QronikaPlus
კახა მიქაია - „ქართული ოცნება“ არის რუსზე უფრო რუსი ხელისუფლება

კახა მიქაია - „ქართული ოცნება“ არის რუსზე უფრო რუსი ხელისუფლება

2025-12-26 10:34:29

შორენა მარსაგიშვილი

 

სამოქალაქო აქტივისტ კახა მიქაიას საკუთარი თვალით აქვს ნანახი ის სისასტიკე, რაც 1992 წელს სამეგრელოში მოხდა. ასეთ ჯოჯოხეთს გამოვლილი ადამიანი ამბობს, რომ ქართული სახელმწიფო იმ საშინელების დროსაც არ მდგარა ისეთი საფრთხის წინაშე, როგორისაც ახლა დგას. მისი თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები ბედავენ იმას, რაც ცეკას მდივნებსაც კი არ გაუბედავთ.

 

რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო? ვინ მართავს დღეს რეალურად ქვეყანას? დაკარგა თუ არა პროტესტმა აზრი? რატომ არ უნდა დავკარგოთ იმედი და რა დაამარცხებს ივანიშვილს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კახა მიქაია:

 

_ ბატონო კახა, 2025 წელი დასასრულს მიუახლოვდა და მინდა, რომ შეაჯამოთ ეს წელი. წელი ნამდვილად რთული იყო, მათ შორის, თქვენი ოჯახისთვისაც, თქვენ თქვენს შვილთან ერთად დაგაკავეს.

_ 2025 წელი ნამდვილად ძალიან რთული წელი იყო. ამის მიუხედავად, მაინც იმედიანად ვარ განწყობილი. მხნედ არის მთელი ჩემი ოჯახიც და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ბრძოლა რეჟიმთან გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ამ დღეებში ციხიდან გამოვიდა ზურა გირჩი ჯაფარიძე, მინდა მივულოცო ზურას თავისუფლება და მხნეობა ვუსურვო. ბრძოლა გრძელდება!

_ იმედიანად ვარ განწყობილიო, თქვით და რა გაძლევთ იმედიანად ყოფნის საფუძველს? ბევრმა იმედი დაკარგა უკვე. ხელისუფლება დათმობაზე წასვლას აშკარად არ აპირებს. დათმობის ნაცვლად კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს.

_ კანონებს ამკაცრებს და ალბათ კიდევ უფრო გაამკაცრებს, მაგრამ მისი ეს ქმედება სრულ აბსურდამდე მიდის. ტროტუარებზე ხალხის დაჭერა წარმოუდგენელია უკვე. შეუძლიათ ყველა დაგვიჭირონ, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. ამ ყველაფერს თუ გავაანალიზებთ და დიდ სურათში გავშლით, ვნახავთ, რომ ხელისუფლება უზარმაზარ აბსურდის თეატრშია. წარმოუდგენელია იმის გაკეთება, რასაც აქ აპირებს ივანიშვილი. საქართველო მეორე ბელარუსი არ გახდება.

ძალიან ბევრი დარბევა და დაჭერა იყო, „ოცნების“ პროპაგანდამ ყველა სიბინძურე ამოაფრქვია, მაგრამ ამან არ გაჭრა. ბრძოლა გაგრძელდა, ხალხი უსამართლობას არც მომავალში შეეგუება. ამიტომ ვარ იმედიანად განწყობილი. პაპუაშვილს უთქვამს, ამ ომში გამარჯვებული არ არის, მაგრამ არის ორი დამარცხებული _ უკრაინა და ევროკავშირიო. წარმოგიდგენიათ, სადამდეა ეს ხალხი მისული?! რა სიგიჟეებს ლაპარაკობს?!

ჩვენი ბრძოლა არის ძალიან რთული, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა გავუძლოთ და გავიმარჯვებთ. არ შეიძლება, რუსი ივანიშვილი გახდეს საქართველოს სახელმწიფოს გამანადგურებელი! არ შეიძლება, რუსმა ივანიშვილმა დაასრულოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა! კიდევ ამიტომ ვარ იმედიანად.

_ თქვენ კი ხართ იმედიანად განწყობილი, მაგრამ ხალხის განწყობაზე რას იტყვით? ვინც ერთ წელზე მეტია, რუსთაველზე დგახართ, ბრძოლას გააგრძელებთ, მაგრამ ხალხი გამოგყვებათ ამ ბრძოლაში?

_ ხალხის დიდი რაოდენობა ახლა ჩვენ გვერდით რომ არ დგას, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ასე ხდება ხოლმე. 37 წელია, ქუჩაში ვდგავარ აქციებზე და ამის მეტი რა მინახავს. როდესაც მძიმე ვითარებაა, მაშინ ქუჩაში ხალხის რაოდენობა კლებულობს. ქუჩაში მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან, რომლებიც არ ეპუებიან ამ მძიმე სიტუაციას. მერე ეს ვითარება გადატყდება და გადაივსება ქუჩები, სკვერები, მოედნები... ქალაქებში გამოდის გარეთ ხალხი და რეჟიმი დათმობებზე იწყებს წასვლას. იმას, რაც დღეს ხდება, ტრაგიკულად არ ვუყურებ. სხვებსაც მოვუწოდებ, რომ ტრაგიკულად არ შეხედონ იმას, რომ აქციაზე ხალხის რაოდენობამ იკლო. მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თუ რატომ იკლო ხალხის რაოდენობამ: ამხელა სამოქალაქო პროტესტი პოლიტიკურ პროცესში ვერ გადაიზარდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების დიდი ნაწილი დღეს ციხეებში სხედან.

ივანიშვილის რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში ადამიანების უფლებები შეეზღუდა. ჩვენ ტროტუარზე გადაადგილებაც კი შეგვიზღუდეს. ამიტომ მოსალოდნელი იყო, ახლა რაც ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში: თანდათან ხელისუფლება დაკარგავს ძალას. ძალა სინამდვილეში არის ხალხში და ხალხი ხელისუფლებას ამ ძალას აუცილებლად აჩვენებს. ასევე მინდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო კონტექსტიც _ რუსეთი ლამის უკვე ოთხი წელია, ბუქსაობს უკრაინაში. 

_ არადა, სამ დღეში იღებდნენ კიევს.

_ კიევს იღებდნენ სამ დღეში და პოკროვსკი ვერ აუღიათ ამდენი წელია. თქვეს, კუპიანსკი ავიღეთო და უკრაინელების ხელშია ეს ქალაქი. რუსეთი ბუქსაობს უკრაინაში და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რაც არ უნდა დახმარება აღმოუჩინოს კრემლმა ივანიშვილს, არაფერი გამოუვათ. პუტინი იქით არის თავად დასახმარებელი. აქ სიტუაციის გადატეხაში საერთაშორისო კონტექსტი ძალიან დიდ როლს ითამაშებს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, არ შეიძლება, ბოროტებამ და პუტინმა კაცობრიობასა და ცივილიზაციაზე გაიმარჯვოს, ეს წარმოუდგენელია! ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ამიტომ მაქვს იმედი. პაპუაშვილები, ყაველაშვილები და ზარქუები რას იტყვიან, არ მაინტერესებს. ისინი ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერ დაატრიალებენ.

_ ზემოთ ახსენეთ, რომ თითქმის 37 წელია, ქუჩაში ვარო და ამ წლების განმავლობაში ბევრი მძიმე დღე გაქვთ ნანახი. თითქმის ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდით. საქართველოს 1992 წელს ედგა ყველაზე რთული დრო. ის წელი სამეგრელოსთვის იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი.

_ ბევრი საშინელება მაქვს ნანახი: მინახავს, როგორ კლავდა ხალხს „მხედრიონი“ ქუჩაში. პირადად შევესწარი გოჩა ჯიქიას მკვლელობას. ხალხი გარბოდა სხვა მხარეს, მე საპირისპირო მხარეს გავიქეცი და ვნახე დახვრეტილი გოჩა ჯიქია. ვნახე, როგორ ეგდო ის მიწაზე და როგორ ტიროდნენ მისი მშობლები, სულ რამდენიმე ადამიანი დასტრიალებდა თავს გოჩას ცხედარს. ძალიან მძიმე სურათი იყო. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ დასდევდა „მხედრიონი“ ხალხს ზუგდიდში ქუჩაში. ნანახი მაქვს გადამწვარი დარჩელი. ბევრი საშინელების მომსწრე გავმხდარვარ. ძალიან მძიმე რამეები მაქვს ნანახი, ყველაფერი ამომიტივტივდა მეხსიერებაში და არ მოვყვები, არ მინდა, მკითხველიც რომ დავზაფრო. ასევე ნანახი მაქვს, მიშას რეჟიმის დროს როგორ ეშინოდა ხალხს.

_ იმ პერიოდში სამეგრელოში სულ რამდენიმე ადამიანი მართავდით აქციებს.

_ სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით მართლა. მძიმე დრო იყო. ყველაზე მძიმე დრო იყო „მხედრიონის“ პერიოდი, მაგრამ მაშინაც კი არ მქონია იმის გაცდა, რომ ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობას ვკარგავდი. „მხედრიონის“ დროს საშინელებები ხდებოდა, მაგრამ იმედიანად ვიყავით მაინც, რადგან წინააღმდეგობა იყო და არ დამდგარა დღის წესრიგში ქართული სახელმწიფოს გაუქმების საკითხი. კრემლიდან ჩამოსულ შევარდნაძესაც კი არ გაუბედია იმის თქმა, რომ ჩვენ ახლა რუსეთს შევუერთდებით და დასავლეთზე უარს ვიტყვითო. არც ის უთქვამს, რომ განვითარებაზე უარს ვიტყვითო. მსგავსი რამე მიხეილ სააკაშვილს მით უმეტეს არ უთქვამს. იმ მძიმე წლების მანძილზე არცერთხელ არ მქონია იმის განცდა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დასრულდა.  არავის გაუბედავს მაშინ იმის თქმა, რომ აშშ და ევროპა არიან ჩვენი მტრები, ხოლო რუსეთში არის ხსნა. მაშინ ვერავინ გაბედავდა იმის თქმასაც კი, რომ ოდესმე აშხაბადში გადაწყდებოდა საქართველოს ბედი.

_ თქმით არც ესენი ამბობენ ამას...

_ თქმით არ ამბობენ, მაგრამ აკეთებენ. მაქვს ასეთი განცდა, რომ ივანიშვილს უნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასრულება. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს ფრაზა, რომ ჩვენი ბედი წყდება აშხაბადშიო. ეს ვოლსკიმ თქვა და მან იმის თქმა გაბედა, რასაც კომუნისტების დროს ცეკას მდივნებიც კი ვერ ბედავდნენ. მე მოვესწარი მაგათ და კარგად მახსოვს მაშინდელი ამბები. თავს ვერ დავდებ, რომ შევარდნაძეს არ უნდოდა, საქართველო რუსეთის გუბერნია ყოფილიყო, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ გაუბედავს.

_ ისე, აშხაბადში რომ წავიდნენ, რა გადაწყვიტეს? პუტინი არცკი შეხვდა ივანიშვილის პრემიერს.

_ რა მნიშვნელობა აქვს, შეხვდა თუ არ შეხვდა, მთავარია, ხომ წავიდა. პუტინი არც შეხვდებოდა კობახიძეს. ვინ არის კობახიძე, რომ შეხვედროდა? პუტინი შეხვდება და დაელაპარაკება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. შეხვდება ივანიშვილს და მისცემს ბრძანებას. ივანიშვილიც ისე მოიქცევა, როგორც ამას პუტინი უბრძანებს. თქვენ გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში კობახიძე რამეს წყვეტს? რომც შემდგარიყო შეხვედრა კობახიძესა და პუტინს შორის, არაფერი მოხდებოდა. კობახიძე ერთი ჩვეულებრივი ფოსტალიონი იყო იქ და მეტი არაფერი.

მთავარი ამ ამბავში იყო ის, რომ საქართველოს დელეგაცია ჩავიდა აშხაბადში. ამით კრემლმა ყველას გასაგონად თქვა, რომ საქართველო არის ჩემიო. იქ ითქვა, რომ საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო. კუთხეში იდგა იქ კობახიძე, დალაპარაკებითაც კი არავინ დაელაპარაკა. იქ დიქტატორები შეიკრიბნენ. მათ ფონზე კობახიძე მომსახურე პერსონალს ჰგავდა.

_ ამ მხრივ რადიკალურად სხვა სურათი არის ხოლმე ევროპული შეხვედრების დროს. ამდენი ლანძვის მიუხედავად, ევროპელი ლიდერები კობახიძეს ხელსაც ართმევენ და ესაუბრებიან კიდევაც.

_ მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირი კიდევ ცდილობს, საქართველოს არ შეუჩეროს კანდიდატის სტატუსი და შეუნარჩუნოს მას ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ამბავი ნათელზე ნათელია. ესენი ამდენს ლანძღავენ და ევროპელები კიდევ ხელს ართმევენ კობახიძეს. ამის გარდა, აკეთებენ განცხადებებს და გამოხატავენ სურვილებს, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს. ამის გაკეთებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც მოუწოდებენ.

_ კობახიძის აშხაბადში ჩასვლა შესაძლოა სხვანაირად შემოტრიალდეს. ჩვენ გვახსოვს მისი ვიზიტი ირანში და ყველა ის პირი, ვისთან ერთადაც მან სურათი გადაიღო, ცოცხალი აღარაა. ახლა ფოტოზე პუტინთან არის და ხუმრობენ, რომ შესაძლოა, მანაც იმათი ბედი გაიზიაროს. პუტინს რომ რამე მოუვიდეს, ცხვარი გვექნება კობახიძისთვის საკისრებელი.

_ პუტინს რომ რამე მოუვიდეს, ცხვარი გვექნება დასაკლავი კი არა, ფარაა საკისრებელი. მე ვიკისრებ მაგ ამბავს. ეს ხუმრობით და სერიოზულად ის ამბავია, რაც ზემოთ გითხარით. აშხაბადში საქართველოს გამოჩენით რუსეთმა ყველას უთხრა ჩვენს ქვეყანაზე, რომ ის არის მისი უკანა ეზო.

_ თქვენს შვილზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ამ აქციების მიმდინარეობისას რამდეჯერმე დააკავეს. როგორ აღმოჩნდა კოკო მიქაია ქუჩაში? თქვენ სულ აქციებზე იდექით და თქვენი გავლენით მოხდა ეს?

_ ხშირად მისვამენ ამ კითხვას, ამ აქციებზე ჯერ შენ გახვედი, თუ ჯერ კოკო გავიდაო? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გავიდა პირველი? ჩვენ პროტესტის გამოსახატავად ერთად გავედით. კოკო არის ძალიან სამართლიანი ადამიანი და მას ყოველთვის ჰქონდა პროტესტი. შვილის ქება მერიდება, მაგრამ ვიტყვი, რომ კოკო არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი. ის კრიტიკულად უყურებს ყველაფერს და მერე აქვს შინაგანი პროტესტი. ნამდვილად არ გამკვირვებია, რუსთაველზე რომ გავიდა და დაუპირისპირდა რეჟიმს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ამ რეჟიმთან ბრძოლაში ბოლომდე იდგება. მასთან ერთად ვიდგები მეც. აქციების დროს კოკო წინა ხაზზეა ხოლმე და მე უკან ვდგავარ.

_ ზურგს უმაგრებთ?

_ ზურგს ვუმაგრებ და ასე იქნება ყოველთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში ბოლომდე ვიქნებით. ვინც იქ ვდგავართ, ყველა ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. ამ ქვეყანას ჩვენ ვერავის დავუთმობთ.

_ ამ ხელისუფლებისგან ბევრი რამე ვნახეთ, მაგრამ მამა-შვილის დაკავება არ გვინახავს. თქვენ ერთად დაგაკავეს. მსგავსი „ნაციონალებისა“ და შევარდნაძის დროსაც არ მომხდარა. გასული საუკუნის 37-იანებში კი იყო ასეთი ამბები.

_ არც ეს ამბავი გამკვირვებია, ის უფრო გამიკვირდებოდა, არ დავეკავებინეთ. ამათგან ნამდვილად ველოდი ამას.

_ რატომ ელოდით?

_ იმიტომ, რომ რუსები არიან და რუსული მეთოდებით მოქმედებენ. ისეთები გააკეთეს, ჩვენი დაკავება რა გასახსენებელია. ესენი მოქმედებენ ლუბიანკაზე დაწერილი სცენარით. ასეთი რაღაცები ხდება რუსეთში და ეს ახლა გადმოაქვთ საქართველოში. წინააღმდეგი ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ პრორუსული ხელისუფლება ვუწოდოთ. ესენი არ არიან პრორუსულები, ესენი არიან რუსები! დღეს საქართველოს სათავში არის პირწმინდად რუსული ხელისუფლება. მეტსაც გეტყვით, „ქართული ოცნება“ არის რუსზე უფრო რუსი ხელისუფლება. ქოცები არიან რუსებზე უფრო რუსები. ამიტომ არ მიკვირს, მამა-შვილი ერთად რომ დაგვაკავეს. ეს რუსული მეთოდებია. რუსებისგან ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ უფრო უარესია მოსალოდნელი.

_ კიდევ უფრო უარესი რაღა უნდა იყოს?

_ არ ვიცი, რამეს მოიფიქრებენ. ესენი, როგორც გითხარით, არიან რუსებზე მეტად რუსები და უარესს გააკეთებენ, ვიდრე რუსები აკეთებენ. სხვებსაც მოვუწდებ, რომ არ გაუკვირდეთ.

_ არც ის დარბევები გიკვირთ, რაც გასული წლის ბოლოს ვიხილეთ, წაქცეულ ახალგაზრდას თავში წიხლებს რომ ურტყამდნენ? ასეთი რამე ერთხელ ვნახეთ გაგრაში, როცა ქართველებისთვის მოკვეთილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს.

_ მერე და ვინ გააკეთა ასეთი რამე გაგრაში? რუსებმა ითამაშეს ქართველების თავებით ფეხბურთი. იგივე გაიმეორეს ამათმა. იცით, რატომ არ მიკვირს ამ რუსი ხელისუფლებისგან ეს სისასტიკე? იმიტომ, რომ მახსოვს გაგრის ტრაგედია, მახსოვს სოხუმის დაცემა, მახსოვს გადამწვარი დარჩელი. ასევე ძალიან კარგად მახსოვს გადამწვარი რუსთაველი, როცა რუსები ესროდნენ ზვიად გამსახურდიას და რუსები ცდილობდნენ ქართული სახელმწიფოს დანგრევას. ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ამიტომ არ მაკვირვებს რუსული მეთოდები. დღეს საქართველოში არის რუსეთი და ცხადია, იქნება რუსული მეთოდები.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებში არის რუსეთი! ვერაფრით მოვწყდით ამ რუსულ ორბიტას. ვერ დავამთავრეთ რუსეთი საქართველოში! ეს რუსეთი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ჩემი შვილის, კოკოს თაობა დაასრულებს რუსეთს საქართველოში. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ეს ასე მოხდება. საქართველოში საბჭოთა კავშირის დასრულებას უფროსი თაობაც მოვესწრებით.

_ როდის იქნება ეს?

_ არ ვიცი, ეს როდის მოხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოში რუსეთსა და საბჭოთა კავშირს აუცილებლად დავასრულებთ, მათ შორის, მენტალურადაც. ჩვენ აუცილებლად გავხდებით თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილი და საქართველო იქნება სუვერენული ქვეყანა. ამდენი ხანია, ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ამას ვიმსახურებთ. ქართველ ერს თავისუფლებისთვის ბრძოლა არცერთი წამით არ შეუწყვეტია.

საქართველოს არაერთხელ ედგა მძიმე პერიოდი, ახლაც მძიმე პერიოდი გვიდგას. მინდა, ამას ზვიად გამსახურდიას სიტყვებით გამოვეხმაურო: -_ ყველაფერი შეიძლება წაართვა ადამიანს, ერს, პიროვნებას, მაგრამ თავისუფლების განცდას ვერ წაართმევ, _ ამბობდა ზვიადი. სრულიად ვეთანხმები ზვიადს. კი, ძალიან მძიმე დრო უდგას ახლა საქართველოს, მაგრამ თავისუფლები მაინც ვიქნებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს ვერც პუტინი და ვერც რუსი ბორია ივანიშვილის ვერ წაართმევენ თავისუფლებას. ჩვენ თავისუფლების შეგრძნება ვერავინ წაგვართვა, ესენი მით უფრო ვერ წაგვართმევენ. ამიტომ ვიბრძვით ასე თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ბოლომდე!

_ თქვენი შემართება მესმის, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ სამოქალაქო პროტესტი ვერ გადაიზარდა პოლიტიკურ პროცესში? ამაზე თქვენ დიდი ხანია წუხხართ და ამაზე საუბრის დასაწყისშიც ვისაუბრეთ. მომდევნი წელს მაინც თუ გადაიზრდება სამოქალაქო პროტესტი პოლიტიკურ პროცესში?

_ პროტესტში მყოფ სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის უფსკრულის გაჩენა არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება. ყველამ იცის, რომ კრიტიკის არ მერიდება და თავისუფლად შემიძლია გავაკრიტიკო ოპოზიცია. დავიწყებ და არ გავჩერდები, იმდენია გასაკრიტიკებელი, მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ. ახლა ისეთი დრო დგას, რომ გადამწყვეტი არის ერთიანობა.

_ არის კი ეს ერთიანობა გამოსავალი?

_ არის, თუ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ერთიანი ფრონტით შეუტევს რუსულ რეჟიმს, მაშინ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ამიტომ აუცილებლად არის ერთიანობა საჭირო. წარსულში არ უნდა ვიქექოთ. არაა იმის დრო, რომ ერთმანეთს გავახსენოთ, შენ ეს იყავი, შენ იქ იდექი, შენ ამას აკეთებდი. წარსულს თავი დავანებოთ და გავიხედოთ მხოლოდ წინ. ხვალინდელ დღეს იმედიანად უნდა შევხედოთ.

მოვიკრიბოთ ძალები, სხვანაირად შევხედოთ მომავალს, გავთავისუფლდეთ ამ ეგოებისგან და დავამარცხოთ რუსეთი საბოლოოდ საქართველოში. ყველას ვუსურვებ ჯანსაღად აზროვნებას და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება გაერთიანდება. სხვანაირად ჩვენ არაფერი გამოგვივა. განვლილმა ერთმა წელმა გვაჩვენა, რომ ერთიანობისა და პოლიტიკური გონის გარეშე ბიძინა ივანიშილის დამარცხება შეუძლებელია. სხვას შესაძლოა, სხვა აზრი აქვს. მე ერთიანობის იქით სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ. ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარსული და ვიფიქროთ მომავალზე, იმაზე, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ რუსეთი. ამას სჭირდება ერთობა.  საქართველო უნდა გავერთიანდეთ.

გაზიარება