QronikaPlus
გიორგი მუმლაძე - ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის

გიორგი მუმლაძე - ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის

2025-10-31 11:19:06

თამარ სანაძე

 

ბოლო 3 დღეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვისთვის 60 ადამიანი დააკავა. დაჭერების, შემზღუდველი კანონების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ წყდება. ყოველდღე იგეგმება სხვადასხვა მსვლელობა და საპროტესტო გამოსვლები.

 

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების, აქციებისა და დაჭერების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე:

 

_ ბატონო გიორგი, 300 დღეზე მეტია, უწყვეტი აქციები მიმდინარეობს. „ოცნებამ“ უამრავი შემზღუდველი კანონი, ბევრი სადამსჯელო ღონისძიება მიიღო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოდ. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენებს? რა მიიღეს ხელისუფლებამ და დემონსტრანტებმა მეტი შეზღუდვებით?

_ ეს არის სამშობლოსთვის ბრძოლა და კარგად გვესმის იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე ვდგავართ. ეს წნეხი უნდა გავიაროთ მედგრად, უშიშრად, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. ბრძოლა თავისუფლებისთვის გააზრებული აქვს უამრავ ადამიანს, ამიტომაც ვერ აქრობს პროტესტს რუსული რეჟიმი. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. გამარჯვება გადარჩენის ერთადერთი გზაა. ჩვენი ქვეყანა რომ გადარჩეს, უნდა გავიმარჯვოთ, შესაბამისად, ვერანაირი უსამართლო კანონი ვერ შეგვზღუდავს.

ამ რეჟიმსა და რუსეთს სურთ, რომ აქ ანტირუსული განწყობები ჩაკლან, შემდეგ კი გადაიფორმონ ქყვეყანა. ამას ვერ ეღირსებიან.

_ ათეულობით ადამიანს იჭერენ აქციაზე დგომის, გზის გადაკეტვის, პირბადის ტარების გამო. „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ არც მცირეწლოვანი შვილის ყოლაა ინდულგენცია და არც ის, რომ მოხუცი ხარ, კიდევ სადამდე მივა რეჟიმი?

_ ეს არის სუპერდიქტატორული წესები, რომლის მიზანია პროტესტის ჩახშობა. პირბადის ტარების გამო მთელი სპეცოპერაცია ტარდება, ეს ხომ აბსურდია?! ეს დიქტატორული წესები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ კრემლის აგენტურამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომ რუსთაველზე მდგომ ყველა ადამიანს გააზრებული გვაქვს ის, რომ რა წესებიც არ უნდა მიიღონ, როგორ წნეხშიც არ უნდა გვამყოფონ, ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ამ ყველაფერზე ჩვენი პასუხია წინააღმდეგობა და ბრძოლა ბოლომდე. ხვალ შეიძლება ქუჩაში გამოსვლაც კი აკრძალოს რეჟიმმა, ისეთ დღეში არიან. ყველაფერი მოიმოქმედეს და პროტესტის კერას ვერ აქრობენ.

დიდი აქცია დაიგეგმა, ეს ყველამ ვიცით, ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს ამ აქციაზე. ერთი წელი გავიდა იმ არჩევნებიდან, როდესაც რეჟიმმა გადაუხვია პროდასავლურ კურსს და პირდაპირ რუსეთისკენ წავიდა, აუცილებელია, რომ დღეს ვიყოთ ბევრნი, რათა ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვიღლებით, ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე.

საქართველოს კრემლსა და რუსეთს არ ჩავაბარებთ, ეს გაიგოს ყველამ! შესაბამისად, ან ახლა უნდა გავიმარჯვოთ, ან საქართველოსთვის ძალიან დიდი ხნით დაიხურება ყველა კარი. ვიქნებით ჩაკეტილი წრე და ამას არ გვაპატიებს მომავალი თაობა, არ გვგაპატიებენ ჩვენი შვილები. ჩვენ მათთან პირნათელი უნდა ვიყოთ. არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები.

_ ერთი წელი გავიდა 26 ოქტომბრიდან, დაგეგმილია აქცია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ აქციის შემდეგ?

_ რეჟმს ვეუბნებით, რომ თქვენი შეზღუდვების არ გვეშინია, არ ვნებდებით. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, არ გვავიწყდება გაყალბებული არჩევნები, არ გვავიწყდება ადამიანების ცემა-ტყეპა ქუჩაში, არ შევეგუებით, რომ ძარცვავთ მოსახლეობას. ჩინოვნიკებს მილიონები აქვთ მოპარული, ამიტომ დაერივნენ ერთმანეთს. ორი გზა გვრჩება: ან თავი უნდა დახარო მონური, მაფიოზური მმართველობის წინაშე და შეეგუო ყველაფერს, ან უნდა იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რომ გადასახადები, რასაც ვიხდით, მოხმარდეს ხალხს, მოქალაქეების ღირსეულ ცხოვრებას და არა ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრებას.

ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება და არა მონობა, მაგრამ ახლა რეჟიმი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ მონები. ამას არავინ შეეგუება და 26 ოქტომბრის აქციაც ამის დადასტურებაა, არავინ შეეგუება მონობას, ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის.

საზოგადოება დიქტატურას ეუბნება არას, ჩვენ ვეუბნებით დიქტატურას, რომ ძალიან მალე დამარცხდებიან ისინი. ჩვენ გავიმარჯვებთ მიუხედავად მათი რეპრესიებისა, შეზღუდვებისა და სადამსჯელო ღონისძიებებისა.

საერთაშორისო ვითარებაც მნიშვნელოვანია ამ მხრივ, თუ მეტი და მეტი წნეხი იქნება „ოცნების“ ხელისუფლებაზე, ბიძინა ივანიშვილის პატრონ რუსეთზე, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ქართველი ხალხისთვის.

ხომ ვხედავთ, როგორია რუსეთის მდგომარეობა, ისინი ვერ აღწევენ უკრაინაში წარმატებას სამხედრო თვალსაზრისით. ახლა, როდესაც ნათლად ვხედავთ, რომ კრემლი სუსტდება და უკრაინაში მარცხდება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ უკან დავიხიოთ და სუსტ მდომარეობაში მყოფ რუსეთს ჩავაბაროთ საქართველო. სწორედ ეს უნდა გავიაზროთ და ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.

_ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წლისთავს შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან გაიმეორა „ქართული ოცნების“ თითქმის ყველა პროპაგანდისტული გზავნილი, მათ შორის, ომში ჩათრევა, დასავლეთის შეთქმულება და აგენტ-აკაცუკებთან ბრძოლა.

_ პაპუაშვილი არის მატყუარა, კორუმპირებული და არანორმალური ადამიანი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში გერმანული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, ის ფულს შოულობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობით, ახლა ყველას აგენტსა და გაუგონარ რაღაცებს ეძახის. ეს არის ჩვეულებრივი ფარისეველი ადამიანი. მეორე: მას აქვს ალაზნის ველზე ათასობით ჰა მიწის ნაკვეთი, ჩართულია კორუფციაში. დამონებულია ბიძინა ივანიშილს, ისევე როგორც იყო ღარიბაშვილი. რაზე საუბრობს? რატომაა ასეთ გულზე, არ ვიცი?! მასაც და სხვებსაც მოუწევთ ზუსტად იმის გავლა, რაც გაიარა ღარიბაშვილმა, ასევე გაჩხრეკენ მათ სახლებს. მე ყველა მოღალატეზე, კორუმპირებულზე ერთადერთი შეფასება მაქვს: ყველა მათგანი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

_ ღარიბაშვილი და მის თავს განვითარებული მოვლენები ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რისი თქმა სურდა მთელი ამ სანახაობით ბიძინა ივანიშვილს?

_ ეს არის ჩვეულებრივი შიზოიდი ადამიანის ქცევა, რომელიც ყველგან ეძებს საფრთხეს. ის არავის ინდობს, არც თავისიანს. ყველამ დაინახოს ამ მაგალითზე, რომ როგორც ღარიბაშილს მოექცნენ ასევე მოექცევიან სხვებსაც.

ახლა, როდესაც რუსეთს ძალიან უჭირს ფინანსურად, ვფიქრობ, რომ ჩინოვნიკებისგან ამოღებული ფულით დაეხმარება მოსკოვს. რუსული სპეცსამსახურები მართავენ ჩვენს ძალოვან უწყებებს, იციან, ვის რამდენი აქვს წაღებული და როგორც მაღალი დონის ეშელენობს გაპარსავენ, ისე გაპარსავენ დაბალი დონის ეშელონების წარმომადგენლებსაც.

შეიძლება, ყოფილმა ან მოქმედმა ქოცჩინოვნიკებმა მიიღონ ისეთი რეალობა, რაც ემართებათ ხოლმე მოსკოვში. ასე მუშაობს რუსული დიქტატურა, არავის შეარჩენს იმ ფულს, რაც მოიპარა. დააბრუნებინებს უკან და მოიშორებს კიდეც ასეთ ადამიანს.

ამიტომ ყოფილი და მოქმედი „ქოცები“ უნდა გულშემატკივრობდნენ იმას, რომ ამ ქვეყანაში რუსული დიქტატურა დამარცხდეს, ეს მათთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუკი ამას არ ან ვერ გააცნობიერებენ, მაშინ უნდა დაელოდონ იმას, რომ ერთ დღესაც მათ მიადგება რუსული რეჟმი და მოსთხოვს ფულების ამოღებას და ძალიან ბევრ რამეს, როგორც ღარიბაშვილის გარემოცვას მოსთხოვეს და აღმოჩნდა, რომ  80 ბინა აქვს, ოქროს ზოდები ულაგია და ამ დროს 900 ათასამდე სოციალურად დაუცველი გვყავს. ეს ხომ კატასტროფაა!!!

ესენი ეშმაკს, კრემლს გაურიგდნენ ძალაუფლებისთვის, ახლა კრემლი მოუბრუნდა და ყველაფერს დააბრუნებინებს უკან, თან ისე, რომ ეს მოვლენები ზოგიერთისთვის ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს.

გაზიარება