და ვფიქრობ, ეს ჩვენი დამსახურებაა.
_ ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი მძიმე დღე იქნებოდა. რომელი იყო ის „გარდამტეხი წერტილი“, როდესაც ყველაზე მეტად დაგჭირდათ ძალების მობილიზება?
_ ყველაზე რთული იყო მათე დევიძის პროცესი. როდესაც დასრულდა და გამოცხადდა მათეს განაჩენი, ის პირველი იყო და მაშინ ძალიან შევშინდით. სულ ვტიროდით ყველანი, მაგრამ მერე უკვე გამოცხადდა ინდივიდუალურად ვიღაცის და ისე აღარ მოვიქეცით, როგორც მათეზე, აღარ შევშინდით. მე ვამბობდი, რომ ყველაზე რთული მომენტი თუ არ გინახავთ ჩემში, ეს იქნება მათეს განაჩენის დღე და იქ მნახავთ-მეთქი. იცით, რა იყო? მაინც ერთი წელი დედისთვის მძიმეა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გვაძლებინებდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევდა შვილებთან და მიხაროდა ყველა სასამართლო, დარბაზს არ გვატოვებინებდა ხოლმე, წამოძახილები მეც მქონდა. რთული იყო განაჩენის დღე, მაგრამ ბევრჯერ მიფიქრია სხვებზე. მარინა კაცია მეტყოდა ხოლმე, რომ მარიზი, შენ თუ ეგრე მოიქცევი, მე რაღა ვქნა, რომ ჩემი შვილის განაჩენი არის 9-წლიანი, ესე ამბობდა ჩიკვაიძის დედაც. თითოეული ბიჭის განაჩენი იყო რთული, მათ შორის, თორნიკესიც, მაგრამ უკვე გაძლიერებული ვიყავით ეტყობა და შეგუებულები ამ ყველაფერს და იმის მოლოდინში, რომ აუცილებლად დავამარცხებთ ამ რეჟიმს ერთად და ერთმანეთის სიყვარულით.
_ როდესაც თორნიკეს ნახულობთ პაემანზე, რა არის საუბრის მთავარი თემა?
_ საუბრის ყოველი თემა არის ის, თუ რა არის ახალი ქვეყანაში. არ აინტერესებს, რა თქვა მეზობელმა, ახლობელმა, რომელსაც ერთხელ არ შემოუხედავს სასამართლოზე, ეს ყველაფერი არ აინტერესებს. მისი ძირითადი ინტერესი და საუბრის თემა არის, რა ხდება გარეთ და რა ხდება აქტივისტებში. სულ ვეუბნები, რომ ყველაფერი არ ვიცი და ის ვიცი, რასაც ის უყურებს. იქ რომ ვდგავარ და ვიბრძვი, ეს არის ჩემი საქმე და არაფერი მეტი. ახალგაზრდები არიან ისე შეკრებილები და თავიანთი ჯგუფები აქვთ, რომ ჩვენ არ ვიცით, ისინი რას გეგმავენ და ზუსტად ვიცი, რომ იქნება გეგმა, რომელსაც განახორციელებენ. ეს თემა გვაქვს ყოველთვის და სულ უთვლის მოკითხვას აქტივისტებს, ჟურნალისტებს და ვისი შესვლაც უნდა აქტივისტს, ვინც წერილებს უგზავნის, მას ვუკეთებ თანაცხოვრების საბუთს და შედიან ისინი, რომ ნახონ. ეს ადამიანები მას ძალიან აძლიერებენ, მათგან იღებს ძალას თორნიკე. აქტივისტები უფრო მეტ ძალას აძლევენ, ვიდრე მე. მთხოვა, რომ ანაბარი გახსენი და თუ გექნება, ცოტა-ცოტა ფული შემიგროვე, რომ გამოვალ, მქონდესო და მე შევუსრულე ეს და ყულაბა ვუყიდე. იმ ყულაბაში როგორც ვახერხებ, ისე ვყრი ფულს.
_ როგორ დაახასიათებდით რეჟიმს, რომელსაც უპირისპირდებით უკვე ერთი წელია?
_ ყველამ იცის, რომ 78 წლიდან ვიცი, რა ხდება ქვეყანაში. სტუდენტობამ და ახალგაზრდობამ დაამარცხა ყველაზე დიდი ტირანი და ეს იყო შევარდნაძე. ახალგაზრდებმა საკუთარი სისხლით დააწერეს დედა ენა ქვაფენილზე, ეს არის ქართველის მენტალიტეტი. იქიდან მოყოლებული რა არ გამოვიარეთ _ 9 აპრილი და ა. შ. ჯაბა იოსელიანსაც კი არ გაუკეთებია ის ამ ქვეყანაში, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხუთი კაცით. იქ არიან ღილაკზე ხელის დამჭერები, ტალახაძე და ვიღაცები, მაგრამ მათით არ გაუკეთებია, სულ ხუთი კაცით გააკეთა ეს ყველაფერი, ვისაც დიდი ენა აქვს, ვინც გვლანძღავს და არაფრად მიაჩნია ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ თავად იპარონ ფული და ჭამონ და სვან. ჩემი შეფასებები ამ ბოლო დროის იცით, რა არის? საცოდავი, გაუბედურებული ხელისუფლება. მშიშრები, ყველაზე მეტად ისინი არიან მშიშრები. ყველაზე ცუდი რაც გააკეთეს ქვეყანაში არის ის, რომ პოლიცია გაასწორეს მიწასთან და გათელეს პოლიციის მუნდირი. არ ვიცი, პოლიცია როდის აღიდგენს სახელს. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი აუცილებლად წავლენ, უფრო სწორად, ძალიან ცუდად დაასრულებენ. ყოველდღე ხომ რაღაც კანონებს იგონებენ, მასხარები არიან, რა, ეს რა კანონები არის?! ვიკითხე, თუ იყო რომელიმე ქვეყანაში ასეთი კანონები, რადგანაც არ მაინტერესებდა, რა ხდებოდა რუსეთში 9 აპრილის შემდეგ და ახლა ვიკითხე ახალგაზრდებში, სადმე ხდება მსგავსი რამ-მეთქი? და მითხრეს, რომ ზუსტად იგივე არის რუსეთში და ძალიან ადრე დაწესდა ეს კანონებიო, ჩვენთან ახლაო. თუმცა ამ კანონებს იქ დიდი დრო დასჭირდა და აქ ძალიან მალე მიიღეს. ერთადერთი რაც მახსოვს ის არის, რომ თეთრი ფურცლები აკრძალეს რუსეთშიო, ეს მახსოვს. იყო ცენზურა ამ მხრივ, მეტი არაფერი ვიცოდი და ახლა აქ ვნახეთ ყველაფერი სხვა.
_ რას ეტყოდით სხვა დედებს? საკმაოდ ბევრი ხართ და შეიძლება ამ ახალი რეპრესიული კანონების გამო ხვალ კიდევ დაგემატოთ სხვა ადამიანები და ისინი გახდნენ „სინდისის პატიმრის“ დედები, _ რას ეტყვით ამ ადამიანებს?
_ დღეს მთელი საქართველო უნდა იყოს ქუჩაში, მთელი საქართველო და არა მარტო დედები, მაგრამ მით უფრო დედები, რომლების შვილებიც არიან დაკავებულები ან შეიძლება ისევ დააკავონ, აი ისინი უნდა იდგნენ გარეთ. მე მქონია შემთხვევა, ერთ-ერთი დედა შემხვდა და მითხრა, რომ სკოლაში მუშაობს და ამის გამო ის ვერ დადგებოდა ჩვენთან ერთად და მე ვუთხარი, რომ თუ შენ ახლა ჩვენთან არ დგახარ, რომ აღარ იქნებიან ესენი, მე გამოგაგდებ სკოლიდან-მეთქი. ბევრისგან გამიგონია, რომ შენი შვილი თუ გამოვა, ჩემიც გამოვაო. ჩვენ ადრე უფრო მეტი ვიყავით და ვისხედით ერთად, დღეს ვართ ძალიან ცოტა. როდესაც ზურა გირჩი ჯაფარიძე მოვიდა რუსთაველზე, იქ არ იყვნენ დედები, მე ვიყავი. ეს არ არის ბრძოლა, ეს არ შეიძლება ასე იყოს. ყველა დედას ვეტყვი, დაიცვან საქართველო თუ სურთ, რომ მათმა შვილებმა იცხოვრონ მშვიდობიან საქართველოში. ჩემი სლოგანი არის: ჯერ ჩემი ქვეყანა იყოს თავისუფალი და მერე ჩემი შვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი, თუნდაც ოთხი ან ხუთი წელი ჰქონდეს მისჯილი, თორემ ბოლოს და ბოლოს თორნიკეს აქვს მისჯილი ერთი წელი კიდევ და გამოვა, მაგრამ სხვას ხომ უფრო მეტი აქვს და თუ არ ვიბრძოლეთ, მათ მოუწევთ ციხეში ყოფნა. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვიქნები, ვიბრძოლებ, გაჭირვებით ვიბრძოლებ, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ვიქნები. ყველა დედას ვეტყოდი, რომ ფეხზე დადგეს და გააპროტესტოს ამ რეჟიმის საქციელი. ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის რუსული რეჟიმი. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთი ამოვაპანღურეთ საქართველოდან, არცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი რუსთან არ დამჯდარა სადღაც შეხვედრაზე, შევარდნაძეც კი, რადგანაც გაითვალისწინა ქართველების თხოვნა და პირველი არის ეს ვაიპრემიერ-მინისტრი, რომელიც რუსთან კი არა, პუტინის გვერდით იჯდა. კანკალებდა, ყველამ დავინახეთ და მე ამიტომ ვამბობ, რომ ესენი არიან საცოდავები.