პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
2025-11-14 10:20:11
ელისო კილაძე
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩიხში შევიდა. ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება. გელა უძილაურის მოსამართლემაც კი არ იმსჯელა დამკვეთების ნაწილში და განაცხადა, რომ ეს ცალკე გამოყოფილი საქმეა და მის უფლებამოსილებას სცდება.
27 ნოემბერს მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომაა დანიშნული. ორიოდე კვირით ადრე კი სამართალდამცველმა უწყებამ დავით მიქაძის წინააღმდეგ ახალი ბრალი გამოაცხო და კიდევ ერთი ცრუ მოწმე ვახტანგ კობიაშვილი მოიხმო, რომელმაც 16:00 წუთზე გამოკითხვისას ვერაფერი გაიხსენა, რამდენიმე საათის მერე კი გადაწყვიტა, კანონმორჩილი მოქალაქე გამხდარიყო და დავით მიქაძის დასჯა მოითხოვა
პირველი ჩვენება:
მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი
ოქმის შედგენის ადგილი _ ქ. თბილისი
22 სექტემბერი 2025 წელი (ოქმის შედგენის თარიღი)
დაწყების დრო: 16 საათი და 00 წუთი
დამთავრების დრო: 16 საათი და 20 წუთი.
ოქმის შემდგენი პირის სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სახელი და გვარი, გამოკითხვის ადგილი: შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს
პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ერასტი ჯაკობიამ ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩა N68-ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში
გამოსაკითხი პირის მონაცემები:
სისხლის სამართლის 007160925015 საქმე
გამოსაკითხი პირის მონაცემები:
სახელი: ვახტანგ
გვარი: კობიაშვილი
მამის სახელი: რემი
პირადი ნომერი: 01011054***
დაბადების თარიღი: 28.02.1993წ.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
სამუშაო ადგილი: უმუშევარი
საქმიანობა ან/და თანამდებობა: დროებით უმუშევარი
ნასამართლობა (დადებით შემთხვევაში კვალიფიკაცია): არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ალექსანდრე წულუკიძის 23 „გ“, ბინა N81;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, ალექსანდრე წულუკიძის 23 „ბ“, ბინა N81
ტელეფონი: 5923533**
ურთიერთობა ბრალდებულთან: ურთიერთობა დაზარალებულთან:
გამოსაკითხი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
ჩემთვის ცნობილია, რომ ვიკითხები მოწმის სახით სისხლის სამართლის საქმეზე. გამომძიებლის მიერ სრულად განმემარტა ჩემი, როგორც მოწმის, უფლებები და მოვალეობები. გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენებისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 373-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გამოძიების ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებას არ ვსაჭიროებ, ჩემს ინტერესებს დავიცავ პირადად. განმემარტა ასევე, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და მასზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა ჩვენების მიცემის მიზნით დაბარებული ვიქნე მაგისტრატ მოსამართლესთან, სადაც სხდომაზე ჩვენების მიცემა არის სავალდებულო და მასზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა დამეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე განმემარტა, რომ უფლებამოსილი ვარ, ჩემი ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ გავცე ინფორმაცია. ყოველივე ჩემთვის გასაგებია. მე თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო ჩემი გამოკითხვის საგამოძიებო მოქმედებაში და გამოძიებას მივაწოდო ინფორმაცია.
საქმის ირგვლივ და თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს: ვცხოვრობდი 2018 წლიდან 2024 წლამდე ზემოთ მითითებულ მისამართზე, კერძოდ ქ. თბილისში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩა N23 „ბ“, ბინა N81-ში მდებარე ჩემს საცხოვრებელ ბინაში მარტო. ამჟამად ვარ უმუშევარი და აღნიშნული ბინა მაქვს გაქირავებული, შემოსავლის მიღების მიზნით;
გამომძიებლის კითხვა: გთხოვთ, აუხსენით გამოძიებას, პირადად იცნობთ თუ არა 1997 წლის 19 დეკემბერს დაბადებულ დავით ვაჟას ძე ღოღელიანს? თუ მას იცნობთ, მაშინ რა დროიდან იცნობთ მას და რა სახის ურთიერთობა გაქვთ მასთან?
მოწმე ვახტანგ კობიაშვილის პასუხი: 1997 წლის 19 დეკემბერს დაბადებულ დავით ღოღელიანს მე არ ვიცნობ.
გამომძიებლის კითხვა: 1997 წლის 19 დეკემბერს დაბადებულ დავით ვაჟას ძე ღოღელიანის საცხოვრებელი ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა N3/15, ბინა N20-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა „გლოკ 42“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი-პისტოლეტი, ნომრით „AEWD 970“, რომელზეც საკუთრების უფლება რეგისტრირებულია თქვენზე. გთხოვთ, აუხსენით გამოძიებას. ხსენებული პისტოლეტი როდის შეიძინეთ, როდის დაირეგისტრირეთ და რა უფლებით და სად ინახავდით მას? აუხსენით გამოძიებას, როგორ აღმოჩნდა თქვენი პისტოლეტი სხვა პირთან, კერძოდ, დავით ღოღელიანთან?
მოწმე ვახტანგ კობიაშვილის პასუხი: წლების წინ შევიძინე ხსენებული პისტოლეტი. ზუსტად არ მახსოვს, როდის შევიძინე. მისი ნომერიც არ მახსოვს და თქვენგან გავიგე მისი ნომერი ახლა. ზოგადად მე არაერთი პისტოლეტი მაქვს შეძენილი და რომელი როდის შევიძინე, ძნელი გასახსენებელია. არ მახსოვს ამ პისტოლეტის შეძენის დეტალები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იგი დარეგისტრირებული მქონდა შენახვის უფლებით და არ მახსოვს, მას სად ვინახავდი _ თბილისში მდებარე ჩემს საცხოვრებელ ბინაში ვინახავდი მას თუ მას კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში. ეს პისტოლეტი, ალბათ, დაიკარგა და არ მახსოვს, რა ვითარებაში, როდის და რა გარემოებაში დაიკარგა იგი. არ ვიცი, იგი როგორ აღმოჩნდა შესაბამისად თქვენ მიერ ნახსენებ პირთან, დავით ღოღელიანთან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაზუსტებით არ მახსოვს, განვაცხადე თუ არა ხსენებული იარაღის დაკარგვასთან დაკავშირებით სადმე. სხვას ვერაფერს დავამატებ.
გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, სწორია და ვაწერ ხელს _ ვ. კობიაშვილი.
გამოკითხა გამომძიებელმა ერასტი ჯაკობიამ.
მეორე ჩვენება:
გამოსაკითხი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია:
ჩემთვის ცნობილია, რომ ვიკითხები მოწმის სახით სისხლის სამართლის საქმეზე. გამომძიებლის მიერ სრულად განმემარტა ჩემი, როგორც მოწმის უფლებები და მოვალეობები, რაც ჩემთვის სრულად გასაგებია. გაფრთხილებული ვარ ცრუ ჩვენებისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 373-ე მუხლებით გათვალისწინებული მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გამოძიების ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებას არ ვსაჭიროებ, ჩემს ინტერესებს დავიცავ პირადად. განმემარტა რომ გამოკითხვაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და მასზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა, ჩვენების მიცემის მიზნით დაბარებული ვიქნე მაგისტრატ მოსამართლესთან, სადაც სხდომაზე ჩვენების მიცემა არის სავალდებულო და მასზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლოა დამეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე განმემარტა რომ უფლებამოსილი ვარ ჩემი ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არ გავცე ინფორმაცია. ყოველივე ჩემთვის გასაგებია. თანახმა ვარ, მონაწილეობა მივიღო ჩემი გამოკითხვის საგამოძიებო მოქმედებაში და გამოძიებას მივაწოდო სრული ინფორმაცია. ასევე თანახმა ვარ, შემდგომში საჭიროების მიხედვით გამოვცხადდე სასამართლოში და ამასთან მონაწილეობა მივიღო ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში.
საქმის ირგვლივ და თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს: ვცხოვრობდი 2018 წლიდან 2024 წლამდე ზემოთ მითითებულ მისამართზე, კერძოდ ქ. თბილისში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩა N23 „ბ“, ბინა N81-ში მდებარე ჩემს საცხოვრებელ ბინაში მარტო. აღნიშნული ბინა ამჟამად მაქვს გაქირავებული.
გამომძიებლის კითხვა: გთხოვთ, აუხსენით გამოძიებას, იცნობთ თუ არა 1997 წლის 19 დეკემბერს დაბადებულ დავით ვაჟას ძე ღოღელიანს? დადებით შემთხვევაში რა დროიდან იცნობთ მას და რა სახის ურთიერთობა გაქვთ მასთან?
მოწმის პასუხი: 1997 წლის 19 დეკემბერს დაბადებულ დავით ვაჟას ძე ღოღელიანს მე არ ვიცნობ, არ მეცნობა ეს სახელი და გვარი საერთოდ.
გამომძიებლის კითხვა: 1997 წლის 19 დეკემბერს დაბადებულ დავით ვაჟას ძე ღოღელიანის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა N3/15, ბინა N20-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა „გლოკ 42“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი-პისტოლეტი, ნომრით „AEWD 970“, რომელზეც საკუთრების უფლება რეგისტრირებულია თქვენზე. გთხოვთ, აუხსენით გამოძიებას, როგორ აღმოჩნდა თქვენი პისტოლეტი სხვა პირის საცხოვრებელ ბინაში? რა შეგიძლიათ ამის შესახებ მოგვიყვეთ?
მოწმის პასუხი: ჩემთვის უცნობია, თუ როგორ აღმოჩნდა ხსენებული, ჩემს სახელზე რეგისტრირებული „გლოკ 42“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ნომრით „AEWD 970“ დავით ღოღელიანის საცხოვრებელ ბინაში, თუმცა შემიძლია გითხრათ ამ პისტოლეტთან და მასთან ერთად სხვა 4 ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით შემდეგი დეტალები: ვიყავი უმუშევარი. ბავშვობიდან მიყვარს ცეცხლსასროლი იარაღი. ჩემი ჰობია იარაღი და მინდოდა ყოველთვის, რომ მქონოდა იარაღის კოლექცია. 2021 წლის იანვარში ახლობელმა პირმა თორნიკე ფირცხალეიშვილმა, მუშაობის დაწყების მიზნით, მიმიყვანა საბა მიქავასთან, რომელიც არის დაახლოებით 34 წლის. საბა მიქავასთან მქონდა გასაუბრება. შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და აღნიშნული დეპარტამენტიდან გამიშვეს საბა მიქავას პირად დაცვაში. აღნიშნული პერიოდიდან ანუ 2021 წლის იანვრიდან ვმუშაობდი საბა მიქავას პირად დაცვაში. შესაბამისად მიხდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ საბა მიქავასთან ერთად ყველგან წასვლა, სადაც საბა მიქავა გადაადგილდებოდა და მოისურვებდა. ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას შეადგენდა საბა მიქავას დაცვა, გაცილება და მისი უსაფრთხოება.
საბა მიქავას ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა ბიზნესმენ დავით მიქაძესთან. დავით მიქაძესაც ჰყავდა პირადი დაცვა. არაერთხელ ჰქონდათ საბა მიქავასა და დავით მიქაძეს საქმიანი შეხვედრები, რა დროსაც საბა მიქავას პირადი დაცვის თანამშრომლებსა და დავით მიქაძის პირადი დაცვის თანამშრომლებს გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა. საბა მიქავას და დავით მიქაძის ერთ-ერთ შეხვედრაზე, 2021 წლის იანვარში გავიცანი დავით მიქაძის პირადი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. დავით ჩუბინიძე დამიახლოვდა, მეც მასთან გავხდი თავისუფალი და მასთან მქონდა საუბარი, რომ მიყვარდა ცეცხლსასროლი იარაღი და ჩემი ჰობი იყო ცეცხლსასროლი იარაღი მქონოდა. შემდეგ ურთიერთობებში დავით ჩუბინიძე მაჩვენებდა ხოლმე სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის მოდელს და აქებდა მათ, მაჩვენებდა ინტერნეტ საიტზე აღნიშნულ მოდელებს. მან მითხრა, რომ ვიყავი კარგი სამეგობრო და პატიოსანი ადამიანი და რომ მისი უფროსის სურვილი იყო, ეჩუქებინა ჩემთვის იარაღი, რადგან ძალიან მიყვარდა იარაღი და ვაფანატებდი იარაღზე. დავით ჩუბინიძის მიერ ნაჩვენები ცეცხლსასროლი იარაღიდან ხანდახან იყო ისეთი შემთხვევა, რომ მე მომეწონებოდა კონკრეტული მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც ვეუბნებოდი დავით ჩუბინიძეს კიდეც, რომელიც შემდგომ მაძლევდა მისი უფროსის, დავით მიქაძის სახელით ჩემ მიერ მოწონებული ცეცხლსასროლი იარაღის მოდელის შესაძენ და მის გასაფორმებლად საჭირო ფულად თანხას და მეუბნებოდა, რომ შემეძინა აღნიშნული მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და გამეფორმებინა იგი ჩემს სახელზე. მეც შესაბამისად ვართმევდი დავით ჩუბინიძეს ფულად თანხას და ვყიდულობდი ხან ქ. თბილისში სამასი არაგველის მიმდებარედ არსებულ ქუჩაზე „ბეთელგრაუნდის“ მაღაზიაში აღნიშნულ კონკრეტულ, ჩემ მიერ მოწონებულ ცეცხლსასროლ იარაღს; ხან კიდევ ქ. თბილისში, საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „კალიბრში“ ვყიდულობდი მათ, ასევე ხანდახან იარაღს ვყიდულობდი ქ. თბილისში, ცინცაძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მაღაზიაში, დასახელებით „აპაჩი“.
მაღაზიაში პირის მიერ პისტოლეტის შეძენისას მაღაზია იძლევა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის საბუთს-ცნობას, რომელიც უნდა წარადგინოს პირმა მომსახურების სააგენტოში. სააგენტო კი იძლევა ამ ცნობის საფუძველზე ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის მოწმობას, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში სააგენტო იძლევა იარაღის მაღაზიიდან საცხოვრებელ ბინამდე გადატანის დროებით ნებართვას, რის შემდეგაც პირს შეუძლია, ამ ნებართვისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე მაღაზიიდან შეძენილი იარაღი გაიტანოს და მიიტანოს იგი ნებართვით გაცემულ ვადებში, ნებართვაში ფიქსირებულ მისამართზე და შეინახოს იგი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გაცემულია შსს მომსახურების სააგენტოდან პირზე შეძენილი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა -ტარების უფლებით, მაღაზიიდან ამ მოწმობის წარდგენის შემდგომ გაიცემა შეძენილი იარაღი პირზე და მას არ სჭირდება სააგენტოდან იარაღის გადატანის ნებართვა.
როგორც მახსოვს, პირველად დავით ჩუბინიძის მიერ დავით მიქაძის სახელით ჩემთვის საჩუქრად ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად ჩემზე გადმოცემული იყო ფულადი თანხა 2000 ლარამდე ოდენობით „გლოკ 42“ მოდელის პისტოლეტის შესაძენად, რასაც ადგილი ჰქონდა 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში. აღნიშნული ფულადი თანხით მე მაღაზია „ბეთელგრაუნდში შევიძინე ერთი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი-პისტოლეტი „გლოკ 42“ მოდელის ნომრით AEWD 970. შემდეგ ზემოთ ხსენებული პროცედურებით გავიფორმე ხსენებული შეძენილი პისტოლეტი ჩემზე შსს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით, შენახვის უფლებით. აღნიშნული იარაღი შევინახე ქ. თბილისში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩა N23 „ბ“, ბინა N81-ში არსებულ ჩემს საძინებელ ოთახში მდებარე კარადაში. დავით ჩუბინიძე შემდეგ ჩემ მიერ ინფორმირებული იყო, რომ მე შევიძინე იარაღი და ვინახავდი ბინაში.
2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში (დავით ჩუბინიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ამბავი ჰქონდა ჩემთვის და მითხრა, მისი ახლობელი იყო ერთი პირი, რომელიც იაფად, დაახლოებით 2000 ლარად ყიდდა ცეცხლსასროლ იარაღს _ „ზიგ ზაუერს პ-320“ კომპაქტ მედიუმის მოდელისას. დავით ჩუბინიძემ მაცნობა, რომ დავით მიქაძეს მოსწონდა ჩემი პიროვნება და რომ იგი საჩუქრად კისრულობდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და მითხრა, რომ მივსულიყავი მასთან, რადგან 2000 ლარი უნდა მოეცა ჩემთვის ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღის ჩემ მიერ საყიდლად და მის გასაფორმებლად. მეც მივედი მასთან, სატელეფონო კომუნიკაციის დასრულების შემდეგ იმავე დღესვე ქ. თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დავით ჩუბინიძემ გადმომცა დღის საათებში 2000 ლარი და მე აღნიშნული ფულადი თანხით მივედი ქ. თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მის მომსახურების სააგენტოში, სადაც შევხვდი პისტოლეტის მესაკუთრეს, რომლის ვინაობაც არ მახსოვს. მოიტანა ხსენებული პისტოლეტი და მე მას გადავეცი ფულადი თანხა დაახლოებით 2000 ლარი და მისგან შევიძინე აღნიშნული პისტოლეტი, რომლის ნომერიც არ მახსოვს. შეძენილი პისტოლეტი შეძენისას წარდგენილ იქნა შსს მომსახურების სააგენტოში, რომელიც გაფორმდა ჩემს სახელზე და იქ აღნიშნული პისტოლეტი გამიფორმდა შენახვის უფლებით, რაც შემდგომ წესებისა და კანონის დაცვით წავიღე და შევინახე ჩემს საცხოვრებელ, ზემოთ ხსენებულ ბინაში.
2021 წლის მარტში არაერთხელ მოხდა სამსახურებრივად ჩემი და დავით ჩუბინიძის გადაკვეთა ქ. თბილისში, სხვადასხვა მისამართზე, რა დროსაც მან იცოდა, რომ მე მიყვარდა იარაღი, მაჩვენა DANIEL DEFENSE-დასახელების მოდელის იარაღი და აქო იგი ჩემთან. მეც ვუღიარე მას, რომ ხსენებული იარაღი, რომელიც არის შაშხანა, კარგი და ლამაზი იყო და რომ იგი მომწონდა და სიამოვნებით ვიქონიებდი მას, მისი ყიდვის ფინანსური შესაძლებლობა რომ მქონოდა. იგი ღირდა „ბეთელგრაუნდის“ მაღაზიის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 7000 ლარი. შემდეგ დავით ჩუბინიძემ, იცოდა რა, რომ მე მომეწონა ხსენებული შაშხანა, 2021 წლის მარტის ბოლოს მაცნობა, რომ კიდევ მასაჩუქრებდა აღნიშნული შაშხანით დავით მიქაძე და რომ მივსულიყავი მასთან. 2021 წლის მარტის ბოლო რიცხვებში მივედი დავით ჩუბინიძესთან ქ. თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე არსებულ მრგვალ ბაღთან, სადაც მან გადმომცა 7000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა და მითხრა, რომ შემეძინა ხსენებული შაშხანა და გამეფორმებინა ჩემს სახელზე. მეც იმავე დღესვე შევიძინე ხსენებული შაშხანა „ბეთელგრაუნდის“ მაღაზიაში და შემდგომ იგი, წესისამებრ, კანონის დაცვით, გავიფორმე შენახვისა და ტარების უფლებით ჩემს სახელზე ქ. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მომსახურების სააგენტოში. შემდეგ იგი წავიღე ჩემს საცხოვრებელ ზემოთ ხსენებულ ბინაში და შევინახე იგი ჩემს საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადაში.
ასევე 2021 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში დავით ჩუბინიძემ, დავით მიქაძის სახელით, ჩემთვის საჩუქრად გადმომცა ფულადი თანხა 1500 ლარის ოდენობით, მის მიერ მაღაზია „აპაჩის“ ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული და მოწონებული ცეცხლსასროლი იარაღი NAA-22 LER მოდელის, რომელიც არის 2.5-ბარაბნიანი პისტოლეტი, ჩემ მიერ შეძენისა და ჩემს სახელზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. ფულადი თანხა მან გადმომცა ქ. თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მე მაღაზია „აპაჩში“ შევიძინე მის მიერ შერჩეული ხსენებული პისტოლეტი, რაც გადავიფორმე კანონის დაცვით, დადგენილი წესით მისი შენახვის უფლებით, და იგი შევინახე იმავე შეძენის დღესვე ჩემს ზემოთ ხსენებულ საცხოვრებელ ბინაში, ჩემს საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადაში.
ასევე 2021 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში დავით ჩუბინიძემ, ანალოგიურად, დავით მიქაძის სახელით ჩემთვის საჩუქრად გადმომცა ფულადი თანხა 800 ლარის ოდენობით, მის მიერ ქ. თბილისში, ისნის ტერიტორიაზე არსებული მაღაზია „მონადირეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული და მოწონებული ცეცხლსასროლი იარაღი - BARNOW-CORECCO მოდელის, 12 კალიბრი ვინჩესტერის, ჩემ მიერ შეძენისა და ჩემს სახელზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. ფულადი თანხა მან გადმომცა ქ. თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მე მაღაზია „მონადირეში“ წავედი და იმავე დღესვე შევიძინე მის მიერ შერჩეული ხსენებული ვინჩესტერი, რაც გადავიფორმე კანონის დაცვით, დადგენილი წესით მისი შენახვისა და ტარების უფლებით და იგი შევინახე იმავე, შეძენის დღესვე, ზემოთ ხსენებულ ჩემს საცხოვრებელ ბინაში, ჩემს საძინებელ ოთახში განთავსებულ კარადაში.
ყველა ზემოთ ხსენებული იარაღი შევიძინე დავით ჩუბინიძის მიერ ჩემზე გადმოცემული ფულადი თანხებით, რაც მისივე განმარტებით იყო დავით მიქაძისგან ჩემთვის გაკეთებული საჩუქარი, ვინაიდან მას მოვწონდი, როგორც კეთილსინდისიერი პიროვნება და მოსწონდა ჩემი იარაღით გატაცება და ის ფაქტი, რომ ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მოყვარული ვარ. რაიმე ეჭვი, თუ რატომ მჩუქნიდა დავით მიქაძე ხსენებულ იარაღს, არ გამჩენია. დავით ჩუბინიძისგან ვიცოდი, რომ დავით მიქაძეს სჩვეოდა მისი პირადი დაცვის თანამშრომლებისთვის იარაღის ჩუქება. კონკრეტულად არ ვიცი, მან რომელ თანამშრომელს აჩუქა იარაღი. შესაძლოა, ყოველივე დავით ჩუბინიძემ მიამბო იმ მიზნით, რომ რაიმე ეჭვი არ გამჩენოდა. მეც არანაირი ეჭვი არ გამჩენია დავით ჩუბინიძის ან თუნდაც დავით მიქაძის ბოროტ განზრახვებთან დაკავშირებით, რაზედაც დეტალურად გაცნობებთ.
ზემოთ ხსენებული იარაღის გარდა, მე ასევე შეძენილი მქონდა ჩემი სახსრებით და ჩემს სახელზე მქონდა რეგისტრირებული ჯერ კიდევ 2020 წელს ცეცხლსასროლი იარაღი, 22-კალიბრიანი შაშხანა დასახელებით „ISSC-MK-22 COMMANDO “, რომლის ნომერიც არ მახსოვს. ამ შაშხანასაც ასევე ვისახავდი ჩემს საცხოვრებელ ზემოთ ხსენებულ ბინაში იმავე კარადაში. ასევე 2021 წლის ივნისის ბოლო რიცხვებში ჩემი სახსრებით შევიძინე ცეცხლსასროლი იარაღი „AERO PRECISION-M5“-ის მოდელის შაშხანა, რომელიც ასევე გავიფორმე ჩემს სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით. ეს იარაღიც მქონდა შენახული იმავე კარადაში, რაზედაც ზემოთ მაქვს საუბარი.
2021 წ. 27 სექტემბერს (შეიძლება ვცდებოდე თარიღში) ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა საბა მიქავამ გადაწყვიტა წასულიყო ქალაქგარეთ, შესაბამისად, მეც მიწევდა მასთან ერთად წასვლა ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის, მისი პირადი დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ვიდრე ჩვენ წავიდოდით ქალაქგარეთ, შემხვდა დავით ჩუბინიძე ქ. თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე, ზუსტი ადგილი და მისამართი არ მახსოვს და მან საუბრისას მომთხოვა მიმეცა მისთვის ჩემი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისი, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩა N23 „8“, ბინა N1-ში, გასაღები. მითხრა, რომ იგი წაიღებდა 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს და როცა დავბრუნდებოდი ქალაქში, მაშინ არ დამხვდებოდა ბინაში ხსენებული იარაღი და მიბრძანა, რომ დაბრუნებისთანავე მეცნობებინა პოლიციისთვის ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღის ჩემი საცხოვრებელი ბინიდან ქურდობის შესახებ. მე აღნიშნულზე ვიყავი წინააღმდეგი და მას ვუთხარი უარი, რის შემდეგაც დავით ჩუბინიძე დამემუქრა, თუ არ მივცემდი მას ჩემი ბინის გასაღებს და იარაღის მის მიერ წაღების შემდეგ არ განვაცხადებდი პოლიციაში ცეცხლსასროლი იარაღის ბინიდან ჩემთვის დაუდგენელი პირის მიერ მოპარვაზე, ასეთ შემთხვევაში იგი მომკლავდა. ვციტირებ, მითხრა, რომ „ჩემი ყველაფერი იცის და ისე გამაქრობს, რომ ვერავინ ვერ მიპოვის“. მისი ჩემ მიმართ განხორციელებული მუქარა ჩემთვის იყო მოულოდნელი, თავზარდამცემი, რადგან აშკარა იყო, რომ თავიდანვე ჰქონდათ განზრახვა,
ჩემს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებით. მე დავით ჩუბინიძის მიერ ჩემ მიმართ განხორციელებული ხსენებული მუქარა აღვიქვი ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარად, იგი აღვიქვი რეალურად განხორციელებადად და გამიჩნდა დავით ჩუბინიძის მხრიდან ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარის სისრულეში მოყვანის საფუძვლიანი შიში. შემეშინდა, რომ იგი მომკლავდა და მას გადავეცი ჩემი საცხოვრებელი ბინის გასაღები, რომლის დუბლიკატიც მქონდა. შემდეგ წავედი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად ქალაქგარეთ იმავე დღესვე. როგორც მახსოვს, ჩვენ, ანუ მე და საბა მიქავა, დავბრუნდით თბილისში ჩვენი წასვლიდან 3 დღეში. ჩვენ დავბრუნდით საღამოს საათებში, მე გამათავისუფლა საბა მიქავამ და წავედი სახლში, კერძოდ მივედი ჩემს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩა N23 „B“, ბინა N81-ში, რომლის შესასვლელი კარიც დამხვდა დაკეტილი. მე იგი გასაღებით (გასაღების მეორე ეგზემპლარი) გავაღე და ეგრევე მივედი ჩემს საძინებელ ოთახში, სადაც არსებულ კარადაში შევიხედე და იქ არ დამხვდა 5 დასახელების ჩემს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ არ იყო ადგილზე პისტოლეტი „გლოკ 42“ მოდელის, ნომრით AEWD 970; _ პისტოლეტი ზიგ-ზაუერს 3-320 კომპაქტ მედიუმი; ცეცხლსასროლი იარაღი „DANIEL DEFENSE“ _ დასახელების მოდელის შაშხანა; ცეცხლსასროლი იარაღი NAA-22 LLR მოდელის, ბარაბნიანი პისტოლეტი; ცეცხლსასროლი იარაღი BARNOW-CORECCO მოდელის, 12 ვინჩესტერი; ადგილზე დამხვდა კარადაში ცეცხლსასროლი იარაღი, 22-კალიბრიანი შაშხანა, დასახელებით „ISSC-MK-27 COMMANDO“ და ცეცხლსასროლი იარაღი AERO PRECISION-M 5-ის მოდელის შაშხანა, რომელიც პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებით ამოიღო ჩემი ბინიდან.
მე იმავე დღესვე, საღამოს საათებში, გადავრეკე დავით ჩუბინიძის ჩემს მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად 112-ის ცხელ ხაზე და ოპერატორთან გავაკეთე განაცხადი ხსენებული ჩემი საცხოვრებელი ბინიდან 5 დასახელების ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობის დანაშაულთან დაკავშირებით. ადგილზე გამოცხადდა ქ. თბილისი, ისანი-სამგორის პოლიცია, დაიწყო მომხდარზე გამოძიება და ხსენებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ჩემს საცხოვრებელ ბინაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების საგამოძიებო მოქმედება, ასევე გამომკითხეს მე მოწმის სახით, სადაც დავაფიქსირე ბინიდან დაუდგენელი პირის მიერ 5 დასახელების ცეცხლსასროლი იარაღის ქურდობის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულს ადგილი ჰქონდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს. ინფორმაცია გამოძიებას ქურდობის ფაქტზე იმ მიზნით მივეცი, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, დავით ჩუბინიძე დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ რაიმეს ვიტყოდი პოლიციაში და მე ამის რეალური შიში მქონდა
ამის შემდეგ მე ზოგადად გავაგრძელე მუშაობა. მომდევნო დღეს საბა მიქავას მოვუყევი მწირი ინფორმაცია, მხოლოდ ვუთხარი, რომ ჩემი საცხოვრებელი ბინიდან ჩემი თბილისში არყოფნის პერიოდში, ანუ მაშინ, როცა ქალაქგარეთ ერთად წავედით, მოპარულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ჯამურად 5 ცალი. მან შეიცხადა ყოველივე. მისთვის არ მითქვამს დავით ჩუბინიძის მხრიდან ჩემ მიმართ განხორციელებული ქმედება, ბინიდან წაღებული რომ იყო იარაღი, ვინაიდან მეშინოდა ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარის სისრულეში მოყვანის.
2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ჩემი მოწმის სახით გამოკითხვის მეორე დღეს, დამიკავშირდა დავით ჩუბინიძე და მომთხოვა მივსულიყავი ქ. თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე, როგორც მახსოვს, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ. მეც მივედი დღის საათებში ქ. თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე, როგორც მახსოვს, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სადაც ქუჩაში გაჩერებული იყო დავით მიქაძის ავტომანქანა, საიდანაც დავით მიქაძემ მანიშნა, რომ ჩავმჯდარიყავი მათ ავტომანქანაში. ეს იყო ავტომანქანა „ტოიოტა ქემრი“, რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი არ მახსოვს. იგი იყო შავი ფერის, მეც მივედი და ჩავჯექი დავით მიქაძის ავტომანქანაში უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს. გაიმართა ჩვენ სამს, ანუ ჩემსა და დავით ჩუბინიძესა და დავით მიქაძეს შორის საუბარი. საუბრისას დავით ჩუბინიძემ, ასევე დავით მიქაძემ ჩემ მიმართ განახორციელეს მუქარა. მითხრეს, რომ იარაღის მათ მიერ აღებასთან დაკავშირებით არაფერი მეთქვა არავისთან და მათ შორის არც პოლიციასთან, და თუ რამეს ვიტყოდი და მათ ვახსენებდი, ისინი მე გამისწორდებოდნენ და მომკლავდნენ, კერძოდ ნაწილ-ნაწილ დამჭრიდნენ და ჩემს ნაწილებს მიმოფანტავდნენ სხვადასხვა ადგილზე ისე, რომ ვერავინ გაიგებდა ამის შესახებ. ასევე ისინი დაინტერესებულები იყვნენ, რა სახის ინფორმაცია მივაწოდე პოლიციას ხსენებული იარაღის ბინიდან ქურდობასთან დაკავშირებით. მისვამდნენ კითხვებს, თუ რა განვაცხადე პოლიციაში და განვაცხადე თუ არა ისე, როგორც დავით ჩუბინიძემ დამავალა. მე ვუპასუხე, რომ პოლიციას მივაწოდე ინფორმაცია ისე, როგორც ამას დავით ჩუბინიძე მთხოვდა და რომ დავაფიქსირე ჩემთვის უცნობი პირის მხრიდან იარაღის ბინიდან ქურდობაზე, რომ არ მიხსენებია დავით ჩუბინიძე არსად. მე მათი მხრიდან განხორციელებული ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღვიქვი რეალურად განხორციელებადად და გამიჩნდა მათი (ანუ ორივესი, დავით მიქაძისა და დავით ჩუბინიძის) მხრიდან ჩემ მიმართ განხორციელებული ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარის სისრულეში მოყვანის საფუძვლიანი შიში. აღნიშნულით დასრულდა ჩვენი საუბარი. მე დავტოვე იქაურობა და მალევე წავედი შინ ჩემს ბინაში.
ხსენებული მუქარის გამო მე ვდუმდი და არავისთვის მითქვამს მომხდარი ინციდენტების შესახებ. არც პოლიციისთვის განმიცხადებია რამე აღნიშნული მუქარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია არის სამართალდამცველი ორგანო და ევალება ადამიანის უფლებების დაცვა, მე დავით ჩუბინიძისა და დავით მიქაძის მხრიდან განხორციელებულმა ჩემი სიცოცხლის მოსპობის მუქარამ იმდენად დამძაბა და შემაშინა, რომ ვარჩიე, არ მიმემართა სამართალდამცველი ორგანოებისთვის. მათგან თავის დაღწევის მიზნით მე დავტოვე კიდეც ჩემი სამშობლო და წავედი საზღვარგარეთ, კერძოდ კი საბერძნეთში, კვიპროსზე, სადაც ვიყავი დაახლოებით 7 თვის განმავლობაში. საბერძნეთიდან ჩამოვედი საქართველოში და მაინც არ მივმართე პოლიციას, ვინაიდან ვიმყოფებოდი შიშის ქვეშ, რადგან დავით მიქაძე არის ბიზნესმენი, აქვს დიდი ოდენობით ფულადი სახსრები და მას არ გაუჭირდებოდა ჩემ მოსაკლავად ვინმეს დაქირავება. მას ასევე ჰყავს ბევრი ნაცნობი და აქვს გავლენები სხვადასხვა სფეროში. ვიფიქრე, რომ მათზე რაიმე ინფორმაციის ჩემი მხრიდან გაჟონვა დამიჯდებოდა სიცოცხლის ფასად. დღეს გამოვცხადდი პოლიციაში იმის გამო, რომ მე გამომიძახეს მოწმის სახით ჩემი გამოკითხვის მიზნით. და როგორც პოლიციაში შევიტყვე, ჩემს სახელზე გაფორმებულ იარაღ „გლოკ 42“ მოდელს, ნომრით AEWD 970-ს, უკანონოდ ინახავდა ჩემთვის უცნობი პიროვნება დავით ღოღელიანი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მე განცხადებული მქონდა ამ ცეცხლსასროლი იარაღის ბინიდან ქურდობის შესახებ, მოვისურვე სრული თანამშრომლობა გამოძიებასთან ჭეშმარიტების დასადგენად ხსენებულ და სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი ვითომცდა მოპარულ, რეალურად კი დავით ჩუბინიძის მიერ ჩემი ბინიდან წაღებულ ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებით და იმ მუქარების შესახებ, რამაც მაიძულა გამოძიებაში დამეფიქსირებინა სიცრუე.
დავით ჩუბინიძისა და დავით მიქაძის მხრიდან ჩემზე განხორციელებული მუქარების შედეგად მე დამეწყო უძილობა, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და მენტალური ცვლილებები. ვერ ვახორციელებდი საკუთარი თავის ამ თუ იმ სფეროში სრულად რეალიზებას. მეშინოდა მთელი ამ ხნის მანძილზე. მაგრამ მე ვარ კანონმორჩილი პიროვნება და ვარჩიე სრულად თანამშრომლობა გამოძიებასთან, რათა აღკვეთილიყო დავით ჩუბინიძის, დავით მიქაძისა და მათთან დაკავშირებული სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედებები.
მინდა აღვნიშნო, რომ დავით ჩუბინიძემ და დავით მიქაძემ გამოიყენეს ჩემი სისუსტე იარაღით ზედმეტად გატაცებასთან დაკავშირებით, გამოიყენეს ჩემი ჰობი და შეგნებულად დამიმეგობრდნენ. დამიახლოვდნენ ისე, რომ მათგან არც კი მიკვირდა საჩუქრის სახით იარაღის შეძენა. თან დავით მიქაძე იყო ბიზნესმენი და მისთვის ხსენებული იარაღის შესაძენად ჩემთვის გადმოცემული ფულადი თანხა მიმაჩნდა, რომ არ წარმოადგენდა მისთვის მნიშვნელოვან ხარჯებს, მათ კი სათავეშივე ამოძრავებდათ ბოროტი განზრახვა, რომ სხვა პირზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდათ მფლობელობაში, რათა რაიმე დანაშაულის მათ მიერ ჩადენის შემთხვევაში თავიდან აეცილებინათ პასუხისმგებლობა და ყოფილიყვნენ შეუმჩნევლები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე მპირდებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ გავლენები და დიდი სანაცნობო წრე და პოლიციაში, კერძოდ ცკპდ-ში დამაწყებინებდნენ მუშაობას. ახლა რომ ვფიქრობ, ეს ყოველივე ჩემი თვალის ასახვევად სჭირდებოდათ.
გამომძიებლის კითხვა: გთხოვთ, აუხსენით გამოძიებას დავით ჩუბინიძის მიერ თქვენზე ფულადი თანხების გადმოცემებს, ცეცხლსასროლი იარაღების შესაძენად, ასევე თქვენი საცხოვრებელი ბინის გასაღების მისთვის გადაცემის მოთხოვნას, ასევე მის მიერ და დავით მიქაძის მიერ თქვენი სიცოცხლის მოსპობის მუქარების განხორციელებას შეესწრო თუ არა ვინმე? დადებით შემთხვევაში ვინ შეესწრო? დაასახელეთ მისი ვინაობა.
მოწმის პასუხი: არავინ შესწრებია დავით ჩუბინიძის მიერ ჩემთვის ფულადი თანხების გადმოცემებს ცეცხლსასროლი იარაღის ჩემ მიერ შესაძენად და ჩემს სახელზე გადასაფორმებლად, ასევე არავინ შესწრებია დავით ჩუბინიძისა და დავით მიქაძის მხრიდან ჩემ მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარებს. ისინი მოქმედებდნენ ფრთხილად.
გამომძიებლის კითხვა: გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენ მიერ ნახსენები თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი საბა მიქავას, ასევე თქვენ მიერ ნახსენები დავით ჩუბინიძის და დავით მიქაძის დემოგრაფიული ან სხვა მონაცემები:
მოწმის პასუხი: არ ვიცი საბა მიქავას ზუსტი დაბადების თარიღი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ იგი არის 34 წლის, დავით ჩუბინიძე არის 33 წლამდე ასაკის, დავით მიქაძე არის დაახლოებით 40-45 წლამდე ასაკის, მას ჰყავს ძმა გიორგი მიქაძე.
დავით ჩუბინიძე არ ვიცი, იყო თუ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, ვიცი, რომ იგი იყო დავით მიქაძის პირადი დაცვის უფროსი. არ მახსოვს საბა მიქავას, დავით ჩუბინიძისა და დავით მიქაძის მობილური ტელეფონის ნომრები. საბა მიქავა ცხოვრობდა თბილისში, ფიქრის გორაზე, ნიკოლაძის ქუჩა N1-ში. არ ვიცი დავით ჩუბინიძისა და დავით მიქაძის საცხოვრებელი ბინების მისამართები.
სხვას საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე ვერაფერს დავამატებ.
გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, სწორია და ვაწერ ხელს.
გამოკითხა გამომძიებელმა ლევან ბეჟანიშვილმა.