პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
2025-11-14 10:04:03
შორენა მარსაგიშვილი
სამოქალაქო აქტივისტი ნეკა ნათელაშვილი 14 წლიდან აქციებზე დგას. პირველად აქციაზე დათუნა სარალიძის მკვლელობის გასაპროტესტებლად გავიდა. ბოლო ერთი წელია, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეა. რუსთაველის გამზირი რამდენიმე დღით დატოვა მხოლოდ _ ის დააკავეს და ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ მოავსებული.
რატომ ვერ შეწყდება პროტესტი? რა დევს სასწორზე? დაკარგა თუ არა რუსთაველის გადაკეტვამ აზრი? როგორ ცვლის ოთხ კედელსშუა გატარებული დღეები ადამიანებს და როგორ იქცა მეამბოხედ გოგო, რომელსაც ყველაზე მეტად ლიტერატურა უყვარდა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნეკა ნათელაშვილი:
_ ნეკა, თქვენ საზოგადოებამ გაგიცნოთ, როგორც პატარა გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დროს ვიგებთ, რომ მეამბოხე გამხდარხართ. როგორ მოხდა ეს? როდის და რამ გამოგიყვანათ ქუჩაში?
_ მე აქციებზე ყოფნის უკვე საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს. წლებია, რაც აქციებზე ვდგავარ და ყველანაირ უსამართლობას ვაპროტესტებ. ადამიანი ყველა უსამართლობას უნდა ებრძოდე. პირველად აქციაზე გამოვედი დათუნა სარალიძის მკვლელობის შემდეგ. მაშინ ბევრი ადამიანი იდგა ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სკოლაში ვისწავლობდი, თავი ვალდებულად მივიჩნიე, რომ გამეპროტესტებინა.
_ რამდენი წლის იყავით მაშინ?
_ 14 წლის. ეს მკვლელობა და მისი არასწორი გამოძიება, დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება ისეთი თემა იყო, რომელიც უნდა გაგეპროტესტებინა.
_ ეს აქციები 2018 წელს იყო. ე. ი. 7 წელზე მეტია, უკვე აქციებზე დგახართ.
_ ასეა. მძაფრად მახსოვს „გავრილოვის ღამე“. იმ ღამესაც აქციაზე ვიდექი. ვერც ამ საკითხის მიმართ დავრჩებოდი გულგრილი და პატარა ასაკის მიუხედავად, რუსთაველზე გავედი.
_ სახლში არ დაუშლიათ? მშობლები არ გეუბნებოდნენ, რომ თავს უნდა გაუფრთხილდე ან სახლში დაჯექიო?
_ არა, პირიქით _ მხარს მიჭერდნენ და თანამიგრძნობდნენ. მამა სულ მეუბნებოდა, რომ ხელისუფლების ქმედებები უნდა გავაპროტესტო და უსამართლობას არ შევეგუო. მამა ფიქრობს, არცერთ მთავრობას არ უნდა მიეცეს იმის უფლება, რომ გატუტუცდეს. რაც არ უნდა კარგად იქცეოდეს, მაინც უნდა გაუპროტესტო რაღაც, ოდნავი გადაცდომაც კი. პატარა რომ ვიყავი, მამა მოდიოდა აქციაზე და ცდილობდა, ცოტა ადრე წამოვეყვანე. აქციაზე წასვლა არასდროს დაუშლია. როცა გავიზარდე, უკვე აღარ მოვყავარ ადრე აქციიდან. 2018 წლიდან რომ გამოვედი ქუჩაში გასაპროტესტებლად, იმის მერე, ფაქტობრივად, სახლში აღარ შევსულვარ, ისევე როგორ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც უსამართლობას აპროტესტებს.
_ რომელიმე პარტიის ან მოძრაობის წევრი თუ გახდით ამ წლების მანძილზე?
_ არცერთი პარტიის წევრი არ ვარ. ვაპროტესტებ ჩემი სახელით.
_ მეგობრებთან ერთად დადიხართ აქციებზე თუ უკვე აქციებზე შეიძინეთ მეგობრები?
_ მეგობრებთან ერთად დავდივარ აქციებზე და მათთან ერთად ვაპროტესტებ.
_ უკვე შვიდი წელია, რაც აქციებზე დადიხართ. დარბევებიც გადაგიტანიათ, მაგრამ აქამდე არასდროს დაუკავებიხართ. რაღაც დრომდე ეს ხელისუფლება ქალებისა და გოგოების დაკავებას ერიდებოდა. ახლა ამ მხრივ სიტუაცია შეცვლილია. ძალიან დამთრგუნველია, როცა პატარა გოგონებსა და ასაკიან ქალებს აკავებენ.
_ ძალიან ცუდი და მძიმე ფაქტია, მაგრამ ბრძოლა დაკავებების გარეშე არ არის. როცა ხელისუფლებას ებრძვი იცი, რომ შესაძლოა დაგაკავონ კიდევაც. ადრე არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლებოდა დავეკავებინე. ეს გრძნობა გამიჩნდა შარშან, როდესაც აქციაზე ჩემი მეგობრები დააკავეს. მაშინ გავიფიქრე, რომ ერთ დღეს, ალბათ, მეც დამაკავებდნენ.
_ ეს დღეც დადგა... და რა განცდა იყო?
_ როგორც კი დაკავების მანქანაში ჩამსვეს, დამეწყო ისტერიული სიცილი. ვიცინოდი იმიტომ, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დამნაშავესავით ჩამსვამდნენ მანქანაში. ასე გაუჩერებლად ვიცინოდი, სანამ განყოფილებაში მიმიყვანდნენ.
_ რა გაცინებდათ? ნერვიული სიცილი იყო თუ იმაზე იცინოდით, რომ როგორც კრიმინალი ისე მიჰყავდით?
_ ნერვიული სიცილი არ ყოფილა ნამდვილად, ჩემს თავზე ვიცინოდი. კი ვგრძნობდი, რომ შესაძლოა მეც დავეკავებინე აქციაზე, მაგრამ მაინც ძნელად წარმოსადგენი იყო ეს ჩემთვის.
_ დამკავებლები რას გეუბნებოდნენ სიცილზე?
_ გაოცებულები მიყურებდნენ. მგონი, გიჟი ვეგონე. განყოფილებაში როცა მივედი, კიდევ უფრო გავხალისდი _ იქ ნაცნობი სახეები დავინახე, ისინიც დაეკავებინათ. გაგვეხარდა ერთმანეთის დანახვა. სიხარული შესაძლოა ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ რაღაც ამდაგვარი იყო. მარტო აღარ ვგრძნობდი თავს და ეს რაღაცნაირად მამშვიდებდა და მახარებდა. ცოტა ხანში მოიყვანეს ქალი პოლიციელები და ხელებზე ბორკილები დაგვადეს. ბორკილების დადების დროს კიდევ ერთხელ ამიტყდა სიცილი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ხელებზე ოდესმე ბორკილებს დამადებდნენ. კიდევ მეცინებოდა იმის გამო, რომ ეს ბორკილები რაც არ უნდა მოეჭირათ, მაინც შემეძლო გადამეძრო ხელიდან, რადან ჩემი თხელი მაჯებისთვის განკუთვნილი არ იყო. ასე ვიცინე ბორკილების დადებაზე და კი გავატარე ასე 5 საათი.
_ ბორკილებდადებული იყავით 5 საათი?
_ კი. დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ წაგვიყვანეს ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში. იქ მივედით ღამის ორ საათზე, მაგრამ შესახლების პროცესი ძალიან გაიწელა და 5 საათზე შემიყვანეს საკანში. ეს დრო ყველასთვის გაიწელა. ძალიან დაღლილები ვიყავით და გაგვიჭირდა ცოტა.
საკანში რომ შევედი, იქ ერთი გოგო უკვე დამხვდა, რომელიც ჩემზე წინ შეიყვანეს. მძიმე სანახაობა იყო იქ: ორსართულიანი საწოლები, რკინის მაგიდა და ორი სკამი. როგორც კი შევედი შევეცადე, დამეძინა, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვერაფრით დავიძინე. მალე კიდევ ორი გოგო შემოიყვანეს. რაღაცებზე ვილაპარაკეთ და ცოტა ხნით ჩაგვეძინა. ძილმა დიდხანს არ გასტანა. ადვოკატები მოვიდნენ და მათთან გავყავდით სალაპარაკოდ.
_ სახლში მშობლებს ვინ გააგებინა თქვენი დაკავების ამბავი?
_ ჩემმა მეგობრებმა.
_ წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდნენ.
_ დედაჩემი და მამაჩემი თითქმის შეგუებულები იყვნენ, რომ ერთ დღეს მეც დამაკავებდნენ და ამ ფაქტს მშვიდად შეხვდნენ მეტ-ნაკლებად. აი, ბებიაჩემმა კი ძალიან ბევრი ინერვიულა. მეცოდებოდა ბებო ამ ნერვიულობისთვის, მაგრამ რას ვიზამთ? _ ასე სჭირდება ქვეყანას და ყველამ უნდა გავუძლოთ და გავიჭირვოთ.
_ ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში როგორ მოხვდით?
_ სასამართლო რომ მორჩა, ჩამიყვანეს სასამართლოს იზოლატრში. სასამართლოს შენობის სარდაფშია ეს იზოლატორი. ძალიან ბევრი საათი გავატარე იქ. ვერ არკვევდნენ, სად წავეყვანე. იმ დღეს გოგოებიდან ყველაზე მეტი მე მომისაჯეს და ზაჰესში არ წამიყვანეს. იქ ისინი წაიყვანეს, რომლებსაც ორი ან ოთხი დღე მიუსაჯეს. ფოთში სანამ ჩავიდოდით, ძალიან გაიწელა ეს დრო. თან მშიერი ვიყავი. ზაჰესის იზოლატორში მქონდა ერთი შოკოლადი ნაჭამი და ეგ იყო. ამასთან, ძალიან ვიყავი დაღლილი და მეგონა, რომ დაღლილობისგან და უჭმელობისგან გონებას დავკარგავდი.
_ მთელი ეს პერიოდი მშიერი რომ იყავით, საჭმელი არავინ შემოგთავაზათ?
_ არა. მაგრამ ესეც არაფერია. მთავარია, გონება არ დავკარგე. ასე ჩავედით ფოთში.
_ ყვებიან, რომ ნეკას ფოთის იზოლატორში ვერ აჩერებდნენ _ გაუთავებლად მღეროდა „ჩემო კარგო ქვეყანასო“.
_ ფოთში გამთენიისას ჩავედით. როგორც კი საკანში შევედი, მაშინვე დავიძინე. ძალიან დაღლილი ვიყავი. როცა თვალები გავახილე, ეგრევე ეს სიმღერა დავიწყე. წინასწარ არ მიფიქრია, რას ვიმღერებდი, თავისთავად მოვიდა ეს სიმღერა, „ჩემო კარგო ქვეყანა“. დავიწყე თუ არა სიმღერა, ხმა ამიკანკალდა და ცრემლები წამომივიდა. პირველად მაშინ ვიტირე. მანამდე ერთი ცრემლი არ გადმომვარდნია. ეს ცრემლებიც შევიბრუნე და გაგვაგრძელე სიმღერა. ვმღეროდი და ვმღეროდი. ცოტა ხანში იზოლატორში ბიჭებიც მოიყვანეს. ისინი მაგულიანებდნენ და მთხოვდნენ, რომ მემღერა. მეც ვმღეროდი.
_ ბადრაგი არ გიშლიდათ სიმღერას?
_ დაშლით არ დაუშლიათ. უბრალოდ მთხოვდნენ, რომ ძალიან ხმამაღლა არ მემღერა, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ბადრაგში, რომელიც ცდილობდა, გავეჩუმებინე. მე მაინც ვმღეროდი ამ სიმღერას და კიდევ „საქართველოო, ლამაზოს“. მართლა ლამაზია ჩვენი საქართველო.
_ „საქართველოო, ლამაზოს“ ვმღეროდიო და ამ იზოლატორიდანაც ისეთვე ლამაზი გეჩვენებოდა საქართველო?
_ რა თქმა უნდა. სხვა საქართველო არსად არის და ჩვენი ლამაზი სამშობლოს ლამაზი მომავლისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აწმყო მთლად კარგი არ გვაქვს, მაგრამ მომავალი აუცილებლად კარგია იქნება.
_ იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ახლა ხდება?
_ კი. მომავალი ჩვენია. საქართველო იქნება ევროპული ქვეყანა. ამის რომ არ მჯეროდეს, ვერც ვიმღერებდი და ვერც ბრძოლას გავაგრძელებდი. საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება და ჩვენი ბრძოლა აუცილებლად მოიტანს შედეგს.
_ ბრძოლა ახსენეთ და არ გეჩვენებათ, რომ საქართველოს ნათელი მომავლისთვის ძალიან ცოტა ხალხი იბრძვის?
_ საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, სულ ასე იყო. ყოველთვის უმცირესობები ცდილობდნენ ებრძოლათ და სიტუაცია კარგისკენ შეეცვალათ. დანარჩენი ინერტულად იყო, ან მაყურებლის როლში.
_ უფრო ხშირად კი გამარჯვებულის გამოვლენას ელოდნენ, რომ შემდეგში მათ მხარეს დამდგარიყვნენ.
_ ასე იყო, მაგრამ ეს ჩვენს ბრძოლაზე არ იმოქმედებს. ეს გმირები, რომლებიც ახლა რუსთაველზე დგანან, საქართველოს მომავალს უკეთესობისკენ შეცვლიან. ეს ადამიანები ჩემთვის გმირები არიან.
_ ბევრისთვის თქვენც გმირი ხართ, რადგან უწყვეტ პროტესტში მონაწილეობთ.
_ ჩემზე გმირის თქმა გადაჭარბებულია. ამას უფრო მეტი გამბედაობა სჭირდება, მე ისეთი გამბედავი არ ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან.
_ იზოლატორს გაუძელით და გამბედავი როგორ არ ხართ? არა მგონია, იოლი ყოფილიყო ციხეში ყოფნა...
_ რთული როგორ არ იყო. სხვა თუ არაფერი, ოთხ კედელში ხარ გამოკეტილი. ყველაზე რთული ის მომენტი იყო, დრო რომ ვერ გამყავდა. ტელევიზორიც კი არ იყო, რომ რამე გამეგო. ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი. ძალიან მაინტერესებდა, რუსთაველი კიდევ იკეტებოდა თუ არა. რთული იყო, მაგრამ რაღაცნაირად გავძელი და არ გავტყდი. მეც მიკვირს ჩემი თავისგან, ასეთ მამაციც არ ვიყავი.
_ ტელევიზორი არ გვქონდაო და თქვენი საყვარელი ლიტერატურა არ გეხმარებოდათ ამ დროს?
_ როგორ არა! ვიხსენებდი საქართველოზე დაწერილ ლექსებს და ასე გამყავდა დრო. უფრო პოეზიაზე ვიყავი გადართული, ვიდრე პროზაზე. ძირითადად ილია ჭავჭავაძის, ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის ლექსებს ვიხსენებდი. ასევე ვწერდი დღიურს იზოლატორში. ძალიან ბევრს ვწერდი. მთლიანი რვეული გავავსე. ვწერდი და ვწერდი, რაღაცით ხომ უნდა გამეყვანა დრო. ახლა რომ ვუყურებ, არ გამოვიდა ეს ჩემი დღიური კარგი ხარისხის. როცა მოვლენის ეპიცენტრში ხარ, ამ დროს არც ლიტერატურული ტექსტი და არ ლექსი ხარისხიანი არ გამოდის. მგონია, რომ ეს ყველაფერი უნდა დაღვინდეს და მერე დაიწეროს. ასე რომ, რამის დაწერას თუ გადავწყვეტ, ამას დავწერ ბევრი წლის მერე.
_ პატიმრობის რამდენიმე დღემ თუ შეგიცვალათ ადამიანებზე წარმოდგენა? ბევრი თანაგიგრძნობდათ, მაგრამ იქნებოდნენ ისეთი ნაცნობებიც, რომლებიც თქვენი პოლიტიკური აქტიურობის გამო გაემიჯნებოდნენ თქვენს ოჯახს.
_ ამ ამბებში ძალიან ბევრი გვერდით დგომა ვიგრძენი. აშკარად ჩანდა, თუ რამდენი ადამიანი მგულშემატკივრობდა და გვერდით მედგა. ეს ძალიან მახარებს და მადლობა მათ ამისთვის. იზოლატორიდან რომ გამოვედი, დედამ მითხრა კონკრეტულ ადამიანებზე, რომ არც კი დაურეკიათ და არ მოუკითხიხართო.
_ ანუ მაინც ყოფილან თქვენ გარშემო ასეთი ადამიანები.
_ არიან. დედა ძალიან გულნატკენი იყო ამის გამო, მაგრამ დედას ამ ამბებში არ ავყევი. სხვა თუ არაფერი, ადამიანებისგან ძალიან დიდი თანადგომა ვიგერძენი, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანებისგან. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია იყო. იმდენად მცირეა რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც გვერდით არ დამიდგნენ, რომ ყურადღება არ მივაქციე. დედასიც მესმის, მას ბევრად მეტად ეტკინა გული. მე არ მტკენია. შესაძლოა, მეტკინა გული, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. იყოს ისე, როგორც არის. მადლობა იმ ადამიანებს რომლებმაც ამხელა თანადგომა გამოიჩინეს ჩემ მიმართ.
_ იზოლატორის შემდეგ ისევ აქციებზე ხართ და იქაურ ამბებსა და განწყობებზეც ვისაუბროთ. ისე მიდის ამბები, რომ რუსთაველის გადაკეტვა შეწყდება.
_ ყველაფერი ნორმალურად არის. განწყობა ისევ ისეთია. დღეს გზის გადაკეტვა გახდა მთავარი მიზანი და ეს, რატომღაც, არ მომწონს. კარგია, გზას რომ ვკეტავთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. მთავარი მიზანია, როგორმე გამოვიყვანოთ საქართველო ამ ჩიხიდან. დიდი ალბათობით, გზა აღარ გადაიკეტება.
_ ეს მუხტს ხომ არ ჩაკლავს?
_ არანაირად, არ გადაიკეტება რუსთაველი და იქნება პროტესტის სხვა ფორმა. ხალხში დიდი უკმაყოფილებაა დაგროვილი და სხვა ფორმა მოიძებნება. რაიმე ალტერნატივას მოვძებნით. ხელისუფლება მშვიდად ვერ დაიძინებს.
_ შეიძლება ითქვას, რომ ამ პროტესტმა შედეგი მოიტანა?
_ რა თქმა უნდა. პროტესტი შედეგიანი რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება ასე არ დააკავებდა პროტესტის მონაწილეებს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს პროტესტიც შედეგიანი იყო. ხვალ უკვე სხვა სახის პროტესტი იქნება. ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ მთავარი შედეგი არ იქნება მიღწეული. ყველამ დაინახა, რომ დაჭერებმა ადამიანები ვერ შეაშინა.
_ ამ აქციებმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულად ქალებს ერჩის. რატომ არიან ქალები ასეთი სამიზნე? აქამდე ქალების დაკავებას ყველა ერიდებოდა. ახლა პირიქითაა. ეს იმის ბრალია, რომ უფრო აქტიურები ხართ?
_ გულწრფელი რომ ვიყო, არ ვიცი, რატომ ერჩის ასე გამწარებით ხელისუფლება ქალებს. შესაძლოა იმიტომ, რომ ქალები უფრო გულადები ვართ. ეს იმას არ ნიშბავს, რომ ჩვენს ბიჭებსა და კაცებს სიმამაცე აკლიათ. ისინი ძალიან ვაჟკაცურად იბრძვიან. უბრალოდ, კაცებმა, ზოგადად, რაღაცნაირად, დაკარგეს გამბედაობა. და ეს საკუთარ თავზე ქალებმა ავიღეთ და პირველ ხაზზე სულ ქალები ვართ ხოლმე. შესაბამისად, ხელისუფლებაც ქალებს გვებრძვის.
_ თქვენს თაობაში არესებულ განწყობებზე რას იტყვით? პროევროპულ აქციებზე წესით ახალგაზრდები უფრო მრავლად უნდა იყვნენ, რადგან ევროპული მომავალი, პირველ რიგში, მათ სჭირდებათ. ახალგაზრდები არ ჩანან და რა არის ამის მიზეზი?
_ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ აქციებზე იმდენი ახალგაზრდა არ დადის, რამდენიც უნდა დადიოდეს. თითქოს პირად პრობლემებზე არიან გადართულები. თვალში საცემია, რომ ახალგაზრდები, ფაქტობრივად, აღარ არიან პროტესტში ჩართულნი. ამასაც აქვს თავისი ახსნა.
_ რა ახსნა?
_ გეგმა არ არის. არ მიყვარს ამ სიტყვის თქმა, მაგრამ მართლა არ არის გეგმა. როდესაც რაღაც კონკრეტული გეგმა გამოჩნდება მგონია, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოვა ქუჩაში.
_ ახალგაზრდების იმედგაცრუება შესაძლოა იმანაც გამოიწვია, რომ ბევრჯერ დაიშალა უზარმაზარი აქცია.
_ ესეც მოქმედებს. ძალიან ბევრისგან გამიგია, რატომ მოვყავართ, როცა მერე უნდა დავიშალოთ და სახლებში წავიდეთო. გეგმაა საჭირო. ახალგაზრდებს არ სურთ უბრალოდ ისე დადგნენ ქუჩაში. უნდათ, რომ შედეგი ნახონ და თავადაც გამოსადეგები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ გეგმაც იქნება. ასე იოლად არაფერს დავთმობთ. ამდენი რამე გამოვიარეთ. რამდენჯერმე ვთქვი და აქაც გავიმეორებ, რომ რამდენადაც ჭირ-ვარამს გამოგვატარებენ, მით უფრო ვერ დავთმობთ ვერაფერს.
_ თქვენი ერთი პოსტი წავკითხე, სადაც ამბობთ, რომ კოპალას სალოცავს ჩემი ნაწნავი შევუთქვიო. მთის ხალხს სალოცავები ძალიან უყვარს და იქ, იზოლატორში თუ გახსენდებოდათ კოპალა?
_ კოპალა ჩვენი გვარის სალოცავია და ძალიან მიყვარს. პაპაჩემი მიყვარდა განსაკუთრებით და პაპას უყვრდა კოპალა. პაპა მთის ტრადიციებით და ფოლკლორით იყო შეპყრობილი და ძალიან სჯეროდა ამის. მეც ასე ვარ და მეც მჯერა. მაისში ძალიან გამიჭირდა. გადავიღალე და პირადი პრობლემებიც მქონდა. უცბად გამახსენდა კოპალა, შევთხოვე, იქნებ, მეც და ქვეყანასაც რამე უშველო და ჩემს ნაწნავს შემოგწირავ-მეთქი. ახლა ველოდები ივნისს, რომ ავიდე და ნაწნავი შევწირო.
_ იმედია, ივნისში რომ ახვალთ და კოპალასღან ნაწნავს მოიჭრით, საქართველოში ბევრად კარგი სიტუაცია იქნება.
_ იმედი მაქვს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არც ეს ბრძოლა ჩაივლის ასე. ვერანაირი დარბევები და დაჭერები ამ ბრძოლას ვერ შეაჩერებს.