 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2020-08-13 08:12:01
საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში შევდივართ.
 ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნავს, თუმცა პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, თეონა ჭალიძე, რომელიც წლებია, სოციალურ თემატიკაზე მუშაობს, ამბობს, რომ „ოცნების“ დახმარებები მოჩვენებითია.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს თეონა ჭალიძესთან:
_ თეონა, უკვე ხელისუფლებაც აღიარებს, რომ წინ დიდი ეკონომიკური კრიზისი გველის. ამ ფონზე, კონკრეტული მაგალითებით მომიყევი, უმუშევრობის გარდა ხალხის ძირითადი და მთავარი პრობლემა რა არის?
 _ ხალხს, უბრალო მოკვდავებს, პრობლემებს რა დაულევს, მით უმეტეს, საქართველოში. ადამიანები შიმშილობენ. პრობლემაა პროდუქტზე გაზრდილი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთით გაცემული საბანკო სესხები, ბიუროკრატია.
 ყველაფერ ამას ხალხი მხოლოდ ფსიქოლოგიურად კი არა, ფიზიკურადაც ვეღარ უძლებს… საშინელი უიმედობა და ნიჰილიზმია.
 რამდენიმე დღის წინ, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც სამი ბავშვი ობლად დარჩა _ ბავშვების მამას გულმა უმტყუნა, რადგან ვეღარ გაუძლო უმუშევრობას, ბანკის სესხის გადახდაზე ნერვიულობას და იმას, რომ ბავშვისთვის საჭმელს ვერ ყიდულობდა. სხვათა შორის, ეს ადამიანი სამსახურს პოლიტიკური ნიშნით ვერ შოულობდა. რა უნდა ქნას ახლა სამი შვილის მარტოხელა დედამ, რომელსაც 11 თვის ბავშვისთვის რძის („ნუტრილონის“) საყიდელი ფული არ აქვს და ბრინჯის ნახარშს აჭმევს? თქვენი გაზეთის მკითხველი, იქნებ, დაეხმაროს ამ დედას (557 77-94-79, თათა).
 დევნილ ოჯახშიც ვიყავი, სადაც ოთხი სული თორმეტ კვადრატულ ავტოფარეხში ცხოვრობს. ეს ავტოფარეხი დევნილთა სამინისტრომ შეუძინა და ასე დააკმაყოფილა, თან ამ ავტოფარეხის თანხა სრულადაც ვერ გადაიხადეს და აი, იქ, გაუსაძლის პირობებში სიმსივნით დაავადებული ქალი ცხოვრობს და წამლის ფული არ გააჩნია. იქნებ, ცოტა ამ ქალსაც დაეხმაროს ვინმე თქვენი გაზეთის მეშვეობით _ GE97BG0000000100564687 (თეა შანიძე, ტელ.: 511 12-71-93).
 გული დაგეწვება, ამ ოჯახებს საკუთარი თვალით რომ ნახავთ. წაკითხვა და მოყოლაც კი რთულია. დღე არ გადის, რომ რამდენიმე ადამიანმა არ მომმართოს ხვეწნა-მუდარითა და ტირილით, რომ საჭმელი არ აქვს. 
 _ გაერო-მ, ჯერ კიდევ, პანდემიის პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ მსოფლიოს ბიბლიური შიმშილი დაემუქრებოდა, ანუ ეკონომიკურ-ფინანსური კრიზისი განვითარებად ქვეყნებშიც იგრძნობა და გასაკვირი არაა, რომ ამ მხრივ ჩვენთანაც ცუდი ვითარებაა, მაგრამ შენი დაკვირვებითა და შეფასებით, „ოცნებას“ შეეძლო თუ არა, რომ მოსახლეობისთვის ეს გაჭირვება შეემსუბუქებინა ან საამისოდ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა? 
 _ დიახ, „ოცნებას“ შეეძლო, რომ ეს გაჭირვება მოსახლეობისთვის  შეემსუბუქებინა.
 _ როგორ?
 _ ქამრები უნდა შემოეჭირა, ასევე შეზღუდვები დროულად მოეხსნა. ახლაც გაჩერებულია ისეთი ბიზნესი, რამაც დასაქმებული ადამიანები უმუშევრად დატოვა, საზღვრები ისევ ჩაკეტილია, რაც ხალხს ყოველდღე კიდევ უფრო აღარიბებს.
 ის დახმარებები თუ კომპენსაციები, რაც პირველ ეტაპზე გამოაცხადეს,  იმიტირებული იყო და თვითდასაქმებულების უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო. მთავრობამ ძალიან კარგად იცოდა, თვითდასაქმებულების უმრავლესობა ვერ დაადასტურებდა, რომ ნამდვილად მუშაობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ ის ადამიანები არ გაითვალისწინა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის გამო.
 რა დააშავეს ძიძებმა, ოჯახში დამხმარეებმა, მიმტანებმა, მზარეულებმა, ხელოსნებმა და სხვა თვითდასაქმებულებმა? ან რომელი ბიზნესი გასცემდა ცნობას არაოფიციალურად დასაქმებულ პირზე, _ ვამუშავებ ადამიანს, ძვირფასო მთავრობავ, არ მყავს გაფორმებული, ამით კანონს ვარღვევ და გადასახადებს გიმალავ, მაგრამ ახლა კარგი ტიპი ვარ, ამას ვაღიარებ და ვადასტურებ, რომ არაკანონიერად ვიქცეოდიო? ეს ხომ ძალიან სასაცილოა, პირიქით რომ არ იყოს!
 ზოგმა დამსაქმებელმა, ცნობა რომ მოსთხოვეს, განაცხადა, საერთოდ დაგატოვებინებთ სამსახურს, რა ცნობას მთხოვთო! ასე რომ, ეს მხოლოდ ნაწილია იმ უსამართლობისა, რაც ხდებოდა და ხდება!
 _ ოპონენტები აუცილებლად გეტყვიან, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და ამის დასტურად თუნდაც იმას მოგიტანენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური გადასახადები მოქალაქეებს კიდევ სამი თვით დაუფინანსდებათ. ასევე 17 წლამდე ასაკის ბავშვები 200-ლარიან დახმარებასაც მიიღებენ. მოკლედ, ყველაფერი ეს „ოცნების“ პიარკამპანიას ემსახურება თუ ხელისუფლება რეალურად იმას აკეთებს, რაც შეუძლია?
 _ რამდენიმე სიტყვა კომუნალური გადასახადების შეღავათზე ვთქვათ.
 _ კი ბატონო.
 _ ეს შეღავათი უსამართლოდ განაწილდა და, როგორც ჩანს, ახლაც ასე აპირებენ. მაგალითად, ოჯახებს, რომლებსაც ბუნებრივი აირი საერთოდ არ აქვთ, ან თვეებისა თუ წლების განმავლობაში, დავალიანების გამო, ჩაუჭრეს, ცალსახად, ელექტროენერგიას მეტს მოიხმარენ, ვიდრე ის ოჯახები, რომლებსაც ბუნებრივი აირიც აქვთ და ელენერგიაც. ეს გათვალისწინებული არაა და ასეთი ოჯახები უსამართლოდ ვერ იღებენ ამ შეღავათს. 
 იგივე შეიძლება ითქვას იმ ოჯახებზეც, რომლებსაც ელენერგიის მრიცხველი ცალკე არ აქვთ და ერთი მრიცხველით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. ასეთი ოჯახებიც არ ჰყავს მთავრობას გათვალისწინებული. ამ ერთი მაგალითიდანაც ჩანს, თუ როგორ ზერელედ უყურებს მთავრობა ადამიანებს.
 ნუთუ, რთული მისახვედრია, რომ ასობით ოჯახი მარტო იმიტომ ვერ იღებს დახმარებას, რომ კიდევ უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობს, ვიდრე _ სხვა? ეს კომუნალური შეღავათი იმ ოჯახებმაც მიიღეს, ვისაც საერთოდ არ სჭირდებოდა აღნიშნული შეღავათი.
 რაც შეეხება 200-ლარიან დახმარებას, აქაც დამატებით რეგისტრაციაა საჭირო, რომ ოჯახმა იგი მიიღოს. რა საჭიროა ეს ზედმეტი პროცედურები, როცა იცი, რომ ბევრ ოჯახს არც ინტერნეტი აქვს, არც _ კომპიუტერი? ეს დახმარება შეიძლება, ბევრმა ისეთმა ვერ მიიღოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. გაჭირვებულ ხალხს წინასაარჩევნოდ თეთრებს უგდებენ და თვითონ კორუფციაში იხრჩობიან!
 საერთაშორისო გამჭვირვალობა IDFI-სა და დამოუკიდებელი საგამოძიებო პლატფორმა  bellingcat -ის დასკვნების მიხედვით, მაშინ, როცა ქვეყანა ძალიან მძიმე ვითარებაში იყო, „ქართულმა ოცნებამ“ მილიონობით ლარის კონტრაქტი გაუფორმა კომპანიებს, რომლებიც მისივე შემომწირველია!
 _ დიახ, ეს ცნობილია…
 შენი აზრით, რატომ არ იყო საქართველო მზად ამ ტიპის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისისთვის? 
 _ იმიტომ, რომ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, სასურსათო უსაფრთხოების სისტემა, პრაქტიკულად, არ გვაქვს, ანუ გამართულად არ მუშაობს. ეროვნული ვალუტა ძალიან მოწყვლადია, ეროვნული ბანკი კი მიზნობრივი ინფლაციის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, რაც სამუშაო ადგილებს იწირავს და, შესაბამისად, უმუშევრობის დონე იზრდება.
 პანდემიამ ეს პრობლემები უფრო კარგად გამოავლინა. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს დანაზოგი, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ, ხალხს თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს და რომელ დანაზოგზეა საუბარი? შესაბამისად, მოქალაქეების მსყვიდველუნარიანობამ დაიკლო, რამაც ერთობლიობაში ეკონომიკის შემცირება გამოიწვია. არანაირი კრიზისული გეგმა არ აქვს ხელისუფლებას, არ იცის, როგორ იმოქმედოს კრიზისის დროს. ბევრ გადაწყვეტილებას იღებს სპონტანურად და გაუაზრებლად! პანდემიის დროსაც, სანამ კორონავირუსი კარს არ მოგვადგა სხვადასხვა გართულებით, მანამდე პრევენციული ნაბიჯები არ გადაიდგა. 
 _ სხვათა შორის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება, თუმცა ანალოგიურ დაპირებას შევარდნაძის დროიდან ვისმენთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ათეულ, ათასეულ სამუშაო ადგილს როგორ შექმნის თუ ესეც, ტრადიციულად, წინასაარჩევნო დაპირებაა?
 _ ეს რეალისტური დაპირებაა და არა ის, რასაც აქამდე ვისმენდით ხოლმე. ესაა ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ კარგად დათვლილი, ინვესტიციების მოზიდვისა და დროში გაწერილი კონკრეტული ნაბიჯების განხორციელების სტრატეგია, რომლითაც შედეგებზე გასვლა შეიძლება. წელიწადში 75000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, მოქმედებისა და სწორი მუშაობის შედეგად, რეალური და მიღწევადია. 
 _ ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სტრატეგიის ღერძი სოციალური საკითხები იქნება?
 _ ჩვენი საარჩევნო სტრატეგიის მთავარი ღერძი აღმშენებლობაა, რითაც სიღარიბის დამარცხებას შევძლებთ! ჩვენი გუნდი ერთი წელია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფორმატით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობდა. ექსპერტების მონაწილეობით, პრაქტიკული გამოცდილებების გათვალისწინებით გვაქვს გეგმა, თუ როგორ დავამარცხოთ სიღარიბე აღმშენებლობის გზით! 
 ჩვენ შევიმუშავეთ ხუთი მთავარი დაპირება:
გიორგი აბაშიძე