 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2025-10-31 08:25:57
შორენა მარსაგიშვილი
რატომ ვერ ჩაახშობს რეპრესიები ქართველი ხალხის პროტესტს? _ ამ თემის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ინტერვიუ დაკავების წინ ჩავწერეთ. ჩხარტიშვილისთვის ეს უკვე რიგით მეთხუთმეტე პატიმრობაა:
_ ბატონო ლაშა, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ტრადიციების დაცვაზე აპელირებს, თქვენ დაგაკავათ დედის ორმოცზე მიმავალი და მის საფლავზე არ გაგიშვათ. რამდენიმე წლის წინ „ოცნებამ“ შვილის საფლავიდან მომავალი კობა კოშაძე დააკავა. რა ხდება? რატომ იქცევიან ასე? მათაც ხომ იციან, რას ნიშნავს ადამიანისთვის ახლობლის საფლავი?
_ რეჟიმებთან ბრძოლა არ მაკლია, ბევრი რამე მინახავს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ამორალურობის ყველა ზღვარი გადალახა. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დღენიადაგ საუბრობენ ქრისტიანობაზე, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დაცვაზე. ეს არის ფარისევლობა. ესენი რომ ფარისევლები არიან, ეს ჩემმა ამბავმაც დაადასტურა, როცა დედაჩემის ორმოცზე დამაკავეს და სასაფლაოზე არ გამიშვეს. დაკავებისას ლაივი ჩავრთე და იქ ვამბობ, რომ გამიშვან დედის საფლავზე და მეორე დღეს ჩემი ფეხით მივალ-მეთქი განყოფილებაში. მერე ერთი ფარისეველი მოვიდა და თითქოს თარიღის გადამოწმება მოისურვა. ვუთხარი, როდის გარდაიცვალა დედა და ბაზაში გადაამოწმეს. დარწმუნდნენ, რომ ორმოცი იყო. ეს ისედაც იცოდნენ, ფეისბუქზეც მეწერა და ისინი რომ ჩემი ფბ გვერდის მონიტორინგს ახორციელებდნენ, ეს გასაკვირი ამბავი არ უნდა იყოს.
მოკლედ რომ ვთქვათ, დედის ორმოცი სასაფლაოს ნაცვლად პოლიციის განყოფილებასა და სასამართლოში გამატარებინეს.
ეს არის ამაზრზენი ამბავი. მათ ეს გააკეთეს გამიზნულად. როგორც ჩანს, მათ გათვლა ჰქონდათ იმაზე, რომ ლეიბორისტებს არავინ მოგვაქცევდა ყურადღებას. ბოლო წლებია, ოპოზიციური ტელევიზიები არ გვაშუქებენ. საერთოდ ოპოზიციური ტელემედია მხოლოდ ხაზარაძესა და გახარიას აშუქებდა. და კარგად ვნახეთ, როგორც დასრულდა თვალთხარიას ოპოზიციონერობა. ეგონათ, რომ ჩემს დაკავებას არ გააშუქებდნენ. მოხდა პირიქით და ყველამ გააშუქა. მათ მადლობა ამისთვის. ამ ამბავზე დიდი სკანდალი აგორდა და საღამოს 8 საათზე გამომიშვეს. 24 ოქტომბრამდე გადამიდეს სასამართლო. საბოლოო ჯამში, დედის ორმოცზე მის საფლავზე არ მიმიშვეს. საბედნიეროდ, პანაშვიდის გადახდა მოვასწარი, სასაფლაოზე კი ვერ მივედი.
_ დედას, ალბათ, არ გაუკვირდებოდა, რომ ვერ მიხვედით. მის სიცოცხლეში ხომ უკვე 14-ჯერ იყავით დაკავებული.
_ არ გაუკვირდებოდა. ის მიჩვეული იყო, რომ ვიბრძოდი და ამ ბრძოლას დაკავებაც მოჰყვებოდა.
_ არ გსაყვედურობდათ?
_ არა. დედა იყო ძალიან მშვიდი ადამიანი, მაგრამ გახლდათ ჩემი მხურვალე თანამებრძოლი. ასეთი რომ ვარ, დედას დამსახურებაა. მე მამა ადრე გარდამეცვალა და დედამ გამზარდა. უსამართლობას რომ ვერ ვეგუები ეს გენეტიკის გარდა აღზრდის დამსახურებაცაა. არც მაშინ უსაყვედურია, როცა ჩემი პოზიციისა და ბრძოლის გამო ბინაც დავკარგე და სახლისთვის ზიანის მეტი არაფერი მომიტანია.
_ არც იმაზე გისაყვედურათ, ორჯერ რომ თქვით უარი მინისტრის მოადგილეობაზე?
_ არც ამის გამო უსაყვედურია. მინისტრის მოადგილეობაზე უარი ვთქვი და დავკარგე ბინა, ჯანმრთელობა. ამას არ ვნანობ. არც დედა ნანობდა, რომ ასე მოხდა, ის ჩემი თანამებრძოლი იყო. მგონია, რომ დედას ნაადრევი სიკვდილი ჩემს ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. ცუდ პირობებში ვცხოვრობდით და ადამიანის გამძლეობა უსაზღვრო არ არის. არც ამაზე უსაყვედურია. ჩემსავით ფიქრობდა და უსამართლობას ვერ ურიგდებოდა. უბრალოდ, ის ამ ყველაფერს აქტიურად არ გამოხატავდა.
_ ჩვენ ამ ინტერვიუს სასამართლოს წინ ვწერთ, სადაც თქვენ პატიმრობას მოგისჯიან და როგორი შეგრძნებაა ეს?
_ შეგუებული ვარ. ეს ჩემთვის მეთხუთმეტე პატიმრობა იქნება. როცა უსამართლობას ებრძვი იცი, რომ შესაძლოა, დაგაკავონ.
_ ყველაზე ბევრჯერ რომელი ხელისუფლების დროს ხარ დაკავებული?
_ „ნაციონალების“ დროს. გირგვლიანის საქმის დროს დამაკავეს ბევრჯერ. ისე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როდის დამაკავა და რამდენჯერ. ეს შედარებითი ანალიზები უნდა დასრულდეს. თემურ ლენგის პერიოდთან შედარებით თუ რაღაცნაირად უკეთესად ვართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არის საქმე.
_ ისიც არავინ იცის ზუსტად, რა მდგომარეობა იყო თემურ ლენგის დროს.
_ არ ვიცით, მაგრამ ის დადასტურებულია, რომ მაშინ ქართველებს ხოცავდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
_ ახლა არ ხოცავენ, მაგრამ სასტიკად რომ უსწორდებიან ამასაც ვხედავთ.
_ დახოცვითაც ხოცავენ: ხოცავენ შიმშილით, უექიმობით, უწამლობით, სიცივით... ძალიან მძიმე პერიოდი უდგას ახლა საქართველოს. ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში ივანიშვილი ცდილობდა, რომ სააკაშვილის რეჟმთან შედარებით ნაკლებად აგრესიული გამოჩნილიყო. ის, გარკვეულწილად, პოლიციის ძალადობას ზღუდავდა. ვითარება 2019 წლიდან შეიცვლა.
_ ამ ცვლილებებს გახარია ხელმძღვანელობდა. „გავრილოვის ღამე“ მისი შემოქმედებაა.
_ არაა ეს გახარიას შემოქმედება.
_ აბა ვისია?
_ ეს ბიძინა ივანიშვილის შემოქმედებაა. გახარია ივანიშვილის მარიონეტი იყო მაშინაც და ახლაც აგრძელებს მარიონეტობას. ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ გახარიამ ერთხელაც კი არ დაადო ივანიშვილს ხელი იმის შესახებ, რომ ის იყო „გავრილოვის ღამეს“ დარბევის ბრძანების გამცემი. დედამიწის ზურგზე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ ბრძანების გაცემას ან გახარია ან სხვა რომელიმე ჩინოვნიკი გაბედავდა.
_ რატომ ვერ გაბედავდა?
_ იმიტომ, რომ ყველა ბრძანებას აქ ივანიშვილი გასცემს. „გავრილოვის ღამეს“ დარბევის ბრძანებაც ივანიშვილმა გასცა. ის, რომ გახარიამ ხელი არ დაადო ბრძანების გამცემს, ნიშნავს იმას, რომ ის ან ხიდებს არ წვავდა
ივანიშვილთან, ან თავიდანვე ჩანერგილი იყო ოპოზიციაში.
_ ოპოზიციას რატომ არ გაუჩნდა ეს ეჭვი? რატომ მიიღეს ხელგაშლილად ის?
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ის ოპოზიციამ მიიღო. ის მიიღო ე. წ. ელიტურმა ოპოზიციამ.
_ მაშინ ასე გკითხავთ: ე. წ. ელიტურმა ოპოზიციამ რატომ მიიღო?
_ ეს მათ უნდა ვკითხოთ. გახარია მიიღო ფულიანმა ოპოზიციამ. ამ ფულის წარმომავლობაც ბევრ კითხვას აჩენს. იმის ნაცვლად, რომ გახარიასთვის „გავრლოვის ღამეზე“ პასუხი მოეთხოვათ, მათ მიერ მართული ტელევიზიის კარი გაუხსნეს. სამაგიეროდ, ჩვენ, ლეიბორისტები დაგვბლოკეს. რთული და მძიმეა, რომ ასეთი შეცდომები ოპოზიციურ ბრძოლას აზარალებს. ამის შედეგად ზარალდება ქვეყნის ინტერესებიც. ქვეყნის ინტერესები დაზარალდა მაშინაც, როცა ოპოზიცია პარლამენტში შევიდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ. მხოლოდ ჩვენ შევასრულეთ სიტყვა და არ შევედით.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ოპოზიციის საკმაოდ დიდ ნაწილს უამრავი ცოდვა აქვს. ელემენტარულად, სანქციებს რომ ვითხოვდით, ხმა არ ამოუღიათ. ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დასანქციერება მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვეს, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ივანიშვილი რომ დღემდე ხელისუფლებაშია, ეს ქართული ოპოზიციის ნაწილის ბრალი და დამსახურებაა. ისინი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ და არასწორად იქცეოდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს ფინანსური ინტერესებიც.
_ ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ თქვენთვის ეს მეთხუთმეტე პატიმრობა იქნება. აშკარაა, რომ თქვენ პატიმრობა არ გაშინებთ, მაგრამ გაუძლებენ ამას ის პატარა გოგო-ბიჭები, რომლებსაც ახლა აკავებენ? ერთად დგახართ თითქმის ერთი წელია და უკვე კარგად იცით ერთმანეთის ხასიათი და განწყობები. პროტესტი ხომ არ ჩაქრება?
_ პროტესტი არ ჩაქრება! და არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი წინა თაობის წარმომადგენელი კახა მიქაია, რომელიც დააკავეს. ეს ადამიანი კომუნისტების დროიდან ყველა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა გამსახურდიას ხელისუფლების გარდა. იყო 9 აპრილს მონაწილე. მას არ შეშინებია სააკაშვილის რეჟიმის. ის გამორჩეულად ებრძოდა წინა ხელისუფლებას. და ისაა აღმაშფოთებელი, რომ „ნაცებთან“ მებრძოლი კაცი „ნაცებთან“ ბრძოლის საბაბით დააპატიმრეს. თან დააპატიმრეს ბობოლა „ნაცებმა“.
_ ბობოლა „ნაცებში“ ვის გულისხმობთ?
_ ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს და ლევან მურუსიძეს. ეს არის ტრაგიკომედია. „ქოცები“ არიან ლურჯი „ნაცები“, როგორც მათ ჩემი მეგობარი უწოდებს ხოლმე. და ყველაზე საშიში „ნაცები“ არიან ესენი. კახასთან ერთად დააკავეს მისი შვილი.
_ „ნაცები“ მამა-შვილს ერთად არასდროს აკავებდნენ.
_ მაგრამ ესენი ხომ საშიში „ნაცები“ არიან. კოკო მიქაია არის ვეგანი. იმდენად კეთილი ადამიანია, ცხოველურ პროდუქტებსაც კი არ იღებს, რომ ცხოველს ზიანი არ მიაყენოს. ასეთ ადამიანებს იჭერენ „ნაცი“ მურუსიძის „გამპრავებელი“ კაციჭამები.
ახლა იმაზეც ვიტყვი, შეშინდებიან თუ არა ახალგაზრდები: არა მგონია, რომ შეშინდნენ. ვინც მიტინგებზე დადის, მათ უმრავლესობას გააზრებული აქვს, რა ელოდება. ისინი, ჩემი არ იყოს, შეგნებულად მიდიან 15-დღიან პატიმრობაზე. თუკი საქართველოში აღმოჩნდება რუსთაველის 300 გადამკეტი და ეს ადამიანები 20-20-ად შეგნებულად წავლენ ყოველდღე 15-დღიან პატიმრობაზე, შესაძლოა სისტემა საბოლოოდ გაიჭედოს. მეც შეგნებულად დავარღვიე არაკონსტიტუციური კანონი, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანი აქციების აკრძალვას. ხვალ შესაძლოა, პროტესტის გამოხატვა სულ აკრძალონ. ახლა თუ ჩვენ მიგვაჩვევენ იმას, რომ გადაკეტვა არ შეიძლება და პოლიციის დასათვლელია, რამდენ ადამიანს შეუძლია გზის გადაკეტვა, რამდენიც არ უნდა ვიყოთ იქ, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ჩათვალონ გადაკეტვა უკანონობად. ხვალ ტროტუარზე დგომასაც აგვიკრძალავენ და საქართველოდან გადავიქცევით უნავთობო აზერბაიჯანად და ღარიბ ბელარუსად. ამ ორ ქვეყანაში აქციები აკრძალულია. 2019 წლის შემდეგ აზერბაიჯანში აქცია არც კი ჩატარებულა. იქ ოდნავ სხვა ვითარებაა. აზერბაიჯანს ნავთობი აქვს და ხალხი ბევრად უკეთ ცხოვრობს.
_ და ტერიტორიების დაბრუნებაც შეძლო ალიევის ხელისუფლებამ.
_ ალიევი ომში გამარჯვებული დიქტატორია. მისგან განსხვავებით დიქტატორ ივანიშვილს დაკარგული ტერიტორიები არ დაუბრუნებია. ამის გარდა, ივანიშვილი რუსი ოკუპანტების პროპაგანდისტია და საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს. თავისუფლებასა და დემოკრატიას არაფერი შეედრება, მაგრამ ალიევს იმით მაინც შეუძლია თავის გამართლება, რომ მასთან ხალხი კარგად ცხოვრობს და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. ჩვენთან არც პურია, არც დემოკრატიაა და არც წართმეული ტერიტორიების დაბრუნება. თურმე, ჩვენ უნდა ვიყოთ მონები და ოკუპანტი ქვეყნის პარტნიორები. შესაძლოა, ხვალ მოგვთხოვონ, რომ ტერიტრორიების 20%-ის ოკუპაციას უნდა შევეგუოთ. ამას საქართველოს სრული ოკუპაცია მოჰყვება. დღეს „ქართული ოცნება“ ყველა დასავლელ პარტნიორ ქვეყანას აგინებს. ფაქტობრივად, მარტო ვრჩებით რუსეთის პირისპირ. მარტოს რუსეთთან ბრძოლა საქართველოს ყოველთვის უჭირდა.
_ რუსეთთან ბრძოლა ყველას უჭირს და ჩვენნაირ პატარა ქვეყანას რომ გაუჭირდეს, რა გასაკვირია?
_ და ეს რომ არაა გასაკვირი, მაგიტომ არ უნდა დავრჩეთ ამ მონსტრთან მარტო პირისპირ. ეს ჩვენი ანექსიით დასრულდება.
სამწუხაროდ, ჩვენზე ბევრად დიდია რუსეთი და მასთან მარტო ბრძოლაში შანსი არ გვაქვს. ამიტომ გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა და ქოლგა. ჩვენ კი არა, უმდიდრეს ქვეყნებს, ფინეთსა და შვედეთს, დასჭირდათ ნატოში შესვლა. ისინიც კი უფრთხოდნენ რუსეთს; ისინიც კი ვერ დარჩნენ პირისპირ აგრესიულ ფაზაში გადასულ რუსეთთან.
ამიტომ ბრძოლა და მშვიდობიანი პროტესტი საჭიროა და ეს ბრძოლა ნამდვილად ღირს. სხვანაირად ვერ იქნება. დღეს ჩვენი სამშობლოა დაპატიმრებული. ივანიშვილი გვდევნის საკუთარი ქვეყნიდან. ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა საქართველოში უცხოტომელების ჩამოსახლება, მალე ქართველები სრულ უმცირესობაში დავრჩებით. ივანიშვილი გაგვყიდის ან გვიყიდის: სოფელ-სოფელ, ნაკვეთ-ნაკვეთ, ბინა-ბინა გვიყიდის. აქ ჩამოასახლებს, პირველ რიგში, რუსებს, მერე ჩამოიყვანს ირანელებსა და არაბებს. არაბების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
_ რას გულისხმობთ?
_ ყველამ ვნახეთ ის კადრები, თუ როგორ შეხვდა ივანიშვილი არაბ შეიხს. ქედი მოუხარა, რადგან უამრავი ფული აქვს იმ კაცს. გახსნეს არაბების ოფისები ზედ რუსთაველის გამზირზე. ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ არაბებისთვის ტყეების გადაცემასაც აპირებს. ივანიშვილი ძალიან ბევრ არაბსა და ირანელს ჩამოასახლებს აქ და ჩვენ გაგვყრის.
ივანიშვილი არ არის სამშობლოს მოღალატე, ის არის სამშობლოს გამყიდველი. მას განზრახული აქვს, სამშობლოს ნაწილ-ნაწილ გაყიდვის ხარჯზე დიდი ფული იშოვოს. ამის გარდა ის ასრულებს რუსეთის დავალებებს და არის კიდევ ერთი მომენტი: უცხოტომელები მას ახლა ჰაერივით სჭირდება საქართველოში.
_ რისთვის?
_ დადგენილი და ცნობილია, რომ პირველი თაობის ემიგრანტი გაცილებით მორჩილი და დამთმობია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა. ქართველები რომ მორჩილები არ ვართ, ამ ბრძოლამაც დაამტკიცა. უცხოელებზე ზემოქმედების გაცილებით მეტი კონტროლი შეიძლება. და ამიტომ უნდა ივანიშვლს აქ ბევრი ემიგრანტი. მათ უფრო იოლად მართავს. ქართველების მართვა და დამორჩილება მან ვერ შეძლო.
_ წინა ხელისუფლებასაც ხომ ჩამოჰყავდა აქ არაბები და ირანელები? მაშინ რატომ არ იყო პროტესტი?
_ იმასაც ვაპროტესტებდით. ამ მხრივ ისინიც სცოდავდნენ, მაგრამ ასეთი აღვირახსნილობა არ ყოფილა ამ მიმართულებით. ახლა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში ქართველები უმცირესობაში დარჩნენ. შესაძლოა, ბევრმა არ იცის ერთი ამბავი და უნდა გავაგებინოთ: როდესაც საქართველოში უცხოელი ბინას ყიდულობს, მას ბონუსად ან ხურდაში აძლევენ ბინადრობის უფლებას.
_ რა ვადით?
_ 5 წლით ან უვადოდ. იგივე ხდება მიწის შეძენის შემთხვევაშიც. ამ კანონის გაუქმების მოთხოვნით წლების წინ შევიტანე პარლამენტში კანონი.
_ როდის შეიტანეთ?
_ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსებმა აქ მასობრივად რომ დაიწყეს ჩამოსვლა, მაშინ.
_ რა ბედი ეწია ამ კანონს?
_ არ განუხილავთ და არც განიხილავენ.
_ რუსების წინააღმდეგ თუ მოამზადეთ კანონი, როგორ განიხილავდნენ მაგას?
_ მარტო რუსებს არ ეხება. კანონში არ მიწერია, რუსებს ეხებაო, მაგრამ რუსებს ეხება პირველ რიგში. ეგენი არიან ჩვენს მოსაზღვრედ და მაგათ აქვთ ჩვენი მიწები ოკუპირებული. არც ჩინელებისა და არაბების ამ დოზით ჩამოსახლებაა საჭირო.
_ ჩინეთსა და არაბეთს ვინ ჩივის, ავღანეთი და პაკისტანიც აქ ჩამოდის.
_ სომალიც აქაა. ჩვენზე უფრო გაუბედურებული ქვეყნებიდან აქ, ძირითადად, მონები ჩამოჰყავთ. ესენი არიან იაფი მუშახელი. ამით ქართველები დარჩებიან შემოსავლის გარეშე. ახლა ქართველებს პირობითად ლარს უხდიან საათში. იმას გადაუხდიან ნახევარ ლარს. უფრო ბევრი დარჩებათ თავად და ამიტომ ბევრ სომალელსა და ავღანელს ჩამოიყვანენ აქ. მთავარია, ფული იშოვონ და საერთოდ არ ადარდებთ, სამშობლოს რომ ყიდიან. ესენი არიან ყოვლად უპრინციპო ჯიბისა და კუჭის მონა მანიაკები. ისინი სამშობლოს გაყიდვის ხარჯზე შოულობენ ფულს. სამშობლოს გაყიდვის უფრო მკაფიო განმარტება აღარ არსებობს. შეხედეთ, რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და მიხვდებით, რა არის სამშობლოს გაყიდვა. უცხოტომელების ჩამოსახლების პარალელურად ივანიშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოდან ქართველების გაქცევასაც უწყობს ხელს. ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ ქართველებს მოუწოდა, წადით და სხვაგან იმუშვეთ, აქ ვერ დაგასაქმებთო. ქართველებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა მისი კარის ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. მეტი რანაირად მიგვანიშნონ, რომ სამშობლოს ღალატობენ? საქართველოს ახლა ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას. ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება. ხვალ შესაძლოა, გვიანი იყოს, ამიტომ ბრძოლა არ უნდა შეწყდეს. რუსთაველიც უნდა გადაიკეტოს და სხვა რამეც იქნას მოფიქრებული. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს! სხვანაირად ქვეყანა ვერ გადარჩება.
ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანებისაც, რომლებიც ქუჩაში არ გამოდიან. ციხე არ არის მარტივი, იქ ჩაჯდომა ძნელია რამდენიმე დღეც კი. ამის მიუხედავად, ქვეყნის ნათელი მომავალი ღირს იმად, რომ ჩვენ რამდენიმე დღე ციხეში გავატაროთ. საქართველოს განთავისუფლება ყველა ჩვენგანის ვალია, ამიტომ ყველამ უნდა გააკეთოს თავისი გასაკეთებელი. ეს ბრძოლა მხოლოდ ახალგაზრდების არ არის. საქართველოსთვის უნდა იბრძლონ უფროსი თაობის წარმომადგენლებმაც და იბრძვიან კიდევაც. ყველას გვაქვს შეგნებული, რომ ყველაფერი ახლა ჩვენს ბრძოლაზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება. ჩვენი გაჩერება შესაძლოა, სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. ბრძოლა გრძელდება! ციხიდან გამოვალ თუ არა, ბრძოლას გავაგრძელებ!