 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2025-10-31 08:08:09
გიგა გელხვიიძე
4 ოქტომბრის მოვლენებმა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი სრულად შეცვალა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც უკვე დიდი ხანია, რუსული მოდელით მართული სისტემისკენ მიემართება, 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ ღიად გადავიდა რეპრესიების რეჟიმზე _ დააკავა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, აქტივისტები, ჟურნალისტები, ასევე თავისი ყოფილი თანამდებობის პირებიც, რომელთა რეჟიმთან ერთგულება ეჭვქვეშ დადგა.
საპროტესტო პერიპეტიების შემდეგ ხელისუფლებამ შექმნა ახალი ტერმინოლოგია: „მოძალადე ჯგუფები“, „ექსტრემისტები“ და ამ ფორმულით დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის, ყოფილი თანაგუნდელების გაშავება. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენიმე ახალი დრაკონული კანონი მიიღო, რომლის საფუძველზეც 20-ზე მეტ ადამიანს აკავებენ ყოველდღიურად. ამ დროისთვის დაკავებულების რიცხვი ჯამურად ასამდე აღწევს.
ამ ფონზე საქართველოს პოლიტიკური რეალობა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ტოვებს დემოკრატიული პროცესის ჩარჩოებს და გადადის ავტორიტარიზმის ღია ფაზაში. სწორედ ამ ახალ, საფრთხეებით სავსე პოლიტიკურ გარემოზე, 4 ოქტომბრის მოვლენების გავლენასა და ქვეყნის მომავალ ევროპულ პერსპექტივაზე „ქრონიკა+“ ესაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ბუტიკაშვილს:
_ გიორგი, ისედაც მძიმე პოლიტიკური ვითარება, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რუსული კანონის დაინიცირების შემდგომ წარმოიქმნა, 4 ოქტომბრის პროცესებმა კიდევ უფრო დაძაბა და მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა საზოგადოებაში, _ რა ეტაპზეა ახლა პოლიტიკური პროცესები გადასული და რა სახელი შეიძლება მოვუძებნოთ არსებულ ვითარებას?
_ საქართველოში დღეს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესთან აღარ გვაქვს საქმე. ეს არის მეტი, ვიდრე „მძიმე კრიზისი“ ან ბოლო წლების ყველასთვის საყვარელი სიტყვა „პოლარიზაცია“. სანამ საზოგადოება ბჭობდა („ქართული ოცნება“ უბრალოდ სულელია, პრაგმატული პოლიტიკის შემოქმედი თუ პუტინის მეტასტაზი საქართველოში), ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა ავტორიტარული სისტემის გაფორმება, რომელიც სრულად რუსული მოდელით იმართება და სახელმწიფო მიტაცების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებიც სწორედ ამ დიდი სპეცოპერაციის ნაწილია და დიახ, მნიშვნელოვან გარდამტეხ თარიღადაც შეიძლება იქცეს. მისი ორგანიზატორები ღიად ჰპირდებოდნენ ხალხს „მშვიდობიან რევოლუციას“, ცვლილებებს, პატიმრების განთავისუფლებას და მეტიც, ზოგი არ ერიდებოდა იმის თქმასაც, რომ „დედები ჩაიხუტებდნენ თავის შვილებს“, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში გამოკეტა ქვეყნის სიყვარულისთვის. პასუხისმგებლობა, ცხადია, ორგანიზატორებზეა, იდეის ავტორებსა და მის განმხორციელებლებზე. ერთია, რა გინდა მოხდეს და მეორეა, _ როგორ? რუსულ რეჟიმთან, ტროლების ფაბრიკებისა და საბჭოთა პროპაგანდის შემქმნელებთან ბრძოლა შეძახილით ვის მოუგია? გააზრებულად თუ გაუაზრებლად, 4-მა ოქტომბერმა „ქართულ ოცნებას“ მისცა საბაბი, როგორც კობახიძემ თქვა, უფრო დიდი სიურპრიზი მოემზადებინა და შექმნა ახალი ტერმინი მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ: „მოძალადე ჯგუფები“, „ექსტრემისტები“. ქაოსი გადააქცია რუსული სტილის შეთხზულ ისტორიად და დაიჭირა ყველა, ვინც კი პრეზიდენტის სასახლესთან უბრალოდ ახლო კადრში მოხვდა.
ერთ წინადადებაში რომ ვთქვათ: 4 ოქტომბრის შემდეგ „ქართული ოცნება“ ღია რეპრესიების ფაზაში გადავიდა: „მშვიდობიანი რევოლუცია“ სახელმწიფო გადატრიალებად შერაცხა და პროტესტის მოკვდინება განიზრახა. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოებამ ძალიან მალე გადააფასა განვითარებული მოვლენები, _ ბრძოლა გრძელდება არა შეძახილებით, არამედ თანმიმდევრულად, სტაბილურად, არათანამშრომლობით და არაღიარებით.
_ ოპოზიციურად და ზოგადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ფლანგზე არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო ხომ არ დაასტიმულირა „გახარია-ხაზარაძის“ ტანდემმა, რომლითაც ისინი იმთავითვე წაგებულ „არჩევნებში“ შევიდნენ?
_ ივანიშვილი ძალიან მიზანმიმართულად ცდილობს ერთ რამეს: თქვას, რომ პრობლემა არის არა „ქართული ოცნება“, არამედ „ოპოზიციის ერთმანეთში შეუთანხმებლობა“. ეს არის კლასიკური რუსული სახელმძღვანელოს მაგალითი: დაყავი და იბატონე. დისკომფორტი, გაურკვევლობა, ეჭვები – დიახ, კრიტიკულ საზოგადოებას ხლეჩს და აბნევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა გახარია-ხაზარაძის „ნაწვალები“ ერთობა წინასწარ განსაზღვრულ კრიმინალურ პროცესში შევიდა, თან ისე, რომ არ ეყო გამბედაობა ეღიარებინა, _ რუსულ რეჟიმთან არჩევნებით არ იბრძვიან. ამიტომ გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა საზოგადოებაში და მათსავე ამომრჩეველშიც: ეს იყო ბრძოლა, რასაც კრიმინალური არჩევნების მონაწილეები უწოდებდნენ, თუ „კონსტრუქციული ოპოზიციის“ იმიჯი და დემოკრატიის „თამაშობანა“? რაც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა თავისივე ველზე ვირტუოზულად გამოიყენა და ბიძინას პირადმა პრეზიდენტმა შეიწყალა კიდეც „ლელოს“ ლიდერები მოტივით: „არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული“.
მოკლედ რომ ვთქვა: ჩვენს ბრძოლაში ორი ფუნდამენტური პოლუსია – რეალური წინააღმდეგობა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და სიმულაცია ოპოზიციის სახელით. დიახ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მეორე ტიპის მოთამაშეები გახადოს ალიბი: აი, ხედავთ, ოპოზიცია ხომ მონაწილეობდა „არჩევნებში“, კონკურენტული გარემო იყო. ეს მათ სჭირდებათ ლეგიტიმაციისთვის.
მაგრამ დღეს უკვე მკაფიოდ ფორმირდება სხვა ცენტრი _ ერთობა, სადაც პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პატიმრების ოჯახები და აქტივისტები ერთად დგანან და ამბობენ: ეს რეჟიმი არ არის ლეგიტიმური. ეს არის ის ერთობა, რომელიც რეალურად იბრძვის და არ აძლევს ბიძინას უფლებას, გააფორმოს სრული ავტოკრატია.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ პარტიების აკრძალვაზე: „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკვე მზად აქვთ სარჩელი, რომელიც უნდა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მოახერხა და აკრძალა ოპოზიციური პარტიები საქართველოში (რუსეთსაც კი გაუჭირდა მსგავსი რამ), რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით (მათი განცხადებების მიხედვით აიკრძალება ენმ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ (მასში შემავალი პარტიებით), შესაძლებელია აიკრძალოს „ლელოც“. გახარიას გუნდზე დიდად არ ყოფილა გამახვილებული ყურადღება)?
_ რას აკეთებს ახლა „ქართული ოცნება“? ცდილობს პარტიების კრიმინალიზებას, არა მხოლოდ კონკრეტული ფიგურების, არამედ პარტიების; რომ მთელი პოლიტიკური ძალა არის არა პოლიტიკური სუბიექტი, არამედ „კრიმინალური ჯგუფი“. ეს არის აბსოლუტურად რუსული სამართლებრივი არქიტექტურის გამეორება. აქ უკვე საუბარია არა მხოლოდ ენმ-ზე, არამედ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე“, რაც ნიშნავს პრაქტიკულად ნებისმიერი ოპოზიციური ცენტრის აკრძალვის შესაძლებლობას, მათ შორის, იმ პარტიების, რომლებიც გაერთიანდნენ ჩვენს „კოალიციაში“ და თეორიულად, „ლელოს“ ჩათვლით, რომელმაც ბიძინას თამაშით სცადა თავის გადარჩენა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად? საქართველოში „სამართლებრივად“ გაქრება პოლიტიკური პლურალიზმი. სხვა სიტყვებით: შენ შეიძლება თავისუფალი იყო როგორც ადამიანი, მაგრამ აღარ არსებობ პოლიტიკურ სუბიექტად. შენ აღარ შეგიძლია დააფუძნო პარტია, აღარ შეგიძლია იყარო კენჭი, აღარ შეგიძლია მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის პოლიტიკური სიკვდილის გაფორმება ე. წ. კონსტიტუციის პარაგრაფებით. თუ ეს ნაბიჯი ბოლომდე შესრულდა, რაც დიდი ალბათობით ასეც მოხდება, ჩვენ ვილაპარაკებთ არა „დემოკრატიის კრიზისზე საქართველოში“, არამედ ერთპარტიულ რეჟიმსა და დიქტატურაზე. თუმცა ბიძინას ესმის იზოლაციისა და მოსალოდნელი სანქციების ფასი, ამიტომ ის აუცილებლად ეცდება, რეალური ოპოზიციის აკრძალვის პარალელურად, დატოვოს ან შექმნას რომელიმე რბილი პროექტი, რომელსაც თავად გააკონტროლებს: „პოზიცია, რომელსაც ორჯერ თქმა არ სჭირდება.
_ ასაკრძალ სიაში მყოფი პარტიების წარმომადგენლები ძალიან დიდ შრომას წევდით და წევთ საგარეო ფლანგზე _ თქვენ ხართ ერთგვარი ელჩები ქართველ ხალხსა და დასავლეთს შორის. რა ვითარებაში აღმოვჩნდებით, თუ პროცესები „ქართული ოცნების“ სცენარით წარიმართება?
_ დღეს ოპოზიციური ლიდერები, მათ შორის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები, ვმუშაობთ ყოველდღიურად ევროპელ პარტნიორებთან, გერმანიის პოლიტიკურ სტრუქტურებთან, აშშ-ის კონგრესთან, ბრიტანეთთან. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია, მათ შორის ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დეპუტატებთან. „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის გაფორმების კვალდაკვალ ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ შესაბამისს რეაქციებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან:
- სანქციები რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებზე (ივანიშვილი, კობახიძე; რეჟიმის მოსამართლეები; ძალოვანი სტრუქტურები და სხვები);
- ფინანსური იზოლაცია რეჟიმის მიმართ;
- თავისუფალი მიმოსვლის შეჩერება შენგენის ზონაში (ანუ სანქციები, რომელიც რეჟიმს დაუწესდება დემოკრატიის ხელყოფის საპასუხოდ.
ამ სცენარის შემთხვევაში, ოპოზიცია, რომელიც გააგრძელებს საერთაშორისო ხაზს, გადაიქცევა ქვეყნის ერთადერთ წარმომადგენლად დასავლეთში. რეალურად, ქვეყანაში „ხელისუფლება“ შეიძლება იჯდეს ადმინისტრაციულ შენობებში, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკურ სუბიექტად ოფიციალურად გახდება სხვა ცენტრი, დემოკრატიული ცენტრი, რომელიც იქნება ბიძინას რეჟიმის მორიგი მარცხი საერთაშორისო ასპარეზზე. იზოლაციაში დარჩენილი „ქართული ოცნება“ კი არავის სჭირდება: არც ჩინეთს, არც რუსეთს და არც ირანს. საქართველოს ყველაზე ახლო სამეზობლოსთვისაც, აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებით, დასავლეთისგან იზოლირებული „ქართული ოცნება“ არის სერიოზული გამოწვევა, სწორედ დასავლური გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
_ 4 ოქტომბრის პროცესების შემდგომ „ოცნების“ რეჟიმმა ახალი დრაკონული კანონები შეიმუშავა და დაჩქარებული წესით მიიღო მათივე პარლამენტის დახმარებით. როგორ აისახება ეს ყველაფერი საგარეო პოლიტიკაზე? ამყარებს თუ არა ეს მოლოდინებს, რომ ქვეყანა დაკარგავს ვიზალიბერალიზაციას? მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში შემუშავდა გარკვეული სახის ცვლილებები არაწევრ და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაზე?
_ რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს დაჩქარებული ადმინისტრაციული დაკავებებით და სასწრაფო სასჯელებით პროტესტის მონაწილეების მიმართ, აჩვენებს მხოლოდ ერთ ფაქტს: ძალოვანი რეჟიმი თვითლეგალიზებას ეწევა, მოქმედებს შიშით, რომელიც პარანოიაში გადაიზარდა. დარწმუნებული ვარ, „დალუქული პირბადე“ გახდება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისის სიმბოლო, ვინაიდან წინააღმდეგობა არ ჩერდება, კიდევ უფრო მეტ სტრუქტურასა და ფორმას იძენს და მრავლდება. ცხადია, ეს ყოველივე აისახება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც. რეჟიმის ძალადობრივად თვითლეგალიზაციის პროცესი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის ქვეყნის მოთხოვნებს. თუმცა ევროკავშირი აფასებს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თავისუფლებისთვის, სწორედ ამიტომ არ ველოდებით უვიზო მიმოსვლის შეჩერების აღსრულებას ევროკავშირის მხრიდან. თუმცა ევროკავშირის ახალი სამართლებრივი მექანიზმი ამარტივებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურას მათთვის, ვინც დემოკრატიას უთხრის ძირს და ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე. „ქართულ ოცნებასა“ და რეჟიმის მხარდამჭერ სტრუქტურებს აუცილებლად შეეხებათ ახალი რეგულაცია და გაუუქმდებათ უვიზო რეჟიმი. დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს ბრძოლაზე, წინააღმდეგობასა და რეჟიმის არაღიარებაზე. მუდმივი არაფერია, არც უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში, თუ ქვეყანა საბოლოოდ რუსეთს გადავაბარეთ.
_ გვყავს დატყვევებული მედია. „ოცნება“ აქამდე თუ მარწუხებში აქცევდა კრიტიკულ მედიას, ახლა ჟურნალისტებს პირდაპირ აკავებს, აჯარიმებს. როგორია ამ ფაქტის პოლიტიკური შეფასება?
_ ჟურნალისტის დაჭერა „გზის გადაკეტავის“ მოტივით, პოლიტიკურად ნიშნავს ერთ რამეს: ივანიშვილის რეჟიმი ებრძვის თავისუფალ სიტყვას და მას აღიქვამს მტრად. ჟურნალისტი აღარ არის მედია, ჟურნალისტი არის „რეჟიმის მმართველობის წინააღმდეგ მოქმედი ელემენტი“, სიმართლის ხმა, რომელიც უნდა განიარაღდეს. საერთაშორისო ენაზე კი ეს ნიშნავს, რომ საქართველო დგას ბელარუსის, რუსეთისა და ირანის გვერდით, დასავლური ცივილიზაციიდან იზოლირებული, სადაც თავისუფალი ხმა დატყვევებულია.
_ თქვენ აქტიურად ხვდებით უცხოელ პარტნიორებს. როგორია მათი განწყობები და ამ განწყობებიდან რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს?
_ ივანიშვილის რეჟიმს დასავლეთში აღარავინ აღიქვამს თანაბარ, სანდო, დემოკრატიულ პარტნიორად. „ქართული ოცნებისთვის“ დასავლეთთან პარტნიორობის კარი დახურულია. ორი ხაზი შეიძლება გამოვკვეთოთ: პირველი – მზარდი მზადყოფნა, წავიდნენ პერსონალურ სანქციებამდე. არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიაზე, პარტიების აკრძალვაზე, პოლიტიკური პატიმრებზე; მეორე – ძალიან მკაფიო მორალური მესიჯი დემოკრატიის მცველებთან: „დაიცავით ერთობა, გააკონტროლეთ ემოცია, არ დაუშვათ ძალადობრივი ქმედებები, რომელსაც ივანიშვილი გამოიყენებს მშვიდობიანი წინააღმდეგობის დისკრედიტაციისთვის“. ჩვენი პარტნიორები უკვე ძალიან კარგად იაზრებენ ივანიშვილის რეჟიმის რუსულ ბუნებას და იმასაც, რომ ე. წ. შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე იყო რუსული სცენარი, რომლის მიზანიც გახლდათ მთელი ოპოზიციის ტერორისტებად გამოცხადება. ჩვენი პარტნიორები დღეს უკვე ბევრად ნაკლებად იჯერებენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას და ბევრად მეტს – მოქალაქეების რეალურ წინააღმდეგობის ისტორიებს.
მშვიდობიან, სტრუქტურირებულ წინააღმდეგობას მოაქვს შედეგი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იზოლაციაში დარჩენილი „ქართული ოცნება“ პრობლემაა რუსეთისთვის, ჩინეთისთვის და ირანისთვისაც.
_ ბოლოს მინდა გკითხოთ: რამდენად ეფექტიანი იქნება პირადად ივანიშვილის დასანქცირება, თუ მსგავსი სცენარი განვითარდა?
_ ივანიშვილის სისტემა დგას კონკრეტულ ფინანსურ არქიტექტურაზე, კერძოდ – მის პირად ქონებაზე, მის ბიზნესქსელზე და მის წვდომაზე დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე. ამიტომ პერსონალური სანქცია მის მიმართ არ არის „სიმბოლური ჟესტი“. მას მოაქვს ფუნქციური დარტყმა. რა მოხდება სანქციების შემთხვევაში? – შეეზღუდება თავისუფალი ფინანსური გადაადგილება დასავლეთში; ჩამოიშლება მისი ძალაუფლება, იყოს „ჩრდილოვანი არბიტრი“, რაც იქნება სიგნალი მისი შიდა გარემოცვისთვისაც, რომ ივანიშვილის რეჟიმთან სიახლოვე არ არის უსაფრთხო. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა სანქციების გარეშეც მოახერხა, პარანოიით ნაკარნახევი ნაბიჯები გადაედგა და დაიწყო თავისივე გამოზრდილი შვილების ჭამა. ის რამდენიმე კლანი „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც ბიძინა კვლავაც რუსული მეთოდით, „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მართავდა, ჩამოეშალა სწორედ სანქციებისა და დასავლეთის ზეწოლის ფონზე. ახლა დარჩა მხოლოდ ერთი ვერტიკალი, ერთი თავი, ბიძინას თავი, რომელიც უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე. ირაკლი ღარიბაშვილის ქეისი აჩვენებს, რამდენად მონოლითური სტრუქტურის შექმნაზე გადავიდა ივანიშვილი. ერთგულებისა და ღალატის პარანოიამ აიძულა ბიძინა, თავისივე ხელით მოგუდოს საკუთარი შვილები, თან ისე, რომ ყველასთვის სამაგალითო იყოს. უწყვეტი პროტესტი, დასავლური ზეწოლა და საზოგადოების წინააღმდეგობა აიძულებს ბიძინას, ჯავშანი შეიქმნას, ამისთვის კი მას სჭირდება პროტესტის მოკვდინება და ნდობადაკარგული ლოიალისტების განიარაღება. თუმცა ეს ჯავშანიც მყიფეა, რადგან იზოლაცია და მოსალოდნელი სანქციები მას ანადგურებს.