პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
2025-11-14 10:15:22
თამარ სანაძე
4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიში, რომელიც აფასებს წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. დასკვნა საქართველოს მიმართ უმძიმესია. „სახელმწიფოს მიტაცება“, ევროკავშირის კანდიდატის „მხოლოდ სახელად“ დარჩენილი სტატუსი, ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მორიგ ჯერზე გამიჯვნა და მოწოდება, აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ ანტიევროპულ კურსს შეცვლის _ ასეთია შეფასებები, რომლებსაც ანგარიშში ვკითხულობთ.
გაფართოების ანგარიშზე, „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებებსა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება
ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი:
_ ბატონო დავით, ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშში „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს. დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს EU-სთან ინტეგრაციის პროცესის საფუძვლები ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა. როგორ შეაფასებთ ანგარიშს?
_ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ანგარიში აფასებს არა კონკრეტულად ხელისუფლების ქმედებებს, არამედ სახელმწიფოს. ის ადამიანები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ხელისუფლებაა, შეცდომით ვამბობთ, რომ ევროკავშირი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. სამწუხაროა ის, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს საქართველოს ყველა ოფიციელურ ასპარეზზე და შესაბამისად მისი ნებისმიერი ქმედება ფასდება, როგორც სახელმწიფოს საქმიანობა. ამიტომ ჩემი შეფასება ამ ანგარიშზე არის ის, რომ აქ საუბარია არა იმაზე, რომ „ოცნება“ წავიდა სადღაც და რეალურად არ აქვს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, „ქართული ოცნება“ არ არის ის, ვინც ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. საუბარი ამ ანგარიშში არის იმაზე, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აქვს მნიშვნელოვანი რეგრესი და ყველაზე მძიმე ფრაზა, რაც ამ ანგარიშშია, არის ის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სიტყვები და სახელია დარჩენილი. ის მოცემულობა, რომელშიც ახლა ვართ, არ მიდის ევროკავშირისკენ, რაც კატასტროფული შედეგია ქვეყნისთვის, რომელმაც 2 წლის წინ იზეიმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და აქ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მთავარი დამნაშავე „ქართული ოცნებაა“, მაგრამ უნდა გვესმოდეს იციც, რომ არსებული ხელისუფლება ხვალ რომ შეიცვალოს, ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ მინიმუმ იმ წერტილში მაინც დავბრუნდეთ, რომელშიც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში, უნდა მივხვდეთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქემ გააცნობიეროს ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც ინდივიდუალური ხელისუფლება, არ ფასდება, არ ფასდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებებს ირჩევს ხალხი. ასე ამბობდნენ თავის დროზე რუსეთში მცხოვრები ლიბერალური განწყობების ადამიანები, რომ პუტინს არ აღიარებდნენ და მხარს არ უჭერენ, მაგრამ რუსეთმა მაინც დაიწყო საშინელი ომი, რომელიც მეოთხე წელია მიმდინარეობს. უნდათ თუ არა, რუსეთის მოქალაქეებს უწევთ იმ რეალობაში ცხოვრება, რაც რუსეთშია. მათ სხვა გზა არ აქვთ, რადგან მანამდე არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უკეთესს სახელმწიფოში ეცხოვრათ. ასეთი რეალობა დადგება საქართველოშიც. ევროკავშირის ანგარიშში ეს არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს ევროკავშირთან ურთიერთობაში და ამიტომ დაწერეს ასეთი შეფასება. ეს ანგარიში არის გაფრთხილება საქართველოს იმ მოქალაქეებითვის, რომლებიც პასიურები არიან და საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი დალაგდება. ასე ეგონათ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს თავის დროზე. იმ წერტილიდან დაბრუნება, რომელშიც ახლა რუსეთი და ბელარუსია, წარმოუდგენელია. ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ანგარიში გაფრთხილებაა საქართველოს მოქალაქეების პასიური ნაწილისთვისაც, რომელიც არ რეაგირებს პროცესებზეო. ამ მდგომარეობიდან გამოსავალს პასიური ნაწილის გააქტიურებაში ხედავთ?
_ ხელისუფლების ცვლილების სამი გზა არსებობს: ერთ გზას რევოლოციურ ცვლილებებს ვეძახით, რომელსაც ამ მდგომარეობით საქართველოში ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციური ცვლილებების გზა ყველაზე სწრაფია და ზოგჯერ ძალიან საჭირო გზაა. ეს ვნახეთ რეგიონშიც არაერთხელ. მაგალითად სომხეთი ავიღოთ, მოლდოვა, უკრაინა. ჩემთვის ყველაზე რეალისტური გზა მოლდოვის გზაა. მე მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც ფოქრობს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში არმონაწილეობა იყო ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელმაც პარტიების ხარაკირი გამოიწვია და სერიოზულად დააზიანა პოლიტიკური პროცესი.
ერთი გზა არის რევოლუციის გზა, მეორე გზა არის არჩევნებით ცვლილების გზა, მესამე გზა არის უბრალოდ ჯდომა, არაფრის კეთება და ლოდინი, რომ რაღაც დალაგდება საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენთანაც რაღაც შეიცვლება. ეს ძალიან გრძელვადიანი ამბავია, მანამდე უამრავი რაღაც უნდა გამოიაროს შენმა ქვეყანამ და როცა ისე დაალგდება ვარსკვლავები, როგორც შენ გინდა, მერე რა იქნება ეგეც კი არ არის პროგნოზირებადი, როგორც წესი.
ვფიქრობ, რომ ბრძოლის ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესებში დაბრუნდეს პოლიტიკა, მშნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას დავუბრუნოთ ნდობა არჩევნების, როგორც ცვლილებების ლეგიტიმური ინსტრუმენტის ნდობა. ამომრჩეველი მაშინ ხედავს, როგორ აყალბებს ხელისუფლება არჩევნებს, როცა ის მონაწილეობს კენჭისყრის პროცესში. თუ თქვენ არჩევნებზე არ მიდიხართ, ვერ ხედავთ, იქ რა ხდება.
2024 წლის არჩევნებზე რომ მივიდა ამომრჩეველი და ნახა, რომ მისი კორპუსის მცხოვრები 10 ადამიანიდან 6-მა არ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ და მერე ამოვიდა ხმები და ითქვა, რომ ათიდან 8 ადამიანმა მისცა ხმა „ოცნებას“ და ორმა _ არა, ელემენტარულად ხედავს, რომ მათი ხმები არ ჩანს. ამას როცა ხედავს ადამიანი, ბრაზდება და როცა რევოლუციურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში და დაიცვას თავისი ხმა და აიძულოს ხელისუფლება დათმოს მმართველობა, ეს უფრო იქცევა ტრიგერად.
დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს არჩევნებზე რომ მისულიყო იმდენი ხალხი, რამდენიც მივიდა წინა არჩევნებზე, დღეს თბილისს ეყოლებოდა ოპოზიციური მერი. უბრალოდ შევხედოთ, რამდენმა მივეცით ხმა ოპოზიციას. მარტივი რამეა, არანაირი დესტრუქცია და პროტესტი. თუკი „ოცნება“ ეცდება, რომ მკვდარი სულებით გადააბალანსოს ეს ხმები, მას მოუწევს ამ ხალხის ჩვენება.
მე კარგად მახსოვს ექსპერტების კომენტარები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოპოზიციამ ვერ დაიცვა საკუთარი ხმები და ვერ იმუშავა კარგად. რეალურად გამოდიოდა ისე, რომ ოპოზიციამ დააკლო პროსეცებს რაღაც. მათ შორის ის, რომ ოპოზიამ ისე ვერ იარა ხალხთან, როგორც საჭირო იყო, ამას არც მალავდნენ ოპოზიციის მხარდამჭერი ექსპერტებიც კი.
ხალხის ქუჩაში მასობრივი გამოსვლის ტრიგერი კობახიძის განცხადება იყო და არა ის, რომ არჩევნები გაყალბდა. ხალხის დიდმა ნაწილმა გაყალბება ვერ დაიჯერა. ახლა კი „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა და სამწუხაროდ ამაში მას ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს, რომ არჩევნებს, როგორც ხელისუფლების შეცვლის ლეიტიმურ ინსტრუმენტს, დაეკარგა აზრი. ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკისა და პოლიტიკური ინსტრუმენტების დაბრუნება. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ბლოგში ნიკა ობოლაძეს ვუმენდი. მან თქვა, რომ ამ მოცემულობაში ორი ბოლომდეა: ერთი ჩვენი ბოლომდე და მეორე ივანიშვილის გუნდის ბოლომდეო. რომლის ბოლომდე არის უფრო ახლოს შედეგთან, ეს არის შესაფასებელი და ამის შემდეგ იქნებ ჯობია, შუაში გავჩერდეთ და რაღაც შევცვალოთ, სხვა გეგმა დავსახოთ და რაღაც ჩვენც დავიტოვოთ იმისთვის, რომ გადავრჩეთო.
თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ არჩევნები უბრალოდ აღარ არსებობს ქვეყანაში, მაშინ მივიღებთ პუტინისნაირ ელექტორალურ დიქტატურას, როდესაც არჩევნები ჩატარდება თავისით, როგორც ახლა იყო კალაძის არჩევნები.
ძალიან ცუდი იყო ის, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა არჩევნებზე უარი თქვა და აქტივიზმში ჩაერთო. შეიძლება მათ აქტივიზმში ურჩევნიათ და ეს მისაღებია; მეორე ნაწილმა თქვა, რომ ბოიკოტში ვართ და ეს ბოიკოტი რას ნიშნავს, ვერ გავიგე. ერთ-ერთი ნაწილი მათ მიერ დასახელებული სამი პუნქტიდან იყო ის, რომ არ ვთანამშრომლობთ „ოცნებასთან“, ეს ართანამშრომლობა ნიშნავს, რომ არ ვიხდი გადასახადებს, არ ვასრულებ „ოცნების“ გადაწყვეტილებებს, არ ვიხდი ჯარიმებს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც არ გადაიხადა ეს ჯარიმები. რომ ვნახოთ, სახელმწიფომ რამდენი თანხა მიიღო ამ ჯარმებით, მივხვდებით, რომ ართანამშრომლობა არ გამოგვივიდა. ეს არის: რაც გამდის _ გამდის, რაც არა _ არა და ხელისუფლება ისევ მათ უჭერს შემდეგ. რაციონალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომ არჩევნებისადმი ნდობა დაბრუნდეს. მარტივ რამეს ვიტყვი: 2026 წელს „ოცნებამ“ რომ ჩანიშნოს არჩევნები და ამის ნიშნები გვაქვს უკვე, ხალხს როგორ მიიყვანს ოპოზიცია? ძალიან რთული ოქნება. ძალიან რთული იქნება ისიც, რომ ამან შედეგი მოიტანოს. მაშინ ალტერნატიული გზა რევოლუციაა და ამის რესურსს მე ვერ ვხედავ. საბოლოოდ, ამ პროცესებში ქვეყანა ძალიან ბევრ რამეს კარგავს.
_ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. როგორ შეაფასებთ რეჟიმის ამ ქმედებას?
_ ბიძინა ივანიშვილის ტვინი რუსულად არის მოწყობილი და იგი მას ეუბნება შემდეგ რაღაცას: გაზარდე სტრესი მანამდე, სანამ არ მიიღებ ორიდან ერთს _ ან ბოლომდე შედეგს ან სანამ არ დაგიწყებენ ლაპარაკს. ბიძინას რეჟიმს ხომ არავინ ელაპარაკება. არ ვგულისხმობ არაბებსა და ჩინელებს, მე ვგულისხმობ იმას, ვისთანაც ბიძინას საუბარი სურს და ვისი აღიარებაც მას სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში დიქტატურა დიდხანს ვერ დამყარდება, რადგან ამას სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური რესურსები, ამიტომ იგონებს ახალ-ახალ რეპრესიულ სქემებს. ამას გავაკეთებ და არ დამელაპარაკებით? მაშინ, აი, ამას გავაკეთებ. ეს სისხლის სამართლის საქმეებიც არის მორიგი გადაგდებული პრესი იმისთვის, რომ რამენაირად ვინმე წამოვიდეს მასთან კომუნიკაციაზე, რომ ვნმემ უთხრას: შეწყვიტე მაიმუნობა და ჩვენ ამას მოგცემთ. ბიძინასთვის ეს არის ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიცემა. გაღიარებ, თუ არ გააკეთებ მსგავსს სისულელეებს და დაგელაპარაკები. დასავლეთი კი არ არის ამისთვის მზად და არც იქნება, რადგან დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება. ისინი არავის მისცემენ შესაძლებლობას, მანიპულაცია მოახდინონ დემოკრატიულ ინსტრუმენტებზე. ახლა დასავლეთი იმაზე მეტად ერთიანია ვიდრე ივანიშვილს ჰგონია.
დასავლეთი ახლა სხვა ტიპის პრობლემებითაა დაკავებული და ამ პრობლემებში ზუსტად იცის, რომ „ოცნებისნაირი“ ჯამბაზების ადგილი არ არის. აქ არის ხისტი გადაწყვეტილებების როლი და ამაში ევროკავშირი ერთიანია. ახლა მათთვის რუსეთი განიხილება, როგორც მტერი. საფრთხე აღქმულია და ის, ვინც რუსეთთანაა, ვერ იქნება ევროკავშირის მოკავშირე. ვხედავთ, რა ხდება რეგიონში: სომხეთი და აზერბაიჯანი მაქსიმალურად დისტანცირდნენ რუსეთისგან და ევროკავშირისკენ დაიძრნენ. ივანიშვილი კი ახლა ცდილობს ალიევობას, რომელსაც რუსეთთანაც სურდა და დასავლეთთანაც, მაგრამ ეს არ გამოდის, ცხადი და ნათელია.
_ „ქართული ოცნების“ ახალ-ახალი წნეხისა და პრესის ფონზე, რა იქნება ევროკავშირისთვის ტრიგერი, რომ მან კიდევ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღოს რეჟიმის წინააღმდეგ?
_ „ქართული ოცნების“ მიმართ ევროკავშირში განაჩენი უკვე გამოტანილია და არავინ აპირებს რეჟიმთან რაიმე ტიპის გარიგებაზე წასვლას.
ევროკავშირმა მთავარი რაც გააკეთა, ეს არის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის არმიცემა. არასოდეს ევროკავშირში „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიცია არ შეიცვლება. ერთადერთი შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება ლაპარაკთან მიმართებით. ესენი შეიძლება კი არიან არალეგიტიმურები, მაგრამ მოდით, გავაკეთოთ რაღაც იმისთვის, რომ მინიმუმ დემოკრატია გადავარჩინოთ საქართველოში და მერე იქნებ მოხდეს რაღაცა და გააკეტოს რაღაცა ამ ქართველმა ხალხმა, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ შეცვალოს ხელისუფლება.
ევროკავშირმა თქვა, რომ თქვენი სტატუსი მხოლოდ ფურცელზეა და რომ ყველაფერი დაბრუნდეს თავის ადგილზე, აი, ამ ქმედებების გატარებაა საჭირო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს ძალა, რომელთანაც შესაძლებელია საუბარი.
ბოლოს ვინმემ გაზომა, როგორია მხარდაჭრა პროევროპული პარტიების მიმართ? კვლევასაც კი არ ვატარებთ.
ვიღაც ხომ უნდა იყოს, ვისაც დაელაპარაკება ევროკავშირი? „ქართულ ოცნებას“ არ დაელაპარაკება, ამას უკვე მივაღწიეთ და ვთქვით, რომ ეს ხელისუფლება არ არის ჩვენი ნების გამომხატველი, მაგრამ ვინ არის ის, ვინც ხალხის პოზიციას გამოხატავს? მე, სამწუხაროდ, ეს არ ვიცი.
თუ ჩვენს ნებას ერთიანად არ მივაწვდით ევროკავშირს, მერე უკვე ყველაფერი გართულდება. ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა და ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა „ოცნების“ რეჟმთან მიმართებით, თუმცა მე თუ მკითხავთ, ეს ნაბიჯები 2020 წელს რომ გადაედგა, ახლა სხვა რეალობა გვექნებოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ინტენსიურად იმაზე, რომ „ოცნებისგან“ ორი რამ გამოისყიდოს: ეს არის პოლიტპატიმრების უპირობოდ გამოშვება, გინდ ამნისტიით და გინდ პრეზიდენტის შეწყალებით. ფაქტია, რომ ამის მზაობა ჰქონდა „ოცნებას“. ნარკოდანაშაულით ვინც ჰყავდათ დაჭერილი, ყველა გამოუშვეს, ჩეჩინის გარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩეჩინის არგამოშვება რუსეთის ფაქტორია და ივანიშვილს შეიძლება უნდოდეს ამ ადამიანით ცოტა ფული გამოსტყუოს რუსეთს და უთხრას, რომ მე მყავს ტიპი, რომელიც შენთვის შეიძლება იყოს საინტერესო და ცოტა ფული მიიღოს. ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ქცევის განხორციელების შესაძლებლობა აქვს.
ძალიან მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ ვთქვა: ჩვენ ახლა ვიმყოფებით აქტიური ჰიბრიდული ომის პირობებში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოწინააღმდეგე ყველა იმ სივრცეს ავსებს, რომელშიც ჩვენ აქტიურები არ ვართ. მოწინააღმდეგეს სურს, ყველა სივრცეში მოიპოვოს უპირატესობა, რომელშიც ჩვენ აქტიურები არ ვართ. დავუთმობთ არჩევნებს? _ იქ მოიპოვებს უპირატესობას. დავუთმობთ მედიას? _ იქ მოიპოვებს უპირატესობას. დავუთმობთ განათლებას? _ იქ მოიპოვებს ყველაფერს. მისი რესურსები აძლევს შესაძლებლობას, რომ ყველგან აქტიური იყოს. ჩვენ ამდენი რესურსი არ გვაქვს. მაგრამ არ გვაქვს იმის ფუფუნებაც, რომ რაიმე სივრცე დავთმოთ. ახლა ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ რუსთაველზე და ამის მიღმა ყველაფერზე უარი ვთქვით. ამ სივრცეში რეჟმი მარტივად გვგუდავს. თუკი ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა იმ სივრცეში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენი გამარჯვების შანსები იზრდება და რეჟიმს მოუწევს, თავისი რესურსები დაფანტოს. არჩევნები იყო ერთი ასეთი სივრცე, რომელიც დავთმეთ. სინამდვილეში, რუსული ჰიბრიდული ომი ზუსტად ასეა: საკუთარი ნებით გვათმობინებენ იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საბრძოლო ინსტრუმენტია. თუ დავთმობთ ამ ინსტრუმენტებს, გაცილებით ცუდად დავასრულებთ. ჰიბრიდულ ომს ჰიბრიდული მეთოდებით უნდა დავუპირისპირდეთ.